ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია


galerea



aRwera

ძველი გავაზის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში.  განეკუთვნება VI საუკუნეს, ფორმით ტეტრაკონქის ტიპისაა (13X13 მ). ნაგებია რიყის ქვით. VIII-IX სს-ისაა გუმბათის ყელი. ტაძრის გარშემოსავლელი (აღმოსავლეთ აფსიდის სამხრეთ ნაწილიდან ჩრდილოეთ აფსიდის დასაწყისამდე) შეკეთება-გადაკეთებით მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან ჩასმულ მოწითალო ქვაზე არსებული წარწერის თანახმად, 1852 წელს ეკლესია შეუკეთებია თავად ივანე ამილახვარს. XX საუკუნის დასაწყისში ძეგლი კვლავ გაურემონტებიათ, გარედან შეულესავთ და შეუთეთრებიათ. 1985-87 წწ. ძეგლზე კვლავ ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (რესტავრაციის პროექტის ავტორი, არქიტ. გ. ნიკოლაძე) ეკლესიის კედლებზე მოიხსნა გვიანელი ნალესობა, თავდაპირველი სახით აღდგა საკურთხევლის და ჩრდილოეთის აფსიდების მოგვიანებით გაფართოებული სარკმლები. მოიხსნა XX ს-ის დასაწყისში შიგნით აქა-იქ ჩაშენებული კედლები და თუნუქის სახურავი, ეკლესია გადაიხურა კრამიტით. 2008 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე ჩაატარა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოიხსნა კრამიტის სახურავი და მისქვეშ არსებული ცემენტის ხსნარის ფენა; სახურავზე დაიგო ღარისებრი კრამიტი.

შენობას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი შესაბამისი აფსიდების ღერძებზეა გაჭრილი და ნალისებრი თაღი ხურავს. ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატს ყოველი მხრიდან ეკვრის ღრმა, შიგნიდან ნალისებრი. ხოლო გარედან ნახევარწრიული აფსიდი. აფსიდის კონქებს არასწორი მომრგვალება აქვს. თვით კონქის თაღები და გუმბათქვეშა თაღები კი ნალისებრია და იმპოსტებს ემყარება. შიგნით აფსიდთა შეერთების კუთხეები გამაგრებულია ნახევარწრიული მოცულობებით, რომლებიც კუთხეებს თაღების ქუსლებამდე აუყვება. მოცულობები ქვემოთკენ ოდნავ ფართოვდება და სწორკუთხა ფორმას იღებს. საკურთხეველსა და დასავლეთ აფსიდებში კონქის ქუსლები ერთიანი შვერილი ლილვით იყო გამოყოფილი. სამხრეთის და ჩრდილოეთის აფსიდებში აღმოსავლეთის მხრიდან გაჭრილია თითო კარი. სამხრეთის კარი ამჟამად გადის გარშემოსავლელის აღმოსავლეთ კიდეში მოწყობილ აფსიდიან სადგომში. ჩრდილოეთის აფსიდში მდებარე კარი კი მოგვიანებით ამოუშენებიათ და შიგნიდან ნიშა მოუწყვიათ. ტაძრის რვაწახნაგა გუმბათის ყელში სამი სარკმელია გაჭრილი: აღმოსავლეით, დასავლეთით და სამხრეთით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა თავდაპირველად განხორციელებული იყო გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში მოწყობილი ტრომპებით, რომლებიც მოგვიანებით შეულესავთ და აფრების ფორმა მიუციათ. გარშემოსავლელი შეკეთება-გადაკეთებებით მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. თავდაპირველად იგი გარეთკენ მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღედით იყო გახსნილი. გარშემოსავლელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორი მცირე ზომის, აფსიდიანი სათავსია. აღმოსავლეთ სადგომში შესასვლელი ეკლესიის სამხრეთ აფსიდიდანაა, სამხრეთ სადგომში კი – დასავლეთიდან, გარშემოსავლელიდან. აღმოსავლეთ სადგომს ნალისებრი აფსიდი აქვს, რომლის ღერძზე გაჭრილია მცირე სარკმელი. მეორე სათავსის აფსიდი კი ნახევარწრიულია. ამ აფსიდშიც ერთ მცირე სარკმელია. ორივე აფსიდის კონქის თაღი ნალისებრია, მათი იმპოსტები კი – მარტივ პროფილიანი(თარო და შეზხნექილი სიბრტყე). ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის წინ, გარშემოსავლელის ცილინდრულ კამარას კვეთს პერპენდიკულარულად მდებარე კოლოფა კამარა, რომელიც ემყარება ორ საბჯენ თაღს. გარშემოსავლელის მხრიდან, სამხრეთი და დასავლეთის აფსიდთა შეერთების ადგილას (კუთხეში) აღმართულია სვეტი, რომელსაც კედლის მიმდებარე ორი თაღი ემყარება. მათ ზემოთ იწყება გარშემოსავლელის კამარა, რომელსაც ელიფსური საფუძველი აქვს და გადადის ნახევარწრეში. კამარა სხმულია. ამგვარი კონსტრუქცია მოწყობილი ყოფილა ჩრდილოეთის და დასავლეთის აფსიდთა შეერთების ადგილზეც. გარშემოსავლელის კამარა ეკლესიის მხარეს ემყარება მრგვალ და სწორკუთხა ბურჯებზე გადაყვანილი ნალისებრი ფორმის თაღებით შექმნილ საყრდენს. გარედან კედლები და გუმბათის ყელი დასრულებულია თაროსებრი, ორსაფეხუროვანი ლავგარდნით. ტაძრის ეზოში 1971 წ. საქართველოს სახელმწიფო. მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ლ. ჭილაშვილი) გათხარა 35 სამარხი, სადაც გამოვლინდა X-XVIII სს- ების არქეოლოგიურ ნივთები.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის