საორბისი (ფიცესი)


galerea



aRwera

საორბისის წმ.გიორგის ეკლესია, დგას სოფელ ფიცესის სამხრეთ გარეუბანში, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აგებულია 1152 წელს. 1962 წელს ნაგებობას ჩაუტარდა ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეკლესია დარბაზულია (17 მ * 12.5 მ-ზე), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით, სამხრეთ - დასავლეთის მინაშენიდან აქვს. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. 1990 წლის მდგომარეობით ტაძრის ინტერიერში შემორჩენილი იყო, თანადროული მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციაა. ჩანს მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, რომელზეც შერჩენილია ოქროსფერი ოქრას სარჩული და ყავისფერი კონტურის ნაშთი, მოწითალო -ყავისფერი ქიტონის  ფრაგმენტი და კვადრატული ფორმის, სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი. იქვე, ჩრდილოეთის მხარეს ექვსფრთედის ფრაგმენტია. საკურთხევლის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა. გამოსახულებები ფრონტალურია. შედარებით უკეთესადაა შემონახული სარკმლის წირთხლების მოხატულობა. ასომთავრული წარწერის მიხედვით აქ ორი დიაკონია წარმოდგენილი: წმ. სტეფანე და წმ. გერმანოზი. წმინდანების შარავანდები სხვადასხვა ფერისაა: ეკლესიის მამებისა ყვითელია, დიაკვნებისა კი მონაცრისფრო - იისფერი. ჩრდლოეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია იერუსალიმს შესვლა (შემორჩენილია მხოლოდ ცხენისა და მაცხოვრისკენ მიმართული ბავშვის გამოსახულების ფრაგმენტები). ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში ორი მოწამის წელზედა გამოსახულება გაირჩევა (ერთი მათგანი მეომარია). სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია წმ. გიორგის ბრძოლა გველეშაპთან (დაზიანებულია). ცხენი წითური ფერისაა. შემოსასვლელის ტიმპანში გამოსახულია მაცხოვრისთავი. შემოსასვლელის თავზე, მის-გან მარჯვნივ (დას-ით) და დასავლეთის კედელსზც ცალკეულ სცენათა ნაშთებია შემორჩენილი, რომელთა გარჩევა ამჟამად არ ხერხდება. სამხრეთის კედლის სარკმლის წირთხლები მოხატულია მცენარეული ორნამენტით, სამფურცლიანი ყვავილებით, ყვითელი ყლორტებითა და შავ ფონზე მტვრიანებით, რაც დამახასიათებელია XI –XII საუკუნეების ქართული მონუმენტალური მხატვრობისათვის. მხატვრობის კოლორიტი თავშეკავებულია. უმთავრესად გამოყენებულია მოწითალო - აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, ცისფერი, მოწითალო ყავისფერი და ნაცრისფერი. ფიგურები სტატიკურია, გამოირჩევა სიმკაცრით. ამ მომენტისათვის მხატვრობა 1990 წლის მდგომარებასთან შედარებით კიდევ მეტად დაზიანებულია.  

შენობა მაღალ ცოკოლზე დგას. ეკლესიის დასავლეთ ფასადი კლდოვან ფერდს გადაჰყურებს. აღმოსავლეთის და სამხრეთის სარკმლების განიერი საპირეები შემკულია კარგად ნაკვეთი მცენარეული გეომეტრიული ორნამენტით. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვერში, ამოკვეთილია თანაბარმკლავიანი ჯვარი. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, კედელში ჩასმულ ფილაზე, ასომთავრული წარაა, რომელიც გვამცნობს ტაძრის ამგების ვინაობას (კახა ერისთავთ – ერისთავი) და აგების თარიღს. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე მიდგმულია გალავანი, რომელშიც სამხრეთ - დასავლეთით გაჭრილია კარი.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის