ჭერემის წმ. ბარბარეს ეკლესია


galerea



aRwera

წმ. ბარბარეს ეკლესია, მდებარეობს თანამედროვე სოფელ ჭრემის აღმოსავლეთით ოთხი კილომეტრის მანძილზე, ნამოსახლარ ჭერების ერთ-ერთ უბანში, სასახლის ნანგრევიბიდან სამოციოდე მეტრის დაშორებით.  ძეგლი ისეთივე წყობითა და მასალითაა ნაგები, როგორითაც ჭერემის ციხე-დარბაზი და სასახლე. ნ. ჩუბინაშვილი მას V საუკუნის ბოლო მესამედის ძეგლად მიიჩნევს. ეკლესია დარბაზულია (6.8 მ * 4.3 მ-ზე) აქვს ნალისებრი საკურთხეველი, რომელშიც თითქმის პარალელურ-წირთხლებიანი, ნალისებრი თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. ასეთივე სარკმელი ჰქონია ეკლესიას სამხრეთ კედელშიც (ამჟამად აღდგენილია). კამარა ეყრდნობა გრძივ კედლებს, საბჯენი თაღების გარეშე. XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ძეგლზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს სამხრეთ ფასადის წინ გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების მინაშენი (სიგძე – 3.37 მ) – შესასვლელით სამხრიდან. მინაშენის იატაკი ეკლესიის ცოკოლის დონეზეა, ცოკოლი კი იატაკის ქვეშაა მოქცეული. მინაშენი ნაგები ყოფილა არათანაბარი ზომის ნატეხი ქვით. წყობაში რიგების სწორხაზოვნება მეტ-ნაკლებად დაცულია. მინაშენში ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიდგმულია შირიმის ქვაში გამოკვეთილი ემბაზი. ეკლესიის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებთან გამოვლინდა ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები, რომლებიც მინაშენის თანადროულად შეიძლება მივიჩნიოთ.

ეკლესიის აღმოსავლეთით, ორმოცდაათიოდე მეტრზე გამოვლინდა დიდი ზომის ნაგებობა (გეგმა სრულად არ იკითხება), რომელიც სამშენებლო მასალითა და ტექნიკით ჭერემის ციტადელის დანარჩენი ნაგებობების იდენტურია. ნაგებობის აღმოსავლეთით, ბორცვზე წმ. გიორგის სახელობის (წვეროდაბალის) ეკლესიაა. სწორედ წვეროდაბალის ეკლესია უნდა იყოს ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული საკათედრო ტაძარი.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის