ნოსტე


galerea



aRwera

სააკაძეთა ნასახლარი, მდებარეობს სოფლ ნოსტეს განაპირას, ფერდობზე. დასავლეთით ჩამოუდის მდინარე ნოსტურა, აღმოსავლეთით ეკვრის მშრალი ხევი. თარიღდება XV- XVIII საუკუნეებით. 1965 – 1967 წლებში ძეგლზე ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები  საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ პარმენ ზაქარაის ხელმძზღვანელობით. გათხრამდე ნასახლარზე ჩანდა კოშკი, გალავნის ნაშთები და რამდენიმე ნაგებობის კვალი. გათხრებით გამოვლინდა სასახლის, საცხოვრებელი სახლების, აბანოსა და საჯინიბოს ნაშთები. აბანო და რამდენიმე ნაგებობა კონსერვაციის მიზნით კვლავ მიწით დაფარეს. 1969 - 1971 წლებში ნასახლარზე ასევე ჩატარდა სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოები. ნამოსახლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია: გალავანი, კოშკი, სასახლე, საცხოვრებელი სახლი, აბანო, საჯინიბო, სამებისა და ღვთისმშობლის ეკლესიები.

გალავანი ფერდობს წრიულად ჰქონია შემოვლებული, ის ნაგებია ნატეხი ქვით (კედლის სისქე 1 მეტრი). გალავნის შიგნით რამდენიმე ნაგებობა მდგარა. მთავარი ნაგებობაა ექვსსართულიანი კოშკი (5.5 მ * 5.5 მ-ზე), რომელიც ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. ნაგებია ნატეხი ქვით. ძალზე დაზიანებულია. ხანძარს გაუნადგურებია ხის სართულშორისი გადახურვები (რესტავრაციის დროს, ბოლო სართულს რკინა-ბეტონის გადახურვა გაუკეთდა). კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. ამავე სართულზე, კარის გარდა, სამ კედელში თითო სარკმელია. პირველი სართული ყრუ ყოფილა, ბოლო, მეექვსე სართული კი მაღალ კედლებიან ბანს წარმოადგენდა. მას ოთხივე მხარეს სალოდეები ჰქონია, სათოფურები ყველა სართულზეა, მესამე სართულზე ყველაზე მეტია. აქ სამ კედელში ორ - ორი სათოფურია, ხოლო მეოთხეში კი სამი. მეხუთე სართულის კედლებში კომბინირებული სარკმლებია.

ნასახლარის ტერიოტორიაზე არსებული სასახლე დიდი ზომის ნაგებობაა (13.5 მ * 18.5 მ-ზე), ნაშენია ნატეხი ქვით. იგი ორსართულიანი ყოფილა. შენობა ამ მომენტისათვის სანახევროდ დანგრეულია, განსაკუთრებით ზემო სართული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ქვედა სართულის კედლებში სამი ღრმა ნიშია. კარის წინ ტალანია, რომლის გვერდებზე თითო მცირე ზომის სათავსია.

სასახლესა და კოშკს შორის იდგა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთი მხარე ორსართულიანი იყო, მეორე კი ერთსართულიანი. ორსართულიანს სამხრეთით აივნებიჰქონდა, შიგნით კი ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები.

კოშკის სამხრეთით, სამხრეთ - დასავლეთით და აღმოსავლეთით რამდენიმე ნაგებობის ნაშთია დარჩენილი. თითოეული მათგანი არაერთხელ გადაუკეთებიათ. ნაგებობებს ეტყობათ ხანძრის კვალიც. მათგან საინტერესოა აბანო, რომელიც ნასახლარის აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, შედგება ერთი მოზრდილი სათავსისა და სააბაზანოსაგან. ორივეში თითო ბუხარია. გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვა აბანოებისგან განსხვავებით, ეს აბანო პატარა და მარტივია.კომპლექსის გალავნის გარეთ, ჩრდილო - დასავლეთით საჯინიბოა (13.3 მ * 11.2 მ-ზე). მისი კედლები ნაწილობრივაა შემორჩენილი. კარი ჩრდილოეთ მხარესაა.

სამებისა და ღვთისმშობლის ეკლესიები მდინარე ნოსტურას მარცხენა ნაპირზე დგანან. სავარაუდოა, რომ ისინი სააკაძეთა საგვარეულოს კარის ეკლესიები იყო.

სამების ეკლესია თარიღდება XVI- XVII საუკუნეების მიჯნით. იგი რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. თავდაპირველი ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ კედელი, რომელიც აღდგენის დროს ახალ ნაგებობაში ჩაურთავთ. ახალი ნაწილები ნაგებია ულაზათოდ. აფსიდის მარჯვენა მხარე ძალიან გამოწეულია. ჩრდილოეთ კედლის ორი ნაწილი ცუდად ებმის ერთმანეთს. დარბაზის კამარა სხვადასხვა დონეზეა. ტაძარი დარბაზულია (12.7 მ *12.2 მ-ზე), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით. დასავლეთ კარი ამოქოლილია.  ღრმა აფსიდის ღერძზე სარკმელია. აფსიდის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია. ეკლესიაში სამხრეთ კედლის შუა მონაკვეთზე (ქვედა ორი რეგისტრი) და ტრაპეზის ქვებზე შემორჩენილია XVII საუკუნის II ნახევრის მოხატულობის ნაშთი. დანარჩენი ნაწილი დაფარულია გვიანდელი შელესილობის ფენით. სამხრეთ კედლის ზედა რეგისტრში უცნობი წმინდანის მარტვილობის ორი სცენის ფრაგმენტებია. ქვედა რეგისტრი დაყოფილია სწორკუთხა მონაკვეთებად, რომლებშიც ჩახატულია წმინდანთა დიდი ზომის ფიგურები (ერთ-ერთი წმ. საბაა). სატრაპეზო ქვის წინა პირი მორთულია მცენარეული ორნამენტით (იმეორებს დაჩითული ქსოვილების სახეებს – მიხაკის ყვავილი, გრძელი ყლორტით). მოხატულობა უპირატესად შესრულებულია მოწითალო - ყავისფერი, ყვითელი, მუქი ლურჯი და თეთრი საღებავებით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჰქონია მინაშენები. ჩრდილოეთ მინაშენი აფსიდიანი სამლოცველო იყო. სამხრეთ მინაშენში ცენტრში ორთაღიანი ღია კარიბჭეა.

ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია (8.8 მ * 5.9 მ-ზე), ნაგებია ნატეხი ქვით. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია, კერძოდ: ჩამონგრეულია კამარა, გრძივი კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ღრმა და განიერი აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო შეისრულთაღიანი მოზრდილი ნიშია. დარბაზი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით. თითო სარკმელია აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.