მუხრანის ციხე
galerea
aRwera
ციხე-გალავანი, მდებარეობს სოფელ მუხრანის ჩრდილო - დასავლეთ მხარეს, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, ისტორიულ შიოსუბანში. კომპლეასი (ფართობი 2.5 ჰექტარი) შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას (ყველა დაზიანებულია), ხოლო ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში კარის ეკლესია (დაზიანებულია). ციტადელის სამხრეთ კედელთან მდგარი სასახლე მთლიანად დანგრეულია. გალაგნის შიგნით ორი ეკლესია დგას – გრიგოლ განმანათლებლის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია და დარბაზული ეკლესია. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ყორე ქვა და აგური. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, იგი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს, ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს კონსტანტინე მუხრანბატონს. ციტადელი გეგმით კვადრატს (56 მ * 54 მ-ზე) უახლოვდება. მასში შესვლა მხოლოდ გალავნის გავლით შეიძლება. ჭიშკარი აღმოსავლეთის კედლის ცენტრშია გაჭრილი. შესასვლელის ნახევარწრიული თაღი პროფილირებულ კაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა. თაღის არე მთლიანად ჩასმულია მაღალ ოთხკუთხედში და ხერხისებურად ნაწყობი აგურის ლავგარდნითაა დასრულებული. ციტადელის კედლები შიგნიდან ორიარუსიანია. ქვედა იარუსი განიერია, ზედაკი 0.5 – 0.7 მეტრით ვიწრო. ამ სხვაობით იქმნება საბრძოლო ბილიკი რომელიც მთელ სიგრძეზე მიჰყვება კედლებს. საბრძოლო ელემენტები ზედა იარუსზე ერთ პორიზონტზე, ერთმანეთისაგან 4 - 5 მეტრი დაცილებით არის განლაგებული. კედლები მთავრდება ნახევარწრიული ქონგურებით (შემორჩენილია კვალი). ციტადელის კოშკებს შორის ყველაზე დიდია ჩრდილოეთ - აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი, ე. წ. მამაბურჯი, შესასვლელი მეორე სართულზეა, ეზოს მხარეს, კარის თავზე, კედელში ჩასმული იყო მომცრო მარმარილოს ქვა მხედრული წარწერით (ქვა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). კოშკის პირველი სართული ცილინდრულია, გადახურულია დამჯდარი კამაროვანი გუმბათით, კედელში ჩაყოლებულიას კიბე. ამ სართულზე სამი სარკმელია. იატაკის შუაგულში ჭაა, რომელიც ახლა 3 მეტრის ქვემოთ ამოვსებულია ქვებით. მეორე სართული დაბალია, აქვს რვაწახნაგა პრიზმის ფორმა და გადახურულია სხივური კამარით. კამარაში გაჭრილია ოთხი სარკმელი. ჩრდილოეთის ერთ - ერთ წახნაგში ბუხარია ჩაშენებული. ღრმა ოთხკუთხა ნიშებში წყვილი სათოფურია, რომლებიც გარეთ ერთიანდება. დანარჩენი სათოფურები მესამე სართულზე ასასვლელი კიბის გარე კედელშია განლაგებული. მესამე სართულიც გეგმით მრავალწახნაგაა. წახნაგები სხივური კამარისაგან ლავგარდნითაა გამოყოფილი. ერთ წახნაგში კარია, მის მარცხნივ ღრმა ნიშია ხუთი წვრილი სათოფურით, შემდეგ ორ წახნაგში სწორკუთხა სარკმლებია, ორ - ორი სათოფურით. ასეთივე სამი სარკმელია კიბის მარჯვენა მხარეს. ცენტრალური წახნაგი გეომეტრიული და ფოთლოვანი ჩუქურთმით მორთულ მაღალ ბუხარს უკავია. კამარის წახნაგებზე სქელი ბათქაშით გამოყვანილია რვა ფართო სხივი ცენტრში მედალიონით. ოთხ წახნაგში ასიმეტრიულად განლაგებულია სარკმლები, დანარჩენებში კი ნიშებია. ისრულთაღიანი სარკმლები და ნიშები ჩასმულია ოთხკუთხა პროფილირებულ ჩარჩოში. მეოთხე სართული საბრძოლო ბანია, რომელზე ასვლაც კედელში დატანებული კიბით შეიძლება. ბანის მაღალ კედელში მიჯრითაა განლაგებული სალოდეები, საზარბაზნეები და სათოფურები. კოშკი მთავრდება ერთ ჰორიზონტალზე განლაგებული ნახევარწრიული ქონგურებით. მამა - ბურჯი მდიდარი ფეოდალის საცხოვრებელ - სათავდაცვო კოშკის ნიმუშია. დანარჩენი სამი კოშკი სამსართულიანია და ძირითადად ჩრდილო - აღმოსავლეთ კოშკის მსგავსია. სამხრეთ - აღმოსავლეთის კოშკს პირველსა და მეორე სართულზე შესასვლელი ცალ - ცალკე აქვს. სამხრეთ - დასავლეთის კოშკში სართულშუა გადახურვა ბრტყელია. ოთხივე კოშკს ერთნაირი ჰორიზონტალური კბილანებით დასრულებული, მაღალ სწორკუთხედში ჩასმული, შეისრულთაღიანი კარი აქვს. ერთმანეთისაგან 0.3 – 0.4 მეტრით დაცილებული აგურის ჰორიზონტალურ ფენებს შორის მოთავსებულია თევზიფხურად ნაწყობი ქვების ორ-ორი ან სამ-სამი რიგი.
კარის ეკლესია ციტადელის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში დგას. ტაძარი დარბაზულია (13 მ * 7.5 მ-ზე). XX საუკუნის 20-იან წლებში იგი გადაუკეთებიათ. შიგნით ფურნე გაუმართავთ და კედლები კირით შეუთეთრებიათ. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთით და სამხრეთით. ღრმა აფსიდში ხუთი ნიში და სამი სარკმელია; აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი აღმოსავლეთ ფასადზე გადის, ხოლო დანარჩენი ორი სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე. დარბაზი გადახურულია ორ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. ჩრდილოეთ კედელში სიმეტრიულად განლაგებულია სამი სარკმელი, ხოლო სამხრეთისაში კი ორი. ფასადებზე აგურის წყობით გამოყვანილია დეკორატიული რომბები და ჯვრები. ლავგარდანი აგურისაა. იგი XIX საუკუნეში ეკლესიისათვის დასავლეთით მიუშენებიათ აგურის მასიური კარიჭე. იგი ოთხ სვეტზე დგას და გადახურულია კამარით. იმავე ხანისაა კარიბჭეზე დადგმული ექვსწახნაგა ღია სამრეკლო.
ციტადელის სამხრეთ კედლის გაყოლებაზე მარანია (36 მ * 5 მ-ზე). მიწაში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის ორმოცდაათამდე ქვევრი მარნის კედლები და სახურავი გვიანდელია.
გალავანი ციტადელს აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით აკრავს. იგი გეგმით კვადრატს უახლოვდება (155 მ * 160 მ-ზე). შემორჩენილია დასავლეთის კედელი და სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების მცირე ფრაგმენტები. გალავნის ჩრდილო - აღმოსავლეთ და ჩრდილო - დასავლეთ კუთხეებში ცილინდრული კოშკები მდგარა (მხოლოდ კვალია შემორჩენილი).
გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა (19.6 მ * 11.5 მ-ზე). ეკლესიის გუმბათი ჩანგრეულია. სამხრეთითა და დასავლეთით შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელებია. ბემიანი აფსიდის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა, მათ თავზე თითოსარკმლიანი საიდუმლო ოთახები. ეკლესიის გუმბათი აღმოსავლეთით საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთით პილონებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. ეკლესიის გუმბათქვეშა მკლავებში თითო სარკმელია, ხოლო ეკლესიის გრძივ კედლებში კი სამ - სამ. დასავლეთის კარის ორივე მხარეს პატრონიკეზე ასასვლელი კიბეებია. ფასადებზე დეკორატიული თაღებია. ცენტრალურ თაღებს გვერდებზე რომბები და ჯვრები დაუყვება. სამხრეთის კარის არქიტრავზე ქართული და სომხური სამშენენებლო წარწერაა, რომლის მიხედვით ეკლესია აგებულია 1844 წელს მუხრანში მცხოვრები სომხური მოსახლეობისათვის „კეთილნებითა თავადისა მუხრანბატონებისა“.
დარბაზული ეკლესია (14.1 მ * 5.8 მ-ზე) ნაშენია აგურით. აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. შეისრული კონქით გადახურულ ღრმა აფსიდში სამი სარკმელი და ხუთი თაღოვანი ნიშია, შეისრული კამარა სამ თაღს ეყრდნობა. დარბაზის სამ კედელში ორი სარკმელი და ერთი ნიშია, ჩრდილოეთის კედელში სამი სარკმელია. სარკმლების გარე, საფასადო პირი ამოყვანილია კარგად გათლილი ქვით. ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიას დასავლეთით და სამხრეთით ღია კარიბჭეები აქვს მიშენებული. კარიბჭეთა სვეტებს მარტივპროფილიანი კაპიტელები და ბაზისები აქვთ. თაღები თლილი ქვითაა ამოყვანილი.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის