ჭერემის წვეროდაბალის ეკლესია


galerea



aRwera

წმ. გიორგის (წვეროდაბალის) ეკლესია, მდებარეობს თანამედროვე სოფელ ჭერემის აღმოსავლეთით 3.5 - 4 კილომეტრზე, წვეროდაბალის ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში, შემაღლებულ ადგილას. არქიტექტურული ძეგლი განეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ის სტრუქტურული თვალსაზრისით სამეკლესიანი ბაზილიკაა და როგორც ჩანს, პროექტითაც ასე იყო გააზრებული. თუმცა ამ ტიპის სანიმუშოდ აღიარებული ნაგებობებისგან რამდენადმე განსხვავდება, რაც როგორც ეს ეკლესიის გაწმენდის შემდეგ გაირკვა მშენებლობის პროცესშივე მიღებულმა ცვლილებებმა განსაზღვრა. შენობის აგებულებასა და თარიღთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მოსაზრება: გ. ჩუბინაშვილი მას სამეკლესიიან ბააილიკად მიიჩნევს და VI-VII საუკუნეების მიჯნით ათარიღებს. მისი აზრით იგი ერთდროულად, ერთიანი გეგმის მიხედვით აგებული ნაგებობაა. ნ. ჩუბინაშვილი, რომელმაც ეკლესია 1980 წელს აზომა, 1981 წელს არქეოლოგ ნ. მაღალაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების შედეგებზე დაყრდნობით გამოთქვამს მოსაზრებას, რომ წვეროდაბალი სეკლესია წარმოადგენს არა სამეკლესიან ბაზილიკას, არამედ დარბაზული ტიპის ეკლესიას – სამკვეთლოთი ჩრდილოეთიდან და მოკლე სამლოცველო - სასანთლეთი სამხრეთიდან, რომელიც დასავლეთით მთლიანად იყო გახსნილი. 1984 წელს ეკლესია მთლიანად გაიწმინდა მიწისა და ჩამონაშალი ქვებისგან. რამაც მკვლევარებს განსხვავებული დასკვნების გამოტანის საშუალება მისცა. გამოვლენილი მასალის საფუძველზე რ. გვერდწითელი ეკლესიისადმი მიძღვნილ ნაშრომში აღნიშნავს. რომ იგი არ არის სამეკლესიიანი ბაზილიკა და არც მისი სამხრეთ აღმოსავლეთ სათავსი წარმოადგენს ღია სამლოცველო - სასანთლეს. მისი თვალსაზრისით წვეროდაბალის ეკლესია არის დარბაზული ტიპის ეკლკლესია სამკვეთლოთი ჩრდილოეთიდან და გაურკვეველი დანიშნულების სათავსით (სავარაუდოდ იგი მას სანათლავად მიიჩნევს) სამხრეთიდან და გარშემოსავლელით მხოლოდ სამხრეთიდან და დასავლეთიდან. იგი ვარაუდობს, რომ ეკლესიის მშენებებიც განხორციელდა სამ ეტაპად: თავდაპირველად აიგო აღმოსავლეთ ფასადი – მთლიანად, მომდევნო ხანებში ეკლესიის სამი დანარჩენი კედელი, ბოლოს კი მინაშენები. სარესტავრაციო სამუშაოების დროს, მთავარი ეკლესიის კონქის თავზე არსებულ სამალავში აღმოჩნდა კრამიტის ნაწილი სამსტრიქონიანი ნუსხური წარწერით, რომელიც, ქ. სილოგავას აზრით, დაახლ. X - XI საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით არქეოლოგ. ნ. მამაიაშვილი ვარაუდობს, რომ ტაძარი X-XI საუკუნეებში, შეკეთების შემდეგ კრამიტით გადახურეს. ამავე ხანას მიაკუთვნებს იგი ეკლესიის სამხრეთით მდებარე გალავანის ნაშთს და ამ უკანასკნელის სამხრეთით შემორჩენილ ნაგებობის ნანგრევს და ფიქრობს, რომ სწორედ მაშინ მოხდა წვეროდაბალის დარბაზული ტიპის ეკლესიის სამეკლესიიან ბაზილიკად გადაკეთება. შენობის კედლები შიგნით და გარედან საგულდაგულოდაა გამოყვანილი სუფთად ნათალი მოყვითალო შირიმის კვადრებით, რომლებიც დაწყობილია წესიერ სწორხაზოვან რიგებად. მინაშენის სამხრეთ და დასავლეთ ფრთების კედლები ნაწყობი იყო, ადგილობრივი მთის ქანების მოზრდილი კვადრების სწორი რიგებით. ეკლესიის მთავარი სადგომი (შიგნითა ზომები: სიგრძე – 10.27 მეტრი, სიგანე – 3.74 მეტრი, კედლების სისქე –97-99 სმ) აღმოსავლეთით ღრმა, გეგმით ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდს აქვს ოდნავ დაგრძელებული ბოლოები, რომლებიც აფსიდის კუთხეებიდან 40-იოდე სმ-ის მანძილზე ერთმანეთის პარალელურია და მხოლოდ შემდგომ გადადიან მრუდხაზოვან მოხაზულობაში. საკურთხეველი დარბაზის მიმართ შემაღლებულია თლილი ქვით ნაწყობი სამი საფეხურით. აფსიდში გაჭრილია განიერი, პარალელურწირთხლებიანი სარკმელი. იგი ნალისებრი თაღითაა გადახურული და გარედან გაწყობილია ორი გრეხილი ლილვით შედგენილი ნალისებრი მოხაზულობის თავსართით, რომელსაც ბოლოებში  ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. აფსიდის კედელს, მთელ სიგრძეზე, დაბალი საფეხური გასდევს. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ. კედელზე, კუბური ფორმის ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი დასრულებულია შირიმის ნათალი ქვებით ნაწყობი კონქით. კონქის თაღი ნალისებრია. იგი საგულდაგულოდაა ნაწყობი და დაყრდნობილია მაღალ იმპოსტებზე, რომელთა პროფილს თარო და ოდნავ დახრილი წრეთარგი შეადგენს. კონქის თაღის ზემოთ, კამარის წვერამდე, ადის შვეული კედელი (ე.წ. შუბლი), რომლის უკან, კონქის თავზე არსებული სამალავია. სამალავში ასასვლელი ჩვეულებისამებრ აფსიდის კედლის სისქეში კი არ არის მოწყობილი, არამედ მას პატარა შესაძვრომი აქვს „შუბლის“ მხრიდან – სამხრეთ კიდეში. მთავარ ეკლესიას ორი შესასვხელი აქვს. დასავლეთიდან და სამხრეთიიდან. ორივე კარი გარედან ბრტელადაა გადახურული, შიგნით კი ნალისებრი თაღით. სამხრეთ შესასვლელის თავზე მოწყობილი ყოფილა ნახევარწრიული ლუნეტი (მოგვიანებით ამოუშენებიათ). დასავლეთ შესასვლელი გარედან ერთიმეორეზე დადებული ორი თხელი ქვითაა გადახურული. სამხრრეთ კედელში ორი პარალერურწირთხლებიანი სარკმელია (დასავლეთით მდებარე აღდგენილია), რომლებიც იმდენად მაღლა მდებარეობენ, რომ მათი თავი კამარის ქუსლის დონეზეა. დარბაზის კედლები სადაა. სამივეს მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს. შიგნით ეკლესია გადახურული იყო დადაბლებული პროპორციების კამარით (შემორჩენილი იყო ჩრდილოეთ ქუსლის ნაწილი და კვალი „შუბლზე“). ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში სწორკუთხა კარია. რომელიც საკურთხევლის ჩრდილოეთით მოწყობილ  განცალკევებულ სათავსში, სამკვეთლოში გადის. კარის დასავლეთ წირთლი სათივსის დასავლეთ კედელთან ერთ სიბრტყეშია. სათავსი უაფსიდოა აღმოსავლეთით იგი დასრულებულია სწორი კედლით, რომელზეც გამოყვანილია კუთხის პილასტრებზე დაყრდნობილი ნალისებრი თაღი.    აქვე სამხრეთ კედელში განიერი, ნიშაა. სამხრეთ - აღმოსავლეთ სათავსი სიგრძით ჩრდილო - აღმოსავლეთ სამკვეთლოს ტოლია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნალისებრი აფსიდით. მთავარი საკურთხევლის აფსიდის მსგავსი ბოლოებით. ძეგლის გაწმენდის შემდგომ გამოჩნდა კედლის ნაშთი – შესასქლელით შუაში, რომლითაც სათავსი მინაშენის დანარჩენი ნაწილისგან იყო გამიჯნული. ამ კედლის სამხრეთ ბოლო მინაშენისგარე კედელს წყობით უკავშირდება, ჩრდილოეთისა კი მთავარი ეკლესიის სამხრეთ კედელზეა მიყრდნჩნობილი.

 სამხრეთ მინაშენის დასავლეთ ნაწილი,  როგორც ჩანს, კარიბჭეს წარმოადგენდა – ორმალიანი თაღოვანი შესასვლელით სამხრეთიდან. კარიბჭის სამხრეთ კედელი დანგრეულია. შემორჩენილი ნაწილები ნაგებობის ძირითადი ნაწილისგან, როგორც საშენი მასალით, ისე წყობის ხასიათითაც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.  მინაშენი გადახურული იყო კამარით, რომლის ჩრდილოეთ ქუსლი მთავარი ეკლესიის კედლიდან გამოშვერილ კონსოლებს ეყრდნობოდა. მსგავსი კონსოლებია შემორჩენილი მთავარი ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზეც.

აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილი იყო დაკბლილული ლავგარდნის ორი ქვა, ხოლო ერთი ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხეში. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი გაწყობილია ნალისებრი თავსართით, რომელსაც ბოლოებში თარაზული გადანაკეცები აქვს. იგი შედგება ორმაგი გრეხილი ლილვისგან. რესტავრაციის დროს გაირკვა, რომ თავსართი ჩვეულებისამებრ სარკმლის გადამსერავ ქვაში კი არ არის გამოკვეთილი, არამედ მასზეა მიმაგრებული – ლურსმნებით.

ეკლესიის სამხრეთით, ხუთიოდ მეტრზე შემორჩენილია ზღუდის ნაშთი, მისგან სამხრით კი, დაახლოებით იმავე მანძილზე – ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით ნაგები შენობის ნაშთები –სამ რიგად, ერთი - მეორის გასწვრივ. განლაგებული სამ-სამი კვადრატული (1 მ * 1 მ) სვეტი.

1981 წელს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდის დროს, აღმოჩნდა ადრინდელი შუა საუკუნეების სტელა (დაცულია ჭერმის არქეოლოგიურ ბაზის საცავში), რიმელიც 1920 წელს  გ. ჩუბინაშვილის მიერ აღმოჩენილი სტელის ფრაგმენტის (სიმაღლე – 43 სმ, გვერდების სიგანე  - 29 სმ), 1971 წელს გადატანილ იქნა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში) მსგავსია. 1988 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. აღდგენილ იქნა მთავარი ეკლესიის კედლების დანგრეული ნაწილები, კამარა ლავგარდანი და გადახურვა, გამაგრდა გვერდის ეკლესიებისა და დასავლეთ გარშემოსავლელის შემორჩენილი კედლები.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის