კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია, დგას მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კმ-ზე, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე. ეკლესიისაკენ მცხეთა - შიომღვიმის საავტომობილო გზიდან მიდის ბილიკი. ეკლესია აგებულია XII საუკუნეში. 1975 წელს ძეგლს ჩაუტარდა გასამაგრებელი და აღდგენითი სამუშაოები. ეკლესია დარბაზულია (4.51 მ * 2.72 მ-ზე), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე სართულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი გამოყოფილია აგურის კანკელით. სატრაპეზოს ქვის წყობაში ჩატანებულია სტელის ფრაგმენტი (ადრინდელია). აქვეა ქვის ემბაზი, სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. შესასვლელის თავზე გაჭრილი სარკმელი მინაშენის მეორე სართულის სათავსში გადის. ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. მოხატულობა დაზიანებულია. დარბაზის კამარაში გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი. დარბაზის და საკურთხევლის მოხატულობა იყოფა ორ რეგისტრად. იატაკსა და ქვედა რეგისტრს შორის გავლებულია მარმარილოს იმიტაციის ფართო ზოლი, აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრება. დარბაზის მხატვრობის ზედა რეგისტრში სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენაა ასახული: დასავლეთის კედელზე – ხარება, ჩრდილოეთის კედელზე – შობა, მირქმა, სამხრეთის კედელზე - ნათლისღება და ფერისცვალება. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდანთა სადიდებელი კომპოზიციები. დასავლეთის კედლის ქვედა რეგისტრის დიდი ნაწილი თეთრ ცხენზე მჯდომ ტრიუმფატორ წმ. გიორგის ფიგურა სუჭირავს. მის მარცხნივ დარჩენილი ვიწრო ზოლი დაყოფილია სამ რეგისტრად. თითოეულში წმინდა დედათა ნახევარფიგურებია. ასეთივე პრინციპითაა დაყოფილი ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრი - დიდი ნაწილი აქ წაბლა ცხენზე მჯდომ წმ. თევდორეს ფიგურას უკავია, ხოლო მარჯვენა მხარეს ვიწრო ზოლად სამ რეგისტრში წმინდა მამათა ნახევარფიგურებია. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია წმ. გიორგი პატრიცის სახით, ხოლო დასავლეთ მონაკვეთში – წმ. დიმიტრი. მათ შორის სარკმლის ქვეშ მოთავსებულია წმ. დედის ნახევარფიგურა. მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციის დინამიური სტილისაკეი გადახრა (რეგისტრებს შორის შეუთანხმებლობა, გამოსახულებათა სხვადასხვა მასშტაბი, ფიგურათა სხვადასხვაგვარი შეთანხმება სივრცესთან, თავისუფალი ადგილების შევსება ნახევარფიგურებით). ხაზი მოძრავი დადენადი. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით - ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის