ჭერემის ნაქალაქარი
galerea
aRwera
ნაქალაქარი, მდებარეობს გომბორის ქედის ცენტრალუ ნაწილში, სოფელ ჭერემის ტერიტორიასა და მის დასავლეთით მდებარე კლდოვან ბორცვზე, მდინარე ჭერმისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე. საისტორიო წყაროებში ქალაქ ჭერმის ლოკალიზაციის, ქრონოლოგიის, საეკლესიო კათედრის დაწესების, სპარსთა ლაშქრობისა და მისი მარშრუტის შესახებ დაცული ცნობები მნიშვნელოვნად შეავსო ნაქალაქარის არქეოლოგიოურმა გამოკლევამ, რომელსაც 1970 წლებიდან ათი წლის განმავლობაში ეწეოდა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია. შედეგად სოფლის ტერიტორიასა და მის შემოგარენში გამოვლინდა ქვის, ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაო - რკინის, ადრინდელი, განვითარებული და გვიანდელიშუა საუკუნეების ხანის ძეგლები. არქეოლოგიური ძეგლებიდან უძველესია სოფლის ტერიტორიაზე აკრეფილი ქვის ხანის კაჟის იარაღები, რომლებიც დიდ ფართობზეა მობნეული და კულტურულ ფენასთან არ არის დაკავშირებული. სოფლის განაპირას, კვირიკეს გორაზე, აღმოჩნდა გვიანდელი ენეოლითური ხანის ნამოსახლარის ნაშთები, რომლებიც ძირითადად სამეურნეო ორმოებითა და შენობათა ქვის კედლების ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. სოფლის დასავლეთით ადგილ საღანძილეში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფლის გარშემო და სოფლის აღმოსავლეთით, ე. წ. წვეროდაბლის ბორცვზე, გვიანდელი ბრინჯაო - რკინის ხანის არაერთი ნამოსახლარის და სამაროვნის არსებობა დაადასტურა. ამავე ტერიტორიაზე არის ძვ. წ. I ათასწლის I ნახევრის ძეგლებიც. დღევანდელი სოფლის ტერიტორიასა და წვეროდაბლის ბორცვზე, სადაც გორგასლისეული ქალაქ ჭერმის უბნების არსებობაა დადასტურებული, გამოვლინდა და შესწავლილი იქნა III-IV საუკუნეების ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი დასახლება და სამაროვანი. სამაროვანზე წარმოდგენილი მასალა მინის ჭურჭელი, მრავალრიცხოვანი და მრავალსახოვანი მძივები, სხვადასხვა სამკაული და მონეტები – აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის არსებობაზე მიუთითებს. ამ გზას უნდა გულისხმობდეს ჯუანშერი, როდესაც აღწერს სპარსეთის ლაშქრის მარშრუტს. სწორედ ამ გზამ შეუწყო ხელი ჭერმისა და ამ გზაზე მდებარე სხვა პუნქტების (ხორნაბუჯი, ველისციხე, უჯარმა) წინ წამოწევასა და გაქალაქებას. ამგვარად, როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ გორგასლამდე არსებობდა ქალაქი ჭერემი, რომელიც ვრცელ ტერიტორიაზე იყო გაშლილ და ერთმანეთისაგან დაშორებული ცალკეული უბნებისაგან შედგებოდა. მისი ერთ-ერთი უბანი დღევანდელი სოფლის ტერიტორიას მოიცავდა, სადაც მომდევნო საუკუნეებშიც ინტენსიური ცხოვრების კვალი ჩანს. „ქართლის ცხოვრების” (ჯუ-ანშერი) მიხედვით, ქალაქი ჭერემის აგება და იქ საეპისკოპოსოს დაარსება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით კი, ჭერემში გორგასლამდეც ყოფილა ქალაქი. ვახტანგს კი აქ ციხე „ქალაქი მაგარი” აუშენებია და საეპისკოპოსო დაუარსებია. ჯუანშერის ცნობით, ქალაქი ჭერემი ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ორი ეკლესიით იფარგლებოდა. თუ ჯუანშერი ქალაქ ჭერმის მხოლოდ ციტადელს გულისხმობდა, რომელიც ვახტანგის აგებულია, მაშინ ეს ეკლესიები შეიძლება იყოს წმ. გიორგისა და წმ. ბარბარეს ეკლესიები. მაგრამ თუ ჯუანშერთან ქალაქ ჭერმის ვრცელი ტერიტორიაა ნაგულისხმევი, მაშინ ერთი ეკლესიას შეიძლება წვეროდაბალი (წმ. გიორგის ეკლესია) იყოს, ხოლო მეორე მისი თანადროული მამა დავითის ეკლესია. დღევანდელი სოფლის ცენტრალურ ნაწილში საკათედრო ტაძრის გალავნის შიგნით, ტაძრიდან რამდენიმე ნაბიჯზე მდგარა პატარა, გუმბათიანი ნაგებობა. იგი 1924 წელს ანტირელიგიური კამპანიის დროს გაუნადგურებიათ. ეს იყო რიყის ქვით საგულდაგულოდ ნაშენი, გეგმით კვადრატული, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი, გუმბათიანი ნაგებობა. გ. ჩუბინაშვილის აზრით, აღნიშნული ნაგებობა უძველესი ქრისტიანული ძეგლია საქართველოში. სოფელ ჭერმის ტერიტორიაზე, საშუალო სკოლის მშენებლობის დროს გამოვლინდა III - VIII საუკუნეების სამაროვანი. ბორცვი, რომელზეც სამაროვანია განლაგებული, კლდის მასივს წარმოადგენს. იგი დაფარულია ძალიან თხელი ჰუმუსოვანი ფენით, რის გამოც სამარხები გამართულია კლდის ნაპრალებში და უბნებადაა წარმოდგენილი. ამჟამად სამარხების ოთხი უბანია გამოვლენილი. ოთხივე უბნის სამარხები კოლექტიური ქვის სამარხებია. გამონაკლისია ერთ-ერთ უბანზე გათხრილი ქვის ფილით გადახურული ოთხი ორმოსამარხი. სამაროვნის შესწავლით ცხადი გახდა, რომ ქალაქური ტიპის დასახლება აქ უკვე III საუკუნის II ნახიდან არსებულა. წერილობითი წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ გორგასლის მიერ აგებული „ქალაქი მაგარი” წვეროდაბლის ბორცვზე ყოფილა განლაგებული და რომ ძველი ქალაქი გორგასლის მიერ მის მახლობლად ციტადელის აგების შემდეგაც განაგრძობს არსებობას. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სოფლის განაპირა აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლენილ იქნა III – IV საუკუნეების მძლავრი ნამოსახლარი ბორცვი, რომელიც დღესაც წმინდა ადგილადაა მიჩნეული. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით აქ მდგარა წმ. მარინეს სახელობის პატარა ეკლესია რომლის შემორჩენილი კედლები 1934 თუ 1935 წელს დაუნგრევია ყუბანიდან ჩამოსახლებულ მჭედელს და გაზიდული ქვებით სახლი აუგია. გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ეკლესია დარბაზული ყოფილა (სიგრძე – 5.9 მ, სიგანე – 4 მ), ნახევარწრიული აფსიდით და შესასვლელით დასავლეთ მხრიდან. იგი ნაგები ყოფილა მოზრდილი ზომის თლილი ქვით. ნაეკლესიართან ადრინდელი შუა საუკუნეების ქვის სამარხებია გამოვლენილი. II-IV საუკუნეების ქალაქის ერთ - ერთ უბანს შეადგენდა აგრეთვე დღევანდელი სოფლის დასავლეთით 4 კმ-ზე მდებარე წვეროდაბლის ბორცვზე გამოვლენილი სამოსახლოც, რომელიც წარმოდგენილია კრამიტით გადახურული მკვიდრი ნაგებობების ნაშთებით. სავარაუდოა, რომ ამ დროს ქალაქის სხვა უბნებიც არსებობდა. წყაროების მიხედვით V საუკუნის II ნახევარში ხდება ჭერმის, ისევე როგორც აღმოსავლეთიდან მომავალ მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე (ჯუანშერის მიერ აღწერილი გზა) მდებარე, ეკონომიკური საფუძველზე აღმოცენებული ცენტრების (ხორნაბუჯი, ველისციხე, უჯარმა) ციხე-ქალაქებად – სტრატეგიულ პუნქტებად გადაქცევა, რაც განპირობებული იყო ამ პერიოდში სასანური ირანის აგრესიის გაძლიერებით. ეკონომიკური ცენტრების (ჭერემი, უჯარმა, ხორნაბუჯი) სტრატეგიულ პუნქტებად გადაქცევას თან სდევდა საეპისკოპოსო კათედრის დაფუძნება. საფიქრებელია, რომ საეპისკოპოსო კათედრის დაფუძნება, სხვა ფაქტორებთან ერთად, იდეოლოგიურ ფარსაც წარმოადგენდა მოზღვავებული მაზდეანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. საგარეო პირობებმა გამოიწვია კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და საეკლესიოი ცენტრის გადანაცვლება ველიდან მთისკენ, რაც აღმოსავლეთიდან მომავალ მნიშვნელოვან გზაზე მდებარე კახეთ - ჰერეთის ქალაქებისათვის საერთო მოვლენად ჩანს. წერილობითი წყაროების მიხედვით V საუკუნის II ნახევარში ვახტანგ გორგასალი ჭერემში, საეპისკოპოსოს დაარსებასთან ერთად აგებს ციხეს – სტრატეგიულ პუნქტს. ჭერმის ციხის აგებასთან ერთად, როგორც ჩანს, იქმნება მთელი მხარის გამაგრების სისტემაც. აქ ციხეებით ჩაკეტილია ყველა ხეობა, როგორც ალაზნის, ისე ივრის ველიდან. ქალაქ ჭერემსაც თავისი გამაგრების სისტემა ჰქონია. მაღლა ტაბაწვერის მთაზე, რომელიც ჩრდილოეთიდან გადმოჰყურებს ჭერემსა და მის მიდამოებს, გამოვლენილია კოშკის ნაშთი, რომელიც V საუკუნეს მიეკუთვნება.
როგორც არქეოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, V საუკუნეში ქალაქი ჭერემი, III –IV საუკუნეების ქალაქის მსგავსად, ერთიმერისაგან დაცილებული რამდენიმე უბნისაგან შედგებოდა. თითოეულ უბანს თავისი ეკლესია ჰქონდა. ქალაქ ჭერემის მრავალი უბნიდან. ზღუდე მხოლოდ გორგასლისეულ ციტადელს ჰქონია, რომელიც დღევანდელი სოფლის დასავლეთით, 4-5 კილომეტრზე, ეგრეთწოდებულ წვეროდაბალის ბორცვზე მდებარეობს. აქა-იქ შემორჩენილი კედლის მცირე ნაწილების მიხედვით, ციტადელის ზღუდე სწორკუთხოვანი ჩანს. ციტადელს მოკავებული ჰქონდა მოზრდილი ბორცვი, რომელიც დასავლეთ ნაწილში ღრმა ხევებით შემოფარგლული კლდოვანი კონცხით მთავრდებოდა; მასზე ციხე-დარბაზი იყო გაშენებული. კონცხი ჯერ კიდევ გვიანდელ ბრინჯაო - რკინის ხანაში თავდაცვითი თხრილით გამოყოფილ ნამოსახლარ ბორცვს წარმოადგენდა, ხოლო III - IV საუკუნეებში – საკმაოდ მოზრდილ, მძლავრ ნამოსახლარს. ციტადელის აღმოსავლეთ ნაწილში, შემაღლებაზე საკათერდო ტაძარი იდგა. საკათედრო ტაძარსა და ციხე-დარბაზს შორის მოქცეული ტერიტორია სასახლის კომპლექსს ეკავა. ციტადელის აღმოსავლეთ ნაწილს, აღმოსავლეთიდან გალავანი საზღვრავდა. გალავნის გრძელი კედელი ფიქსირებულია სამხრეთითაც, ჭერმის ხევის გასწვრივ. აქვე მიკვლეულია ერთმანეთის პარალელური ორი კედელი, სადაც უნდა ყოფილიყო ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭე. შეიმჩნევა ასევე ქვით მოგებული ნაგზაური. ციხე-დარბაზი ძირითადად ორი ფრთისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს მართი კუთხით ერთვიან. ორივე ფრთაში სათავსები ერთ რიგადაა განლაგებული. აღმოსავლეთ ფრთის შუაში ვიწრო დერეფანია, რომლის ორივე მხარეს ორ-ორი სათავსია განლაგებული. ჩრდილოეთ ფრთაში კი ორი სათავსი და ერთი დერეფანია. სათავსები ერთმანეთს თითო კარით უკავშირდებიან. გარდა ამისა, თითოეული მათგანი ეზოსთანაცაა დაკავშირებული. ციხე-დარბაზის ჩრდილოეთ ფრთა სწორ ადგილზეა აგებული, აღმოსავლეთისა კი სამხრეთისკენ ეშვება. ამის შესაბამისად, აღმოსავლეთ ფრთის სათავსების დამაკავშირებელი კარების ზღურბლში თითო საფეხურია გამოყვანილი. აღმოსავლეთ ფრთას სამხრეთიდან ბლაგვი კუთხით უერთდება დიდი ოთხკუთხა კოშკი, რომელსაც შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვს.
ციხე-დარბაზის ჩრდილო და აღმოსავლეთ კედლები ყრუა და გალავნის დანიშნულებას ასრულებს. ციხე-დარბაზი ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. ქვედა სართული სამეურნეო დანიშნულებისა ჩანს. ჩრდილოეთ ფრთის დასავლეთით მდებარე სათავსის ქვეშ მოწყობილია კამაროვანი სარდაფი, საიდანაც ხევში კიბეები ჩადიოდა, რაც წყალთან ჩამავალი გვირაბის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. ნაგებობა გადახურული ყოფილა წითელი წერნაქით დაფარული ღარისებრი და ბრტყელი კრამიტით. ნაგებობის კედლების (სისქე – 1.5 მ) შიდა და გარე მხრიდან ამოყვანილია მეტ-ნაკლებად თანაბარი დიდი ზომის თლილი ქვების ჰორიზონტალური წყობით ნაგები პერანგი, რომელთა შორის დარჩენილი არე შედარებით წვრილი ქვითა და კირის დუღაბითაა შევსებული. კუთხეებსა და ზღურბლებში ნახმარია გრძელი გათლილი ქვები. კედელზე ალაგ-ალაგ შეინიშნება შელესილობის კვალი. ციხე-დარბაზის ქვედა სართულს, რომელიც სამეურნეო დანიშნულების უნდა ყოფილიყო, სარკმლები არ ჰქონია. იატაკი თიხატკეპნილი ყოფილა. ციხე-დარბაზში შესასვლელს, რომეკლთანაც მისვლა ფლატის გასწერივ კლდეში გაჭრილი ვიწრო ბილიკით შეიძლება, სამხრეთ მხრიდან ოთხკუთხა კოშკი იცავდა. ციხე-დარბაზის აღმოსავლეთით, ბორცვის თხემი სასახლის კომპლექსში შემავალ ნაგებობათა ნანგრევებითაა მოფენილი. ციხე-დარბაზის მიმდებარე ნაწილი უკავია სამეურნეო დანიშნულების მოფილაქნებულ წრიულ ეზოს, რომელიც აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით განვითარებული შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. შესაძლებელია ფილაქანი და მოპირკეთებული ხაროები ციხე-დარბაზის თანადროული იყოს და ხელმეორედ განვითარებულ შუა საუკუნეებში გამოიყენეს. სამეურნეო ეზოს აღმოსავლეთით, ორმოცდაათიოდე მეტრზე, გამოვლინდა და გაიწმინდა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული დიდი ნაგებობა – სასახლე, რომელიც ისეთივე წყობითა და მასალითაა ნაგები, როგორითაც ციხე-დარბაზი. შენობის გეგმის სწორკუთხედში (30.5 მ * 15.7 მ-ზე) ჩაწერილია გვერდი გვერდ განლაგებული და ერთმანეთისგან ვიწრო დერეფნებით გამიჯნული სამი დარბაზი. სამივეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, რომელთაგან შუა ვიწროა, განაპირები კი – განიერი. დასავლეთით მდებარე დარბაზს (10.1 მ * 6.57 მ-ზე), შესასვლელის გარდა, კიდევ ორი კარი აქვს. ერთი კარი (სიგანე: 1მ) ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი, მას შევყავართ ჩრდილოეთით მდებარე გაურკვეველი დანიშნულების მქონე ვიწრო სათავსში (სიგრზე – 6.55 მ, სიგანე – 1.55 მ), რომელიც გაყოფილია ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ თანაბარ ნაწილად. მეორე კარი აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეშია. ამ უკანასკნელით დარბაზი უკავშირდება აღმოსავლეთით მდებარე ვიწრო და გრძელ (სიგრძე – 12.65 მ, სიგანე – 1.5მ) ყრუ დერეფანს.
შუა დარბაზის (10.5 მ * 5 მ-ზე), ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეში კარია (ამოშენებულია), რომელიც გადიოდა ჩრდლოეთით მდებარე, ორ ურთიერთდაკავშირებულ ნაწილად გაყოფილ დერეფანში (სიგრძე – 5 მ, სიგანე – 15მ); დერეფანი აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილი კარით დაკავშირებულია ვიწრო, გრძელ დერეფანთან (სიგრძე – 12.65 მ, სიგანე – 1.25 მ), რომელიც შუა და აღმოსავლეთით მდებარე დარბაზებს შორისაა და აღმოსავლეთ დარბაზს (12.65 მ * 7.25 მ-ზე) კარით უკავშირდება. ნაგებობა, როგორც ჩანს, ორ სართულიანი ყოფილა და მის ქვედა სართულს სამეურნეო დანიშნულება ჰქონია, რაზედაც თიხატკეპნილ იატაკში ჩაჭრილი სამეურნეო დანიშნულების ორმოები და მოზრდილი ჭურჭელი მიგვანიშნებს. სასახლის ტერიტორიაზე მშენებლობის სამი დონე შეინიშნება. ზედა, აღმოჩენილი კერამიკის მიხედვით, XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. ამ ფენიდან ორი გრძელი კედელია შემორჩენილი (მანძილი მათ შორის 7-8 მეტრია), რომლებიც იწყება სასახლის დასავლეთით მდებარე წრიული ეზოდან, მისი კარის აქეთ-იქით, მიემართება აღმოსავლეთისკენ, გადადის სასახლეზე და მიემართება წმ. ბარბარეს ეკლესიისკენ (სასახლის აღმოსავლეთ კედელთან კედლებს შორის მანძილი 3 მ-ია). XII-XIII საუკუნის კედლების ქვეშ V საუკუნის II ნახევრის ფენაა, მის ქვემოთ კი III-IV საუკუნეების ფენაც დასტურდება.
სასახლის აღმოსავლეთით სამოციოდე მეტრზე დგას წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია, იგი ისეთივე წყობითა და მასალითაა ნაგები, როგორითაც ციხე-დარბაზი და სასახლე. ნ. ჩუბინაშვილი მას V საუკუნის ბოლო მესამედის ძეგლად მიიჩნევს. ეკლესია დარბაზულია ზომებით 6.8 მ * 4.3 მ-ზე.
VIII -IX საუკუნეებში, როგორც ჩანს, ქალაქის ციტადელში ცხოვრების შესუსტების გამო, რაც 502 წლის სპარსთა ლაშქრობის შედეგად გამოწვეული ნგრევით უნდა ყოფილიყო განპირობებული, კათედრალი გადაიტანეს დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე, სადაც ქალაქის ერთ-ერთი უბანი იყო როგორც III-IV საუკუნეებში, ისე მომდევნო ხანაშიც. აქ VIII-IX საუკუნეებში საკათედრო ტაძარი და ეპისკოპოსის სასახლე აუგიათ. ქალაქ ჭერემის ერთ-ერთ უბანს შეადგენდა მამა დავითის ეკლესიის უბანი. გორგასლისეული ქალაქის უბანს უნდა წარმოადგენდეს აგრეთვე ჭერმის ციტადელიდან 2 კმ-ზე მდებარე ე. წ. უკან-უბანი. აქ გამოვლენილი შენობის კედლის ნანგრევები წყობის მიხედვით, სწორედ გორგასლისეულ ხანაზე მიანიშნებს.
ამგვარად, გორგასლის წინარე ეპოქის ქალაქში ორი უბანი მაინც არსებობდა, რომლის დასავლეთ ნაწილი შემდგომი დროის ციტადელის ტერიტორიაზე იყო განლაგებული, აღმოსავლეთ ნაწილი კი მისგან 4 - 5 კილომეტრით დაშორებულ დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობდა. გორგასლისეული ქალაქი უფრო გაზრდილია, იგი შედგება უკანუბნის, წვეროდაბლის, დღევანდელი სოფლის და მამა დავითის ეკლესიის უბნებისგან. არ არის გამორიცხული სხვა უბნების არსებობაც. ამ ადრექრისტიანული ხანის ქალაქის ყოველ უბანს თავისი ეკლესია გააჩნდა. უფრო გვიან VIII-IX საუკუნეებში და შემდგომ ჭერემი ძირითადად დღევანდელ სოფლის ტერიტორიაზე იყო კონცენტრირებული და მისი ისტორია საეპისკოპოსოს ისტორიასთანაა დაკავშირებული. დანარჩენი უბნები კი საჭერემლოში შემავალ ერთეულებს წარმოადგენდა. განვით, შუა საუკუნეებში ჭერმის ციტადელში მონასტერი იყო განთავსებული. ვახტანგ გორგასლისეული სასახლის ნანგრევებზე მონასტრის სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთებია გამოვლენილი. მათ შორისაა წრიული გალავნით შემოზღუდული, მოზრდილი ქვის ფილებით მოგებული სამეურნეო ეზო, რომლის დასავლეთ ნაწილში სამეურნერ დანიშნულების ნაგებობათა მთელი კომპლექსია – მარანი და მისგან ვიწრო მოფილაქნებული გზით გამოყოფილი ხაროებიანი სათავსი. რომლის დასავლეთით და სამხრეთით სხვა სათავსებია, ჩრდილოეთით კი – ორსაწნახლიანი მარანი.
მარინი გეგმით კვადრატულია, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში კირის ხსნარის სქელი ფენით მოლესილი საწნახლებია ჩაშენებული. მათ წინ მთელ სიგრძეზე ასევე მოლესილი თაროებია. უკეთაა შემონახული დასავლეთ საწნახელი და თარო. თაროს შუა ნაწილში თახჩაა. მასში დგამდნენ ჭურჭელს, რომელშიც ისხმებოდა საწნახლიდან თიხის მილით გადმონადენი ტკბილი. შემდეგ ამ ჭურჭლით ტკბილს იქვე მოთავსებულ ქვევრში ასხამდნენ. მარანში სამი ქვევრია შემორჩენილი, მარნის სამხრეთით, მოფილაქნებული გზის გადაღმა სამეურნეო დანიშნულების ხაროებიანი სათავსია. მის დასავლეთ კედელს მთელ.სიგრძეზე გასდევს თარო. ჩრდილოეთ, ნაწილში ორი სხვადასხვა ზომის ქვით მოპირკეთებული მსხლისებრი ხაროა. ასევე ქვითაა მოპირკეთებული შენობის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხესთან გარედან მიდგმული ხაროც. სამეურნეო ეზოს დასავლეთით მდებარე ტერიტორიაც სამეურნეო დანიშნულებისაა. აქ გამოვლინდა ქვით მოპირკეთებული მარცვლეულის შესანახი ორმო, დიდი ქვევრები, თონიანი სათავსი და სხვა. წვეროდაბალის ბორცვზე, წმ.გიორგის ეკლესიის სამხრით ქვის ნაგებობათა ნანგრევებია, რომლებიც შესაძლოა, ბერების საცხოვრებელი შენობების ნაშთს წარმოადგენდეს. ხოლო წმ. ბარბარეს ეკლესიასთან გამოვლენილი ქვის ფილით გადახურული ორმოსამარხები – მათ საფლავებს.
განათხარ ფართობზე მრავლად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (ძირითადად კერამიკა) განვითარებულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება (კერძოდ XII-XIII საუკუნეები) და მონასტერს ამავე ხანით ათარიღებს. მონასტერი მონღოლებს გაუნადგურებიათ. უფრო გვიანდელი დროის კვალი ციტადელის ტერიტორიაზე არ დადასტურებულა თუ არ ჩავთვლით წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის იატაკზე გამოვლენილ გვიანდელი შუა საუკუნეების დროინდელ ფიალას.
ჭერმის საეპისკოპოსო, სხვა საემისკომოსოებთან ერთად, ვახტანგ გორგასლის დროს დაარსდა. ჭერმის ეპისკოპოსი 506 წელს დვინის საეკლესიო კრების მონაწილეა. საქართველოს ერთიანობის ხანაში, ჭერმის ეპისკოვოსი 45 იერარქის წმ. დასის იერარქიულ მწკრივში 37-ეა.
ჭერემის საეპისკოპოსო მონღოლებს გაუპარტახებიათ. გიულდენშტედტის გადმოცემით ჭერემი შაჰ აბასსაც აუოხრებია. XVII-XVIII საუკუნეების საბუთებში მოხსენიებულნი არიან ჭერმელი ეპისკოპოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ გუჯრებს ან იყვნენ მოწმენი გადამწერნი ფიცისა და პირობის წიგნისა.
XVIII საუკუნის შუა ხანებში ჭერმის საეპისკოპოსო განლაგებული იყო ცივგომბორის ქედის ორივე მხარეს, შიდა კახეთში მას ეკავა ტერიტორია კონდოლიდან ვეჯინამდე, გარე კახეთში კი – მელაანიდან შიბლიანამდე.1757 წელს მეფე თეიმურაზ II-მ დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმების შედეგად გაპარტახებული ჭერმის საეპისკოპოსოს ეპარქიის მიწები ალავერდის, ბოდბისა და ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს დაუნაწილა.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის