გუდალეთის კომპლექსი


galerea



aRwera

გუდალეთის ტაძრის კომპლექსი, მდებარეობს სოფელ გუდალეთში, ამაღლებულ ადგილზე, მდინარე გუდალურას მაღალი ხევის პირას. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი და კოშკებიანი ციხე-გალავანი.

ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, აგებულია XIII - XIV საუკუნეების მიჯნაზე, ნაშენია თლილი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გუმბათი და კამარები ჩაქცეულია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები 1 - 2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი; დანგრეულია მეორე სართული (სადიაკვნისა და სამკვეთლოს თავზე), არ შემორჩენილა გუმბათქვეშა ბოძები და თაღები; ეკლესიის დასავლეთ კარიბჭის სამხრეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. შედარებით უკეთესად არის შემონახული აღმოსავლეთ და დასავლეთ, ფასადები. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი თაღოვანია. აღმოსავლეთით ღრმა ბემიანი აფსიდი ნახევარწრიულია. მის ორივე მხარეს თითო აფსიდიანი სათავსი სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ თავზე არსებული სათავსები ინტერიერს სწორკუთხა გასასვლელით უკავშირდებოდა. აქედან საკურთხევლის კონქის თავზე გამართულ სამალავშიც შეიძლებოდა მოხვედრა. აფსიდის სარკმლის ქვეშ სწორკუთხა, ხოლო მის ორივე მხარეს თითო ნახევარწრიული ნიშია. თითო სარკმელი ყოფილა აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში, მცირე ზომის თითო მრგვალი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვნესა და მათ თავზე მოთავსებულ სათავსებს. გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კედლებსა და დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. აღმოსავლეთ ფასადის კუთხეებთან პატარა, მრგვალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული სარკმლების ორი რიგია, ამ ფასადს მარტივ პროფილიანი სადა ლავგარდანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, განიერი თაღოვანი შესასვლელის ზემოთ სარკმელი ჩუქურთმიან საპირეშია ჩასმული. ეკლესიის სამივე შესასვლელი თაღოვანი ლილვებით, ბურთულებითა და ფესტონებით ყოფილა მორთული.

ღვთისმშობლის ტაძარს შემოვლებული აქვსხუთკუთხა გალავანი (28 მ * 30 მ-ზე), რომელიც აგებულია XVIII საუკუნის II ნახევარში, ნაშენია რიყის ქვით. მოსწორებულ ადგილზე ნაგები ციხე - გალავნის ყოველ კუთხეში თითო ცილინდრული (ზემოთკენ შევიწროებული) კოშკი დგას, გალავანი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კედლების ზედა მონაკვეთები (განსაკუთრებით აღმოსავლეთ მხარეს) ჩამონგრეულია კოშკების ზედა ნაწილები, სართულშუა გადახურვები, თახჩები, სათოფურები და სარკმლები ბევრგან გაგანიერებული ან ჩამოშლილია. გალავნის სამხრეთ - დასავლეთ მხარეს აღარაა ხის საბრძოლო ბილიკი და მისი სამაგრი კოჭები. გალავნისა და კოშკების ქონგურები ჩამონგრეულია. თაღოვანი, ვიწრო და მაღალი ჭიშკარი სამხრეთ კოშკის პირველ სართულზეა. კოშკების ყოველ სართულს ცალკე თაღოვანი შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. სართულებზე მისადგმელი კიბით ადიოდნენ. ჩრდილო - აღმოსავლეთ კოშკის პირველ სართულზე ორმალიანი შესასვლელია. ეს კოშკი დანარჩენებზე რამდენადმე დიდია. ყველა კოშკის მეორე სართულზე, მარჯვენა მხარეს მცირე ზომის სათავსი – საპირფარეშოა, რომელსაც ცალკე სწორკუთხა შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. სამხრეთ - დასავლეთ და ჩრდილო - დასავლეთ კოშკებში ეს სათავსები უფრო მოზრდილია, ფასადიდან გამოწეულია და გალავნის კედელსა და კოშკს შორის არის განთავსებული. ჩრდილო - აღმოსავლეთ და სამხრეთ - აღმოსავლეთ კოშკები უფრო პატარაა და გალავნის კედელშია მოქცეული. კოშკების ყოველი სართულის კედლებში გაჭრილია სათოფურები, სარკმლები და სხვადასხვა ზომის თახჩები და ნიშები; მეორე და მესამე სართულებზე შესასვლელების პირდაპირ (ერთმანეთის თავზე) ბუხარია. კოშკების ფასადებზე ოდნავ შესამჩნევ აქცენტებს ქმნის სათოფურებისა და სარკმლების ვიწრო ხვრელობები. გალავნის კედლები ორიარუსიანია: ქვედა ყრუა, ზედაში კი სათოფურები და თახჩებია. სათოფურებს ქვემოთ საბრძოლო ბილიკის საყრდენი ხის კოჭების ჩასამაგრებელი ფოსოებია. გალავნის დასავლეთ კედელზე, ჩრდილო - დასავლეთ კოშკთან, მეორე იარუსის სიმაღლეზე ორი ბუხარია, მათ შორის თახჩებია. აქვე შემორჩენილია საცხოვრ, ნაგებობის (სავარაუდოა ფეოდალის სასახლის) ნაშთები, რომელიც კოშკს საბრძოლო ბილიკით უკავშირდებოდა. გალავნის სამხრეთ კედელზე, მის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ეზოს მხრიდან ნიშის მაგვარი ორი მაღალი ხვრელობია. აქ, ფასადის მხარეს, კედლიდან გამოწეული სათოფურის მაგვარი შვერილები ყოფილა. გალავნისა და კოშკების კედლებში ორი ტიპის სათოფურია: ცალმაგი და ორმაგი (აღმოსავლეთის კედელში მხოლოდ ცალმაგი სათოფურებია. სათოფურები გვხვდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნიშებში და დასავლეთ კედლის მცირე სათავსებშიც). როგორც გალავნის, ისე კოშკების კედლებში საცეცხლე არის გასადიდებლად ზოგი სათოფური დახრილია. გალავანი დასრულებული იყო ნახევარწრიული ქონგურებით (ამჟამად მონგრეულია).

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის