თმოგვი


galerea



aRwera

ვეებერთელა კლდის ამოზიდულ ქიმზე და მის კალთებზე გაუშლიათ თავიანიი შემოქმედება. თმოგვის კლდე ნახევარკუნძულივით შეჭრილია - მდინარეში. გაღმიდან კარგად ჩანს კლდის თავზე ციხის ნანგრევები, ზღუდე - ბურჯებით და ფერდობზე ნაქალაქარი სასაფლაოებით. მოხერხებულადაა გამოყენებული კლდის რელიეფი. რელიეფს განუსაზღვრავს თვით ციხის რთული გეგმა.

 აქ ზღუდეები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. საფუძვლიანადაა გადაღობილი მისადგომები ციხის ცენტრთან, სადაც მცირე ფართობია შემოზღუდული თხემზე. ციხე შედარებით კარგადაა შემორჩენილი დასავლეთით. აქ კლდის დამრეც ფერდობზე ციხის სამი საფეხურია კედელ - ბურჯებით ამოშენებული. შუა კედელი საბრძოლი დანიშნულებისიაა და იგი ნაგებობებს არ საზღვრავს. ქვედა კედელი კი რამდენიზე ნაგებობას ზღუდავდა. კედელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ქვაბთანაა მიკრდნობილი. ქვაბი კლდის სიღრმეში ნაკვეთი საიდუმლო გვირაბით დაკავშირებულია ზემოთ ცენტრთან და ქვემოთ მდინარე მტკვართან. ცენტრი კლდის თხემზე მთლიანად ნაგებობებს ეკავა. მათი ერთი ნაწილი მიშენებული იყო ციხის ზედა კედელთან. ნაგებობები გადიოდა თხემის აღმოსავლეთ და დასაგლეთ მხარეს. მათ შორის მცირე გასასვლელები რჩებოდა. აქვეა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. მათ შორის, ორი ღრმა ორმო წყლის მარაგისათვის დღემდეა დაცული.

თხემის ცენტრში ბაზალტის ცოკოლზე აშენებული სწორკუთხე ნაგებობაა გათლილი ტუფის კვადრებით. შემორჩენილია კარ - სარკმელები და კარნიზის ფრამეხტენი. ეს ორფერდა სახურავიანი ნაგებობა ბრტყელ აფხიდიანი ეკლესია უნდა იყონ; მას გადაკეთება არ განუცდია.

ციხის კლდეში ორგან შესასვლელია დატოვებული. ერთი - საბრძოლო თაღოვანი გასასვლეი მოხდენილად ერწყმის ორი ხევის შემავროგბელ მცირე უნაგირს.

აღმოსავლეთის, კლდეთა ნაპრალებს შორის, ყოველი გასავალი ბრტყელი კედლებითაა გადაკეტილი. ამ კედლების წყობასა და დასავლეთის ძირითად კედლების წყობას შორის მკვეთრი განსხვავებაა. აშკარაა სხვადასხვა ეპოქის ხელი.

საერთოდ, თმოგვნი უმთავრესად ორი ტიპის წყობა გამოიყოფა აშკარად. ერთი - ძველი ფენა თავდაპირველი მშენებლობისაა: ესაა ტუფის გათლილი კვადრების წყობა ერთნაირი სიმაღლის რიგებით.  ასეა ამოყვანილი ციხის მხოლოდ ქვედა საფეხერის კედელი. მეორე ფენა გვიანდელი მშენებლობისაა და აღჯგენა - რეკონსტრუქციისა –– ხასიათდება უხეშად დამუშავებული ფლეთილი ქვით, გარკვეული ფორმის გარეშე, ნაწიბურით ან უნაწიბურო ნაკერებით.

თმოგვის შენებისა და ბრძოლის მძიმე სურათები ამ კდლებზეა აღბეჭდილი. ციხის მცველნი თავდაცვისათვის მოხერხებულად იყენებდნენ ნახევარწრიული ფორნის მასიურ ბურჯებს. ეს განიერი ბურჯები თანაბრადაა განაწილებული კედლის გასწურივ.

ციხის თავდაცვით სისტემაში დაზვერვისა და სიგნალიზაციისათვის  განხაკეთრებული ადგილი აქვს მიკუთვნებული თხემის სხვადასხვა საფეხურზე გაფანტულ ოვალური ფორმის ქვაბ - სამზერებს. თმოგვის ციხის ცენტრიდან კლდის სიღრმეში გვირაბი მდინარემდე ჩაუტანიათ. კამაროვანი გვირაბი ადგილ - ადგილ ჩანგრეულა და მზის სხივს ჩაულწევია გვირაბში, თმოგვის საიდუმლო გარეთ გაუტანია. კლდის გულში გამოკვეთილი ზიგზაგური ხვრელი საფეხურებითა და ოვალური სარკმლებით დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მტკვრის ზემოთ ძნელად მისადგომ სიმაღლეზე გამოკვეთილ ქვაბთა კომპლექსს ეს გვირაბი აერთებს ციხესთან. ქვაბებიდან გვირაბის უკანასკნელი საფეხურები წყაროს აუზთან ჩადის მტკვრის ნაპირზე. გვირაბის ბოლო ჯერ არ ვიცით, იგი საიდუმლოებით არის მოცული.

ამ მხრიდან მდინარე მტკვრის გაყოლებით ვერტიკალერი კლდე  მიუდგომელია მტრისათვის. მეცისოვნეთათვის კი ციხის სხვადასხვა ადგილებთან და თვით ქალაგთან დამაკავშირებელი გზაა გაბაწრული. ეს გზა ადგილ - ადგილ კლდეში ნაკვეთი საფეხურებით ზღუდის კედლებშიც გადის. იგი ციხეს ქალაქთან აერთებდა.

ამავე მხარესაა კლდის ნაპრალზე ქვათკირით მიშენებული სამალავი გვირაბის ფრაგმენტები. მის კლდეში ნაკვეთი საფენერები მტკრის ნაპირზეა შემორჩენილი.

ციხის კედლების გარეთ ორი ეკლესიაა შემორჩენალი.  დასავლეთით ხევში კლდეში ნაკვეთი წმ. ეფრემის ეკლესიაა. ეს მცირე ზომის საკულტო ნაგებობა ყურადღებას იპყრობს კედლებზე ჩაჭრილი თალებითა და თვით კლდის მასივში გამოკვეთილი კანკელით. კლდის ქვათა გროვაში ეკლესია გარედან გამოიყოდა ლილვებითა და ნახვარწრიელი თაღიანი სარკმლით, რომელიც, კლდეში ნაკვეთ კანკელთან ერთად, კლდის ხუროთმოძღვრების იშვიათი  ნიბუშია.

 ეს გამოქვაბული ეკლესია კლდის მასივში იკარგება და თითქოს დამალული სამლოცველოა;

მეორეს გუმბათმონგრეულსა და მკერდშელეწილს წარსულის ეშხი დაუკარგავს. მორღვეულ საკურთხეველში XIII საუკუნის კედლის მხატერობის ფრაგმენტები ავდარს ებრძვის. კარიბჭის შემორჩენილი თაღი გადმომდგარა კლდის ქიმზე და ნაქალაქევს თავზე დასცქერის. ნაქალაქევი ციხის ჩამოზვავებულ ლოდებში და მიწის, ნაყარშია ჩაფლელი. აქა - იქ მოჩარ კლდისა და ქვის საცხოვრებელთა ფრაგმენტები. ნაქალაქარის თავზე ციხის ძირში გვიანდელი მოსახლეობის რამდენიმე სასაფლაოა.

ნაქალაქარი, მტკვრის ორივე მხარესაა. ორივეგან სასახლის ნანგრევებია, მდინარეზე კი ხიდის ბურჯები შემორჩენილია ორგან.

სასახლე მეტისმეტად დანგრეულია. იგი ერთი შენობაა. აქვე ჰყრია მისი ფრაგმენტები, არქიტრავი, სარკმლის თავი მასზე ამოკვეთილი ტოლმკლავებიანი ჯვრის დაბალი რელიეფით წრეში და სხვა.

 სასახლის კედლები ნაგებია კლასიკური ხერხით - ტუფის გათლილი კვადრებით თმოგვის ციხის ძველი კედლების მსგავსად და მასთან ერთად უძველეს ფენას მიეკუთვნება.

მტკვრის მარჯვენა მხარეს მეორე სასახლე ოთხ ნაგებობას შეიცავს. ერთი მათგანი აბანოა. სასახლის კომპლექსი მდინარიდან ძალზე მაღლაა გაშენებული. მცირე მოგაკებულ ადგილზე, სასახლის სამი ნაგებობა ერთიმეორის გაგრძელებაზეა განლაგებული. აბანო კი დგას მათგან ჩრდილოეთით.

პირველი შენობა სამ სადგომს შეიცავს 100 - 120 კვ/მ ფართობით. ყოველ ოთახს ცალკე შესასვლელი აქვს. შენობის კედლები არ შემორჩენილა, მეორე შენობა ვრცელი, 300 კვადრატულ მეტრიანი სასახლეა. შესასვლელი წინა დარბასიდანაა. ჩანს პირველი სართულის გადახურვის ადგილი და მეორე სართულის კედლის ფრაგმენტი. მესამე ნაგებობა ერთი ვრცელი სათავსოა, 300 კვადრატელ მერზე მეტი ფართობით. აქ თითქმის ერთი სართულია შემორჩენილი. შენობები ნაგლეჯი ქვის წყობითაა ამოყვანილი კირის ხსნარზე.

აბანო, რომელიც ქვითა და ქართული აგურითაა ნაშენი, სამ სათავსოს შეიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია.

სასახლის კედლის წყობა ანალოგიურია თმოგვის ციხის გვიანდელი, მათ შორის, აღდგენილი, კედლის წყობისა, რომელიც XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება.

სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქვაბ - ვარძიისაკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორულ გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფელ მარგასტანთან იწყება, სასახლესთან გეილის, შეზდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება.

სასახლესთან, დაბლა ჩრდილოეთით და სამხრეთით ორი წყაროს წყალია. შუა მდინარეში კლდის მოგლეჯოლ ლოდზე ქვიტკირის ფრაგმენტია. ეს ხიდის შუა ბურჯია. ბურჯის ნანგრევები მდიხარის ნაპირზედაცაა. ერთი, ხიდი გადებული იყო ორ სასახლეს შორის და სასახლის კომპლექსს აკავშირებდა ციხესთან და ნაქალაქევთან; მეორე ხიდი -ტრანსპორტისათვის –– უფრი ქვემოთ იყო და თმოგვის ქალაქის ორივე ნაწილს აერთებდა.

გადავავლოთ თვალი მატიანეებს და ძეგლებზე მიმობნეულ „ქართლის ცხოვრების” დაფანტულ ფერცლებს.

მატიანეში X საუკუნის დასაწყისიდან იწყება თმოგვის ისტორია. როგორც ჩანს, IX –X საუკუნეების იგი ჯავახეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი და ძლიერი ციხეა. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ 914 წელს არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე - ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა. „მოადგა ციხესა თმოგვისასა, და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით"...

X საუკუნის პირველ ნახევარში თმოგვი და ჯავახეთის დიდი ნაწილი აშოტ კურაპალატის ვაჟის ადარნახეს ჩამომავლობის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. X საუკუნის ბოლოს ჯერ აფხაზთა მეფეების ხელშია, შემდეგ სამეფო ციხეა და თვით ჯავახეთის გამგებელი ერსიავიც გაერთიანებული საქართველოს მეფის ბარტ მესამის ხელქვეითია.

საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში თმოგვი კვლაც ჩანს, ბაგრატ მესამემ კლარჯთა მეფენი ძმები სუმბატ და გურგენ „პატიმარ ყვნა ციხესა შინ თმოგვისასა და მუნ ციხეს შინა გარდაიცვალნეს“. ეს იყო 1011 – 1012 წლებში.

ამიერიდან საქარველოს მეფენი თმოგვით ასაჩუქრებდნენ ხან ერთ ხან მეორე ფეოდალს.  თმოგვი შენდება და იზრდება. თმოგვის მფლობელნი საქართველოს დასაცავ ბრძოლებში ერთერთი პირველთაგანნი არიან. თმოგვთან კი ბრძოლები ნაკლებად ჩანს.

პირველი თმოგველი ფარსმანია. 1044 - 1045 წლებში, კლდეკარის ერისთავთ ერისთავის ლიპარიტის განდგოზისას, იგი მასთან ერთად იყო მეფე ბაგრატ მეოთხის წინააღმდეგ და მასთან ერთად დამარცხდა. მეფე და ერისთავები შერიგდნენ. ფარსმან თმოგველი ერისთავთ ერისთავია. იგი ახალქალაქსაც ფლობდა.

1065 წელს თურქ - სელჩეკების შემოსევის დროს ახალქალაქის ბრძოლაში ფარსმან თმოგველმა თავი დასდო მეფისა და მამულისათვის. ამიტომ ათონის ივერიის მონასტრის აღაპი გვაუწყებს: „მრავალნი წყალობანი ქმნნა ჩუენ ზედა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა“.

1013 წელს მეფე გიორგი II თმოგვი უბოძა ურჩ ფეოდალს ნიანია ქუაბულის ძეს. ნიანიას ოჯახისათვის, მისი მემკვიდრისათვის თმოგვში დასახლება საბედისწერო აღმოჩნდა.

1089 წელს აღდგომაა თმოგვში. ზეიმია საქართველოში. ლოცულობდა თმოგვი და ხელაპყრობილ - მლოცველთ კლდის ნანგრევები მკერდზე - შემოსკდათ. „შეიძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესეოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი  მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს…. – რომელთა თანა თმოგვიცა დაიქცა და დაიპყრნა ქუვშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ”, მაგრამ კვლავ აღდგა თმოგგი, ცხოვრებამ ახალი ძალით იფეთქა. წინაპართა ნაოხარზე ახალი თაობა მოვიდა. ახალს აშენებდა, თავის მომავალს სჭედდა ქართველი.

1117 წელს შემდეგ გორგი III-მ თმოგვი უბოძა მის მიერ მსახურთუხუცესად აღზევებულ აფრიდონს. თამარის ტახტზე ასვლის შებდეგ, დაახლოებით 1186 -1187 წლებში, ოპოზიციის მოთხოვნით, სხვა აღზევებულ უგვარო პირებთან ერთად აფრიდონც „მოიშალა და დაიმხო“

თმოგვის ახალი პატრონი უკვე საქართველოს ლაშქრის სარდალი ამირსპასალარი გამრეკელ თორელია და ამ დროს მისი მნიშვნელობაც ერთიორად ამაღლდა.

გამრეკელის გარდაცვალების შემდეგ (1191 წელი), თმოგვის ცხოვრებაში ახალი ხანა იწვება. ეს დიდებული ციხე - ქალაქი სამემკვიდრეო მამულად გადაეცა მხარგრძელთა ერთ შტოს. კერძოდ „შეიწყალეს სარგის ვარმის ძე, დალოცეს და უბოძეს თნოგუი". ამიერიდან სარგისი და მისი შთამომავლები თმოგველებად იწოდებიან. ეს სარგის თმოგველი უნდა იყოს ავტორი ჩვენამდე არ მოღწეული თღზულების „დილარგეთიანისა“, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ წინამორბედია.

მხარგრძელები დიდად გავლენიანი ფეოდალები ოყვნენ თამარის ეპოქაში. სარგისის ბიძაშვილები ზაქარია და ივანე ქვეყნის მართვა - გამგეობაში ერთი პირველთაგანნი იყვნენ. ზაქარია ამირსპასალარი იყო. ივანემ კი ათაბაგობას მიაღწია.

თმოგვში დამკვიდრებულ ფეოდალისათვის საგვარეულო მონასტერი იყო საჭირო. ამიტომ 1204 წელს შემდეგ თმოგვის მახლობლად მდებარე ვანის ქვაბის სამეფო მონასტერიც თმოგველებს გადაეცათ საგვარეულოდ.

1205 წელს რუმის სულთან რუქნადინთან ბრძოლის დროს უკვე თაყაიდინ თმოგველი ჩანს, ხოლო 1234 – 1935 წლებში თმოგველი კვლავ სარგისია „კაცი მეცნიერი, ფილოსოფოსი და რიტორი". სარგისი აქტიურად მონაწილეობს საქაროველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1246 წელს დავით ლაშას ძეს ახლდა ბათო ყაენთან და ვარაყორუნში დიდ ყაენთან; მონაწილეობდა მონღოლთა წინააღმდეგ კოხტას თავის შეთქნელებაში. XII საუკუნის 60-იან წლებში სარგისი ჯერ კიდევ ცოცხალია.

თმოგველები XIII საუკუნის განმავლობაში დიდ მზრუნველობას იჩენენ მონასტრისადმი. ვანისქვაბს დაუწესეს მონასტრის ტიბიკონი (შინა განაწესი). ეს ძეგლი, რომელიც დღემდე შემოგვრჩა, ქართული სამართლის მხიშვნელოვანი დოკუმენტია. თმოგველები მონასტერში ეწევიან ფართო სამშენებლო მოღვაწეობას.

თმოგველი ერისთავთ ერისთავი სმჩმი (სახელი გაუხსნელია) 1265-1283 წლებში მონასწრის ცენტრს - ტაძარს უშენებს კარიბჭეს და სამრეკლოს, ტაძრის მახლობლად კი ააგო ეკვდერი და ჩუქურთმაში სამშენებლო წარწერაც ჩააყოლა.

1283 წელს კვლავ დიდი მიწისძვრა მოხდა. „....სამცხეს ურიცხვი სული მოსწყდა და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო”.

ამ დროს დაინგრა თმოვიცა და ვანის ქვაბიც. მიუხედავად ამისა, თმოგვში XIV საუკუნის დასაწყისში თმოგველები ჯერკიდევ ჩანან, მაგრან მიწისძვრის თუ სხვა მიზეზების გამო თმოგველებმა თმოგვი მიატოვეს და მას სხვა პატრონი გუჩნდა. ეს დასტურდება თმოგვის აღმოსავლეთ ზღუდის ქვემოთ აღმოჩენილი წარწერით:

„შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიისა ღვთისმშობლისაითა, ქორონიკონსა ლც (1350 წელს) დავიწყეთ ზღუდე ესე მე, მეფეთ - მეფის დავითის ვარძიელმან საწოლის - მწიგნობარმან თმოგუს, მურვან კვითხისძემან". ე.ი. მიწისძვრით დანგრეული ციხის აღმოსავლეთი კედელი განახლებული და აშენებულია 1350 წელს.

მურვან კვითხის ძის შთამომავლები ვანის ქვაბის გვიანდელ მინაწერებში არიან დასახელებული. ე. ი. თმოგვს და საგვარეულო მონასტერსაც, ესენი ფლობენ 1350 –1393 წლებში.

ამის შემდეგ თმოგვი ჯერ ათაბაგ ივანეს ხელში ჩანს გვიან კი მე-16 საუკუნეში  ხან რჩეულაშვილებს და ხან ამატაკიშვილებს აქვთ.

თმოგვის ციხესთან არსებული ქალაქი XVI საუკუნეში ჯერ ისევ ქალაქობს.

1576 – 1578 წლებში შალიკაშვილის ხელმძღვანელობით მესხეთის აზნაურთა ბრძოლა ათაბაგის წინააღმდეგ თმოგვის მიდამოებში სასტიკი ბრძოლებით აღინიშნა. თმოგვი ძირითადი დასაყრდენი იყო შალიკაშვილისა. სხვა ციხეებთან და ქვაბებთან ერთად, მანუჩარ ათაბაგმა თმოგვის ქალაქი დაარბია და ციხე თვით დაიჭირა. 1578 წელს ოსმალები შემოვიდნენ სამცხეში და თმოგვი მანუჩარ ათაბაგმა ლალაფაშას გადასცა. მოკლე ხანში სამცხე - ჯავახეთი მთლიანად მიიტაცეს თერქებმა და მხოლოდ ორნახევარი საუკუნის შემდეგ მოხერხდა ამ მხარის კვლავ შემოერთება.

XVIII საუკუნის თმოგეში მოსახლეობა შემცირდა. მისი ძველი დიდება დაეცა და ვახუშტის ცნობით, „თმოგვი იყო ქალაქი, არამედ აწ არს დაბაო“.

დღეს თმოგვში მოსახლეობა აღარ არის. მისი ნანგრევების უმთავრესი ფენები ორი მძლავრი მიწისძვრის შედეგად კლდის ნანგრევებშია ჩამარხული.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის