სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია


galerea



aRwera

კვირაცხოვლის ეკლესია, დგას სოფელ სხალტბის დასავლეთით 1.5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია (9 მ * 7.8 მ-ზე), ნაგებია აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარიბჭიდან. შესასვლელის თავზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვგით, ეკლესია აუგიათ ივანე ზედგენიძის ძის სახლთუხუცეს შიოშისა და მისი თანამეცხედრის თამარის ბრძანებით 1669 წელს. კარიბჭის ერთ - ერთ სვეტზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი, რომლის სახელი გარკვევით არ იკითხება, აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა თაღოვანი ნიშებია. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია. დარბაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე ერთ საფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც შეისრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიის ყოველ კედელში თითო სარკმელია; ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სარკმლები კამარის საყრდენთანაა გაჭრილი, მათ ქვემოთ პატარა ნიშებია. ინტერიერში შელესილობა დაზიანებულია. სამხრეთის ფასადზე შესასვლელის საპირე ორნამენტითაა მორთული. ეკლესიის თანადროული კარიბჭე ნაგებია რიყის ქვით. მისი სამხრეთის თაღედი ფასადის მხარეს მთლიანად გახსნილია. აქ სამ რვაწახნაგოვან ბოძს ოთხი შეისრული თაღი ეყრდნობა. ყოველი ბოძის სამი წინა წახნაგი მორთულია ჯვრებითა და გეომეტრიული მოტივებით. მოჩუქურთმებული ყოფილა ლავგარდანიც (მხოლოდ აღმოსავლეთითაა შემორჩენილი მცირე ნაწილი). კარიბჭის თაღები შემკულია ნახევარდისკოების მწკრივით.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის