მაღალაანის კომპლექსი
galerea
aRwera
მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს სოფელ წინარეხიდან სამხრეთით 2.5 კმ-ზე, მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე, მთის კალთაზე. მთელი კომპლექსი კარგად მოჩანს მდინარე კავთურის გაღმიდან. კომპლექსში შედის: მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო - საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, გალავნის გარეთ. კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XV საუკუნიდან დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების (მაღალაშვილების) გვართან. ამ გვარს თავის დროზე ბევრი თვალსაჩინ წარმომადგენელი ჰყავდა. ისინი დაახლოებული იყვნენ სამეფო კართანდა სამღვდელო წინამძღვრებთან, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებულ სიძლიერეს მაღალაძშეებმა XVII საუკუნის II ნახევარში მიაღწიეს. ამ დროისათვის გვარის მეთაური ნიკოლოზ ქადაგის ვაჟი პაპუა მაღალაძეა, „სვეტიცხოვლის სახლთუხუცესი“. მას წინარეხში აუგია ორი სასახლე, დიდად განუვრცია თავისი მამულები, უშენებია სოფლები, ციხე-კოშკი, საძვალე. პაპუას შვილებიდან განსაკუთრებით ცნობილია სვეტიცხოვლის ქადაგი ნიკოლოზ მაღალაძე, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული მშენებლობა მაღალაანთ ეკლესიის გარშემო. მისი სახელი მოხსენიებულია სვეტიცხოვლის საკურთხევლის სარკმლის ქვეშ არსებულ წარწერაში. XVIII საუკუნის II ნახევარში მაღალაძენი წინარეხში უკვე აღარ ცხოვრობენ. ქართლის ერთ–ერთ აღწერაში (1764 წელი) ნათქვამია: „წინა-რეხს მაღალაშვილების სასახლე ხარაბა დამწვარი“. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილი წარწერის თანახმად ნიკოლოზ მაღალაძემ 1677 წელს მაღალაანთ ეკლესია შეაკეთებინა, მოახატვინა და შიგ კანკელი დაადგმევინა. 1937 - 1941 წლებში ძეგლზე სარესტავრაციო სამუმაოები ჩატარდა, კერძოდ: აღდგა ეკლესიის სახურავი (ახლა თუნუქისაა), კარიბჭის კამრა და სამლოცველოს სამხრეთ ფასადის დიდი ნაწილი; სამხრეთ სარკმლებში ჩუქურთმის ნაცვლად ახალი ქვები ჩასვეს; აღმოსავლეთ და დასავლეთ პილასტრების ჩამონგრეული კვარცხლბეკები შეიცვალა თლილი ქვის სუფთა კვადრებით, განახლდა ჩრდილოეთ კედლის წყობა, გამოიცვალა ცოკოლის ლილვების ნაწილიც და სამლოცველოს მარჯვენა დეკორატიული თაღის მარჯვენა ნაწილი იმპოსტიანად. აღდგა ფრონტონის მთელი მარჯვენა კუთხე, რისთვისაც გამოიყენეს ძველი ფრაგმენტები.
მაღალაანთ ეკლესია, ბეთლემის ღვთისმშობელი, საქადაგო მონასტერი - წერილობითი ცნობა ეკლესიის აგების შესახებ არ არსებობს. შემორჩენილი წარწერები გვიანდელია. ეკლესია დარბაზულია (12.2 მ * 10.6 მ-ზე), ნაგებია მოყვითალო ფერის ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. კონსტრუქციული ნაწილები პილასტრები, კაპიტელები, საბჯენი თაღები, კარის თაღი და წირთხლები თლილი ქვისაა. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. შესასვლელი სამხრეთიდანაა. განიერი ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე –თითო პატარა ნიში. ეკლესიას კიდევ სამი სარკმელი აქვს: ერთი დასავლეთით, ორი კი სამხრეთით. ჩრდილოეთით მოზრდილი კარია საიდანაც შეიძლება კონქის თავზე ასვლა. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი.
ტაძარში შემორჩენილი მოხატულობა სხვადასხვა დროის ორ ფენას შეიცავს: პირველი ეკლესიის თანადროულია. ცალკეული ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში, დარბაზის კედლებსა და ეგვტერის ჩრდილოეთ კედელზე. მოხატულობა საკურთხეველში მუქი მოწითალო - ყავისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად: პირველი რეგისტრიდან შემორჩენილია კონქის კომპოზიციის მხოლოდ ქვედა ნაწილი (ჩანს ტახტი, მაცხოვრის შიშველი ტერფი და მდიდრულად გაფორმებული ფეხსადგამი). მეორე რეგისტრში მოციქულთა ფიგურებია. ამავე რიგში, სარკმლის თავზე, ჯვარია გამოსახული. მესამე რეგისტრში ეკლესიის მამათა დიდი ზომის ფიგურებია. კიდეებში თითო დიაკვნის გამოსახულებაა. ორი დიაკვნის ფიგურა სარკმლის წირთხლებზეცაა. დარბაზში, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია მიძინების სცენა, რომლისგანაც შემორჩენილია სარეცელზე დასვენებული ღვთისმშობლის ზედა ნაწილი, იქვე გამოსახულია პეტრე საცეცხლურით ხელში, რამდენიმე მოციქული და მღვდელთმოძღვარი. უკან ჩანს სივრცობრივად გადმოცემული შენობა, რომლის თავზე ორი ანგელოზია. ამ სცენის გვერდით, კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, თაღნარით მოჩარჩოებული სამი წმინდანი ყოფილა (შემორჩენილია თაღნარისა და შარავანდების ფრაგმენტები). დასავლეთ კედლის მოხატულობა ოთხ რეგისტრადაა დაყოფილი: პირველ რეგისტრში წარმოდგენილია მირქმა, მეორე რეგისტრის სამხრეთ მონაკვეთზე ჯვარცმა, ჩრდილოეთ მონაკვეთზე დედანი მაცხოვრის საფლავთან, მესამე რეგისტრში, კედლის მთელ სიგრძეზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებულია სებასტიელ წმინდანთა თაღნარით მოჩარჩოებული ხუთი ფიგურა. თითოეულ გამოსახულებას ასომთავრულით მიწერილი აქვს თავისი სახელი. მეოთხე რეგისტრში გადმოცემულია წმ. გიორგის ორი სასწაული: კედლის სამხრეთ მონაკვეთზე - ლასია ქალაქის მოქცევაი, ჩრდილოეთ მონაკვეთზე - ბარღარეთით ტყვისა მოყვანაი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ქვემოთ წმ. მეომართა ფიგურებია თაღნარის ქვეშ. ასეთივე გამოსახულებებია დასავლეთ მონაკვეთზე, ზემოთ. პილასტრის გვერდები და დასავლეთ კედლის სარკმლის წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით. ეგვტერში შესასვლელის თავზე შემორჩენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის სამოსისა და მუთაქის ფრაგმენტი. წმინდანთა კონტურები გაირჩევა შესასვლელის ორივე მხარეს. ეკლესიის მოხატულობის პირველი ფენა დასრულებულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. ამ ფენას ახასიათებს მოქნილი ნახატი, სახის დახვეწილი ნაკვთები, სამოსის ცალკეული ნაწილების (აბჯარი, ორნამენტული არშიები და სხვ.) მაღალი ოსტატობით გადმოცემა და ნათელი კოლორიტი მომწვანო - ფირუზისფერი, ცისფერი, წითელი და ოქრა. მოხატულობის მეორე ფენა შემორჩენილია აღსავლის კარზე, კანკელზე, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, ეგვტერისა და დარბაზის შესასვლელის თავზე და დარბაზში შესასვლელის წირთხლებზე. კანკელის ჩრდილოეთ შესასვლელის სამხრით, მხატვრობის მესამე რეგისტრში, გამოსახულია ნიკოლოზ მაღალაძის დედა ელენე. ნახატს ახლავს ბერძნული წარწერა, რომლის თანახმად მოხატულობის ეს ფენა შესრულებულია ელენეს გარდაცვალების (1681 წელი) შემდეგ. წარწერაში მოხსენიებულია მხატვარი აპოსტოლე. აღსავლის კარის სამხრეთით, ზემოთ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ შემდეგი სცენებია შემორჩენილი: სამნი ყრმანი სახმილსა შინა, დანიელი ლომთა მღვიმეში, ეზეკიელის ხილვა; მეორე რეგისტრში – ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება და იერუსალიმს შესვლა; მესამეში – ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარტყვევნა, ქრისტეს ამაღლება, ღვთისმშობლის ამაღლება. აღსავლის კარის წირთხლზე ორი მთავარანგელოზია გამოსახული. კანკელის ჩრდილოეთ შესასვლელის ჩრდილოეთით, ზემოდან ქვემოთ, გამოსახულია წმ. მეომარი და მღვდელთმოძღვარი საცეცხლურით ხელში, წმ. ნიკოლოზ, რომელმან სამნი ქალნი იხსნა წარწყმენდისაგან, და რომელიღაც მუხლმოყრილი წმინდანი, კანკელის ჩრდილოეთ შესასვლელის სამხრეთით, ზემოთ წარმოდგენილია აბრაამის მსხვერპლად შეწირვა, მეორე რეგისტრში – ხარება და შობა, მესამე რეგისტრში – მირქმა. კანკელის შესასვლელის წირთხდები და ნიშები შემკულია მცენარეული ორნამენტით (დაჩითულ ქსოვილთა სახეებს იმეორებს), დარბაზში, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, ქვემოთ გამოსახულია განკითხვის დღე. ეგვტერში შესასვლელის ტიმპანში წარმოდგენილია ფხიზელი თვალი. წირთხლებზე აღმოსავლეთით გაირჩევა ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნა, დასავლეთით შეცოდება (შემორჩენილია ხის, გველის კუდის, ადამისა და ევას გამოსახულების ფრაგმენტები). ეგვტერის ფასადზე, შესასვლელის თავზე გამოსახულია წინასწარმეტყველებით გარშემორტყმული ღვთისმშობელი ყრმით ხელში. მოხატულობის მეორე ფენა ხასიათდება მუქი კოლორიტით, უმთავრესად გამოყენებულია ლურჯი, მონაცრისფრო - ცისფერი, მოწითალო - ყავისფერი, მღვრიე ნაცრისფერი. ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა მორთული. დეკორატიული მიზნით ფირუზისფერი ქვაცაა გამოყენებული, ფრიზისთვის. აღმოსავლეთ ფასადის შუა არეში შედარებით დაბალი, დეკორატიული სამთაღედია, მის ზემოთ ორნამენტით მორთული ჰორიზონტალური ფრიზია, რომელიც გამოჰყოფს ფრონტონის არეს. შუა თაღში განიერი ორნამენტიანი საპირით მოჩარჩოებული სარკმელია. კეხქვეშ ლენტოვანი წნულითა და ოთხი დიდი ფოთლით მორთული მრგვალი სარკმელია. დასავლეთ ფასადზე მაღალი დეკორატიული სამთაღედი, ფრონტონის არეშია შეჭრილი. სარკმლის ზემოთ დარჩენილ არეს ორნამენტული ჯვარი და ფრინველების კომპოზიცია ავსებს. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მიდგმულია კარიბჭე. ეს ფასადი მკვეთრად ასიმეტრიულია. სარკმლები ფართო ჩუქურთმიანი საპირეებითაა შემკული. კარიბჭის შესასვლელის მაღალი, ფართო თაღის ორივე მხარეს თითო პატარა დეკორატიული თაღია. კარიბჭის კედლის აღმოსავლეთ ფრთა სრულიად მორთულობის გარეშეა, პორტალს ჩუქურთმიანი საპირე ევლება. კარიბჭის ფრონტონში მაღალი რელიეფური ჯვარია გამოსახული. მთელ ნაგებობას ჩუქურთმიანი ფრიზით შემკული ორნამენტირებული ლავგარდანი აქვს შემოვლებული. სახურავი ორფერდაა. ეკლესიას სამხრეთიდან ეგვტერი აქვს მიშენებული. იგი სამ ნაწილად დაყოფილი ვიწრო გრძელი სათავსია საკმაოდ ამაღლებული შესასვლელით. სივრცე გადახურულია ცილინდრული კამარით. ეგვტერის აღმოსავლეთ ნაწილი აფსიდიანი სამლოცველოა.
სოლომონ მაღალაძის სამრეკლო ეკლესიის სამხრეთით დგას. მისი ქვედა სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს. სამხრეთ ფასადის ვრცელი სამშენებლო წარწერის თანახმად აგებულია 1716 წელს ნიკოლოზის ძმის, რევაზ სახლთუხუცესის შვილის, სოლომონის მიერ. კოშკისებრი სამსართულიანი სამრეკლო (5მ * 5 მ-ზე) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელის ადგილას სხვადასხვა დონეზე მხოლოდ ვიწრო საფეხურებია შემორჩენილი. დასავლეთ კედელში დატანებულია დიდი მომწვანო თლილი ქვა ექვსი წრიული ნახვრეტით. პირველი სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ღიაა, მეორეზე ერთი ოთახია, მესამე სართულიდან დარჩენილია მხოლოდ წრიული საფუძველი. მეორე სართულზე ამოშენებული სათოფურების კვალი ჩანს. აქ დასავბლეთ კედელში, ბუხარი ყოფილა. მეორე სართულზე ადიოდნენ პირველი სართულის კამარიდან მისადგმელი კიბით, მესამეზე კი – მეორე სართულის კედელში ჩატანებული კიბით. სამხრეთ ფასადზე შესასვლელი თაღი კედელში ჩაწეულ სწორკუთხა არეში ზის, მეორე თაღზე ხის ჭიშკარია შებმული და საკმაოდ შეწეულია ფასადის წინა პირთან შედარებით. სამშენებლო წარწერის ზემოთ რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა მოკლე წარწერით. დასავლეთ კედელზე, წითელ ქვაზე ამოკვეთილია რელიეფი. კომპოზიციის გარჩევა ძნელდება.
პაპუა მაღალაძის სამრეკლო - საძვალე გალავნის შიგნით დგას. იგი ადრე სამრეკლო იყო, ხოლო პაპუა მაღალაძემ (გარდაიცვალა 1681 წელს) ის საძვალედ გადააკეთა. თარიღდება XVI-XVII აუკუნეებით. სამრეკლო – საძვალე (3.72 მ * 3.7 მ-ზე) ორსართულიანია. ყოველი სართული ცილინდრული კამარით გადახურული თითო სათავსისაგან შედგება. მეორე სართულის კედლები და ღუმელი, მთლიანად შეთეთრებულია. გადაკეთების კვალი ნაგებობას აშკარად ემჩნევა: თავდაპირველად ორივე სართული ყოველ მხარეს ღია ყოფილა. ქვემოთ სამრეკლოს ოთხი ბურჯი და ოთხი ისრული თაღი ჰქონია, ზემოთ – ოთხივე მხარეს ორ – ორი ისრულთაღოვანივე მალი. პაპუა მაღალაძემ ყველა მალი ამოაშენებინა. ინტერიერი მოგვიანებით მოუხატავთ, მოხატულობა მიეკუთვნება XVII საუკუნის II ნახევარს. პირველ სართულზე შემონახულია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. ცილინდრულ კამარაში წარმოდგენილია ქრისტე ყოვლისმპყრობელი წრეში, კუთხეებში მახარებელთა სიმბოლოებია, ქვემოთ, კედლებზე მოხატულობა მუქი მოწითალო - ყავისფერი ხაზით ორ რეგისტრადაა გაყოფილი. პირველ რეგისტრში წარმოდგენილია შემდეგი სცენები: ხარება, შობა, მირქმა, მეორე რეგისტრში კედლის მთელ სიგრძეზე – მოციქულთა ზიარება; კედლის ცენტრში, შავი და წითელი ტალღოვანი პარალელური ხაზებით შემკული სარკმლის ქვეშ, ნიშში გამოსახულია გოლგოთის ჯვარი (ბერძნული წარწერებით); სამხრეთ კედლის ზედა რეგისტრში სულიწმიდის მოფენა; ქვედა რეგისტრში შემდეგი სცენებია: ლაზარეს აღდგინება, დედანი მაცხოვრის საფლავთან; დასავლეთ კედელზე, ზემოთ, სამხრეთით გაერთიანებულია ორი კომპოზიცია – მოსე ცეცხლმოდებული მაყვლოვანის წინაშე და მოსე სინას მთაზე, ჩრდილოეთით ბრმათა თვალთახელა; ქვემოთ, შესასვლელის თავზე, მაღალაძეთა ძლიერ დაზიანებული ჯგუფური პორტრეტია (იკითხება სახელები: ადამ, ზურაბ, მამუკა, პაატა, რევაზ, ნიკოლოზ, გიორგი). ჩრდილოეთ კედელზე, ზემოთ ჯოჯოხეთის წარტყვევნაა, ქვემოთ, თაღის ლუნეტის ორივე მხარეს, მუხლმოდრეკილ წინასწარმეტყველთა ორი ფიგურა (მარჯვნივ ესაიაა). მოხატულობა ხასიათდება შესრულების მანერის სიმშრალით; კოლორიტი მუქი და მღვრიეა (მოვარდისფრო - ყავისფერი, ვარდისფერი, ნაცრისფერი, მონაცრისფრო თეთრი და მუქი ლურჯი); სამრეკლო - საძვალის პირველ სართულს დასავლეთით ჰქონია ერთი ვიწრო შესასვლელი, აღმოსავლეთით – სარკმელი. სარკმლის ქვეშ ყოფილა ნიში მღვდელმსახურებისათვის სამხრეთითაც ერთი პატარა ნიშია. ჩრდილოეთით, ლუნეტამდე, კედელი ამოშენებულია. ლუნეტი ერთი რიგის ქვის წყობითაა ამოქოლილი (წყობაში შუქი ატანს). დასავლეთ ფასადზე ჯვრისებრ განლაგებული ღრმულებია, რომლებიც კერამიკულ სამკაულთა ბუდეებს წარმოადგენდა, სამრეკლო თავის კონსტრუქციით არსებითად განსხვაგდება საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი ტიპის სამრეკლოებისაგან, მას არა აქვს ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატური.
ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი) მთელ კომპლექსს გადმოჰყურებს. ჩრდილო -აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი სამშენებლო წარწერის მიხედვით იგი პაპუა მაღალაძეს აუგია 1679 წელს. კოშკი ოთხსართულიანია (6 მ * 6 მ-ზე, სიმაღლე - 13 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. კოშკი ძლიერ დაზიანებულია, კერძოდ: ჩრდილო - აღმოსავლეთ ფასადის მარჯვენა კუთხის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, კარ - სარკმლეს დაკარგული აქვთ ფორმა. გადახურვა მხოლოდ მეოთხე სართულს აქვს. შემორჩენილია კოჭების ბუდეები. კოშკს ჰქონია მეხუთე გადაუხურავი სართულიც. მთავარი ფასადი ჩრდილო - აღმოსავლეთისკენაა მიმართული. შესასვლელიც ამ მხარესაა, მიწის დონეზე. ამავე ფასადზე მეორე დიდი ხვრელობია მესამე სართულის დონეზე. ყოველ სართულზე რამდენიმე ხვრელი - სათოფურია, პირველ, მეორე და მეოთხე სართულებზე კი – ბუხრები. მეოთხე სართული თითქმის ძირიდანვე კამაროვანია, კამარა აგურისაა და ეყრდნობა აგურისავე საბჯენ თაღებს. თაღებს შორის მრუდე, შეზნექილი ზედაპირები იქმნება. მეხუთე სართულზე ასვლა კამარაში დატანებული ხვრელით შეიძლება. კოშკი დაგვირგვინებულია სალოდეებით, ყოველ ფასადზე ქვის ბრტყელი ფილები კონსოლებს ქმნიან. მათზე დაბჯენილია აგურის არმატურა, რომლის წინა პირი გამოშვერილია. ყოველ ფასადზე ოთხი თაღია. მცირე ლუნეტები დატოვებულია სათოფურებად. ბოლო სართული სათვალთვალო ბაქანიც იყო. მთავარ ფასადზე, მეორე სართულის დონეზე, შუა ადგილას ჩასმულია ფირუზისფერი ქვა წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულებით. რელიეფი დაბალი და ბრტყელია. მეოთხე სართულის მთელ სიმაღლეზე წყობაში ჩართულია რამდენიმე ფირუზისფერი ქვა, რომელთა შორის მოქცეული სათოფურები აღარ შეიმჩნევა. სამხრეთ - აღმოსავლეთ ფასადზე, შედარებით პატარა აგურისფერ ქვაზე, გამოსახულია წმ. გიორგი, რომელიც გველეშაპს თრგუნავს. რელიეფის ზემოთ ლავგარდნის მსგავსი შვერილი ქვაა. სამხრეთ - დასავლეთით, მაღლა მოწითალო ქვაზე მეორე რელიეფია: ყალყზე შემდგარ დიდ რქებიან ირემს ქვემოდან წინა თათებით ვეფხვი ჩაფრენია ზურგში, ზემოთ კბილებდაკრეჭილი ცხოველია.
აფთიაქი (3.35 მ * 3.2 მ-ზე) დგას პაპუა მაღალაძის კოშკის სამხრეთ -დასავლეთით 300 მეტრზე. ამ ადგილს მოსახლეობა „საჯინიბოებს“ და „სამტრედოებს“ უწოდებს. აფთიაქი ნაშენია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, კედლები. თავდაპირველი სახით შემორჩენილია მხო-ლოდ დასავლეთ კედელი (3 მეტრ სიმაღლეზე). ინტერიერში კედლები დაყოფილია პატარ-პატარა თახჩებად (0.15 მ * 0.19 მ-ზე; 0.15 მ * 0.23 მ-ზე). ყველა კედელი, გარდა აღმოსავლეთისა, გარედან მიწაშია მოქცეული (სიგრილის შესანარჩუნებლად). გალავნის შიგნით, უშუალოდ შესასვლელთან სწორკუთხა აუზია. შემორჩენილია გარედან შეყვანილი წყლის მილი.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის