ოზაანის ამაღლება
galerea
aRwera
ამაღლების ეკლესია, არქიტექტორული ძეგლი დგას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის ჩრდილო-დასავლეთით, სამიოდე კმ-ზე, ხშირი ტყით დაფარულ მთის ფერდობზე. თარიღდება IX საუკუნით. მახლობელ ხანაშია მიშენებული დასავლეთ და სამხრეთ კარიბჯეები. X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება კანკელის ნაშთები, ინტერიერის მოხატულობა კი XIII საუკუნის I მეოთხედით თარიღდება.
ტაძარი გუმბათოვანია, ჩაწერილი ჯვრის ტიპის. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კედლების ბოლოებში გამოყვანილ პილასტრისებრ, მძლავრ შვერილებს და მასიურ, კვადრატული გეგმის მქონე, ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს.
ეკლესია ძირითადად ნაგებია თანაბარი ზომის (23X23X5 სმ) აგურით. შენობის გარეთა კუთხეების წყობაში და აქა-იქ, ფასადებზე (მიწის დონეზე) კარგად ნათალი ქვებია გამოყენებული. ოზაანის ამაღლების ეკლესია ნათელი ნიმუშია იმის, რომ კახეთში აგურის ფართოდ გამოყენება ბევრად ადრე დაიწყეს ვიდრე ქართლში და დასავლეთ საქართველოში. შენობის გეგმის სწორკუთხედი (17.2X11.4მ) აღმოსავლეთით სამი აფსიდალური შვერილითაა დასრულებული. ეკლესიის საკურთხეველი ნახევარწრიული აფსიდისგან და ბემისგან შედგება. საკურთხევლის გვერდებზე აფსიდიანივე სათავსები – სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებშიც შესასვლელი ჯვრის შესაბამისი მკლავიდანაა. გარდა ამისა, სამკვეთლოს მეორე შესასვლელი ბემიდანაც აქვს. ორივე სადგომის ზემოთ მოწყობილია მსგავსი გეგმის მქონე თითო დაბალი სათავსი. სამკვეთლოს ზემოთ არსებულ სადგომს სარკმლიანი აფსიდი აქვს, რომელიც აღმოსავლეთ ფასადზე გადის. სადიაკვნის ზემოთ მდებარე ანალოგიურ სადგომს კი სარკმელი არ გააჩნია. შესასვლელი სამია: დასავლეთიდან – შუა ღერძზე, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან – დასავლეთ კუთხის მონაკვეთებში. სამივე შესასვლელი გარედან ნახევარწრიული, ხოლო შიგნიდან ნალისებრი თაღითაა დასრულებული. სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელები უმნიშვნელოდ, ხოლო ჩრდილოეთის – საფუძვლიანადაა გადაკეთებული. სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელების თაღის არე, სიღრმეში, დიდი ქვის ფილით (გარედან), აგურისა და რიყის ქვის წყობითაა (შიგნიდან) შევსებული. მათ საყრდენად, გვიანდელ შუა საუკუნეებში, სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებში ჩადგეს ხის ძელები, მათგან სამხრეთისაში წირთხლები გააძლიერეს, ჩრდილოეთ შესასვლელი კი დაავიწროეს და თაღის ქვეშ არსებული მთელი არე აგურის წყობით შეავსეს. შიდა სივრცის ცენტრი ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილას წარმოქმნილი კვადრატია, რომელიც შიგნიდან და გარედან მრგვალი გუმბათითაა დასრულებული. ოთხივე გუმბათქვეშა თაღს ოდნავ ნალისებრი ფორმა აქვს. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც და ჯვრის მკლავების კამარებიც. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა განხორციელებულია ორრიგად განლაგებული ტრომპების სისტემით. მათგან ქვედა, ძირითადი რიგის კუთხის ოთხივე ტრომპს, წესიერი კონქის ფორმა აქვს. მეორე რიგი კი შედგება რვა გაცილებით მცირე ტრომპისგან, რომლებიც ოდნავ ზემოთ არიან განლაგებული და ქმნიან უშუალო გადასასვლელს წრეზე. მათ თავზე ოდნავ შვერილი, ვიწრო ზოლურაა, რომლის ზემოთ რვასარკმლიანი გუმბათის ყელია. საკურთხევლის აფსიდის ნახევარწრეს ქვემოთ საფეხური შემოუყვება. აფსიდში გაჭრილია სამი დიდი სარკმელი. მათი თაღები შიგნიდან ოდნავ ნალისებრია, გარედან კი – ნახევარწრიული. სარკმლებს ქვემოთ, კედელში, მოჩანს ამოშენებული ნიშების კვალი. სამხრეთ სარკმლის ქვემოთ მდებარე ნიშა კონქით ყოფილა გადახურული, დანარჩენი ორი კი – თარაზულად. აფსიდისა და ბემის საზღვარზე აგურით ნაშენი კუბისებრი ფორმის ტრაპეზი დგას.
ბემის წინ თაბაშირის კანკელია (შემორჩენილია ქვედა ნახევრის კედლის განაპირა ნაწილები). კანკელს ერთადერთი გასასვლელი ჰქონია, რომლის ორივე მხარეს არსებული სწორკუთხა არე თაღებით სამ ნაწილადაა გაყოფილი. თითოეულ არეში, ქვემოთ, გამოსახულია დოქი, რომლიდანაც ამოსულია გადახლართული მცენარეული ღერო თავში ჩაწნული ჯვრით. თაღებს ზემოთ კუთხეები შევსებულია ორნამენტით. კანკელს გრეხილი ლილვისა და მოჩუქურთმებული სოლისგან შემდგარი სწორკუთხა მოჩარჩოება აქვს. ბრწყინვალე ოსტატობით შესრულებული ზღუდის კედელი გაფორმებული ყოფილა შიგნიდანაც, რაზეც მიგვანიშნებს მის განახლებულ ნაწილში მოქცეული პატარა ნახევარსვეტი. ზღუდის კედლის ამ ნაწილზე აღმართულია, მომცრო ზომის აგურით (23X23X5 სმ) მოგვიანებით დაშენებული, ყრუ კედელი. სამკვეთლო და სადიაკვნე იმავდროულად ეკვდრებადაც გამოიყენებოდა. მათი აფსიდის თაღებს იმპოსტები არა აქვს. ორივე სათავსის შესასვლელი. მთავარი სივრცის მხრიდან, ხის ძელით თარაზულადაა გადახურული. ზღუდის თავზე პატარა, შევსებული ლუნეტია. სამკვეთლოდან საკურთხეველში გასასვლელი ჩასმულია ღრმა თაღოვან ნიშაში – ტეხილი თაღის წვერში, მაშინ, როცა თავად გასასვლელის თაღოვანი თავი ნახევარწრიულია როგორც სამკვეთლოს, ისე საკურთხევლის მხრიდან. სადიაკვნის ჩრდილოეთ კედელში კი, შესაბამის ადგილზე, ოდნავ შეღრმავებული ნიშა-თაროა, რომლის თაღოვანი თავი ასევე ტეხილია. სამკვეთლოს თავზე არსებულ სათავსში, კამარის ჩრდილოეთ გვერდის დასავლეთ კიდეში, მოწყობილია საძრომი. სადიაკვნის თავზე არსებულ სათავსში კი საძრომი სადიაკვნის კამარის ჩრდილოეთ გვერდის ქუსლის დონეზეა. ჯვრის მკლავების ღერძებზე თითო დიდი სარკმელია გაჭრილი, რომლებშიც ჩასმული ყოფილა მრგვალი ღიობების მქონე თაბაშირის ჩარჩოები. მოგვიანებით (როგორც ჩანს ეკლესიის მოხატვის წინ) ნაწილობრივ (სიმაღლის დაახლ. 2/3-ზე) ამოუშენებიათ. ნაგებობის დასავლეთ კუთხის ნაწილებს, ასევე ჰქონდა განათების დამატებითი წყაროები – პატარა, უშუალოდ კამარის წვერზე მიბჯენილი სარკმლები. მათი მდებარეობა, სავარაუდოდ, დასავლეთ კარიბჯის მშენებლობით იყო ნაკარნახევი. სარკმლები გარედან კარიბჯის ამ ნაწილის სახურავის ქანობის თავზე მდებარეობს.
ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო. XX საუკუნის I ნახევარში ჯერ კიდევ იყო შემონახული მხატვრობის დიდი ნაწილი. ამჟამად შემორჩენილი ფრაგმენტები, დაზიანების მიუხედავად, მაინც გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ტაძრის მოხატულობის შესრულების სტილისა და იკონოგრაფიული პროგრამის თავისებურებების შესახებ. მხატვრობის კვალი არ ჩანს მხოლოდ სამკვეთლოსა და სადიაკვნეში (ორივე სათავსი შელესილია). გამოსახულებებს ახლავს წმინდანის ვინაობის ან მოცემული სცენის შინაარსის წარმომჩენი ქართული ასომთავრული წარწერები. ისტორიული ცნობები მოხატულობის შესრულების თარიღის ან ქტიტორთა ვინაობის შესახებ შემონახული არ არის. საკურთხეველში, აფსიდის სამხრეთ ნაწილშია დარჩენილი მთავრული ასოებით შესრულებული. ხუთსტრიქონიანი წარწერა: „ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მიქაელს, ამინ“. მიქაელი სავარაუდოდ მხატვარი უნდა იყოს. მხატვრობა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენისგან შედგება. ორი ერთმანეთზე დადებული. ქრონოლოგიურად განსხვავებული ფენა ჩანს მხოლოდ გუმბათის ყელში და ერთგან – საკურთხევლის ბემაში. დანარჩენი მხატვრობა გადაწერილი არ არის, მაგრამ მისი ცალკეული ნაწილები (საკურ-თხეველში, მკლავებში, მკლავთა-შორის სივრცეებში. გუმბათქვეშა ბურჯებზე, თაღებში) შესაძლო თანდათანობით, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, XI XIV სს. მანძილზე იყოს შესრულებული. ფერწერის ქრონოლოგიურ ფენებად დაყოფა და მათი დათარიღება შემდეგნაირია:
1. I ფენა – გუმბათის ყელი, ტრომპები და კედლის მონაკვეთები, მათ შორის – XI-XII სს – XII საუკუნის I ნახევარი; II ფენა – ძირითადი სივრცე – XII-XIII სს.
2. I ფენა – გუმბათის ყელი – კვირიკე III დიდის მეფობის ხანა 1009-1031-32 წწ. II ფენა – გუმბათის ყელის ქვედა ნაწილი, ტრომპები და კედლის მონაკვეთები, მათ) შორის, საკურთხევლის აფსიდი, სამივე მკლავი, ქტიტორთა პორტრეტი – XII საუკუნის II ნახევარი, XII-XIII სს. და XIII ს. II-მეოთხედი (თამარისა და ლაშა გიორგის მეფობის ხანა); III ფენა – თაღები და მკლავთაშორისი სივრცეები – XIV ს. გუმბათის ყელში, სარკმელთა შორის, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. ღვთისმშობლის გამოსახულებაა. მისგან მარცხნივ და მარჯენივ, ორი მთავარანგელოზი ფრონტალურ პოზაში და ხუთი მოციქულის სხვადასხვა მხარეს მიბრუნებული, მონუმენტური ფიგურა. მათი ტერფები, გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში, სარკმელთა შორის გამოსახული თაღების უმუალო სიახლოვეშია განლაგებული (ერთი ტერფი თითქოს „გადადის” კიდეც თაღზე). თაღებში რვა წინასწარმეტყველის წელზედა გამოსახულებაა, მათგან შედარებით უკეთ არის შემონახული სამხრეთით და დასავლეთით არსებული ხუთი ფიგურა. ცენტრში, საკურთხევლის თავზე, გაირჩევა პატარა კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი (კონტურული ნახატი), მისგან სამხრეთით, სამხრეთ აღმოსავლეთ ტრომპის მარცხენა ნაწილის თავზე – ელია(?), სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ სარკმლებს შორის – ელისე(?), სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ. სარკმლებს შორის წინასწარმეტეველის სახელი უცნობია, სამხრეთ დასავლეთ და დასავლეთ სარკმლებს შორის– დანიელი, დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სარკმლებს შორის – იონა. ეკლესიის გუმბათში წარმოდგენილი იყო უფლის ამაღლების სიმბოლური კომპოზიცია. დღემდე შემონახული ანალოგიური იკონოგრაფიული სქემის მქონე ქართულ ძეგლთა შორის ოზაანის
გუმბათის მხატვრობა, როგორც ჩანს, ყველაზე ადრინდელია. წინასწარმეტყველთა რიგი დაფარულია მოხატულობის სხვა ფენით – ორნამენტული ზოლით, რომლის მოტივი წარმოადგენს ბიზანტიურ ტაძართა კედლების მარმარილოს ფილებით მოპირკეთების იმიტაციას (ამ დროსაა გადაწერილი ღეთისმშობელი მოციქულთა რიგში და ორნამენტი გუმბა-თის ყელის აღმ. სარკმელში). მისი შემომსაზღვრელი, ზედა ხაზი წინასწარმეტყველების სახეებზე გადის. მსგავსი ორნამენტი საქართველოში გვხვდება XII ს. 80-იანი წლებიდან XIII ს. ბოლო-მდე. ეს ორნამენტი, ჩვეულებრივ მხატვრობის ქვედა ნაწილშია და მას აფსიდისა და ძირითადი სივრცის მთელ სიგრძეზე შემოუყვება. ოზაანის ეკლესიის გუმბათის ყელი ასეთი ორნამენტით შემკობის ერთადერთი ნიმუშია. ქვევით, ტრომპებში, მოთავსებულია მედალიონებში ჩაწერილი ქერუბიმები. შემორჩენილია ფრთების ზედა წყვილის ზედა ნაწი-ლები. თითოეული ტრომპვის კიდე შემკულია განიერი, წითელი ზოლით, რომელიც ტრომპიდან ტრომპზე სამფრთიანი თაღის საშუალებით გადადის. ტრომპებს შორის, თაღებქვეშ, განლაგებულია: აღმოსავლეთით – ღვთისმშობელი ნიკოპეაა, დასავლეთით – წინასწარმეტყველი დანიელი ორანტას პოზაში, სამხრეთით – ღვთისმშობლისკენ მიმართული წინასწარმეტყველი დავითი, ჩრდილოეთით – წინასწარმეტყველი ესაია, რომელსაც კურთხევის ჟესტით ხელი გაწვდილი აქვს დასავლეთისკენ. ყველა გამოსახულება დღეს-დღეობით. წელზევით არის შემონახული. თავდაპირველად, შესაძლოა, ისინი მუხლზევით ან მთელი ტანით იყვნენ გამოსახული. ტრომპების თავზე წარმოდგენილია ოთხი ანგელოზი, რომლებიც ღვთისმშობლისკენ მიფრინავენ. მათი ჰიმატიონების ბოლოებს სოკოსებრი ფორმა აქვს. საკურთხევლის აფსიდში კონქის კომპოზიცია (ვედრება?) განადგურებულია. მეორე რეგისტრში გამოსახულ არიან მოციქულები. ბემაში წარმოდგენილი ფიგურები ბევრად აღემატება დანარჩენებს: ერთ-ერთი მოციქულის(სამხრ-ით) კისერსე გარკვევით ჩანს რეგისტრის სოლის ნაშთი, რაც ფერწერის ორი ფენის მინიშნებაა. შესამე რეგისტრში 3/4-ით მიბრუნებული ათი მღვდელმოძღვარია გამოსახული. თითოეულ მათგანს გაშლილი გრაგნილი უპყრია ხელთ. მღვდელმოძღვართა შორის, ცენტრში, გაირჩევა პირი ღვთისა; ბემაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე – ორი დიაკვანი. მათ-გან ჩრდილოეთით, ასომთავრული წარწერის მიხედვით, წმ. სტეფანეა. აფსიდის სამხრ. ნაწილში შემონახული მთავრული წარწერა პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით, XII-XIII სს. თარიღდება. აფსიდის მოხატულობას, ქვემოთ (ისევე, როგორც მთელ ეკლესიას), შემოუყვება გეომეტრიული ორნამენტის ორი ზოლი. მათგან ერთი მარმარილოს იმიტაციაა. მცენარეული ორნამენტი („უსასრულო ღეროს” მოტივი) ამკობს აფსიდის წრეთარგს. მონუმენტურია აფსიდის სამივე სარკმლის წირთხლების ორნამენტები, რომლებიც სხვა ორნამენტისგან განსხვავებით, აქ ქსოვილთა იმიტაციაა. ეკლესიის ძირითადი სივრცის მსატვრობა დაზიანებულია. მიუხედავად იმისა, რომ განადგურებულია ზედა რეგისტრების მოხატულობა, ჩანს, რომ ტაძრის მხატვრობის იკონოგრაფიული პროგრამა, ამავე პერიოდის სხვა ძეგლებთან შედარებით, უფრო რთულია. საუფლო და ვნებათა ციკლებთან ერთად, აქ, საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი პროტოსახარების სცენები. დიდია კომპოზიციათა რაოდენობა. მათი უმრავლესობა მრავალფიგურიანია. გამოსახულებები დიდი ზომის არ არის, მაგრამ იქ სადაც სიუჟეტი ლაკონურადაა გადმოცემული ფიგურების ზომები გადიდებულია.
ეკლესიის მოხატულობის ძირითადი ნაწილი XII-XIII სს-ების მონუმენტური მხატვრობის დამახასიათე-
ბელ დეკორატ-დინამიკური სტილის ნიმუშია. შესრულების მხატვრული დონით იგი თავისი დროის წამყვან ძეგლებს (ყინწვისი, ტიმოთესუბანი) უტოლდება.
ეკლესიის ფასადები სადაა, საფასადო სიბრტყე აგურის რეგულარული წყობითაა შექმნილი. მასში აგურითვე ნაწყობი თაღოვანი კარ-სარკმლებია გაჭრილი. აღმოსავლეთით სამი გლუვი, აფსიდური შვერილია: შუაში – დიდი, ნახევგარწრიული, გვერდებზე – სეგმენტისებრი. შუა შვერილში, სიმეტრიულად, ერთ დონეზე, საკურთხევლის დიდი სარკმლებია განლაგებული. გვერდითი აფსიდების გაცილებით მცირე სარკმლები სადგომების შესაბამისადაა გაჭრილი – ჩრდილოეთ აფსიდში ორ იარუსად, სამხრეთისაში კი სარკმელი ერთია და ქვემოთა სადგომს ანათებს. სარკმლები მოყვითალო ქვიშაქვის ფილაშია გამოკვეთილი და თაღითაა გადახურული. სამივე შესასვლელი, როგორც ჩანს, ერთნაირად იყო გაფორმებული. სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს აგურით ნაწყობი, ჰორიზონტალური გადანაკეცების მქონე არქივოლტი ამკობს. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე, აქა-იქ, შემორჩენილი იყო მოგვიანო, შეკეთების დრინდელი ლავგარდნის ნაშთები, რომელიც კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად ნაწყობი აგურის რიგების მონაცვლეობითაა გამოყვანილი. ლავგარდნის, ისევე როგორც კანკელის ზედა ნახევრის განახლება და ჩრდილოეთ შესასვლელის გადაკეთება, სავარაუდოდ, XVI საუკუნეში, მეფე ალექსანდრეს მეფობის ხანაში, უნდა განხორციელებულიყო. ნაგებობის კორპუსს აგვირგვინებს გუმბათის მრგვალი, ოდნავ დაბალი, რვა თაღოვანი სარკმლის მქონე ყელი. სარკმლები კედლის სწორკუთხა შეღრმავებულ არეებშია ჩასმული და ლეკალური აგურით გამოყვანილი, ნახევარკოლონებზე დაყრდნობილი თაღედითაა მორთული: თაღედის ნახევარსვეტები ქვემოთ. სარკმლის დონეზე წაკვეთილია. ლეკალური აგური გამოყენებულია ასევე სარკმელთა სწორკუთხა მოჩარჩოებაში და მათ წყობაში. გუმბათის ყელის საფუძველი ხაზგასმულია ხერხულა წყობით გამოყვანილი სარტყელით, რომლის მემადგენელი სამკუთხედების წიბოები გუმბათის ყელის ზედაპირთან ერთ სიბრტყეშია. ეკლესიის სახურავი თავდაპირველად დახურული ყოფილა მოჭიქული, ბრტყელი და ღარიანი კრამიტის კომბინირებული წყობით. მათგან ბრტყელი კრამიტებს, მათი დუღაბზე უკეთ მოჭიდების მიზნით, ჰქონდა პატარა, მრგვალი, გამჭოლი ნასვრეტები. ტაძარს დასავლეთით და სამხრეთით, ფასადების მთელ სიგრძეზე, კამარაჩამოქცეული მინაშენები ეკვრის, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაწილ-ნაწილ შენდებოდა. საშენ მასალად აქაც გამოყენებულია ისეთივე ზომის აგური, როგორიც ტაძრის წყობაშია და რიყის ქვა, რომელიც როგორც კედლების, ისე კამარების წყობაშია ჩართული. დასავლეთის მინაშენი სამი ნაწილისგან შედგება და თავდაპირველად სამხრეთ კარიბჭესთან არ იყო დაკავშირებული. მინაშენის შუა ნაწილი, საკუთრივ კარიბჯე, განაპირებზე მაღალია და რამდენადმე წინწამოწეული. იგი დამოუკიდებელი, ორფერდა სახურავით იყო დასრულებული. გვერდითი ნაწილების კამარების საყრდნობად, რომლებიც შუა ნაწილში მთელ სიგანეზეა გახსნილი. ტაძრის კედელთან გამოყვანილია პილასტრები – მათზე გადაყვანილი თაღებით. ჩრდილოეთ მონაკვეთში ერთი, საკმაოდ განიერი, შეისრული თაღია, ხოლო სამხრეთისაში – ორი, მსგავსი ფორმის, მაგრამ მნიშვნელოვნად ვიწრო. კარიბჭის სახურავი ტაძრის კედელთან დაბჯენილი იყო კამარისზედა სივრცეში მოწყობილ, ეკლესიის დასავლეთის კედელზე მიყრდნობილ აგურის ვიწრო ბოძებზე. სამხრეთ მინაშენის შუა ნაწილიც გვერდითი ნაწილების მიმართ, რამდენადმე შემაღლებულია. ისიც ორფერდა სახურავით ყოფილა გადახურული. მინაშენი სამხრეთ მხარეს გახსნილია განიერი, ნახევარწრიული თაღით, აღმოსავლეთით და დასავლეთით (გვერდით ნაწილებში) კი – ვიწრო გასასვლელებით. მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილია ნახევარწრიულაფსიდიანი ეკვდერი, რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან განათებული იყო ორი თაღოვანი სარკმლით. ეკვდერი გადახურული იყო კამარით, რომლის დასაყრდნობად ეკლესიის კედელზე გამოყვანილია მსუბუქი ტეხილის მქონე ორი თაღი. აფსიდში ორი ნიშაა, სარკმლის ქვემოთ, კედელთან კი – ტრაპეზი. შემორჩენილია აგურით ნაგები კანკელის კედლის ნაწილიც.
დასავლეთ და სამხრეთ კარიბჭეების დამაკავშირებელი ნაწილი მოგვიანებითაა მიშენებული. ამ კუთხის ნაწილის ფორმები (თითო სარკმლით სამხრ-ით და მეორე, უფრო მაღლა მდებარე, დას-ით) დანარჩენი ნაწილებისგან საგრძნობლად განსხვავდება.
ეკლესიის ვრცელი ეზო შემოსაზღვრული იყო რიყის დიდი ქვებით ნაგები გალავნით, რომლისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი.
გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩატარდა ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ხელმძღვ. ო. თორთლაძე). აღდგა კედლების მონგრეული ნაწილები, ლავგარდანი და ფასადებზე საპირე წყობის ჩამოშლილი მონაკვეთები; გაიწმინდა და გამაგრდა მხატვრობის შემორჩენილი ნაწილები (მხატვარ-რესტავრატორები: კ. ბაკურაძე. ბ· ჭეიშვილი). ტაძრის ქვედა კორპუსი გადაიხურა კრამიტით, გუმბათი კი – თუნუქის კონუსისებრი სახურავით; მინაშენების 'შემორჩენილ ნაწილებს გაუკეთდა კონსერვაცია.
2011 წელს ფონდ „ქართუს“ მიერ ძეგლზე კვლავ ჩატარდა სარემონტო სამუშაოები: მცენარეებისგან გაიწმინდა სახურავი, ფასადებზე აღდგა საპირე წყობის და ლავგარდნის ჩამოშლილი ნაწილები, ეკლესია ხელ- ახლა გადაიხურა კრამიტით, დაკონსერვდა მინაშენების შემორჩენილი კედლები.
ოზაანის ამაღლების ტაძარი ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების მიუხედავად კვლავ საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, მცენარეებისგან გაწმენდას. როგორც ზემოთ არის მოთხრობილი ტაძარი, მისი არქიტექტურული თუ მხატვრული გაფორმებით საკმაოდ უნიკალურია და მოფრთხილებას საჭიროებს.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის