ჭერემის საკათედრო ეკლესია


galerea



aRwera

საეპისკოპოსო ტაძრის კომპლეძსი, მდებარეობს თანამედროვე სოფელ ჭერმის ცენტრში. კომპლექსში შედის: საკათედრო ტაძარი, სასახლე და გალავანი. საკათედრო ტაძარი დგას გალავნით შემოფარალულ ეზოში, სწორ ადგილზე. ტაძარი სამეკლესიიანი ბაზილიკაა, გარშემოსავლელით სამი მხრიდან, რომელიც მთავარ ეკლესიას წყობით არ უკავშირდება. გარშემოსავლელის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ, დასასავლეთისა  კი კარიბჭეს. გ. ჩუბინაშვილი, რომელმაც ტაძარი 1920 წელს შეისწავლა, მას X-XI საუკუნეებით ათარიღებს და ფიქრობს, რომ იგი ერთიანი გეგმის მიხედვითაა აგებული, მაგრამ ორი ხერხით. მისი აზრით, თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული იყო სამნავიანი ბაზილიკის აგება, რაც მშენებლობის პროცესშივე (როგორც ჩანს ეკონომიკური მოსაზრებებით) იყო უარყოფილი. სახელდობრ,თავდაპირველად ააგეს შუა ნავი, რომელიც გარედან მთლიანად შირიმის თლილი ქვით მოაპირკეთეს, ხოლო შემდგომ გვერდითი ფრთები რიყის ქვით. შიგნით მთავარი ეკლესიის აფსიდი, მხრებთან ერთად – შირიმისაა, დანარჩენი კედლები კი, რიყის ქვითაა ნაწყობი. მთავარი ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით სამჯერ უფრო განიერი და გაცილებით მაღალია (შიდა ზომები: სიგრძე საკურთხევლის ჩათვლით – 15.4 მ, სიგანე – 7.3 მ). აღმოსავლეთით იგი დასრულებულია შიგნით ნალისებრი, ხოლო გარედან ხუთწახნაგა შვერილი აფსიდით, რომელიც დარბაზის გრძივი კედლებიდან უჩვეულოდ განიერი მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდში გაჭრილია მაღალი, ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელი (მოგვიანებით დაუვიწროებიათ), რომელსაც თითქმის პარალელური წირთხლები აქვს. აფსიდის თაღი ნახევარწრიულია. მისი ქუსლები აფსიდის კედლის კიდეების მიმართ ოდნავ განზე არის გასული. თაღი დაყრდნობილია შირიმის იმპოსტებზე. რომელთა პროფილს თარო და შეწყვილებული ლილვი შეადგენს. თაღს ირგვლივ ევლება შეწყვილებული ლილვი. თაღის ზემოთ, კამარამდე, აყვანილია მაღალი შირიმით ნაწყობი (წყობის ხასიათი განსხვავებულია აფსიდის კედლის წყობისგან) შვეული კედელი, ე. წ. „შუბლი“. აფსიდის სამხრეთ მხარზე შემორჩენილია თაღის იმპოსტის ნაშთები, ჩრდილოეთ მხარზე კი – კაპიტელი და ნალისებრი თაღის დასაწყისი. თაღის ზემოთ კედელი გრძელდება, ასე რომ ეს გადასვლები თავდაპირველი გეგმის სრულიად ბუნებრივი გაგრძელებაა და არა აღდგენის შედეგი.

დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღები იყო დაყრდნობილი. პილასტრები დაგვირგვინებულია შირიმის მარტივი პროფილის, წრეთარგიანი კაპიტელებით. ჩრდილო - აღმოსავლეთ პილასტრთან შემორჩენილია მასზე მიშენებული საკურთხევლის ზღუდის წრიული სვეტის ნაწილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, ინტერიერს კიდევ შვიდი თაღოვანი სარკმლი აშუქებდა. სამ-სამი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ხოლო ერთი დასავლეთ კედელში (შე-მორჩენილია სამხრეთ წირთხლი და თაღის სამხრეთ გვერდის ნაწილი). მთავარი ეკლესიის სამი შესასვლელიდან მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ შესასვლელებია შემორჩენილი. დასავლეთ კედლის ნაწილი შესასვლელის შესატყვის ადგილზე დანგრეულია (წირთხლის ნაწილი კარგად იკითხება კედლის მონგრეულ ფრაგმენტზე). ორივე კარი გარედან მთლიანი ქვითაა გადახურული – თარაზულად, შიგნით კი ნახევბრწრიული თაღი ხურავთ.

გვერდითი ეკლესიებიდან მთელ სიგრძეზე მხოლოდ ჩრდილოეთისღა დგას. სამხრეთ ეკლესიიდან კი – მხოლოდ აფსიდალური ნაწილი. ორივე ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. ორივე აფსიდში გაჭრილია თითო ვიწრო, მაღალი სარკმელი. ჩრდილოეთ ეკლესიის სარკმელი შიგნიდან და გარედან თაღითაა გადახურული, სამხრეთ ეკლესიისა კი – თარაზულად. ჩრდილოეთ ეკლესიას დამოუკიდებელი თაღოვანი შესასვლელი (მოგვიანებით დაუვიწროებიათ) იმავე მხრიდან, მთავარი ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ აქვს. სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელზე, მთავარი ექლესიის შესასელელის მოპირდაპირედ, შემორჩენილი იყო ვიწრო კარი, ბოძი და კარის მეორე მალი. ჩრდილოეთ ეკლესია გადახურულია კოლოფა კამარით; კამარის სამხრეთ ქუსლი დაყრდნობილია მთავარი ეკლესიის კედელზე მიშენებულ, ერთ საფეხურიან პილასტრებზე გადაყვანილ თაღედზე. ანალოგიურ კონსტრუქციაზე იყო დაყრდნობილი სამხრეთ ეკლესიის კამარაც (შემორჩენილია აღმოსავლეთ თაღი და მომდევნო თაღის აღმოსავლეთ გვერდი). ეკლესიის კარიბჯე, რომელიც გვერდით ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებდა, თითქმის მთლიანადაა დანგრეული. მთავარი ეკლესიის შესაბამის კედელზე კამარის დასაყრდნობად მიშენებული იყო თაღედი, რომლის ერთი პილასტრის ფრაგმენტი მთავარი ეკლესიის ჩრდილო - დასავლეთ კუთხესთან შემორჩა – კარიბჭის დასავლეთ კედელზე არსებული პილასტრის მოპირდაპირედ. ამ პილასტრის გარდა, დასავლეთ კედელზე ერთმანეთისგან არათანაბარი მანძილებით დაცილებული კიდევ სამი პილასტრია. ჩრდლოეთიდან მეორე და მესამე პილასტრებს შორის მოწყობილი ყოფილა შესასვლელი (შემორჩენილია ჩრდილოეთ წირთხლის კვალი) ეკლესიის ფასადები სადაა, გრძივ ფასადებზე სარკმლებს შეწყვილებული. ლილვი ევლება საკურთხევლის შვერილის სამხრეთ მხარეს. ცოკოლის თავზე გამოყვანილია სქელი გრეხილი ლილვი რომელიც გაუყვება მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთ კედელს და სამხრეთ კედლამდე გრძელდება. საკურთხევლის შვერილის და მთავარი ნავის კედლები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, წრეთარგი და ლილვი შეადგენს. ჩრდილოეთ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მიწიდან ოდნავ ზემოთ, წყობის ერთ-ერთ ქვაზე მსხვილი ასოებით შესრულებული ფრაგმენტული ასომთავრული წარწერაა, რომესაც ლ. მელიქსეთბეგი კათოლიკოს მელქისედეკს (XI ს) აკუთვნებს.

სასახლე დგას საეპისკოპოსო ტაძრის სამხრეთ - დასავლეთით, ორმოციოდე მეტრზე, მდინარე ჭერმისხევის ხეობის პირას, ფლატის თავზე და განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. შენობა ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. შემორჩენილია ერთი საკმაოდ გრძელი კედლის (სიგრძე დაახლოებით – 12 მ) შუა ნაწილი, რომელსაც გარედან (სიმაღლე დაახლოებით – 10.8მ) მოწყობილი აქვს ტრაპეციისმაგვარი შვერილი. შენობა ორსართულიანი ყოფილა. სართულშუა გადახურვა გამართული იყო ხის კოჭებზე (შემორჩენილია კოჯების ჩასადგმელი ბუდეები). შიგნით, ქვედა და ზედა სართულების კედლები დანაწევრებულია ნალისებრი თაღების რიგით. ქვედა სართულზე შვიდი თაღია, ზედაზე – ხუთი. ორივე სართულზე განაპირა თაღებიდან მხოლოდ ნაწილებიღაა შემორჩენილი. ქვემოთ შუაში განიერი, ღრმაალკოვიანი ნალისებრი თაღია, რომელიც შვერილშია მოქცეული. ალკოვში შირიმით გამოყვანილი თქღოვანი სარკმელია. ნიშის გვერდებზე, კედელში ორ-ორი თაღია. მათგან ნიშის მიმდებარე თაღები ყრუა, ხოლო დანარჩენებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი (სარკმლის წირთხლებია შემორჩენილია განაპირა თაღებშიც). შუა თაღი დაყრდნობილი იყო მრგვალ სვეტებზე, რომელთა კვალი მათი კვადრატული ბაზისების ბათქაშზეა შემორჩენილი. ზედა სართული, ქვედასთან შედარებით რამდენადმე მაღალია. ამ სართულზე თაღების მალები გაცილებით დიდი ზომისაა, ვიდრე ქვედა სართულზე. გვერდის თაღოვანი ღიობები მოგვიანებით ამოუშენებიათ. შუა თაღი (შემორჩენილია ორივე გვერდის ნაწილი) ჩარჩოსავით ევლება გეგმით ნახევარწრიულ, კონქით დასრულებულ ღრმა ნიშს (დიდი ნაწილი დანგრეულია), რომლის ღერძზე მოწყობილი ყოფილა სარკმელი, ხოლო იატაკში ყუთი, რომელიც სავარაუდოა რომ სამალავს წარმოადგენდა. ამ ნიშის თაღი, ისევე როგორც ქვედა სართულზე, დაყრდნობილი იყო კვადრატულ ბაზისებიან მრგვალ სვეტებზე. გალავანი შემორჩენილია ფრაგმენტულად. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის