თელათგორის წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

წმ. გიორგის ეკლესია, დგას სოფლის ცენტრში, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7.25 მ * 4.8 მ-ზე), ნაგებია უხეშად გათლილი საშუალო ზომის ქვიშა ქვის კვადრებით, წყობაში ჩართულია დიდი ქვებიც. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელი (ამოშენებულია) სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა. შესასვლელის თავზე მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მცირე მხრებით. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. მის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. ორი სწორკუთხა სარკმელი ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. სამივე სარკმელი შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა დანაწევრებულია წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრით და მათზე დაბჯენილი თაღით. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის თავზე ჩადგმულია ჯვრიანი ქვა. ეკლესიისთვის მოგვიანებით შემოუვლიათ თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესიას დასავლეთით აქვს სწორკუთხა მინაშენი (5.5 მ * 4.8 მ-ზე). იგი წმ. თევდორეს სახელს ატარებს. მინაშენიც ნაგებია ქვიშაქვით, მხოლოდ უფრო მცირე ზომის ქვებით, ვიდრე ეკლესია. მინაშენი ეკლესიას უკავშირდება ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი განიერი სწორკუთხა ღიობით. მინაშენში შესასვლელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა სარკმელია. მინაშენიც ღარიანი კრამიტითაა გადახურული. ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები 1982 წელს.