კაცხის ეკლესია


galerea



aRwera

კაცხის ეკლესია მდებარეობს იმერეთში, ქ. ჭიათურის მახლობლად. ამ ტიპის ყველაზე გვიანდელი ნიმუშია, აგებული X-XI საუკუნეთა მიჯნაზე. საკურთხევლის აფსიდი აქაც მცირედ შვერილია, მაგრამ სხვა აფსიდები –– ბოჭორმისაგან განსხვავებით –- უშუალოდ, უბემოდ უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს. გარდა ძირითადი სივრცისა, ეკლესიას აქვს სამმხრივი გარშემოსავლელი, რომელიც სამიოდე ათეული წლით გვიანაა მიშენებული. გარშემოსავლელი, ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი გარედან ქმნიან სამ კონცენტრულ, წახნაგებიან, საფეხურს ყოველ წახნაგს ცალკე ფრონტონი აქვს, ასე რომ კარნიზები ჰორიზონტალური კი არ არის, არამედ ხერხულა. გუმბათის სახურავი, კი ნახევრადგაშლილ ქოლგას ჰგავს. ეს დიდად ზრდის საერთო ცხოველხატულებისა და დეკორაციულობის ეფექტს. შენობას მდიდრული ჩუქურთმიანი სამკაული ჰქონდა - ახლა, XIX ს-ის რესტავრაციის შემდეგ, გარედან ორი ზემო საფეხურის მორთულობა აღარ არსებობს, გადარჩა მხოლოდ გარშემოსავლელის მდიდარი საპირეები და კარნიზი, აგრეთვე საკუთრივ ტაძრის კორპუსის შესასვლელთა მორთულობა (გარშემოსავლელის შიგნით), გარშემოსავლელის ჩუქურთმები, თვით ტაძრის ჩუქურთმასთან შედარებით, უფრო განვითარებულ საფეხურზეა, უფრო ღრმად არის ნაკვეთი. განსაკუთრებით საინტერესოა დიდი რელიეფური ქანდაკება - გარშემოსავლელის აღმოსავლეთ სადგომში, რომელიც ცალკე სამლოცველოდაა გამოყოფილი. დიდ, ფართო არშია შემოვლებულ მრგვალ არეში გამოსახულია ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, ეს XI ს-ის ქართული პლასტიკის ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებთაგანია.

თავდაპირველად გარშემოსავლელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გარედან ღია თაღები ჰქონდა. თავისი მორთულობით კაცხის ტაძარი გარდამავალ ხანას კი არ ეკუთვნის, არამედ განვითარებულ შუა საუკუნეებს, კაცხი თავიდანვე ბაღუაშთა ძლიერ ფეოდალურ საგვარეულოს სამფლობელო იყო. ტაძარი რატი ერისთავთერისთავის აშენებულია. სამხრეთ-დასავლეთ შესასვლელის ტიმპანის წარწერის თანახმად, იგი 1010-1014 წლებს შუა უნდა დაემთავრებინათ (აქ მოხსენიებულია მეფე ბაგრატ III).

XVII-XVIII სს. კაცხი თავად აბაშიძეებ ეკუთვნოდა. 1804 წლიდან კი იმერეთში გადახვეწილ  სოლომონი ლიონიძეს, ერეკლე II-ის სამეფო კარის ცნობილ მოხელეს.

შენობის გარეთა ზომებია (გარშემოსავლელის გარეშე): სიგრძე - 13,5 მ., სიგანე - 12 მ., სიმაღლე შიგნით - დაახლ. 17,5 მ.(საყურადღებოა, რომ ამ ტიპის ყველა ეკლესიას თითქმის თანაბარი დიამეტრები აქვს).

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის