სავანეს წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

სოფელ სავანეში (საჩხერის მუნიციპალიტეტი) ყვირილის ხეობა, იმერეთში მდებარეობს წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. იგი კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუშია XI ს-ის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებისა და განსაკუთრებით, ხუროთმოძღვრული მორთულობისა: ჩუქურთმებით შემკულია კარნიზები, სარკმლებისა და ორი პორტალის საპირეები. სამხრეთის პორტალი უფრო დიდი და მდიდრულია. თავისი ხასიათით ეს დეკორი ენათესავება კაცხის გარშემოსავლელისა და ნიკორწმინდისას. სამხრეთის დიდი სტოა-კარიბჭე, რომელსაც მთელი ფასადის სიგრძე უჭირავს, აგრეთვე XI ს-ისაა, თუმცა სხვა ოსტატის ხელითაა ნაშენი. შენობის გარეგნობა მარტივია, მაგრამ ხიბლავს მნახველს პროპორციების ჰარმონიულობითა ღა დახვეწილობით, მორთულობისა და არქიტექტურის ორგანული შეხამებით, ძალიან მაღალია შესრულების ხარისხიც. ტაძრის კედლებზე რამდენიმე საყურადღებო წარწერაა: დასავლეთის შესასვლელის ტიმპანში იკითხება „სახელითა ღმრთისაჲთა... დამაყენა მე, სულითა საწყალობელი ჰარაბაჲ აღსაშენებლად წმიდისა ამის საყდრისა, ადიდენ ღმერთმან გიორგი ერისთავთ ერისთავი, სალოცველად სულისა მათისათჳს...“ მეორე წარწერაში, სამხრეთის შესასვლელის ტიმპანში, აგების ზუსტი თარიღი - 1046 წელიც იხსენიება, მესამეში (აღმოსავლეთის ფასადზე) ნათქვამია, რომ მშენებლობაში სოფელიც იღებდა ნივთიერ მონაწილეობას. სავანეში XI საუკუნისავე მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია დარჩენილი, მაგრამ იგი ძლიერ დამახინჯებულია XIX ს-ის შეკეთების დროს (მაშინ შელესეს და შეღებეს ეკლესიის შიგნითა კედლები). სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევრისაა.

ეკლესიის გარეთა ზომები: სიგრძე - 15,9 მ, სიგანე უკარიბჭეოდ - 8,035 მ., კარიბჭიანად - 14,5 მ.,

სიმაღლე შიგნით - 10,1 მ.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის