თელოვანის ჯვარპატიოსანი


galerea



aRwera

თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია, დგას სოფელ ქსოვრისის აღმოსავლეთით 2 - 3 კილომეტრზე, მთის ფერდზე. ძეგლი თარიღდება VIII – IX საუკუნეებით. ეკლესია (9.7 მ * 10.5 მ-ზე) ტრიკონქის ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონსტრუქციულ და დეკორატიულ ელემენტებისათვის კირქვის ან შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. XVIII საუკუნეში ძეგლი შეუკეთებიათ. განუახლებიათ გუმბათის კონუსი, გაუმაგრებიათ დასავლეთის მკლავის კედლები, ამოუშენებიათ დასავლეთის სარკმელი და სამხრეთის კარი, დასავლეთით მიუშენებიათ სამრეკლო.

1952 - 1954 წლებში ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია, კერძოდ: გაიწმინდა, გამაგრდა კონსტრუქციული ელემენტები, აღდგენილ იქნა კედლებისა და გუმბათის ყელის დანგრეული ნაწილები, მთლიანად შეიცვალა სახურავი, ეკლესიას ძველი გეგმის მიხედვით შემოავლეს ახალი გალავანი. ეკლესიის დასავლეთის სწორკუთხა მკლავის სამივე კედელში თითო კარია. საკურთხევლის ფართო და დაბალ შვერილ აფსიდში ერთი სარკმელია. აფსიდებიან სამკვეთლოსა და სადიაკვნეში შესასვლელები ბემიდანაა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ვიწრო, გარედან სწორკუთხა აფსიდებშიც თითო სარკმელია. მკლავების გადაკვეთით მიღებული სწორკუთხა სივრცე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დამატებული თაღებით კვადრატთანაა მიახლოებული. კვადრატიდან გუმბათის ყელის რვაკუთხედზე გადასვლა ტრომპებით ხდება. ტრომპების კიდევ ერთი რიგით რვაკუთხედიდან გუმბათის წრიული საფუძველია მიღებული. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ოთხი პატარა სარკმელია.

ეკლესიაში შემორჩენილია IX - X საუკუნეების მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. IX საუკუნის მოხატულოება შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. საკურთხევლის აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნაცრისფერ ფონზე გამოსახულია მოციქულთა ფიგურები, რომლებსაც დიდი თავი და ფართო, თითქმის კვადრატული სხეულები აქვთ. დიდი ზომის ხელის მტევნები ფიგურათა მოძრაობას ექსპრესიულ ხასიათს ანიჭებს. ქვემოთ, წმინდანთა ფეხებთან გავლებულია უსწორმასწორო ფართო შავი ზოლი. სარკმლის თავზე მედალიონში მაცხოვრის ბიუსტია მოთავსებული. საკურთხევლის მოხატულობის ქვედა რეგისტრში შემორჩენილია მხოლოდ კედლის კიდეებში სიმეტრიულად განლაგებული მოწითალო - აგურისფერი საღებავით შესრულებული ორი სწორკუთხედი, რომლებშიც გამოსახული ყოფილა განედლებული ჯვრები. მოხატულობაში გამოყენებულია ნაცრისფერი,  ღია ვარდისფერი, მოწითალო - აგურისფერი, მუქი წითელი საღებავები. სახის ნაკვთები, შარავანდები შესრულებულია შავი ხაზით. X საუკუნის მხატვრობა შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთის და ჩრდილოეთის მკლავებში. დასავლეთის მკლავის წყვილ პილასტრზე გამოსახულია ორი წმინდანი მთელი ტანით, სამხრეთ პილასტრზე წმ. მეომარი. ასევე წმინდანის ფიგურა ამავე მკლავის სამხრეთ კედელზეც გაირჩევა. მისი სახე დიდი თვალებით, თხელი ცხვირით, სოლისებრი წვერითა და მოგრძო ყვრიმალებიანი ოვალით მეტად მეტყველია. ეკლესიის ჩრდილოეთ აფსიდში მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტია შემორჩენილი. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია ოქროსფერი ოქრა, მოწითალო –ყავისფერი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი. ფასადებზე კარების ზღუდარები და სარკმლების თავსართები შემკულია. გუმბათის ყელს შემოვლებული აქვს დეკორატიული თაღედი.

ეკლესია დგას ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარზე, რომელსაც რამდენიმე ჰექტარი ფართობი უკავია. ნასოფლარზე აღმოჩნდა სხვადასხვა შენობის ნანგრევები და სხვადასხვა სახისა და დანიშნულების კერამიკის ნატეხები. ნასოფლარის ცენტრალურ ნაწილში დიდი მარნის ნანგრევებია.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის