სამთავროს სამაროვანი
galerea
aRwera
სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარები, მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე არაგვი, დასავლეთით კოდმანის ვაკობი, სამხრეთით მონასტრის ხევი, ხოლო ჩრდილოეთით – ბაიათხევი, ფართობი 18 ჰექტარი. გამოვლენილი ძეგლები მოიცავს პერიოდს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან განვითარებულ ფეოდალური ხანის ჩათვლით.
XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქციის დროს, სამთავროს ველზე აღმოჩნდა ქვაყუთები. 1871 - 1885 წლებში ავსტრიელმა ბუნებისმეტყველმა და მოყვარულმა არქეოლოგმა ფრიდრიხ ბაიერნმა გათხარა 600-ზე მეტი სამარხი. სამთავროს სამაროვნის სისტემური არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო1938 წლიდან, (საერთო ხელმძღვანელი 1938 - 1940 წლებში, ი.ჯავახიშვილი, 1940 - 1947 წლებში ს. ჯანაშია, საველე სამუშაოების ხელმძღვანელები მ. ივაშჩენკო, ა.კალანდაძე). 1938 - 1962 წლებში ძეგლის ტერიტორიაზე ჩატარდა 13 საველე არქეოლოგიური კამპანია, გაითხარა 2 ჰექტრამდე ფართობი. აღმოჩნდა 3000 - მდე სხვადასხვა პერიოდისა და ტიპის სამარხი და ნაძრავი კულტურული ფენების მასალა. 1976 წელს სამთავროზე სტაციონარული არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა. გამოავლინდა გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ელინისტური, გვიანდელი ანტიკური და ფეოდალური ხანის ნამოსახლარები და ახალი წელთაღრიცხვის II - VIII საუკუნეების 800 – მდე სამარხი. სამთავროზე მოპოვებული მასალის ერთი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება, დანარჩენი კი მოსკოვში, ისტორიის მუზეუმში, ევროპის სიძველეთა საცავებში და მცხეთის მუზეუმში.
ადრინდელი ბრინჯაოს ხანა წარმოდგენილია დაშლილი და ადგილგადანაცვლებული კულტურული ფენების მასალით (თიხისა და ქვის ჭურჭელი, ცხოველის ძვლები და სხვა). სამთავროს ჩრდილოეთ უბანზე გამოვლინდა 5 სამეურნეო ორმო (დიამეტრი 0.5 მ), რომლებშიც აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის I ნახევრისათვის დამახასიათებელი სქელკედლიანი შავპრიალა ზედაპირიანი და მოყავისფრო სარჩულიანი თიხის ჭურჭელი.
სამთავროს მინდორი სამაროვნად ქცეულა ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის I ნახევარში. ყველაზე ადრეული შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხებია.ზოგიერთი მათგანი ქვაწრიანია. რამდენიმე სამახსოვრო სამარხია (კენოტაფი), სამარხთა უმეტეს ნაწილში ქვაწრით შემოფარგლული ფართობის ცენტრში ჩადგმულია მოკლე ქვაყუთი, რომელშიც ასვენია ხელფეხმოკეცილი მიცვალებული. მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩნდა მოშავო ან რუხპრიალა ზედაპირიანი, ზოგჯერ ნაჭდევი სვასტიკური სახეებით შემკული მეტნაკლებად მქისე თიხის ჭურჭელი, სარდიონის, გიშრის, ბროლის მძივები, ოქროს ფურცლისაგან დამზადებული ხაზოვანი ორნამენტით შემკული მძივის გარსაკრავები; ბრინჯაოს მოკლე, ყუნწგახვრეტილი სატევრისპირები. ერთ - ერთ სამარხში (M273) ბრინჯაოს ყუნწგახვრეტილი რაპირისებრი საძგერებელი მახვილიც აღმოჩნდა. აღნიშნული სამარხები აღნაგობით, დაკრძალვის წესითა და ინვენტარით ახლოს დგას თრიალეთის შესაბამისი პერიოდის ძეგლებთან და შეიძლება ძველი წელთაღრიცხვის XX - XVI საუკუნეებით დათარიღდეს. ნაწილი გორასამარხებისა, რომლებშიც აღმოჩენილია შავპრიალა ჭურჭელი, სარდიონის „ნაპობი“ მძივები, ოქროსფურცლოვანი ღილაკსამკაულები და სხვა, საკმაოდ განსხვავდება როგორც შუა ბრინჯაოს ხანის, ისე გვიანდელი ბრინჯაოს ადრეული ეტაპის ძეგლებისაგან, ამიტომ ისინი შეიძლება გარდამავალი პერიოდის ძეგლებად იქნეს მიჩნეული და ძველი წელთაღრიცხვის XV - XIV საუკუნეებით დათარიღდეს. სამთავროზე გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIV-VI სს.) 600-მდე სამარხი გაითხარა, მათ შორის გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულსა და განვითარებულ ეტაპს (ძვ. წ. XIV ს-ის II ნახ-იდან XI ს. ჩათვლით) განეკუთვნება 100-მდე სამარხი, ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალ ხანას (ძვ. წ. X ს.) – 200-მდე სამარხი, ხოლო ადრინდელი რკინის ხანისა (IX-VII სს.) უნდა იყოს 300-მდე სამარხი; შედარებით მცირე ჯგუფი სამარხებისა ძველი წელთაღრიცხვის VI - V საუკუნით თარიღდება. სამარხები მეტნაკლებად სწორკუთხა ორმოებია. ისინი ხის ძელებით ყოფილა გადახურული (იშვიათ შეთხვევში ორმოს ზევიდან ფილაქვაც ჰხურებია) და მიწაყრილით მოზვინული. ზოგიერთისთვის დამახასიათებელია ფსკერზე რიყის ქვის ერთპირი სწორკუთხა ან ოვალური წყობა. ორმოსამარხთა დიდი უმრავლესობა ინჰუმაციური და ინდივიდუალურია, დადასტურდა კენოტაფებიც, მეორადი დაკრძალვის წესი და წყვილთა დაკრძალვის ფაქტებიც. სამარხებში მიცვალებული დაკრძალულია ფეხებმოხრილი, მამაკაცები მარჯვენა გვერდზე, დედაკაცები მარცხენაზე. მიცვალებულთა დიდი უმრავლესობა მოთავსებულია ოთხ რიყის ქვას შორის (მიცვალებულის სარეცლის საყრდენები) რომელთაგან ორი თავთან აქეთ - იქით უდევთ, ქვედა კიდურების არეში. მამაკაცებს ყოველთვის ახლავს იარაღ - საჭურველი და თიხის ჭურჭელი, ზოგჯერ სამკაული, ქალებს კი თიხის ჭურჭელი და სამკაული. საერთო წესი ყოფილა მიცვალებულთათვის შინაურ და ზოგჯერ გარეულ ცხოველთა ხორცის ჩატანება.
სამთავროს ბრინჯაო - რკინის ხანის ორმოსამარხთა ინვენტარი იყოფა 5 ძირითად ჯგუფად: 1. ჭურჭელი, 2. იარაღ – საჭურველი, სამეურნეო იარაღ - ხელსაწყოები, 3. საყოფაცხოვრებო და შინამოსაქმეობის საგნები, 4. სამკაული, 5. ხელოვნების, საკულტო და სხვა დანიშნულების საგნები.
ჭურჭელი ძირითადად თიხისაა მხოლოდ რამოდენიმეა ლითონისა და ქვის. დამუშავების ტექნიკისა და გარეგნული ნიშნების მიხედვით თიხის ჭურჭელი იყოფა სამ ჯგუფად: 1. ჩარხზე ამოყვანილი სხვადასხვანაირი მოყვანილობისა და სიდიდის, შავპრიალა და რუხმქრქალზედაპირიანი, მოშავო და ნაცრისფერკეციანი, რელიეფურად ნაძერწი, ნაჭდევი და ნატვიფრი სახეებით უხეშად შემკული ჭურჭელი (ყველაზე დიდი ჯგუფი); 2. უმორგვოდ ნაძერწი ლეგა, მოყვითალო - ჩალისფერ ზედაპირიანი, ზოგჯერ ამობურცულგრეხილი სახეებით შემკული ჭურჭელი (მცირე რაოდენობა); 3. მორგვზე ამოყვანილი, მუქმწვანედ, მოყვითალო მიხაკისფრად მოჭიქული ჭურჭელი (სულ 8 სასმისი).
დანიშნულების მიხედვით შეიძლება გამოიყოს: 1. სუფრის ჭურჭელი (ლანგარი, თეფში, სამარილე, ჯამი); 2. სითხის გადასაზიდ - შესანახი ჭურჭელი (კოკა, გოზაური, დოქი, ხელადა, ტოლჩა); 3. პროდუქტების შესანახი ჭურჭელი (ქოცო, დერგი, ქილა); 4. სამზარეულო ჭურჭელი (ქოთანი, ქვაბქოთანა, კოჭობი); 5. რძის პროდუქტების ჭურჭელი (საწველელი, საწურავი, სადღვებელი, ქილა); 6. საგზაო ჭურჭელი (მათარა, ზოგი კოჭობი და სასმისი, რომლებსაც ზონრისათვის საგანგებო ნახვრეტები აქვთ); 7. ფიგურული ჭურჭელი დანიშნულების (ცხენის, ირმის და სხვ. ცხოველთა გამომსახველი); 8. საბავშვო - სათამაშო ჭურჭელი (ჩანჩხურა, ქვევრის იმიტაცია); 9. საკულტო ჭურჭელი (ორსართულიანი ჭურჭელი გველის გამოსახულებით, საკვამლებელი, მხრებდაფანჯრული, სარკმლიანი ჭურჭელი). გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის სამარხებში დიდი რაოდენობითაა იარაღ - საჭურველი, იგი საუკუნეთა მანძილზე საინტერესო ევოლუციას განიცდის. მაგალითად გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპზე გვხვდება მოკლე, ფოთლისებრი ტარშეურჩენელი სატევარი, მასრაგახსნილი შუბისა და ხელშუბის წვერი, ისრისწვერი და ძვლის ლახტის თაგი. მომდევნო ხანებში ჩნდება: ბრინჯაოს მთლიანადსხმული სატევარი (ე. წ. კახური ტიპისა), ბრინჯაოს წვერმახვილი და ბოლოკვეთილი მახვილები, ფარი, მთლიანმასრიანი შუბისწვერები, შუბის ტარის შესამკობი ბუნიკები, სატევარ - მახვილთა ჩამოსაკიდი სამხარიღლიე რგოლები, სარტყლები და ბრინჯაოს აღმოსავლურ - ამიერკავკასიური და კოლხური ცულები და სხვა. რკინის ხანაში ჩნდება ახალი სახეობის და თვისობრივად უფრო მაღალი ღირსების იარაღი: რკინის საკმაოდ გრძელი, ბრინჯაოს ან ძვლის ტარიანი მახვილები და სატევრები, რკინის გრძელი შუბისწვერი ბრინჯაოს გრძელფრთიანი ისრის წვერები, ხოლო ეპოქის ბოლოს ყუაკვერიანი რკინი ცულები, ცალპირლესული რკინის სატევარი, მოკლე დანები, სკვითური აკინაკები და ბრინჯაოს სხვადასხვა ტიპის ისრის წვერები და სხვა. ასეთივე ევოლუცია განიცადა სამკაულმაც.
სამაროვნის ჩრდილო - დასავლეთით, ბორცვზე დაზვერვითი სამუშაოების დროს (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) გამოვლინდა გვიანდ ბრინჯაოს - ადრეული რკინის ხანის ნამოსახლარი სამთავრო (I სტაციონარული გათხრები დაიწყო 1976 წელს). ოვალური ფორმის განმხოლოებული გორა წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ორი მხრიდან მას მშრალი ხევები ესაზღვრება, ხოლო გორის აღმოსავლეთის კალთები სამთავროს ველს უერთდება. ნამოსახლარის ნაშთები ძირითადად დადასტურდა გორის კალთებზე და თხემზე. გორა ათვისებული ჩანს გვიანდელ ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპიდან. ნამოსახლარი დაზიანებულია გვიანდელი სამარხებისაგან. ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული. ნახევრადმიწური ბანურსახურავიანი სახლები ნაგებია ნატეხი ქვითა და თიხით. კედლები შელესილია ალიზით, იატაკი თიხატკეპნილია. შენობათა დასავლეთის, ე. ი. ზურგის, მხარე კონგლომერატშია გაჭრილი. ამ მხარეს კედელში თახჩებია, ხოლო მარცხენა კუთხეში ნატეხი ქვითა და ალიზით ნაგები ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმელი. ღუმელზე მიშენებულ თაროებზე სამსხვერპლო საკურთხევლებია გამართული. ნაწილი საკურთხევლების დამოუკიდებელია, უშუალოდ ღუმელთან არ არის დაკავშირებული. ზოგიერთ საკურთხეველზე თიხით ნაძერწი ანთროპომორფული ქანდაკებები დგას. სახლების ერთ ნაწილში გვხვდება სამეურნგთ ორმოები, კერები და ფილაფენილით გამართული ზღვე სანერწყულით.
ნამოსახლარზე დადასტურდა რუხი და შავპრიალა თიხის ჭურჭელი, რკინის ნამგალი და დანები; კაჟისა და ობსიდიდიანის ნამგლის პირები, სასრესი და სანაყი ქვები, ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი, თიხისაგან გამოძერწილი ადამიანის გამოსახულებანი და სპირალურ ორნამენტიანი საბეჭდავი. ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელ საუკუნეებში სამთავროში ვრცელდება მიცვალებულთა ქვევრებში დამარხვის წესი. სამარხად მეტწილად გამოყენებულია ჰორიზონტალურად ჩაფლული, სამეურნეო დანიშნულების (საღვინე) ქვევრები. ქვევრსამარხებში მიცვალებულები ძლიერ ხელფეხმოკეცილი ესვენა, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. იყო თანადამარხვის შემთხვევებიც. ქვევრსამარხებში აღმოჩნდა წითლად ან შავად გამომწვარი პატარა ზომის თიხის ჭურჭელი, ლითონის სამკაულები (სამაჯურები, საყურე რგოლები, ბეჭდები, მძივები), ბრინჯაოს ეჟვნები, რკინის დანები. ქვევრში დამარხვის წესის პარალელურად არსებობას განაგრძობს დასაფლავების ძველი წესიც დროის იმ მონაკვეთისათვის დამახასიათებელი ინვენტარით.
სამთავროს ველის ჩრდილო - დასავლეთ მონაკვეთზე გამოვლინდა ქვევრსამარხების დროინდელი ნამოსახლარი. შენობების საძირკველი ნაგებია ნატეხი ქვით, ხოლო კედლები ალიზით. ბათქაშის სქელი ფენით შელესილ კედლებზე ოთკუთხა პილასტრებია. შენობებს წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის სახურავი ჰქონია. ნამოსახლარებზე აღმოჩნდა წითლად შეღებილი თიხის ჭურჭელი, რომელიც ფართოდაა ცნობილი ელინისტური ხანის ქართლის ძეგლებიდან. აღნიშნული ნამოსახლარის ახლოს გამოვლინდა გვიანდელი ანტიკური ხანის მარნის ნაშთი (5 ქვევრი), რომელსაც მოკირწყლული იატაკი და კრამიტის სახურავი ჰქონია. ამავე პერიოდის ნამოსახლარის ნაშთები აღმოჩნდა აგრეთვე სამთავროს სამხრეთ უბანზე. ახალი წელთაღრიცხვის I - IV საუკუნეებში სამთავროზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის სამარხები: 1. ქვაყუთი (ორფერდა და ბანურსახურავიანი), 2. კრამიტსამარხი, 3. თიხისფილასამარხი (აგურფილა სამარხი), 4. ორმოსამარხი, 5. ქვათლილებით ნაგები სამარხი, 6. თიხის სარკოფაგი, 7. კომბინირებული სამარხი (სხვადასხვა მასალისაგან აგებული სამარხი).
ქვაყუთები ნაგებია კარგად დამუშავებული ქვიშაქვისაგან. სამარხის განივ კედლებზე, როგორც წესი, ნარიბანდებია ამოკვეთილი. მდიდრულ სამარხებში იატაკი სხვადასხვა მასალითაა (ქვის ფილები, კრამიტი, თიხისფილა) მოგებული. ესენი ძირითადად ინდივიდუალური სამარხებია. ზოგიერთი კრამიტსამარხი შეკრული იყო მხოლოდ ბრტყელი კრამიტით, ზოგიერთის ასაგებად კი ორივე ტიპის კრამიტი გამოუყენებიათ. მდიდრულ სამარხებს იატაკიც კრამიტისა ჰქონდა. არის როგორც ორფერდა, ისე ბანურსახურავიანი და საშუალო ზომის სამ - სამი ფილა ქვით გადახურული კრამიტსამარხები.
თიხისფილა სამარხების განივ კედლებად გამოყენებულია თითო კვადრატული ფილა (0.58 მ * 0.58 მ *0.03 მ-ზე), ხოლო გრძივი კედლები ნაგებია მთელი და ნახევარი ფილებით (0.29 მ * 0.28 მ * 0.03 მ-ზე) სამარხები ქვიშაქვის სამი საშუალო ზომის ფილით იყო გადახურული. იშვიათია აგურფილა (0.3 მ * 0.31 მ * 0.04 მ-ზე) ზემოაღნიშნულ სამარხებში გვხვდება მრავალფეროვანი მასალა: მცირე ზომის კერამიკული ნაკეთობანი, იმპორტული მინის ჭურჭელი, სამკაულები (გემიანი ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, მძივები), პირსაფარეშო საგნები, რომაული და პართული მონეტები და სხვა. ხშირია მდიდრული ინვენტარის შემცველი სამარხები. 1938 წელს აღმოჩნდა ქვაყუთები, რომელთა კედლებად წარწერიანი ქვები იყო გამოყენებული. ერთ - ერთ მათგანზე მცხეთის მხატვართუხუცესის, დახუროთმოძღვრის ეპიტაფიაა, ხოლო მეორე წარწერა სამთავროს ველზე ებრაელთა დასაფლავების შესახებ მოგვითხრობს. სამთავროზე ადრინდელი შუა საუკუნეების (IV-VIII საუკუნეები) მრავალრიცხოვანი სამარხებია აღმოჩენილი. ამ პერიოდში სამარხის გაბატონებულ ტიპს ქვაყუთი წარმოადგენს, არის აგრეთვე ქვის, ფილებით გადახურული ორმოსამარხებიც. ქვაყუთები განსხვავდებიან წინა ეპოქის სამარხებისაგან. ისინი უფრო მაღალია, დიდრონი ლოდებისაგან არის შედგენილი და ზედა ნაწილში შევიწროებულია. სამარხები კოლექტიურ - საოჯახო საკრძალავს წარმოადგენს. მიცვალებულები დაკრძალულია გაშოტილი, ქრისტიანული წესით (გვხვღება აღმოსავლეთით დამხრობილებიც, რაც იქ დაკრძალულთა ეთნიკური, შესაძლოა რელიგიური სიჭრელის მაჩვენებელია). სამარხებში ძირითადად გვხვდება სამკაული და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები. აღმოჩენილია დიდი რაოდენობით მინის ჭურჭელი.
ადრინდელი შუა საუკუნეების ნამოსახლართა ნაშთები დადასტურდა სამთავროს სამხრეთ ნაწილში. იქვე, ფერდის ძირში, სამხრეთ - დასავლეთით გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების შენობათა კონტურები.