არადეთის წმინდა გიორგი
galerea
aRwera
წმ. გიორგის ეკლესია, დგას სოფელ არადეთის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII - IX საუკუნეებით. 1970-იანი წლების ბოლოს ნაგებობა მთლიანად იქნა აღდგენილი, გარშემოსავლელისა და სამკვეთლოს კედლები გამაგრდა, დაემატა წყობის დამცველი ფენა.
ეკლესია დარბაზულია (8.5 მ * 5.5 მ-ზე), ნაგებია მოყვითალო ფერის ნატეხი ქვით. ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთითა და დასავლეთით მიუშენებიათ გარშემოსაგლელი, ხოლო აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში ოთხკუთხა სათავსი (სამკვეთლო), რომლის აღმოსავლეთის კედელში ერთი მცირე სარკმელია. ეკლესიას ნატეხი ქვის ფილით გადახურული სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდლოეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია. აფსიდის იატაკი რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. დასავლეთით ერთი სარკმელია, სამხრეთით კი ორი. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით. პილასტრების შუა საფეხურს ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა, ხოლო გვერდით საფეხურებს – კედლის დეკორატიული თაღები. ყოველ თაღში კიდევ ჩაწერილია კონსოლზე დაყრდნობილი ორმაგი ნახევარწრიული დეკორატიული თაღედი. ტაძარში შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის კვალი.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის