წრომი


galerea



aRwera

წრომის ტაძარი, მდებარეობს რკინიგზის სადგურ გომიდან 3 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ წრომში. აგებულია 626 - 635 წლებში, ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით. ტაძარი რამდენიმეჯერ დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI - XVII საუკუნეებში; 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა ტაძრის გალავანი; 1940 წლის 8 მაისს მიწისძვრამ ძალზედ დააზიანა ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები, ნართექსისა და დასავლეთ და სამხრრეთ მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. მიუხედავად ამისა წრომის ტაძრის თავდაპირველი გეგმა და საერთო კომპოზიცია უცვლელი დარჩა.

1949 წელს დასავლეთ კედლის გასამაგრებლად გაკეთდა სპეციალური დამჭერი კონსტრუქციები; 1959 წელს გასწორდა დასავლეთის გადახრილი კედელი; 1974 - 1975 წლებში ტაძრის გუმბათის ყელის ფუძემდე ამოიყვანეს ტრომპები და ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი.

წრომის ტაძარი ჯვარ - გუმბათოვანი ნაგებობაა (25.6 მ * 19.85 მ-ზე), ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირიტი), რომელთა დაწიბოებული ნაკერები ჰორიზონტალური და სწორხაზოვანია. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. ოთხი ცალკე მდგომი ბოძი მკვეთრად გამოყოფს გუმბათქვეშა კვადრატს, რომელზეც აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი. კვადრატიდან რვაწახნაგზე გადასვლა ოთხი დიდი ნახევარკონუსური ტრომპის მეშვეობით ხდება. გუმბათი მდებარეობს ნაგებობის ცეტრში, მის ოთხივე მხარეს ჯვრის მკლავებია, რომელთა ფორმა ხაზგასმულია ურთიერთპერპენდიკულარული მძლავრი ცილინდრული კამარებით. შენობის ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი ღერძი, რომლის აღმოსავლეთით აფსიდია, დასავლეთით კი პატრონიკე, რომელიც დასავლეთ მკლავს სიგრძით უთანაბრებს აღმოსავლეთისას და აწონასწორებს მთელ შინაგან სივრცეს. პატრონიკეს ქვეშ მდებარეოს წაგრძელებული ნართექსი, რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდითები ჯვაროვნით. ნართექსიდან სამი შესასვლელია ტაძარში. პატრონიკეზე ასასვლელი ოთხმარშიანი კიბის ყოველი მარში თაღზეა დამყარებული. სამხრეთ - დასავლეთით ორსართულიანი სათავსია, რომლის აღმოსავლეთით გახსნილი ქვედა საქალებო იყო, ხოლო II სართული დიდებულთა სადგომი. აფსიდის ორივე მხარეს ოთხკუთხა სათავსებია სადიაკვნე და სამკვეთლო. ჩრდილო – აღმოსავლეთისას ჯვაროვანი კამარა აქვს, სამხრეთ - აღმოსავლეთისას – ვარსკვლავისებრი. ამ სათავსებში აღმოსავლეთით, პატარა აფსიდების სარკმლების ორივე მხარეს, სწორკუთხა ნიშებია. მკლავების თითო დიდი სარკმელი, გუმბათის ყელის ოთხი სარკმელი და რამდენიმე მრგვალი სარკმელი განათების მხატვრულად გააზრებულ სისტემას ქმნიან.

წრომის ტაძრის საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით (VII საუკუნის I ნახევარი), რომლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია (გადარჩენილი ფრაგმენტები გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). კონქში შემორჩენილია მოსამზადებელი ნახატი, რომლის მიხედვით იყო აწყობილი მოზაიკა. აქ წარმოდგენილია ქრისტეს დიდების კომპოზიცია, რომელიც მეორე რეგისტრის ფრესკული გამოსახულებების გათვალისწინებით, ამაღლების თემას უკავშირდება. კონქის ცენტრში ქრისტეს დიდი ფიგურაა. მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, მარჯვენით აკურთხებს. გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ქრისტეს ორივე მხარეს გაირჩევა ანგელოზთა გამოსახულებანი. მეორე რეგისტრში სავარაუდოა რომ გამოსახულია ღვთისმშობელი ორანტას პოზაში. აქვე შემორჩენილია მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტები. მოციქულებს აცვიათ ჰიმატიონები და ქიტონები. ერთ - ერთს აქვს წარწერა „პეტრე“. საკურთხევლის სარკმლის თაღში სამი მედალიონია. ცენტრალურში ჯვარია გამოსახული, ხოლო დანარჩენებში მარტვილთა ბიუსტები. მედალიონების ქვემოთ აკანთის ორნამენტის ზოლია. ფრესკის კოლორიტი აგებულია მოცისფრო – ფირუზისფრის, სოსანისფრის, მოყვითალო და მოვარდისფრო ფერთა შეხამებაზე. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო.

ტაძარი ორ - სამ საფეხურიან ცოკოლზე დგას. ფასადები მკაცრი და მონუმენტურია. აღმოსავლეთ ფასადი სამნაწილიანია: ფრონტონით დასრულებული შუა ამაღლებული სიბრტყე შეესატყვისება საკურთხეველს, მის ორივე მხარეს ცალფერდასახურავიანი კუთხის დაბალი სათავსებია, რომლებსაც თითო სარკმელი აქვთ. იქ სადაც აფსიდი გვერდის სათავსებს (სადიაკვნესა და სამკვეთლოს) ემიჯნება, კედელში ამოკვეთილია ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ამ ნიშების შექმნა ნაკარნახევია კონსტრუქციული (კედელი გათავისუფლებულია ზედმეტი მასისაგან) და აღმოსავლეთ ფასადის მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით. ამ ხერხმა განვითარება ჰპოვა შემდგომში ფეოდალიზმის ეპოქის ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში. ფასადის ნიშები ერთმანეთთან დაკავშირებულია სამმაგი თაღედით. შუა ბრტყელ ნიშს ლენტისებური ორნამენტი აქვს შემოვლებული. გვერდის სამკუთხა ნიშების სიღრმეში კედელზე მიდგმულია კაპიტელებიანი და ბაზისებიანი შეწყვილებული სვეტები. მათ ზემოთ, კონქისებრ მომრგვალებაში შემორჩენილია საღებავით შესრულებული სხივები (სვეტების თავზე, სავარაუდოა, ქანდაკებები იდგა). დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკაცრი მონუმენტური ფასადები დანაწევრებულია მხატვრულად გააზრებულად განლაგებული კარ - სარკმლებით. სამივე ფასადს მსგავსი შუა ღერძი აქვს: სწორკუთხა შესასვლელი თაღოვანი ტიმპანით, მის თავზე, პატრონიკეთა დონეზე, ფართო თაღოვანი სარკმელი და ფრონტონში მრგვალი სარკმელი. ეს ლეიტმოტივი ანათესავებს სამივე ფასადს. დასავლეთ ფასადზე, შუაში, შეწყვილებული სვეტებით მორთული ფართო შესასვლელია. იგი გადახურულია ტიმპანის ქვით, რომელზეც გამოსახულია მაღალი საფეხურებიანი ჯვარი. შესასვლელის ზემოთ ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სათაურით და ორნამენტით მორთული დიდი სარკმელია. გრძივი ფასადები თითქმის ერთნაირია. მათი გვერდითი ფრთები ქმნიან სხვადასხვ სიმაღლის გამოშვერილ ნაწილებს. ამ ფასადების შუა ნაწილში ორნამენტით შემკული ხვრელო ბებია. შესასვლელის ტიმპანებს დაშუა სარკმლებს შემოვლებული აქვს თაღი და არშია. სამხრეთ ფასადის შესასვლელის ტიმპანზე გამოსახულია ჯვარი. ფრონტონის ქვეშ განედლებული ჯვრის რელიეფია; მის ზემოთ, ლავგარდნის ქვებზე, როზეტები და ფოთლოვანი რელიეფური გამოსახულებები. შუა სარკმლის მარცხნივ ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ადარნასეს ძე. ტაძარი გადახურულია იყო კრამიტით და ქვის ლორფინებით (გვიანდელია). წრომის არქიტექტურისათვის დამახასიათებელია ჰარმონიული პროპორციები, მასების მკაფიო წონასწორობა, ოსტატურად ნაშენი კედლის სიბრტყე და სხვა. აქ განვითარება ჰპოვა ახალმა ხუროთმოძღვრულმა პრინციპებმა, რომლებმაც ბევრად განსაზღვრეს ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების შემდგომი განვითარება. ამ მომენტისათვის, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია აღდგენილია მისი კედლები, გუმბათი და გადახურვა.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის