საღოლაშენის სიონი


galerea



aRwera

ღვთისმშობლის ეკლესია, დგას სოფელ საღოლაშენის ცენტრში, საავტომობილო გზის პირას, ამაღლებულ ბექობზე. ძეგლი თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ტაძარი გადაკეთებულია XIX საუკუნეში. გაირჩევა ორი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრეულს მიეკუთვნება ეკლესიის გეგმა და კედლების ქვედა ნაწილები, რომელიც ნაგები ყოფილა უხეშად ნატეხი პირგათლილი მოზრდილი ლოდებით. შეკეთების დროს საშენ მასალად გამოყენებულია აგური, ნატეხი და რიყის ქვა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს –სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, კედლები მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას სამხრეთით თავიდანვე ჰქონია მინაშენი (ძირითადი კორპუსისა და მინაშენის აღმოსავლეთ კედლები ერთმანეთზეა გადაბმული).მის სამხრეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში გაჭრილი ფართო კარი ეკლესიის თავდაპირველი შესასვლელი იყო. კარის საპირეები ამოყვანილია თლილი ქვით (XIX საუკუნე). ორფერდა ფრონტონზე ნახევარწრიული დეკორატიული თაღია. სამხრეთ - დასავლეთით, ეკლესიასა და მინაშენს შორის შექმნილ კუთხეში, ჩაშენებულია მკლავი (XIX საუკუნე), რომელიც ეკლესიას ღიადით უკავშირდებოდა. იგი გადახურულია ორფერდა მაღალი სახურავით. ეკლესია გადახურულია კრამიტით. ლავგარდანი (XIX საუკუნე) შედგენილია ბრტყელი აგურის სამი რიგისაგან. ეკლესიის დასავლეთ კარზე მიშენებულია (XIX საუკუნე) თლილი ქვით ნაგები მასიური  სათავსი (4.1 მ * 3.1 მ-ზე), რომლის შესასვლელი, ნახევარწრიული თაღითა და სხვა დეკორატიული ელემენტებით საზეიმოდ მორთულ პორტალს წარმოადგენს. სათავსზე დგას სამრეკლოს ფანჩატური ოთხბოძიანი, ყოველმხრივ ღია თაღედი. მას ნახევარსფერული გუმბათი და კონუსური სახურავი აქვს. ეკლესიაში დაცული იყო ოქრომჭედლობის თვალსაჩინო ძეგლი საღოლაშენის ლორფინები (XI საუკუნის დასაწყისი; ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის