ურბნისი


galerea



aRwera

ურბნისის სიონი მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში. ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით წარმოადგენს სამნავიანი ბაზილიკას (32.1 მ * 22.4 მ-ზე). მისი გეგმა, სივრცითი გადაწყვეტა და გარე მასები ბაზილიკისათვის დამახასიათებელ მკაფიო ნიშნებს ატარებს. ეკლესიის ინტერიერში და ფასადებზე ნათლად იკითხება პირვანდელი (VI-VII საუკუნეების მიჯნა) და შემდგომი (IX საუკუნის II ნახევარი ან X საუკუნე და 1668 წელი) შეკეთება - აღდგენის სამშენებლო ფენები. ადრინდელი ნაწილები ამოყვანილია კარგად გათლილი და ურთიერთმორგებული ქვიშაქვის კვადრებით, ქვები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ რიგების ჰორიზონტალობა დაცულია. მომდევნო პერიოდებში აღსადგენად სხვადასხვა ფორმის ქვაა გამოყენებული, წყობა ირეგულარულია; XVII საუკუნეში ტაძრის ზედა ნაწილები მთლიანად, აგრეთვე ბოძებისა და პილასტრების ნაწილი, აგურით აღუდგენიათ და გვერდის ფასადებზე აგურისავე ორ - ორი კონტრფორსი მიუშენებიათ. ტაძარში სამი შესასვლელია. პირველი სამშენებლო ფენიდან მხოლოდ სამხრეთის შესასვლელზეა შემორჩენილი არქიტრავის ქვის ჩამონატეხები და ნალისებრი ლუნეტის ნაშთი. XVII საუკუნეში ლუნეტი ამოუვსიათ წარწერიანი ქვებით, ხოლო ღიობი დაუვიწროებიათ. დასავლეთის ულაზათო, მაღალი შესასვლელი გვიანდელია. იგი ქვემოდან ზემოთ არათანაბრად ვიწროვდება. გვიანდელია აგრეთვე ჩრდილოეთის პატარა არქიტრავული შესასვლელი (ამოშენებულია) რომელიც გაჭრილია ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კუთხესთან. სამკვეთლოს წინ ეკლესიის ინტერიერში ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოთხი წყვილი, გეგმით ჯვრისებრი ბოძით. ბოძები და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული აგურის საბჯენი თაღები შუა ნავის სივრცეს ხუთ, თითქმის ტოლ მონაკვეთად ჰყოფს. ნავი გადახურულია აგურის ნახევარწრიული კამარით. ასევე ხუთ მონაკვეთად არის დაყოფილი გვერდის ნავებისგარე გრძივი კედლები. აქ ორსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა მეოთხედი წრის ფორმის აგურის კამარის საბჯენი თაღები, ხოლო პილასტრების ქვედა საფეხურის იმპოსტებზე დეკორატიული თაღები გადადის. შუა ნავი, რომელიც ღრმა აფსიდით მთავრდება და ორჯერ განიერია გვერდის ნავებზე. აფსიდი გადაკეთებულია, სავარაუდოა, ნალისებრი იყო. მისი კედლის სამხრეთ მხართან იწყება საფეხური, რომელიც თანდათან ვიწროვდება და კედლის ხაზს უსწორდება. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით იყო ამაღლებული. აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ქვეშ დიდი ზომის ტრაპეციული სატრაპეზო ქვა დგას (ეკლესიის გაწმენდის დროს იგი აფსიდის ჩრდილოეთ პილასტრის წინ იდგა). აფსიდის სარკმელი მაღალია, მთლიან ქვაშია გამოჭრილი, აგურის თაღი აქვს და შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. თითო ასეთივე სარკმელია სამივე ნავში, დასავლეთით (შუა მკლავის სარკმლის ქვედა, აგურით ამოშენებული ნახევარი ქვისაა, ზედა ნახევარი კი აგურის), შუა ნავის გრძივ კედლებში, ხუთივე მონაკვეთში შიგნით განიერი, გარეთ ვიწრო თითო თაღოვანი სარკმელია. თითო ოთხკუთხა სარკმელი გვერდის ნავების გრძივი კედლების ყოველ მონაკვეთშია. აფსიდღის კონქი ისრული მეოთხედ სფერული კამარითაა გადახურული. შეისრული სატრიუმფო თაღი ეყრდნობა იმპოსტებს, რომლებიც იმეორებენ თავდაპირველი ბოძების კაპიტელების პროფილს. აფსიდის გვერდებზე თითო ოთხკუთხა, თითქმის ტოლი, მაღალი, აგურის ცილინდრული კამარით გადახურული სათავსი – სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსის აღმოსავლეტ კედელში თითო სარკმელი, მოგვიანებითაა გაჭრილი. სადიაკვნეში სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. სამკვეთლოში აგურის სატრაპეზოს ნაშთია. სადიაკვნის და სამკვეთლოს აგურის ისრული თაღებით დასრულებულ შესასვლელ ღიობებს გადაკეთების კვალი აჩნია. გვიანდელია სადიაკვნის ზემოთ გაჭრილი კარი და მცირე სათავსი სახურავის ქვეშ. ამ სათავსიდან ან სამხრეთ ნავის სახურავიდან კედელში გაჭრილი მცირე კარით საკურთხევლის კონქის ზემოთ არსებულ სათავსში შეიძლება მოხვედრა. შუა ნავის სამხრეთ ბოძების რიგმა და მათზე გადაყვანილმა თაღებმა პირვანდელი სახით მოაღწია. თაღების მარტივპროფილიანი იმპოსტები მთლიან ოთხკუთხა ქვაშია გამოკვეთილი, ბაზისები კი კუბურია. აღდგენისას უცვლელად დაუტოვებიათ ჩრდილოეთის ბოძების განლაგებაც. საკურთხეველთან მდებარე ორი ბოძი მთლიანად აგურისაა, ხოლო დანარჩენი ქვის. აღდგენილი ბაზისები ბოძების ჯვრულ გეგმას იმეორებს. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, შუა ნავის ზედა შუა ნაწილში, ერთადერთი გვიანდელი დეკორატიული ელემენტია – აგურით გამოყვანილი მარტივი ჯვარი, რომლის მკლავების გადაკვეთაზე ოდნავ ამოწეული კვადრატული მასაა. ასეთივე ჯვარია დასავლეთის ფასადზე. აღმოსავლეთ ფასადის დიდი სარკმლის თავზე პატარა სწორმკლავებიანი ჯვარი, ხოლო მარჯვენა სარკმლის ზემოთ, წრეში ტოლმკლავებიანი ჯვარია ჩასმული. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში, სარკმლისქვეშ ქვაა ჯვრის გამოსახულებით (გვერდზეა გადაწვენილი), კიდევ ქვემოთ კი ცხენის გამოსახულებაა (ეს ქვები აქ შემთხვევით არის ჩადგმული1668 წელს შეკეთების დროს). ეკლესიას აგურის კბილანა ლავგარდანი აქვს. სახურავი კრამიტისაა. ტაძარს სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე, მინაშენები ჰქონდა. სამხრეთის მინაშენი, რომელიც აღმოსავლეთით ეგვტერით მთავრდება, პირვანდელი ნაგებობის თანადროულია (მოგვიანებით რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ). მინაშენების დანარჩენი ნაწილები გვიანდელია. მათში ეკლესიის ფრაგმენტებია ჩაშენებული, ტაძარს დასავლეთითაც ჰქონია მინაშენი, გამოვლენილია კედლების ნაშთი ეკლესიიდან 2.5 მეტრზე. ურბნისის სიონი ადრინდელი ფეოდალური ხანის საქართველოს დიდ ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება (ანალოგები – კაწარეთის სამება, ხირსა). სამრეკლო დგას ტაძრის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე. დასავლეთის ფასადის ვრცელი წარწერის თანახმად, აგებულია 1706 წელს ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ბრძანებით. სარქარი ყოფილა მეფის ბებიდას შვილი ურბნელი „ეფისკოპოზი“ ქრისტეფორე ფალავანდიშვილი.

სამრეკლო (9.1 მ * 10.2 მ-ზე) სამსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. ორი ქვედა სართული ერთიანი კუბური მასაა, ხოლო შესამე – ღია თაღოვანი ფანჩატური. I სართულზე, შუა კამაროვანი გასასვლელის ორივე მხარეს, სხვადასხვა დანიშნულების სათავსებია. სამხრეთ კედელში დატანებული კიბე II, საცხოვრებელ სართულზე ადის. ამ სართულს აღმოსავლეთით, მთელ სიგრძეზე, განიერი აივანი გასდევს, ხოლო დასავლეთის მხარეს ოთახები და კიბის უჯრედებია. კედლებში სარკმლები, ბუხარი, ნიშები და სათოფურებია. III სართულზე, ცენტრში რვაგვერდა, ნახევარწრიულთაღებიანი აგურის ფანჩატურია. ღიობებს შემოვლებული აქვს უწყვეტი თაღოვანი ლილვები; დასავლეთით, შუა ღიობის ღერძზე, ზემოთ, პატარა ჯვარია გამოყვანილი. ფანჩატური გადახურულია მაღალი კონუსური აგურის გუმბათით. დასავლეთის ფასადს საზეიმო იერი აქვს – შესასვლელის ორი ერთმანეთში ჩამჯდარი ისრული თაღი სწორკუთხედებშია მოქცეული. აღმოსავლეთის ფასადის წამყვანი ელემენტებია მაღალი თაღოვანი ჭიშკარი და II სართულის ღია აივანი. ეს უკანასკნელი ელემენტი განასხვავებს ურბნისის სამრეკლოს ამ ტიპის, სხვა თანადროული ნაგებობებისაგან. სამრეკლოს თავდაპირველად ბანური გადახურვა ჰქონდა, ამჟამად გადახუ-რულია თუნუქით.

ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის დროს (ხელმძღვანელი პ.ზაქარაია) გაიწმინდა ნაწილობრივ მიწით დაფარული ეკლესიის ინტერიერი, აიყარა გვიანდელი აგურის იატაკი, დადგინდა იატაკის თავდაპირველი დონე, გამოვლინდა ბოძებისა და პილასტრების პირვანდელი ბაზისები; იატაკის აყრის შემდეგ აღმოჩნდა რამდენიმე არქიტექტურული ფრაგმენტი (მ. შ. პირვანდელი ეკლესიის რელიეფების – ე. წ. ბოლნური ჯვრების, ლავგარდნებისა და სხვ. ფრაგმენტები) და სამარხები (აგურის აკლდამები, ქვაყუთები); მოიხსნა XIX საუკუნის გაჯის შელესილობა; ტაძრის გარშემო აღმოჩნდა დამატებითი ნაგებთბების ნაშთი და სხვ.

 1958 - 1960 წლებში ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო -სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ (ხელმძღვანელი რ. გვერდწითელი). ურბნისის ტაძარი სტილისტური ნიშნებით, აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე, V - VI საუკუნეების მიჯნაზე ეგებულ ძეგლად თარიღდება. აღნიშნელ წარწერაში, რომელიც ერთ - ერთი შეკეთების დროს ჩრდილოეთ ფასადზე ჩაუდგამთ, მოხსენიებულია ეკლესიის მშენებლები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი. აღმოსავლეთ ფასადის ორ ვრცელ ასომთავრულ წარწერაში ნათქვამია, რომ სანახევროდ დანგრეული ტაძარი აღუდგენია ურბნელ „ებისკოპოსს“ თეოდორე ლუკას ძეს ვინმე კონსტანტინე მიქელისძის „თანაშეწევნით“ და ქავთარისა და მისი ოჯახის წევრების დახმარებით. ეს წარწერები ამოუკვეთია ვინმე აბიათარს. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერები შეიძლება დათარიღდეს IX საუკუნის II ნახევრით ან X საუკუით. სამხრეთ კარის ტიმპანის მხედრულ წარწერაში კტიტორი, ვახტანგ V-ის მეუღლე, დადიანის ასული მარიამ დედოფალი გვაუწყებს: „აღვაშენეთ ძირითურთ აღმოფხვრული ტაძარი“ ეს მოხდა 1668 წელს როგორც ძეგლის შესწავლამ გვაჩვენა, ამ დროს ტაძრის აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩაუტარებიათ. ტაძარზე არის კიდევ რამდენიმე ცუდად შემონახული წარწერის ფრაგმენტები.

 

 ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის