ჭერემის წმინდა გიორგის ეკლესია
galerea
aRwera
წმ. გიორგის ეკლესია, დგას თანამედროვე სოფელ ჭერემის ცენტრში, საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთით, ორმოცდაათიოდე მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (12.1 * 7.3 მ-ზე), ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შენობის გარეთა კუთხეები გაცილებით მოზრდილი, მეტნაკლებად დამუშავებული ქვებითაა ამოყვანილი. გარედან კარ - სარკმელთა ღიობები გამოყვანილია შირიმისა და ქვიშა ქვის სუფთად ნათალი ქვებით. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ კარი (ამოქოლილია) სწორკუთხაა და გარედან საფეხურით შეღრმავებულ, ნახევარწრიული თაღით დასრულებულ არეშია ჩასმული. თაღის მალი შეღრმავების სიგანესთან შედარებით გაცილებით ნაკლებია და ქვიშაქვის იმპოსტებს ეყრდნობა, რომელთა პროფილს თარო, ლილვი და ოდნავშეზნექილი ზედაპირი შეადგენს (მსგავსი პროფილისაა ეკლესიის დანარჩენი იმპოსტებიც). შესასვლელი შიგნითაც სწორკუთხაა. მის თავზე მოწყობილია ნახევარწრიული ტიმპანი. დასავლეთ კარი, რომელიც მოგვიანებით ოდნავ დაუვიწროვებიათ, ორივე მხრიდან ხის მოზრდილი ძელებითაა გადახურული – თარაზულად.
ეკლესიის გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილია აღმოსავლეთ - დასავლეთ მიმართულებით ოდნავ წაგრძელებული დარბაზი და საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც დარბაზის იატაკის მიმართ დაახლოებით 30 სმ-ითაა შემაღლებული. აფსიდში ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული, ბრტყლად გადახურული სარკმელია. იგი გარედან ქვიშაქვის ერთ ქვაში გამოკვეთილი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. აფსიდში ხუთი სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ნიშაა. მათგან სამი სარკმლის ჩრდილოეთითაა, ერთი – სამხრეთით, ხოლო ერთიც – სარკმლის ქვემოთ. კონქის თაღი ნახევარწრიულია და დაყრდნობილია შირიმის იმპოსტებზე. კონქში რეზონატორებად ჩასმულია ოთხი პატარა ქვევრისებრი ჭურჭელი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომელთა განაპირა საფეხურებს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა, ხოლო წინას ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. პილასტრების ერთი წყვილი დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათზე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია გადაყვანილი. პილასტრები და საბჯენი თაღები ნათალი ქვითაა გამოყვანილი და დაყრდნობილია პროფილირებულ იმპოსტებზე. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სიერცეს კიდევ ოთხი სარკმელი აშუქებს. მათგან ორი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, ხოლო თითო-თითო – ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში. სამხრეთ და ჩრდილოეთ სარკმლები ორივე მხრიდან თაღოვანია. დასავლეთ სარკმელი, შიგნიდან ოთხკუთხაა – ზემოთკენ ოდნავ დავიწროებული, ხოლო გარედან – მრგვალი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში მოწყობილი ყოფილა ხის პატრონიკე (შემორჩენილია კოჭი, რომელიც დასავლეთ კედლზეა მიყრდნობილი). დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში, სარკმლის ჩრდილოეთით, კედელში ჩასმულია ქვევრისებრი ჭურჭელი. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. კლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, ჩასმულია ქვიშა ქვის მართკუთხა ქვა, რომელზეც ორსაფეხურიან პოსტამენტზე დაყრდნობილი მაღალი, რელიეფური ჯვარია გამოსახული. სარკმლის ქვემოთ მდებარე ლოდზე, შემორჩენილია სამსტრიქონიანი მხედრული წარწერის ნაშთები (სრული ტექსტის დადგენა არ ხერხდება). სამხრეთ შესასვლელის ზღუდარზე გამოსახულია პატარა რე-ლიეფური ჯვარი, რომელიც შეწყვილებული გრეხილით შემოფარგლულ ნახევარწრიულ არეშია მოქცეული. დასავლეთ ფასადზე სარკმლის ღიობი ოდნავ წაგრძელებულ ქვიშაქვის ბლოკშია გამოკვეთილი და ირგვლივ გრეხილი ლილვი ევლება. ამ ქვაზე დადგმულია (სიმაღლეზე) იმავე ზომისა და ფორმის ქვა ორსაფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ფასადები დასრულებულია თხელი ნატეხი ქვით ნაწყობი სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელსაც ფრონტონის კუთხეებთან ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს.
ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, დასავლეთ კედელზე დაშენებული ყოფილა პატარა სამრეკლო (შემორჩენილია საფუძველი). 2010 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისეროვნული სააგენტოს მიერ ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. გაკეთდა ქვის საფეხუროვანი ლავგარდანი, ეკლესია გადაიხურა კრამიტით.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის