წითელწყაროს ნათლისმცემლის ეკლესია


galerea



aRwera

ნათლისმცემლის ეკლესია, დგას სოფელ წითელწყაროს ჩრდილოეთით, შემაღლებულ ადგილას. სტილისტური ანალიზით თარიღდება XI საუკუნის დასაწყისით. ეკლესია დარბაზულია (7.1 მ * 10.6 მ-ზე), ნაგებია ქვიშაქვითა და მოყავისფრო შირიშის ქვით. ფასადები მოპირკეთებულია გათლილი ქვით. შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვეშ, კედელთან დგას სატრაპეზო ქვა. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელშია. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ოდნავ ამოზნექილი, მოჩუქურთმებული საპირე ვიწრო ლილვებითაა მოჩარჩოებული. მოჩუქურთმებულია სარკმლის სათაურიც, რომელსაც მოკლე გადანაკეცები აქვს. გადანაკეცებზე აღმართულია თითო პატარა გლუვზედაპირიანი ჯვარი. დაახლოებით ასევეა მორთული სამხრეთ ფასადის სარკმელიც (ჯვრების გარეშე). კარის არქიტრავზე გამოკვეთილია რელიეფური, მოჩუქურთმებული თაღი. არქიტრავის ქვის მარცხნივ ადამიანისთავიანი ცხოველის სკულპტურული გამოსახულებაა, მარჯვნივ გუმბათიანი ეკლესიის მოდელი. ეკლესიას შემოვლებული აქვს ქვის თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის