რუისი
galerea
aRwera
ფერისცვალების ტაძრის კომპლექსი, მდებარეობს სოფელ რუისის ცენტრში. კომპლექსში შედის: ფერისცვალების ტაძარი, კოშკი - სამრეკლო და გალავანი. გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს. ამ ხანის ნაგებობას არ მოუღწევია ჩვენს დრომდე. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი VIII - IX საუკუნეებს მიეკუთვნება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთ კარიბჭის აფსიდის კონქის ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ“; წარწერის ბოლოში მიწერილია: „მარიამ დედოფლისა“ (ეს უნდა იყოს მეფე ბაგრატ IV-ის დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხან დედოფალი: „ზრუნვა და საურავი ხელეყო დედოფალსა ბურდუხანს“. თემურ ლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთ ფასადის წარწერის თანახმა, ატძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I - ს (1412 - 1442 წლები). ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა - მეფობა დიდისა ალექსანდრესი, – რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს“. ეკლესიის სამხრ ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: „გალატოზთა ზედა მომგესა შალვას შეუნდვეს ღმერთმან, ამინ“. XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის (1632-1758 წლები) მეუღლეს. XVIII საუკუნეში მროველი ეპისკოპოსის სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეით ქართლისა, ლიხ - ტაშისკარამდე და აწ ისევ მწყსის ხეობასა და სადგერს“. რუისის ეპარქიის იმ ხანის ეკონომიკაზე საინტერესო ცნობებს იძლევა რუისის მღვდელმთავრის ნიკოლოზ ორბელიანის მიერ 1715 წელს შედგენილი „სამწყსოს დავთარი“. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზ - აბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1811 წელს რუისის ეპარქია გაუქმდა. 1920 წელს თებერვალში მიწისძვრამ ძეგლი ძლიერ დააზიანა. ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა 1936 და 1938 წლებში საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან არსებულმა კულტურულ ძეგლთა დაცვის განყოფილებამ, ხოლო 1950-1953 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო – სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ.
ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (27.3 მ * 19.6 მ-ზე; სიმაღლე გუმბათქვეშ - 23.2 მ ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი შენობის აღმოსავლეთის ნაწილი. ეკლესია თავდპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო - მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენაშე-კეთებისას გამოყენებულია მონაცრისფრო - მოშავო ბაზალტის კვადრები, შირიმი და აგური. ტაძარში სამი სწორკუთხა შესასვლელია: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთ. X საუკუნეში ეგვტერების აგების დროს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელები კედლების ცენტრალური ნაწილიდან დასავლეთ მონაკვეთში გადაუტანიათ (შემორჩენილია ჩრდილოეთის თავდაპირველი შესასვლელის თაღის ნაშთი). დასავლეთით შესასვლელზე XV საუკუნეში მიუშენებიათ სამი მხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭე, რომელიც იმეორებს ძველ ფორმებს.
თორმეტწახნაგა მაღალი გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან ოდნავ არაწესიერი მოყვანილობის გუმბათის წრიულ ღერძზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათქვეშა კამარები ოდნევ შეისრულია გუმბათში თორმნეტი სარკმელია (6 ამოაშენეს XV საუკუნეში). სასავლეთით კიდევ ორი ბურჯია, ხოლო დეფორმირებული ნალისებრი აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ამიტომ აღმოსავლეთ - დასავლეთ ღერძი საკმაოდ წაგრძელებულია. აფსიდის ღერძზე მაღალი, შიგნიდან გარეთ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვევით თაღოვანი ნიშია. დასავლეთით სამი სარკმელია. საკურთხევლის გვერდებზე კუთხის ოთხ ტრომპზე დაყრდნობილი, გუმბათიანი კამარით გადახურული კვადრატული სამკვეთლო და სადიაკვნეა. სათავსები დასავლეთით, თაღოვანი ღიობებით უერთდებიან ეკლესიის შესაბამის გვერდით ნავებს. სამკვეთლო ჩრდილოეთით ხოლო სადიაკვნე სამხრეთით გაფართოებულია დამატებით ოთხკუთხა კამარებით გადახურული სათავსებით. ჩრდილოეთის სათავსის კამარა შეცვლილია, და ამჟამად შეისრული, შელესილი და შეღებილია. სადიაკვნის აღმოსავლეთ კედელში პატარა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერმზე პატარა სარკმელია. უფრო მოზრდილი სარკმელი სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელშიცაა (მოგვიანებით იგი ღერძიდან ჩრდილოეთით გადაუწევიათ). 1781 წელს საკურთხეგლის წინ ხის აჟურული კანკელი დაუდგამთ. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეღებილია. აქა - იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. კანკელზე, ტაძრის გუმბათქვეშ საყრდენებზე და კანკელის გაგრძელებაზე აშენებულ კედლებზე შემორჩენილი ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანისაა. კანკელის მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ექვსფრთედები, შემდეგში წმინდანები, ქვემოთ კი მღვდელმთავართა ნახევარფიგურებია (მღვდელმთავრებს ერთ ხელში წიგნი უჭირავთ, მეორეთი კი აკურთხებენ). კანკელის თაღები მარტივი, მშრალი ორნამენტითაა მოხატული. გუმბათქვეშა ბურჯებზე, ყვავილებით შემკულ ლურჯ ფონზე, მედალიონებში მარტვილ ქალთა გამოსახულებებია. სამხრეთ - აღმოსავლეთ ბურჯზე მსგავს მედალიონებში წმ. მამანი არიან გამოსახული, ხოლო კანკელის გაგრძელებაზე, სამხრეთის კედელზე წმ. გიორგი გველეშაპს კლავს. მოხატულობის კოლორიტში ჭარბობს მოწითალო-ყავისფერი, ლურჯი, მწვანე ფერები; ფონი ზოგან სამფერია – მწვანე, მოწითალო, იასამნისფერი. კანკელის მარცხენა ნაწილში ჩანს ქვედა ფენის პრიმიტიული მხატვრობის ფრაგმენტები (ტანსაცმელი, ორნამენტი, წმინდანის სახე) XI საუკუნეში ტაძარს სამხრეთით და ჩრდილოეთით მიაშენეს კარიბჭე - ეგვტერები. პირვანდელი სახით შემორჩა ჩრდილოეთის ეგვტერი, რომლის კვადრატული სივრცე გადახურულია რვასხივიანი ორნამენტირებული გუმბათით. კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში შემორჩენილია სამფერი ორნამენტირებული ქვით გაწყობილი იატაკი, კონქის ქუსლთან კი ორნამენტით შემკული, პროფილირებული ზოლით ხაზგასმული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. თითო სარკმელია ჩრდილოეთით (თაღოვანი) და დასავლეთით (სწორკუთხა, შესასვლელის თავზე). დასავლეთ კედელზე გაირჩევა მოხატვრობის კვალი – სარკმლის ერთ მხარეს წმ. დედის ფრონტალური გამოსახულებაა, მეორე მხარეს კი წმინდანისა. ეგვტერს დასავლეთით ეკვროდა ჯვაროვანი კამარით გადახურული სათავსი – კარიბჭე (შემორჩენილია ნაწილი). კამარის საყრდენი იმპოსტები მოჩუქურთმებულია. კედლები ნაგებია კარგად გათლილი მომწვანო ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. სათავსს ჩრდილოეთით ჰქონდა მოჩუქურთმებულ იმპოსტებზე დაყრდნობილი ფართო თაღოვანი ღიობი - შესასვლელი. მისგან შემორჩენილია დაბალი ორნამენტირებული ფრონტონის ნაწილი. მინაშენები დასრულებული იყო მცენარეული მოტივით შემკული დახრილი სიბრტყის ლავგარდნით (ერთი ფრაგმენტი ჩადგმულია აღმოსავლეთ ფასადზე) და გადახურული ცალფერდა სახურავით.
სამხრეთის კარიბჭისგან უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. იგი XV საუკუნეშია ძირეულად შეკეთებული და გადაკეთებული. ამჟამად წარმოადგენს დერეფნისმაგვარ ნახევრად ბნელ, წაგრძელებულ, ცილინდრული კამარით გადახურულ, დანაწევრებულ სათავსს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია სადიაკვნეში შესასვლელი.
ტაძარი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. ეს განსაკუთრებით ჩანს აღმოსავლეთიდან ეს ფასადი შესამჩნევად ფართო, დამჯდარი და თითქმის მოურთველია. ტაძრის გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. სარკმლების ნაირგვარი ორნამენტით მორთულ საპირეებს შემოვლებული აქვს ორმაგლილვებიანი დეკორატიული თაღედი და ნახევარსვეტები. ასევე დეკორირებულია ნახევარსვეტების „კაპიტელები“ და „ბაზისები“, დეკორატიული თაღების შერწყმის ადგილზე, გუმბათის წახნაგებზე მოჩუქურთმებული გირჩებია. გუმბათის სარკმლების დეკორატიული სისტემა ეყრდნობა სამი ლილვისაგან შედგენილ სარტყელს. გუმბათს ზემოთ შემოვლებული ჰქონდა ორი გრეხილი ლილვი და დეკორირებული ფრიზი (შემორჩენილია ფრაგმენტები). გუმბათი, ისე ფასადები, დასრულებულია ლილვისა და მეოთხედი წრეთარგისაგან შედგენილი ლავგარდნით. ტაძრის ჯვრის მკლავების ფრონტონების ქვეშ მოთავსებული იყო მოჩუქურთმებული ჯვრები (შემორჩენილია სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე). მორთული იყო შესასვლელისა და სარკმელთა საპირეებიც. მათი უმეტესი ნაწილი განახლებულია XV საუკუნეში.
ფასადებზე გაფანტულია X - XI საუკუნეების ორნამენტირებული ფრაგმენტები. აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო რელიეფი. სადიაკვნის დამატებითი სათავსის შესასვლელის ნახევარწრიულ, ლილვებით შემოფარგლულ და ორნამენტით მორთულ ტიმპანზე. სამი ოდნავ ჩაღრმავებული სწორკუთხედი შევსებულია კომპოზიციურად დამოუკიდებელი ფიგურული გამოსახულებებით შუაში ანგელოზითა, და პატარა ფიგურებით გარშემორტყმული ხელგაშლილი ქრისტეა; მარჯვნივ ღვთისმშობელი ყრმით და მის წინ მუხლმოდრეკილი ფიგურა; მარცხნივ შუაში დგას შარავანდიანი გულხელდაკრეფილი ფიგურა, აქეთ - იქით კი მუხლმოდრეკილი და ფეხზემდგომი ფიგურებია, რელიეფით იყო შემკული სამხრეთ ფასადიც: აქ გამოსახულია ორი მამაკაცი მარჯვენას ერთ ხელში ჩაქუჩი (წერაქვი) უჭირავს, მეორეში გონიო; მარცხენას მხრებზე წამოსასხამი აქვს და ერთ ხელში რაღაც უჭირავს (სავარაუდოა - ტაძრის გეგმა), მეორეში ჩაქუჩი (წერაქვი). კარგად გაირჩევა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფიგურებს შორის, სარკმლის ნახევარწრიულ ჭრილზე გადაყვანილია რელიეფური დეკორატიული თაღი. მარჯვენა ფიგურასთან ოთხი წვრილი ასომთავრული ასოა ამოკვეთილი. ტაძრის კონუსური გუმბათი ამჟამად გადახურულია თუნუქით, ხოლო დანარჩენი სახურავები კრამიტისაა.
კოშკი - სამრეკლო მდებარეობს ტაძრის დასავლეთით, ის ჩაშენებულია გალავანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შენობა სამსართულიანია (7.4 მ * 6.8 მ-ზე), ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით, ნატეხი და რიყის ქვებით, აგურით. I სართული კომპლექსის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მასიურ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მასიური კონტრფორსებია მიშენებული. სავარაუდოა, აქ ზედა სართულებზე ასასვლელი კიბე იყო. II სართული საცხოვრებელია, მის კედლებში ბუხარი (ამოშენებულია მოგვიანებით) და თახჩა ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო კარია; დასავლეთ კარი ვიწრო დერეფანში გადის. III სართული საკუთრივ სამრეკლოს წარმოადგენს. დასავლეთით და აღმოსავლეთით იგი წყვილ - წყვილი თაღით იხსნება, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს თითო თაღი აქვს. გადახურვა დეფორმირებული ნახევარსფეროსებრია. კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია რიყის ქვით. კედლის ორფერდა თავი გადალესილია ცემენტის ხსნარით. კედლის მაქსიმალური სიმაღლე 1.5 მეტრს არ აღემატება. რელიეფის შესაბამისად გალავანი ბევრგან დანაწევრებულია საფეხურებად, ზოგან შეტეხილია. ჩრდილო - დასავლეთ და ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხეებში, აგრეთვე სამხრეთ ნაწილში, შემორჩენილია გალავანზე მიშენებულ ნაგებობათა ნაშთები.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის