ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
galerea
aRwera
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, დგას სოფელ ვაზისუბნის ცენტრში. განეკუთვნება VI საუკუნის II ნახევარს. ეკლესია მოზრდილი სამნავიანი ბაზილიკაა (გარეთა ზომები: სიგრძე– 18.5 მ, სიგანე – 10.8. მ), ნაგებია წესიერი ფორმის საკმაოდ მოზრდილი რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ერთიანი გარშემოსავლელი, რომლის გვერდის ნაწილების აღმოსავლეთ ბოლოში გეგმით ნახევარწრიული, უსარკმლო აფსიდებია. ბაზილიკის შიდა სივრცე ორი წყვილი ბურჯით სამ ნავადაა გაყოფილი. შუა ნავი გვერდის ნავებზე სამჯერ უფრო განიერია და გაცილებით მაღალი (შიგნით სიმაღლე დაახლოებით. 12 მ-ია). აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის წინ ღრმა ბემაა. გვერდის ნავების აღმოსავლეთ ბოლოში თითო სწორკუთხა სათავსია – სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც კედლით არის გამიჯნული ნავისგან და მას კარით უკავშირდება. ეკლესიის მთავარი ნავი კარგადაა განათებული: ერთი მაღალი, განიერი თაღოვანი სარკმელი საკურთხეველშია, სამ-სამი კი – სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთის კედლებში. დასავლეთის კედელში არსებული სარკმლები შეჯგუფებულია (ორი გვერდიგვერდ, მესამე კი – მათ ზემოთ). როგორც ჩანს, სამ-სამი სარკმელი იყო გაჭრილი გვერდის ნავების გრძივ კედლებშიც. ამჟამად გვერდითი ნავების განათების სავარაუდო სისტემიდან შემორჩენილია: ორი სარკმელი სამხრეთით – ნავების დამაკავშირებელი. აღმოსავლეთიდან I და II თაღების ღერძის ხაზზე, ხოლო ერთი ჩრდილოეთ ნავის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში – ნავების დამაკავშირებელი დასავლეთ თაღის მოპირდაპირედ. სამივე სარკმელი შიგნიდან საკმაოდ მაღალია (სიმ. – 2.3 მ). მათი დიდი ნაწილი გარედან გარშემოსავლელის კორპუსითაა დაფარული. სამკვეთლოს და სადიაკვნის აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. ბაზილიკის შუა ნავი კოლოფა კამარითაა გადახურული, გვერდითი ნავები კი – ნალისებრი კამარით, რომლებიც დაყრდნობილია ოთხ ნახევარწრიულ საბჯენ თაღზე, თვით თაღები – კონსოლებზე. ორი მათგანი ნავების გამმიჯნავი ბოძების გასწვრივაა, ხოლო დანარჩენი ორი – კამარის ბოლოებში. ნავების დამაკავშირებელ თითქმის ყველა თაღს მკვეთრად გამოსახული ნალისებრი ფორმა აქვს (ზოგიერთი მათგანის სახე-ცვლილება რემონტის შედეგია). თაღების ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი თაროსებრი იმპოსტები. სამკვეთლო და სადიაკვნეც გადახურულია კოლოფა კამარით, რომელიც გვერდის ნავების კამარების დონეზეა. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. მოგვიანებით ყველა კარი რამდენადმე დაუვიწროებიათ, ჩრდილოეთის კარი კი ნაწილობრივ ამოუშენებიათ. სამხრეთის და ჩრდილოეთს შესასვლელები სწორკუთხაა და შიგნიდან ნალისებრი თაღით დასრულებულ შეღრმავებაშია ჩასმული. დასავლეთის შესასვლელი ძლიერ გადაკეთებულია. იგი, ისევე როგორც სამკვეთლოსა და სადიაკვენის შესასვლელები, შეისრულთაღოვანია. ბაზილიკის სამივე კარის პირდაპირ მოწყობილია გარშემოსავლელის შესასვლელები, რომლებიც ჩრდილოეთით და სამხრეთით სამმალიანია, ხოლო დასავლეთით – ერთმალიანი. შუა მალები განაპირებზე უფრო განიერი და მაღალია და მათგან ბოძებითაა გამიჯნული. სამივე შესასვლელის თაღები გამოყვანილია თხელი და საკმაოდ გრძელი რიყის ქვის რადიალური წყობით, რაც სამივე ფასადზე მძლავრ დეკორატიულ მახვილს ქმნის. ეკლესიის გარშემოსავლელი ბაზილიკის გვერდით ნავებზე ორჯერ უფრო განიერია და სხმული კამარა ხურავს, რომელიც დაყრდნობილია ბაზილიკის კედლებზე მიდგმული სწორკუთხა ბოძებზე გადაყვანილ თაღებზე. თაღები სხვადასხვა ზომისაა. ბაზილიკაში შესასვლელების წინ არსებული თაღები დანარჩენებზე უფრო დიდია. განსხვავებულია მათი რაოდენობაც: დასავლეთ კედლის გასწვრივ 5 თაღია, სამხრეთ კედლის გასწვრივ – 7, ხოლო ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ – 6.
ნაგებობის ფასადები სადაა. მხოლოდ მთავარი ნავის გრძივი კედლებია მორთული შეღრმავებული დეკორატიული თაღებით.
აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის სარკმელი გაწყობილია რელიეფური, ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი სადა თავსართით. იგივე ფორმისაა გვერდითი პატარა სარკმლების თავსართებიც, ოღონდ მათ პროფილს ორი სადა ლილვი და მათ შორის მოქცეული გრეხილი შეადგენს. ბაზილიკის შუა ნავის სამხრეთ და ჩრდილოეთის სარკმლებიც თავსართებით იყო მორთული. ფასადები დასრულებულია ლაევგარდნით, რომელიც შედგენილია მონაცვლეობით გადმოშვერილი ქვის წყობის ორი რიგისაგან. ეკლესია გადახურულია კრამიტით.
2011 წელს ფონდ „ქართუს” დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები შებათქაშდა გარეთა კედლები, გარშემოსავლელში დაიგო აგურის იატაკი, ეკლესია გადაიხურა კრამიტით.
ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 25 მ-ზე, შემორჩენილია გეგმით თითქმის რიყის ქვით ნაშენი ნაგებობა, რომელსაც სოფლის მაცხოვრებლები „მისალოცს“ უწოდებენ. შენობა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი, ხოლო ინტერიერის მნიშვნელო-ვანი ნაწილი მიწითა და ნანგრევებითაა ამოვსებული ისე, რომ გათხრა-გასუფთავების გარეშე მისი დანიშნულებისა და გეგმარების ზუსტად გარკვევა არ ხერხდება.