შიხიანის აღდგომის ეკლესია


galerea



aRwera

შიხიანის აღდგომის ეკლესია მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ენისელის სამხრეთით სამიოდე კილომეტრში, მდინარე ინწობის მარცხენა ნაპირას. გადმოცემით ამ ადგილას სოფელი შიხიანი ყოფილა გაშენებული. სოფლის არსებობა დასტურდება ტაძარზე არსებული წარწერითაც, ხოლო სოფელ შიხიანს, მეორე სახელად „აღდგომა“ ერქვა, რაც დასტურდება ალექსანდრე კახთა მეფესთან მყოფის რუსი ელჩების ინფორმაციით.

            აღდგომის კომპლექსი სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ყველაზე ძველი ნაგებობაა დარბაზული ეკლესია, რომელსაც მოგვიანებით საძვალე აქვს მიშენებული. აგრეთვე ეზოშივე დგას ორსართულიანი სამრეკლო. რაც შეეხება კომპლექსის მთავარ ნაგებობას იგი ჯვარგუმბათოვანია. ტაძრის მშენებლობის შესახებ გვამცნობს მასზე არსებული ასომთავრული წარწერა, სადაც იხსენიება კახეთის მეფე ალექსანდრე და მისი მეუღლე თინათინი. გიორგი ჩუბინაშვილის აზრით ეკლესია ალექსანდრეს მეფობის პირველ ხანებშია აშენებული რადგან წარწერაში მხოლოდ მეფე-დედოფალი იხსენიება.

            ეკლესიას ჯვარგუმბათოვან ნაგებობათა ადრევე ჩამოყალიბებულ ნაგებობათა ტიპის გეგმა აქვს. ნაგებია მთლიანად აგურით. შენობის გეგმის გარე სწორკუთხედში (15.2XI2 მ) ჩაწერილი ჯვრული სივრცის შემადგენელი ოთხი მკლავიდან, სამი სწორკუთხაა. მეოთხე, აღმ. მკლავი, ნახევარწრიული, ღრმა ბემის მქონე აფსიდითაა დასრულებული. ნაგებობის ცენტრში აღმართულია შიგნიდან წრიული, ხოლო გარედან რვაწახნაგოვანი გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და გეგმით წრიულ ორ ბოძს. შესასვლელი სამია: დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. სამივე კარი შესაბამისი მკლავის ღერი-ხეა გაჭრილი. შესასვლელები გარედან შეისრული თაღითაა გადახურული, შიგნიდან – თარაზულად. აფსიდი ბემისგან პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი თაღითაა გამოყოფილი. საკურთხევლის გვერდებზე თითო შეისრულკამაროვანი სათავსია – სამკვეთლო და სადიაკვნე. მათგან საკურთხეველს, ბემაში გაჭრილი კარით, მხოლოდ სამკვეთლო უკავშირდება. ორივე სათავსი აღმოსავლეთით დასრულებულია აფსიდით, რომელიც დანარჩენი სივრცისგან პილასტრებითა და მათზე გადაქვანილი თაღით გამოიყოფა. სამკვეთ-ლოს აფსიდი ნახევარწრეზე ოდნავ ღრმაა. სადიაკვნეში, პირიქით ნახევარწრეზე ნაკლები მოხაზულობის. ამასთან, აღმოსავლეთ კედელი აქ, სამკვეთლოსთან შედარებით ორჯერ უფრო სქელია. ამ სათავსის სამხრეთ კედელში მოზრდილი სწორკუთხა ნიშაა. ორივე სათავსი ეკლესიის ძირითად სივრცეს დასავლეთ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდება, რომელთ თავი მთლიანად თარაზული კი არ არის, არამედ, კუთხეები მომრგვალებული აქვს. ანალოგიური ფორმისაა სამკვეთლოდან ბემაში გასასვლელიკარის გადახურვაც. სამივე აფსიდში გაჭრილია თითო ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი. საკურთხევლისა და სამკვეთლოს აფსიდების შუაში აგურის ტრაპეზი დგას. გუმბათქვეშა ბოძები მაღალია, კვადრატულ ბაზისებზე დადგმული. ბოძები ჩვეულებისამებრ სვეტისთავებით კი არ არის დასრულებული, არამედ მათზე, უშუალოდ, სწორკუთხა ნაწილია დასმული, რომლის გამოშვერილი კუთხეები დამუშავებულია ორ-ორი საფეხურით. ბოძების მოპირდაპირე მხარეზე მდებარე პილასტრების ქვედა ნახევარი სწორკუთხაა, ზედა – ნახევარწრიული. ეკლესიის დასავლეთ შეისრული კამარით გადახურული კუთხის ნაწილები შესაბამისს მკლავებს მაღალი, შეისრული თაღით უკავშირდება. ჯვრის მკლავები გადახურულია შეისრული კამარით. კამარის აღნაგობაში სახასიათოა საბჯენი თაღების თავისებური წყობა. თითოეული კამარის შუაში თითო საბჯენი თაღია. ისინი, ჩვეულებისამებრ, კონსოლებს კი არ ეყრდნობა, არამედ, უშუალოდ, კედლის სიბრტყეს მიჰყვება. თვით კამარის მონაკვეთები კი, მათ მიმართ საფეხურითაა შელღრმავებული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში თავდაპირველად გაჭრილი ყოფილა რვა მაღალი, თაღოვანი სარკმელი. რომეთაგანაც ოთხი ( ქვეყნის მხარეებისკენ მიმართული) მოგვიანებით გარედან ამოუშენებიათ. ორ-ორი სარკმელი დანარჩენ მკლავებშია, თითო თაღოვანი სარკმელი კი დასავლეთ კუთხის ნაწილების დასავლეთ კედელში. შიგნით, ძირითადი სივრცის კედლებს, მთელ სიგრძეზე, ნატეხი ქვით ნაწყობი, დაბალი საფე-ხური გასდევს.

ეკლესიის ფასადთა მორთულობის მთავარი ელემენტებია დეკორატიული თაღები და შეღრმავებული ჯვრები. ფასადები, შეღრმავებული არეებით, დაყოფილია სამ-სამ მონაკვეთად. თითოეული ფასადის შუაში, ჯვრის მკლავების შესაბამისად, მაღალი შეისრულ-თაღოვანი არეა, გვერდებზე კი

გაცილებით დაბალი, სწორკუთხა შეღრმავებებში ჩასმული, შეისრული თაღები. ფასადების მორთულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ფართო, მაღალი შეღრმავებული ჯვარი, რომელიიც ოთხივე ფასადზე, ცენტრალურ ზემოთა ნაწილშია გამოსახული. აღმოსავლეთ ფასადზე, ჯვრის ქვემოთ, გვერდი-გვერდ განლაგებული სამი თაღია, რომელთაგანაც შუა საკურთხევლის სარკმელს შემოფარგლავს. გვერდით არეებში, ორ იარუსად განლაგებული, ერთმანეთზე გადაბმული, სამ-სამი შეისრული თაღია. ქვედა რიგის შუა თაღებში სამკვეთლოსა და სადიაკვნის სარკმელებია მოქცეული. დასავლეთ ფასადი აღმოსავლეთისგან განსხვავებით, მეტადაა მორთული. ფასადის ქვედა ნაწილში საფეხურით შეღრმავებული, სწორკუთხა არეა. იგი დასრულებულია სამი შეისრული, დეკორატიული თაღით, რომელთა თავზე კუთხით შვერილი აგურების სამი რიგით შედგენილი ფრიზია. ქვედა ნაწილში კი, სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული განიერი, შეისრულთაღოვანი შესასვლელი. თაღის შუა ნაწილი დაკავებული აქვს მაღალ, სწორკუთხა შეღრმავებებში ჩასმულ ორ სარკმელს – მათ შორის მოქცეული პატარა ჯვრით. სარკმლებს ქვემოთ, წყობაში, ჩასმულია ქვიშაქვის ოთხკუთხა ფილა სამშენებლო წარწერით. ფასადის გვერდის მონაკვეთებს მაღალ სწორკუთხედებში ჩასმული, შეისრულთაღოვანი არეები მოიცავს. თითოეული მათგანი კუთხით შვერილი აგურებით შედგენილი ზოლით გაყოფილია ორ ნაწილად. რომელთაგანაც ქვედა თითქმის ერთნახევარჯერ მაღალია ზედაზე. ორივე ნაწილში სამ-სამი დეკორატიული თაღია. ზედა ნაწილის შუა თაღში, რომელიც გვერდით თაღებთან შედარებით გაცილებით მაღალია, დასავლეთ კუთხის ნაწილების სარკმლებია მოქცეული. სამი დაბალი შეისრული თაღია განლაგებული არეების ქვედა ნაწილშიც. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები, დამუშავებით, ერთმანეთის ანალოგიურია.

გუმბათის ყელი სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა ნაწილში, რომელიც ზედაზე ოთხჯერუფრო მაღალია, თითოეულ წახნაგზე თითო შეღრმავებული სწორკუთხა არეა, რომელიც გვერდებიდან წიბოების ამყოლი ლილვებითაა მოფარგლული. ხოლო ზემოდან – აგურის დაკბილული წყობით. თითოეულ წახნაგზე შეისრული თაღით დასრულებული, 2 განიერი შეღრმავებაა. წახნაგების ღერძზე კი ვიწრო, მაღალი სარკმელი, რომელიც ასევე სწორკუთხა შეღრმავებულ არეშია მოქცეული. გუმბათის ყელის ზემოთა მონაკვეთის წახნაგებზე სამ-სამი, აგურის დაკბილული წყობით დასრულებული, შეღრმავებული სწორკუთხედია გამოყვანილი. გუმბათის ყელი დასრულებულია აგურისავე ლავგარდნით,რ-ის პროფილს წრეთარგი და ლილვი შეადგენს. გუმბათის პირამიდული სახურავი თუნუქითაა დაფარული. ეკლესიის მკლავები და მათ შორის მოქცეული ნაწილები გადა-ხურულია ღარისებრი კრამიტით.

ეკლესიის ჩრდ. მკლავის სახურავის კიდეზე დადგმულია პატარა სამრეკლო, რომელიც თაღებით გახსნილ და პირამიდული სახურავით გადახურულ. ცილინდრული ფორმის ფანჩატურს წარმოადგენს.

ტაძრის დასავლეთით მდგარი, გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესი ნატეხი ქვითა და რიყის ქვითაა ნაგები – საკმაოდ დაუდევრად. ერთადერთი, სწორკუთხა შესასვლელი მას სამხრიდან აქვს. აფსიდი არაწესიერი ნახევარწრის ფორმისაა, გადახურულია დადაბლებული პროპორციების, უსწორმასწორო კონქით. მსგავსადაა ნაწყობი კამარაც. აფსიდში და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში თითო მცირე ზომის, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. აფსიდის სამხრეთ გვერდში პატარა, სწორკუთხა ნიშაა. კედლები შელესილი და მოხატული (შემორჩენილია ფრაგმენტულად) ყოფილა. ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურებიანი ლავგარდნით, რომელიც კარის გადახურვასთან ერთად, შეკეთების დროინდელია. ეკლესიაზე დას-იდან მიდგმულია რიყის ქვითა და აგურით ნაშენი საძვალე. შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს. ნაგებობის გეგმა კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც აღმოსავლით ეყრდნობა შეკიდულ თაღს. ლავგარდანი და გადახურვა აგურისაა. ორივე შენობის მომფარგლავი გალავანი რიყისა და ნატეხი ქვითაა ნაშენი. გალავანი თითქმის მთლიანადაა დანგრეული, მაგრამ, ჩანს, რომ შესასვლელი მას ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ბოლოში ჰქონია.

ეკლესიიდან სამხრეთით, რამდენიმე ნაბიჯზე, დგას ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც XV ს-ის ბოლოს ან XVI ს-ის დასაწყისს მიეკუთვნება. მისი ქვედა სართული კუბური ფორმისაა და ოთხივე მხრიდან განიერი, ოდნავ შეისრული თაღებითაა გახსნილი. მეორე სართული რვაგვერდა ფანჩატურია, რომლის თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო, მაღალი, შეისრული თაღია. ნაგებობის ქვედა ნახევარი ნატეხი ქვითაა ნაგები, ზედა კი – აგურით. ორივე სართულს გუმბათოვანი კამარა ხურავს. აგურისაა ლავგარდანიც, რომელიც კუთხით შვერილი აგურების ორი რიგისგან შედგება.

კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია ქვის სწორკუთხა შენობების კედლების საძირკვლები და ქვედა ნაწილები. ზოგიერთი შენობის გარშემო მოჩანს მცირე ზომის სათავსები.

დასანანია, რომ ასეთი მასშტაბის ძეგლი დღეს საკმაოდ მიტოვებულია.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის