ინწობას ნათლისმცემლის კომპლექსი


galerea



aRwera

 

ნათლისმცემლის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბუედან ჩრდილოეთით, 6-7 კმ-ზე, მდ. ინწობის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ყადორის უღელტეხილისაკენ მიმავალი გზის პირას, კლდოვან მთის ძირში. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია დიდი ზომის სამეკლესიიანი ბაზილიკაა. შენობა ზომით 18,2X14,8 მეტრია. სამივე დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. შუა ეკლესიის აღმოსავლეთი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, რომლის გვერდებზე გეგმით სწორკუთხა სათავსებია – სამკვეთლო და სადიაკვნე. შენობის დასავლეთ ნაწილში განიერი დერეფანია, რომელიც გვერდით ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს. შენობა ძლიერ არის დაზიანებული: დანგრეულია მთავარი ეკლესიის კამარა, კონქი და ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი. მთლიანად მიწითა და ნანგრევებითაა ამოვსებული ჩრდილოეთით ეკლესია და სამკვეთლო, დანგრეულია დასავლეთ გარშემოსავლელის დასავლეთ კედელი. სადიაკვნესაც კამარა აქვს ჩამოშლილი. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ჩატეხი ქვით. წყობა ძირითადად ირეგულარულია. გამოყენებულია დიდი ზომის (25X25X7 სმ) აგურიც, რომლითაც ძირითადად მთავარი ეკლესიის შესასვლელების თაღები და კონქის თაღია (შემორჩენილია ორივე ქუსლის წყობა) ნაწყობი. საკურთხევლის კუთხეები და სარკმლის გარეთა ღიობი გამოყვანილია შირიმით. მოგვიანებით (სავარაუდოდ, XVI ს-ში) აღდგენილ ნაწილებში გამოყენებულია მცირე ზომის (23X23X5სმ) აგური და აქა-იქ ცისფრად მოჭიქული კრამიტის ნატეხები.

მთავარ ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით, ორი საკმაოდ მაღალი შესასვლელი აქვს. ორივე კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. შენობის აღდგენისას ორივე თაღი ამოუშენებიათ და შესასვლელები საგრძნობლად დაუდაბლებიათ (მთავარი ეკლესიის მხრიდან ორივე კარის ზემოთ შემორჩენილია თავდაპირველი თაღის შვერილის ნაშთი). საკურთხევლის აფსიდს სრული ნალის ფორმა აქვს. ნალისებრი ფორმისა იყო კონქის თაღიც (შემორჩენილია ორივე ქუსლი), რომელიც შირიმის რთულპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდში გაჭრილია ვიწრო, მალალი სარკმელი. იგი შიგნიდან შირიმის ქვით, თარაზულადაა გადახურული, ხოლო გარედან – ერთ ქვაში გამოკვეთილი, ნალისებრი თაღით, რომლის გვერდებზე, იმავე ქვაზე, მარჯვნივ, ტოლმკლავა, ბოლოებ გაფართოებული ჯვარია გამოსახული, მარცხნივ – ორი მოგრძო ჩაღრმავება, რომელთა ერთი ბოლო სწორკუთხაა, მეორე – მომრგვალებული. მთავარი ეკლესია განათებული იყო სამი სარკმლით. ორი მათგანი სამხრეთ კედელშია, ერთი (გვიანდ) – დასავლეთ კედელში (იყო თუ არა სარკმლები ჩრდ. კედელში ამჟამად აღარ ჩანს). ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა – შემორჩენილია მხატვრობის კვალი, რომელიც ტაძრის სახურავის არქონის გამო შეუქცევადად ზიანდება. სადიაკვნეს ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს. ერთი მთავარი ეკლესიდანაა, მეორე (მოგვიანებით ამოუშენებიათ) – სამხრეთ ეკლესიიდან. როგორც ჩანს, ანალოგიურად იყო გადაწყვეტილი სამკვეთლოც (დასავლეთ კედელი დაფარულია ნანგრევებით, ხოლო კარის ადგილას სამხრეთ კედელი დანგრეულია).

სამხრეთით ეკლესია შედარებით უკეთაა შემორჩენილი. მას ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი აქვს. მოზრდილი ზომის აგურით ნაწყობი, ნალისებრი თაღებით. თაღები ეყრდნობა ოთხკუთხა კაპიტელით დასრულებულ მრგვალ სვეტს. სამხრეთით ეკლესია გადაკეთებულია. მასში თავდაპირველი კამარის ჩამონგრევის შემდგომ ახალი კამარა აუგიათ.

ჩრდილოეთ ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის შუაში გაჭრილია ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული

ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის წყობაში, შირიმის ქვაზე. ტოლმკლავებიანი, რელიეფური ჯვარია გამოსახული. ფასადები დასრულებული ყოფილა აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლის ქვედა საფეხური ლეკალური აგურით იყო გამოყვანილი. აღდგენის შემდეგ XVI საუკუნეში, ეკლესიისთვის სამხრეთიდან, მიუშენებიათ გეგმით სწორკუთხა, სამსართულიანი კოშკი, რომლის ჩრდილოეთი კედელი დაშენებულია ეკლესიის სამხრეთ კედელზე. ეკლესიის ეზო, რომლის ნაწილი ხელოვნურად იყო გამაგრებული, გარშემოვლებული იყო ქვის კედლით (შემორჩენილია ფრაგმენტები). მოგვიანებით, ეკლესიის ზღუდეს შემოავლეს მეორე, უფრო მაღალი, სათავდაცვო კედელი, რომელიც გაცილებით დიდ ტერიტორიას ფარგლავდა. გალავნის სამხრეთ ნაწილში ჩართულია ორსართულიანი კოშკი, რომლის პირველი სართული თაღოვანი კარიბჯეა, მეორე სართული კი გუშაგებისთვის იყო განკუთვნილი. გალავნის გარეთ, დასავლეთით, ხრამის პირას, შემორჩენილია დიდი. გეგმით წრიული და სათოფურებით აღჭურვილი კოშკის ნანგრევები.

კარიბჭე-კოშკი ჩართული იყო გალავნის კედელში, რომელიც სამხრეთიდან უვლიდა კომპლექსს და ამაგრებდა მას. ამჟამად შემორჩენილი გალავნის მხოლოდ ფრაგმენტები. კარიბჭეც აგებული უნდა იყო XVI საუკუნეში, ტაძრის განახლების დროს.

გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდინარის ფლატეზე XVIII საუკუნის მრგვალი კოშკია. კოშკი ნატეხი ქვითა და ფიქლითაა ნაგები. გარედან დაწახნაგებულია, შიგნიდან მრგვალი. ძალზედ საინტერესოა კოშკი იატაკი, რომელიც მთლიანად აგურის რეგულარული წყობითაა.

მთავარი ტაძრის დასავლეთით, ზედ სატრანსპორტო გზაზე სამი ქვასამარხის კონტურია გაშიშვლებული. ერთი სამარხი კი ჩრდილოეთ-დასავლეთით, ხის ქვეშ მდებარეობს.

გარდა ჩამოთვლილი ნაგებობებისა კომპლექსის ტერიტორიაზე შეიმჩნევა გალავნის, აგრეთვე სხვა შენობების კვალიც.

ინწობის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის (ფიქლები) ისტორია თავისთავში საქართველოს ისტორიის ოთხ მნიშვნელოვან ეტაპს აერთიანებს და ასახავს. თავდაპირველი სატაძარო კომპლექსის მშენებლობა ემთხვევა ერთი მხრივ საქართველოში დაწყებულ ახალ საამშენებლო ტალღას, მეორეს მხრივ კი, კახეთ-ჰერეთის სამთავროების ჩამოყალიბება-გაძლიერების პერიოდს, როდესაც, მსგავსად საქართველოს სხვა ტერიტორიებისა ფართოდ იშლება მშენებლობა. კომპლექსი XI საუკუნისთვის გაფართოვდა და გაძლიერდა, ამაზე მეტყველებს მის გარშემო გაჩენილი სამაროვანი. XVI-საუკუნეში, როდესაც კახეთის სამეფოს აღმავლობის ხანა დადგა, ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი სათავდაცვო კომპლექსად გადაკეთდა და ჩართული იქნა კახეთის დედაქალაქის - გრემის დაცვის სისტემაში. ეს ვითარება გამოწვეული იყო იმით, რომ კომპლექსი მდებარეობს კავკასიონის ერთ-ერთი უღელტეხილის - ყადორის გზაზე. ლევან კახთა მეფის ზეობაში (1520-1574 წწ.) აქ დიდი გალავანი და კოშკი აიგო. ამ პროცესში განახლდა ტაძარი და კედლის მხატვრობით შეიმკო. მხატვრობის ფრაგმენტზე შესრულებული წარწერით ვიგებთ, რომ სამუშაოები კახეთის დედოფალ თინათინის ქტიტორობით მიმდინარეობდა. როგორც ჩანს ეს სამონასტრო და საფორტიფიკაციო სისტემა წყობიდან გამოვიდა XVII ს-ის 20-იან წლებში - კახეთში სპარსელთა დამანგრეველი ლაშქრობების დროს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ნათლისმცემლის კომპლექსი იყო ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზის ჩამკეტი. დღევანდელი სამანქანო გზა კი ძალიან უხეშად არის გაყვანილი და საკმაოდ დაზიანებული აქვს ტაძრის კედლები. საერთო ჯამში ძალზედ დასანანია ტაძრის დღევანელი მდგომარეობა.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის