სამწევრისის ციხე-დარბაზი


galerea



aRwera

ციხე - დარბაზის კომპლექსი, მდებარეობს სოფელ სამწევრისის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, აგრეთვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები. საერთო ფართი დაახლოებით 2000 კვ მეტრია. გეგმით მოგრძო მრაგალწახნაგას ფორმის ციხე -  დარბაზის ტერიტორიაზე (82 მ * 42.3 მ-ზე) ამჟამად ორი ეზოა. სამხრეთის ეზო უფრო პატარაა და აქ ნაგებობები შედარებით უკეთაა შემონახული; ჩრდილოეთის დიდ ეზოში კი ძლივს გაირჩევა შენობათა საძირკვლები. გამოიყოფა ხუთი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ მდგარა დიდი კოშკი. ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. მშენებლობის მესამე პერიოდს განეკუთვნება გალავნის ფრაგმენტი, რომელიც კოშკს ეკვრის სამხრეთიდან. შემდეგი სამშენებლო ფენის (XVI-XVIII საუკუნეები) ნაგებობები ნაშენია ნატეხი ქვით და შედარებით დიდი ფართობი უკავია. აქ არის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი. მეხუთე ფენას მიეკუთვნება მეორე (სამხრეთ მონაკვეთი), ქვედა გალავანი და იქ მდგარი ნაგებობები (გარდა ეკლესიისა). გვიანდელი განახლება და მშენებლობაც სავარაუდოა, დაკავშირებულია ფანასკერტელ - ციციშვილების გვარის წარმომადგენელთა (კერძოდ მერაბ ციციშვილის) მოღვაწეობასთან.

დიდ კოშკს (10.8 მ * 11.2 მ-ზე) გარედან კუთხეები მომრგვალებული აქვს, კედლები სქელია (2.05 მ - 2.5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. მოღწეულია სამი სართული, აკლია ზეღა ნაწილი. შესასვლელი II სართულზეა. ფანჯრები და საბრძოლო ხვრელები დიდი ზომისაა, I ყრუკედლებიან ისართული დამხმარე სათავსი იყო. სართულშუა გადახურვა ხისაა. II სართულის (სიმაღლე: 3.65 მეტრი) ჩრდილო - დასავლეთ კედლის კუთხეში გაჭრილია კარი, დანარჩენი სამი კედელი ყრუა. III სართულის სამი კედელი ყრუა, მეოთხე ჩრდილო - დასავლეთ კედელში დატანებულია კარი და კიბე, რომელიც ადიოდა IV სართულზე. III სართული (სიმაღლე დაახლოებით 5.5 მ; ასეთი სიმაღლე იშვიათია უძველეს კოშკებშიც კი) განკუთვნილი უნდა ყოფილიყო საცხოვრებლად და თავდასაცავად. კოშკის შიგნით ყველა ხვრელობი გადახურულია ისრული თაღით (ასეთი გადახურვა VIII საუკუნემდე საქართველოში არც ერთ ძეგლზე არ გვხვდება). კარის გადახურვა ნახეგარწრიულია, სათოფურების და სარკმლებისა არქიტრავული. ფასადების ზედაპირი გასწორებულია დუღაბის სქელი ფენით. კოშკი უნიკალური საფორტიფიკაციო ნაგებობაა.

ეკლესია მდებარეობს ციხე – დარბაზის განაპირას, დასავლეთით,  გორაზე,  ჩართულია გალავნის ჩრდილო - აღმოსავლეთის მონაკვეთში. ეკლესიის პირველი სამშენებლო ფენა თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით, მეორე XVI - XVII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (13.2 მ * 8.8 მ-ზე), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა, სარკმლები – აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის ორივე გვერდზე, კედელში გაჭრილია მცირე სათავსებში შესასვლელები. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღებს. სადა პროფილიანი ლავგარდანი ქვისაა. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

XV-XVII საუკუნეების გალავი (შემორჩენილი ფრაგმენტის სიგრძე - 14 მეტრია, სიმაღლე - 9 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვით. ასევე ნატეხი ქვითაა ნაშენი მშენებლობის ბოლო ორი პერიოდის (XVI და XVIII საუკუნეების) სასახლე და სხვა შენობები, რომელთა ფრაგმენტებია შემორჩენილი. სასახლე კედლის ფრაგმენტის მიხედვით სამსართულიანი იყო. I სართულის დონეზე კონტრფორსში ნახევრად მომრგვალებული ნიშია (სიღრმე - 2.1, სიმაღლე - 4.2, სიგანე - 1.5 მ, ანალოგი არ მოეპოვება)

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ