სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესია
galerea
aRwera
მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს აბაშის რაიონ სოფელ სეფიეთის ცენტრში, მოქმედ სასაფლაოზე. მას ჯერ კიდევ ექვთიმე თაყაიშვილი მოიხსენიებს როგორც ერთ-ერთ უძველეს ეკლესიას. სეფიეთის ბაზილიკა საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი, თუმცა გადაკეთებების გამო საფუძვლიანადაა სახეშეცვლილი. საბედნიეროდ მოხერხდა ძეგლის როგორც ფასადების ისე ინტერიერის გაწმენდა. ნალესობის მოხსნამ ტაძრის თავდაპირველი ფორმა გამოავლინა.
სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ცილინდრული ფორმის შვერილი აფსიდით. ეკლესიის, გეგმა უაფსიდოდ თითქმის კვადრატულია. ცენტრალურ ნავი რომელიც გვერდით ნავებზე ოდნავ მაღალია, სიგანით მათზე თითქმის სამჯერ განიერია. ცენტრალური ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული საკურთხველის აფსიდით თავდება. ცენტრალურ და გვერდით ნავებს ერთმანეთთან სამ მასიურ სვეტზე დაყრდნობილი ორსართულიანი თაღედი აერთანებს. სვეტები მარტივად პროფილირებული კაპიტელებითაა დამთავრებული. გვერდითი ნავები ორსართულიანი ყოფილა, მეორე სართული პატრონიკესათვის იქნებოდა განკუთვნილი. ინტერიერი საფუძვლიანადაა გადაკეთებული. ცენტრალური და ჩრდილო ნავების გამყოფი შუა ორი თაღი ამოშენებულია. ამ მხარეს მთლიანად ამოშენებულია პატრონიკეს თაღებიც. გაწმენდის შედეგად ჩრდილო კედელზე მხოლოდ ერთი აღმოსავლეთიდან მეორე, თაღის ნაკერი აღმოჩნდა. კედლის დანარჩენი სიბრტყე, დანგრევის შედეგად, გვიანაა ამოყვანილი. საშენი მასალაც სრულიად განსხვავებულია ადრეული წყობის მასალისაგან. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სამხრეთით. ცენტრალურ ნავსა და სამხრეთ ნავს შორის სამი თაღია შემორჩენილი. ხოლო გაწმენდამ მეოთხის ამოშენებული თაღის, საყრდენის ნაკერებიც გამოაჩინა. აქ კარგადაა შემორჩენილი პატრონიკეს თაღებიც. ცენტრალურ ნავს პატრონიკეს იატაკის დონეზე ჰორიზონტალური სარტყელი შემოუყვება. ასეთივე სარტყელითაა გამოყოფილი აფსიდის კონქიც. იგი გვიანი, ისრისებრი კამარითაა გადახურული. თავდაპირველი კამარის ჩანგრევამ როგორც ჩანს გამოიწვია ჩრდილოეთის პატრონიკეს დანგრავაც.
საკურთხევლის აფსიდი წრიული მოხაზულობისაა. აფსიდის სამხრეთის ბოლო ქვა კაპიტელივით იკითხება, ამიტომ მასზე ხუროთმოძღვარს ვარდულები გამოუსახავს. საკურთხეველი ამჟამად ორი სარკმლით ნათდება. აქედან სამხრეთისა თავდაპირველია, მხოლოდ გვიან ოდნავ დავიწროვებულია. მეორე, ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში ამჟამად არსებული სარკმელი აშკარად გვიანდელია და შეუფერებელ ადგილზეა გაჭრილი. მესამე სარკმელი ყველა ნიშნით ცენტრში უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ ორ სართულიანი წრიული ნიშაა. გვერდითი, ორ სართულიანი ნავების პირველ სართულს აგურის ცილინდრული კამარა ჰქონია. ხოლო მეორე სართული საბჯენი თაღების საშუალებით ოთხ ნაწილად ყოფილა გაყოფილი. ნავების აღმოსავლეთის ბოლოები თაღებით გამოყოფილი კვადრატული სათავსებია. შესასვლელები დაზიანებულია, იატაკი ჩანგრეულია და მეორე სართულზე ასასვლელებიც დღეს არ ჩანს.
მიუხედავად სეფიეთის საკურთხევლის ერთნაწილიანობისა მისი მეორე სართულის აღმოსავლეთი ნაწილი კარებითაა გამოყოფილი. შეიძლება ეს იყო ცდა მათი დამხმარე სათავსებად გამოყენებისთვის. ამ პერიოდისათვის ქრისტიანული რიტუალი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ იყო და შეიძლება ამგვარი გადაწყვეტაც დავუშვათ.
მეორე სართულის ოთხი ნაწილიდან თითოეული ჯვაროვანი კამარით ყოფილა გადახურული. მათგან შემორჩენილია სამხრეთის ნავის ჯვაროვანი კამარები, ხოლო ჩრდილოეთის ნავის აღმოსავლეთის კვადრატული მონაკვეთი ოდნავ სახეცვლილია.
დასავლეთის მხრიდან შუა ნავს სამი დიდი სარკმელი აქვს, რომლებიც გვიან გადაუკეთებიათ ქვედა დონის სარკმელები დავიწროებულია, ხოლო შუა თითქმის ამოქოლილი. მხოლოდ პატარა ღიობია დარჩენილი. აქაც, ისევე როგორც აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმელები პარალელური წირთხლებითაა და ნახევარწრიული თაღები აქვს. დასავლეთის ფასადზე გვერდითი ნავების ბოლოებში მეორე სართულის დონეზე გაჭრილი ფანჯრებიდან, სამხრეთისა ამოშენებულია (თავდაპირველად თაღიანი და ფართო ყოფილა), ხოლო ჩრდილოეთისა, ისევე როგორც მთლიანად კედლის ეს მონაკვეთი ახალი ამოყვანილია. ამავე ფასადზე სამხრეთის ნავის პირველ სართულზე გამოვლინდა თაღიანი სარკმლის წირთხლები. ასევე თითო სარკმელი ჰქონია ორივე ნავს აღმოსავლეთის მხარეს პირველი სართულის დონეზე, რომელებიც გვიან ამოუშენებიათ.
ორივე ნავს პირველ სართულზე გვერდითი ფასადების დასავლეთ მონაკვეთებში თითო სარკმელი აქვს. სამხრეთისა რომელიც 1913 წელს თაყაიშვილს აქვს მოხსენიებული ამოქოლილია მხოლოდ შეიმჩნევა ჩაშენების კვალი.
ცენტრალურ ნავს მაღლა გვერდითი სარკმელები არ აქვს. ნავების სიმაღლეთა მცირე განსხვავება ამის საშუალებას არ იძლევა. ამასთან ერთად გეგმა მკვეთრად დამოკლებულია. სავადაუდოთ სიმოკლე გამოწვეულია იმით, რომ მხოლოდ საკურთხევლის აფსიდისა და დასავლეთის კედელში გაჭრილი სარკმლების მეშვეობით უნდა მომხდარიყო ეკლესიის განათება. თუმცა შესაძლებელია ეს საინჟინრო გადაწყვეტა ადგილობრივ ტრადიციასთან იყოს დაკავშირებული.
ბაზილიკას ამჟამად სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. დასავლეთისა და ჩრდილოეთის კარი თავდაპირველია სამხრეთის კი შემდეგშია გაჭრილი. გაწმენდამ დაადგინა რომ ეკლესია გრძივ ფასადებზე ორ-ორი კარი ჰქონია.
ცენტრალური ნავის დასავლეთის კარი, მთავარი შესასვლელი, სადაც ახლა გვიანი მინაშენის საშუალებით ვხვდებით, საკმაოდ ფართოა. კარი გადახურული ყოფილა ლუნეტით, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. საქართველოში მსგავსი ლუნეტების გამოყენების ძირითადი ქრონოლოგიური ჩარჩოებია მეხუთე მეექვსე საუკუნეების მიჯნა. კარი ზღურბლის ქვის მთელ სიგრძეზე ამოკვეთილია შვიდი, წრეში ჩასმული ექვსკუთხა ვარდული. ასევე რვა ვარდულია არქიტრავზეც. მათ ცენტრში, წრეში ჩახატული ტოლმკლავა ჯვარია. ასეთივე ვარდულები აღმოჩნდა სამხრეთის ნავის აღმოსავლეთი კარის ზღურბლზე, აფსიდის თაროს განაპირა ქვებზე, ცენტრალურ ნავში ნაპოვნ ქვის პატარა ფრაგმენტზე რომელიც კედელზე გამავალი სარკმლიდან უნდა იყოს. ასეთივე ორნამენტითაა მორთული მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული, სეფიეთიდან წამოღებული კაპიტელი, რომელიც თავისი მასშტაბით სეფიეთის ახლანდელ არქიტექტურას არ უკავშირდება (ალბათ აქ სხვა ნაგებობებიც იდგა). ვარდულები შესრულებულია რელიეფური კვეთით. ასეთი ტიპის ვარდულები არის ბოლნისის სიონში აღმოჩენილ ქვის ჯვრების ერთ-ერთ ფრაგმენტზე ასეთივე ხასიათის ვარდულებია. ბოლნისშივე ვარდანის წარწერიანი ჯვრის ორნამენტთან, რომელიც გ. ჩუბინაშვილს ტაძრის თანადროულად მიაჩნდა. ეკლესიის კედლები გვიანი დროის ფრესკებითაა მოხატული, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის დროსაც ცუდ მდგომარეობაში ყოფილა.
სეფიეთის ბაზილიკაში ოთხი წარწერიანი ქვაა. ორი მათგანი ასომთავრულითაა შესრულებული, ორიც ბერძნული. ასომთავრული წარწერები არაუადრეს მე -15 საუკუნისაა. ბერძნულები მე-6 მე - 7 საუკუნეებით თარიღდება. ყველა ეს წარწერიანი ქვა ეკლესიის შემდეგ დროინდელი გადაკეთებენბის დროს სამშენებლო მასალადაა ნახმარი.
სეფიეთის ბაზილიკა ნაგებია შერეულ opus mixtum-ის სახელით ცნობილი წყობით. ბაზილიკის გრძივ ფასადზე შემორჩენილია კონტრფორსის ფრაგმენტები. ასეთივე კონტრფორსები გამოვლინდა ნოქალაქევის სამნავიან ბაზილიკაშიც. როგორც ეტყობა ისინი გამოიყენებოდა კამარების გამბრჯენი ძალების ნეიტრალიზაციისათვის. ეკლესიის კარნიზიც და სახურავიც გვიანია. შუა ნავი გადახურულია ორფერდა, ხოლო გვერდითი ნავები ცალკე, ცალფერდა სახურავით.
სეფიეთის ბაზილიკა თავისი დამახასიათებელი ნიშნებით ადრეული პერიოდისაა. მისი შვეული წრიული აფსიდა, ერთნაწილიანი საკურთხეველი, ბურჯების კვადრატული გეგმა, პროპორციები წყობის თავისებურება, კარ-ფანჯრის სწორწირთხლიანობა, დასავეთის კარის ღია ლუნეტი, მორთულობის ზოგადი ხასიათი, ჯვაროვანი კამარების გამოყენება და სხვა მას მე-5 მე-6 საუკუნეების ძეგლებთან აახლოვებს. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ დასავლეთ საქართველოს ბაზილიკათა უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდს მიეკუთნება. გასათვალისწინებელია ქვეყნის მაშინდელი პოლიტიკური მდგომარობაც. მე-6 საუკუნის 20 იანი წლების ბოლოს იწყება ხანგრძლივი ომი რომელსაც ბიზანტია და სპარსეთი აწარმოებდნენ, ეგრისის ტერიტორიის დასაპყრობად ამ სიტუაციაში რაიმე დიდი მნიშვნელობის მშენებლობის წარმოება შეუძლებლად მიგვაჩნია.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, სეფიეთის ეკლესია მე-5 მე-6 საუკუნეების ზღვარს უნდა მიეკუთვნებოდეს.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის