ხცისის ნათლისმცემლის ეკლესია (წვიმოეთის ეკლესია)
galerea
aRwera
ნათლისმცემლის ეკლესია (წვიმოეთის ეკლესია) დგას სოფელ ხცისის სამხრეთ - აღმოსავლეთით 1.5 კილომეტრზე. სამშენენებლო წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფალთან დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია (1990 წლის მდგომარეობით) კერძოდ: კამარა ჩანგრეულია, შემორჩენილია აფსიდის კონქის ფრაგმენტები; განსაკუთრებით დაზიანებული იყო სამხრეთ ფასადი, სამკვეთლო და კარიბჭე, რომლებიც ამჟამად ნაწილობრივ შეკეთებული და აღდგენილია. ეკლესია დარბასულია (14.3 მ * 15.5 მ-ზე მინაშენებიანად), ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცრისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია, სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთით (კარიბჭიდან) და დასავლეთით. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია სამკვეთლოში გასასვლელი კარი. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, აფსიდის სარკმლის გვერდებზე – წყვილი მაღალი ნახევარწრიული ნიში. დარბაზის გრძივი კედლების მაღალი დეკორატიული თაღები სამსაფეხურიანი პილასტრების პირველ საფეხურს ეყრდნობა. დანარჩენ ორ საფეხურზე კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. აღმოსავლეთ ფასადზე სამი თაღია. შუა თაღი ამაღლებულია. ასეთივე თაღებია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც. ჩრდილოეთ ფასადი გადაკეთებულია (უცვლელად შემორჩენილია მხოლოდ კრონშტეინზე დაყრდნობილი თაღი აღმოსავლეთ მონაკვეთში), თაღები, ლავგარდნები, სვეტისთავები, სარკმელთა და შესასვლელთა საპირეები ორნამენტითაა შემკული. აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერაა: „სახელითა ღმრთისაითა მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა საყოფელსა წმიდაისა ნათლისმცემლისასა სალოცველად ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისა და სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის და მოსახსენებლად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთა თვის ქორონიკონი იყო სკბ“. დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა: „წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა ქ. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა...და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხი–ლველითა“; „ქრისტე შეიწყალე ანანმთავარ ეპისკოპოსი“; „უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისა ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე“.
ტაძრის კარიბჭე სამხრეთით გახსნილია ორი თაღით; იგი მთავარ შესასვლელს წარმოადგენდა. მის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდიანი კვადრატული სათავსია. კარიბჭის კამარა სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ჩრდილოეთ მინაშენი – სამკვეთლო , გეგმით სწორკუთხაა, გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. მინაშენს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ვიწრო სარკმლები აქვს. ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში მცირე კვადრატული სათავსია.
ამჟამად დასასრულს უახლოვდება ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღდგენილია ტაძრის კედლები და გადახურვა.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის