კალაურის ნათლისმცემლის ეკლესია
galerea
aRwera
ნათლისმცემლის მონასტერი, მდებარეობს სოფელ კალაურის სამხრეთ - დასავლეთით ხუთიოდე კილომეტრზე, გომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყეში. სამონასტრო კომპლექსი განლაგებულია მთის ფერდობის ვაკე ადგილზე, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული. ჩრდილოეთ მხრიდან იგი ღრმა, ფლატეებიანი ხევითაა შემოსასღვრული, ხოლო აღმოსავლეთიდან ოცდაათიოდე მეტრის ციცაბო ფერდობით, რომელიც პატარა ტაფობზე ჩადის. სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სატრაპეზო, მარანი, საძვალე, კარიბჭე და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები. მონასტერი შემოფარგლული ყოფილა რიყის ქვით ნაშენი, არაწესიერი ფორმის გალავნით, რომლის ნაწილები თითქმის მთელ პერიმეტრზეა შემორჩენილი. მონასტრის მთავარი ნაგებობაა ნათლისმცემლის ეკლესია. იგი მოზრდილი, მოხდენილი და აზიდული პროპორციების სამეკლესიიანი ბაზილიკაა. ნაგებობის გეგმის სწორკუთხედში (19.7 მ * 13.95 მ-ზე) ჩაწერილია ყრუ კედლებით გამიჯნული და თითო კარით დაკავშირებული სამი სადგომი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ; ტაძრის დასავლეთ ნაწილში გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელი მოგრძო დერეფანია – გარშემოსავლელი, რომლის თავზე პატრონიკეა მოწყობილი. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია მთავარი ეკლესიის კამარა, საკურთხევლის კონქი, დასავლეთ გარშემოსავლელის და პატრონიკეს გადახურვა; მონგრეულია მთავარი ეკლესიის გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მთავარი ეკლესიის დასავლეთ გარშემოსავლელი და სამხრეთ ეკლესიის უმეტესი ნაწილი ჩამონაშალი ქვითაა ამოვსებული. ეკლესიის დასავლეთ კედელი გადახრილია დ აგადაქცევის პირასაა მისული. ეკლესია ნაგებია სწორ რიგებად დაწყობილი რიყის მოზრდილი ქვით. გამოყენებულია ასევე აგურიც, რომელიც მხოლოდ მთავარი ეკლესიის ზედა ნაწილებში და პატრონიკის კედლებშია გამოყენებული. აგურით ყოფილა ნაწყობიმ თავარი ეკლესიის კამარის საბჯენი თაღები, კონქი, გრძივი კედლების თაღები, მორთულობის ელემენტები და პატრონიკეს მნიშვნელოვანი ნაწილი. აგური მუქი წითელია, იგი თითქმის ერთი სისქისაა, მაგრამ სხვადასხვა ზომისა (29 სმ * 29 სმ * 7 სმ, 28 სმ * 28სმ * 7 სმ, 28 სმ * 27.5 სმ * 7 სმ, 28 სმ * 27 სმ * 7 სმ). გვხვდება ასევე ზომითა და მოყვანილობით გამოსაყენებელ ადგილებთან მისადაგებული აგურიც. შენობის ის ნაწილები, რომლებიც წყობის კომპაქტურობასა და სიზუსტეს საჭიროებს გამოყვანილია სუფთად ნათალი შირიმით. შუა ეკლესია ვრცელია და მაღალი, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის წინ მოკლე ბემაა. აფსიდი გადახურული იყო წესიერი ფორმის კონქით. შემორჩენილია კონქის ქუსლის წყობის რვა რიგი და მისი თაღის ჩრდილოეთ ქუსლის ნაწილი. იგი ნალისებრი ფორმისაა და დაყრდნობილია აგურის იმპოსტზე, რომლის პროფილს შეადგენს: თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. აფსიდის მხრები თავისებურადაა გადაწყვეტილი. საკურთხევლის იატაკიდან დაახლოებით 3.5 მ სიმაღლეზე მხრები „გატეხილია“. მისი ზედა ნაწილი ქვედას მიმართ დაახლ 20 სმ-ით გადმოშვერილია (როგორც ჩანს. აფსიდის თაღის მალის შემცირების მიზნით) და საფეხურს ქმნის, რომელიც აფსიდის კუთხეებიდან ღერძისაკენ თანდათან მცირდება და ქრება. აფსიდის კუთხეების ქვედა და ზედა ნაწილები განსხვავებული საშენი მასალითაა გამოყვანილი: ქვედა ნახევარში კუთხეები შირიმის ქვისაა, ზედა ნახევარში კი აგურის. მოგვიანებით საკურთხეველი აუმაღლებიათ (დაახლოებით 0.5 მ-ით), ხოლო აფსიდის კედლის გასწორების მიზნით, აფსიდის გვერებზე (საფეხურის ქვემოთ), მიუშენებიათ აგურის ნატეხებით (სისქე – 7 სმ) ნაწყობი თხელი ფენა, რომელშიც მოუწყვიათ თითო განიერი, ოდნავ შეისრულთაღოვანი ნიშა. მათგან სამხრეთისა მთლიანადაა შემორჩენილი, ჩრდილოეთისა კი სანახევროდ. სამხრეთ ნიშაში, თაღის წვერთან მოჩანს აფსიდის თავდაპირველ კედელში მოწყობილი მცირე სწორკუთხა ნიშა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია შირიმის ქვით მოპირკეთებული მაღალი და ფართო, თაღოვანი სარკმელი, რომელსაც გადახურვა და გვერდების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილი აქვს. საკურთხეველში, სარკმლის წინ, შემორჩენილია აგურის ტრაპეზის ნანგრევი, ხოლო აფსიდის ჩრდილოეთ კუთხესთან – აგურისავე კანკელის (გვიანდელია) მცირე ნაწილი. აფსიდს ევლება განიერი ხარიხი, რომლის შუაში, სარკმლის ქვემოთ გამოყვანილია მონასტრის წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. აფსიდის ბოლოების მსგავსადაა დანაწევრებული ბემის კედლებიც. აქაც, იმავე დონეზე, კედლის სიგანის 2/3-ზე, საფეხურია შექმნილი, რომლის ქვემოთ კედელი რიყის ქვისაა, ზემოთ – აგურის. კედელი დასრულებულია აგურისავე იმპოსტით, რომელზეც დაყრდნობილი იყო საბჯენი თაღი. მოგვიანებით ბემის ჩრდილოეთ კედელი გაუნგრევიათ და გაუკეთებიათ სამკვეთლოში გასასვლელი სწორკუთხა კარი.
მთავარ ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი შიგნით თაღოვანია, ხოლო გარედან მოზრდილი ქვიშაქვის ზღუდარით თარაზულადაა გადახურული. ამჟამად სამხრეთის კარის სღუდარი და მის ზემოთ რიყის ქვის წყობის ნაწილი ჩამოშლილია. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კიდეებში შირიმითა და რიყის ქვით ამოყვანილი თითო მძლავრი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა (შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ საბჯენი თაღის ჩრდილოეთ ნახევარი). პილასტრებს შორის თითო ყრუ თაღია, მათ დასაყრდნობად დასავლეთ პილასტრებს, იატაკიდან 2.5 მ სიმაღლეზე, მოწყობილი აქვთ II საფეხური. მსგავსი საფეხურების კვალი შუა პილასტრების გვერდებზეცაა. მთავარი ეკლესიის კამარა რიყის ქვით ყოფილა ნაგები. მთავარ ეკლესიას, საკურთხევლის სარკმლის გარდა, როგორც ჩანს, სამხრეთ კედელში მოწყობილი კიდევ ორი სარკმელიც აშუქებდა. ამჟამად სარკმლების სავარაუდო ადგილზე კედელი დანგრეულია და მათი კვალი არ ჩანს. განათების დამატებით წყაროს ქმნიდა დასავლეთ კედელში მოწყობილი სამი ფართო და მაღალი თაღოვანი ღიობი, რომლებიც დასავლეთ კარიბჭის II სართულზე, პატრონიკეში, გადიან. ორი მათგანი პატრონიკის იატაკიდან 0.6 მ სიმაღლეზეა, ხოლო III მათ ზემოთაა, ღიობების გამმიჯნავი სწორკუთხა ბოძის თავზე. სამივე ღიობი და ბოძი მთლიანად აგურითაა გამოყვანილი, ღიობები გადახურულია ნალისებრი თაღით წვერში უმნიშვნელო ტეხილით. ქვედა ღიობების თაღები დაყრდნობილია ერთრიგად დალაგებული აგურით გამოყვანილ იმპოსტებზე, რომელთა პროფილი დანარჩენი იმპოსტების ანალოგიურია. ზედა ღიობის თაღის იმპოსტები იმავე პროფილისაა და აგურის ორი რიგისგან შედგება. მოგვიანებით ზედა და ჩრდილოეთ ღიობი სანახევროდ აგურით ამოუშენებიათ. ეკლესიის აფსიდში და აქა-იქ კედლებზე შემორჩენილია ნალესობის ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი ფენა. მთავარი ეკლესიის დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილის მიწისა და ნანგრევებისგან გაწმენდის შედეგად გამოჩნდა კირის ხსნარით მოლესილი იატაკი. სამკვეთლო გეგმით სწორკუთხაა, გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ერთადერთი შესასვლელი მას დასავლეთ კედელში, ჩრდილოეთ ეკლესიიდან აქვს. კარი თაღოვანია და მთლიანად რიყის ქვითაა გამოყვანილი. მეორე, მოგვიანებით გაჭრილი კარი, რომელიც მას საკურთხეველთან აკავშირებს, სამკვეთლოს იატაკიდან 0.3 მ-ის სიმაღლეზეა. იგი გაცილებით ვიწროა და დაბალი. მისი წირთხლები, საკმაოდ დაუდევრად, ძირითადად კრამიტისა და აგურის ნატეხებითაა ამოყვანილი. სამკვეთლო განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი ვიწრო სარკმლით, რომელსაც მხოლოდ სამხრეთ წირთხლის მცირე ნაწილიღა შემორჩა. სათავსის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან მოწყობილია ფართო და მაღალი, ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშა, რელიც, როგორც ჩანს, მოგვიანებითაა გაფართოებული. მისი აღმოსავლეთ კუთხე, თითქმის მთელ სიმაღლეზე, შირიმისაა,ხოლო თაღი და დასავლეთ კუთხე რიყის ქვისა და ნაწილობრივ ნატეხი აგურის. სამხრეთ ეკლესია ერთიანი, ცილინდრული კამარით გადახურული ვიწრო და გრძელი სივრცეა, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდში გაჭრილია ნახევარწრიულთაღიანი ვიწრო სარკმელი, რომელიც მთლიანად შირიმით ყოფილა გამოყვანილი. აფსიდი გადახურულია კონქით, კონქის თაღი ნახევარწრიულია, ჩრდილოეთით თაღი ეყრდნობა შირიმის მარტივპროფილიან იმპოსტს, რომლის პროფილს თარო და ოდნავ შეზნექილი მრუდი შეადგენს. თაღის სამხრეთ ქუსლი აფსიდის კუთხის ზედა ნაწილთან ერთად ჩამოშლილია.
სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო სამმალიანი თაღოვანი შესასვლელი. თაღები რიყის ქვით ყოფილა ნაწყობი და გადაყვანილი იყო ორ რვაწახნაგა ბოძზე. თაღებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ თაღის აღმოსავლეთ ქუსლის წყობის სამი ქვა და შირიმის იმპოსტის მცირე ნაწილია შემორჩენილი. მოგვიანებით, ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში აუგიათ რიყის ქვის განივი კედელი – ვიწრო შესასვლელით შუაში (შემორჩენილია 20-25 სმ სიმაღლეზე) და ეკლესიის ეს ნაწილი დანარჩენი სივრცისგან გაუმიჯნავთ. სამხრეთ ეკლესიის კამარის შუა ნაწილი ჩამოშლილია. დასავლეთით კამარა ეყრდნობა მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე მდებარე საბჯენ თაღს, რომელიც შირიმის კონსოლებზეა გადაყვანილი. ჩრდილოეთ ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც მოწყობილია სამკვეთლოს შესასვლელი. ჩრდილოეთიდან ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს. თაღები გამოყვანილია თხელი, მოგრძო რიყის ქვებით და დაყრდნობილია შირიმის პროფილირებულ, მაღალ იმპოსტებზე. მოგვიანებით ორივე შესასვლელი ამოუშენებიათ. სადგომის დასავლეთ ბოლოში, მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე, შირიმის მარტივი პროფილის კაპიტელით დასრულებული ორი მძლავრი პილასტრია (გვიანდელია), რომლებზეც გადაყვანილია ნახევარწრიული საბჯენი თაღი. თაღის ზემოთ, კამარამდე, კედელია აყვანილი. ეს კონსტრუქცია ჩრდილოეთ ეკლესიის სივრცეს დასავლეთ კარიბჯისგან გამოყოფს. უფრო გვიან ჩრდილოეთ ეკლესიის შუაში აუგიათ განივი კედელი (შემორჩენილია ფრაგმენტები). რომლითაც სივრცე ერთმანეთთან კარით დაკავშირებულ ორ ნაწილად გაუყვიათ. ჩრდილოეთ ეკლესიის კამარაც ნახევაწრიულია, საბჯენი თადების გარეშე.
დასავლეთით სამივე ეკლესიას აკრავს ორსართულიანი კარიბჯე, რომელსაც ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი აქვს დასიდან. კარიბჭის I სართული მიწითა და ქვით თითქმის მთლიანადაა ამოვსებული და მისი თავდაპირველი არქიტექტურული გადაწყვეტა, გასუფთავების გარეშე არ ირკვევა. როგორც ეს შემორჩენილი ნაშთებით შეიძლება ვიფიქროთ, სართული გადახურული ყოფილა ერთიანი კამარით, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ეკლესიების კამარებს მართი კუთხით კვეთდა ისე, რომ მათ შეხვედრის ადგილზე დიაგონალური ნაკერი (მცირე ნაწილი შემორჩენილია სამხრეთ - დასავლეთ კუთხეში) იქმნებოდა. კარიბჭის I სართული, მთავარი ეკლესიის გრძივი კედლების ხაზზე მოწყობილი პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით (გვიანდელია), სამ ნაწილად იყო გაყოფილი. თუ როგორ ადიოდნენ კარიბჯის II სართულზე არ ჩანს, თუმცა შეიძლება დავუშვათ, რომ პატრონიკეზე ასასვლელი ღიობი კარიბჭის ჩრდილოეთ ნაწილის კამარაში იქნებოდა მოწყობილი. კარიბჭის II სართული – პტრონიკე, სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც თითო ვიწრო, ნალისებრთაღოვანი გასასვლელით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. პატრონიკეს შუა ნაწილი (ფართობი დაახლოებით 8 კვ.მ) გეგმით თითქმის კვადრატულია და გვერდით ნაწილებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია. მთავარი ეკლესიის სივრცეში იგი გახსნილი იყო სამი ფართო, მაღალი ნალისებრთაღოვანი ღიობით. განათებული იყო დასავლეთ კედელის ღერძზე გაჭრილი განიერი ნალისებრი თაღით გადახურული სარკმლით, რომელიც მთლიანად აგურითაა გამოყვანილი. აგურისავე ყოფილა კამარა, მისი ღერძი მთავარი ეკლესიის გრძივი ღერძის გაგრძელებაზეა. დასავლეთით კამარა დასრულებული იყო კონქით (შემორჩენილია მცირე ნაწილი), რომლის ნახევარწრიული საფუძველი შექმნილია კუთხეებში მოწყობილი ორი ტრომპით. გარედან კონქი შემოფარგლულია სამწახნაგით, რომელსაც დამოუკიდებელი გადახურვა ჰქონია.
პატრონიკეს გვერდის ნაწილებიდან სამხრეთისას დაახლოებით 0.8 მ სიმაღლეზე მხოლოდ დასავლეთ კედელიღა შემორჩა, ჩრდილოეთ ნაწილშს კი დასავლეთ კედელთან ერთად – აღმოსავლეთ კედლის ნაწილიც რომელიც მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზეა და ეყრდნობა ჩრდილოეთ ეკლესიის დასავლეთ კიდეში აგებულ საბჯენ თაღს. პატრონიკეს განაპირა ნაწილები გადახურული იყო ცილინდრული კამარით, რომელთა კვალი პატრონიკეს შუა ნაწილის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელებს შემორჩათ. ეკლესიის გარეგანი ფორმები მკაფიოდ ასახავს სივრცის შინაგან სტრუქტურას. შენობის აღმოსავლეთ ფასადი ბაზილიკური ნაგებობების ტიპური აბრისითაა წარმოდგენილი – მაღალ და ორფერდა სახურავით დასრულებული შუაეკლესიის კედლის სიბრტყეს ორივე მხრიდან ერთვის შედარებით დაბალი და ცალფერდა სახურავებით დასრულებული გვერდის ეკლესიების კედლის სიბრტყეები. ფასადის ღერძზე საკურთხევლის სარკმლის თავზე მცირედ შეღრმავებული სწორკუთხა არეა, რომელსაც ზემოდან და გვერდებზე ჩარჩოსავით ევლება კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი აგურებით გამოყვანილი თავსართი ჰორიზონტალური გადანაკეცებით ბოლოებში. სარკმელი გადახურული იყო შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი ნახევარწრიული თაღით. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის თითქმის მთელ სიგანეზე გამოყვანილია ნალისებრი ყრუ თაღი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი დგას ლოდებით ნაწყობ ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასახები ფორმათა აღნაგობით ერთმანეთის ანალოგიურია. ფასადის ქვედა, გვერდითი ნავების საფეხურით წინ წამოწეული ნაწილი, დასავლეთით, კოშკისებრად მაღლდებოდა და ფრონტონით იყო დასრულებული. სამხრეთ ფასადზე მთავარი ნავის კედელი ლეკალური აგურით გამოყვანილი შეწყვილებული ლილვებით იყო მორთული (შემორჩენილია ლილვების ნაშთები). ლილვები ეყრდნობა აგურის ერთრიგიან შრეს, რომელიც ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს; ამ შრის ქვემოთ მოჩანს ნალესობით გამოყვანილი დაახლოებით 20 სმ სიმაღლის,ზოლი, რომლის ძირთან იწყება გვერდის ნავის სახურავი. ჩრდილოეთ ფასადიც მნიშენელოვანი დანაკარგებითაა შემორჩენილი. მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლიდან აქაც, მხოლოდ მცირე ნაწილიღა მოჩანს. იგი, როგორც ჩანს, სამხრეთ კედლის მსგავსად ყრუ თაღებით იყო გაფორმებული. ჩრდილოეთ ეკლესიის კედელი მთელ სიმაღლეზე დგას. კედელის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია ლავგარდნის დაახლოებით 1.6 მ სიგრძის მონაკვეთი, რომელიც შედგება თარაზულად დალაგებული და ერთიმეორის მიმართ გამოშვერილი თხელი ქვების ოთხი რიგისგან. ლავგარდანი დასავლეთ კარიბჭის საზღვართან წყდება. ამ ადგილას პატრონიკეს ჩრდილოეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი, რომელიც ლავგარდნის მიმართ დაახლოებით 25-30 სმ-ითაა შემაღლებული.
დასავლეთ ფასადი განიერი და მაღალი ყრუ სიბრტყეა, იგი შუა ნაწილში შემაღლებულია პატრონიკეს ცენტრალური ნაწილის კედლის სიბრტყით, რომლის ზედა ნახევარი სამწახნაგოვანია. ფასადის ღერძზე ქვედა ნაწილში, დასავლეთ კარიბჭის ვიწრო თაღოვანი შესასვლელია, კედლის შემაღლებულ ნაწილში კი – პატრონიკეს სარკმელი. სარკმელი გადახურული ყოფილა შირიმის ქვაში (შემორჩენილია მცირე ნაწილი) გამოკვეთილი თაღით, რომელსაც რელიეფური თავსართი (ძლიერ დაზიანებულია) ჰქონდა. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის კომბინირებული წყობით. ეკლესია აშკარად ატარებს ფორმათა ძიებისა და მხატვრული გამომსახველობის ზრდის ნიშნებს. კომპოზიციური ჩანაფიქრითა და ხუროთმოძღვრული ფორმების აგების თვალსაზრისით იგი ამ ტიპის ნაგებობების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.
ეკლესიის კედლების წყობაში ორი ძირითადი ნაწილი გამოიყოფა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხავებული საშენი მასალითაა ნაწყობი. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთისგან ქრონოლოგიურადაც განსხვავდებიან. შენობის ქვედა ნაწილის კომპოზიციაში, რომელიც მოიცავს მთავარი ეკლესიის ქვედა ნახევარს – საკურთხევლის აფსიდში არსებულ საფეხურამდე, გვერდით ეკლესიებს და დასავლეთ გარშემოსავლელს, სახეზეა ისეთი სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც მას VI-VII სს-ის ძეგლებთან აახლოვებს, ხოლო ზედა ნაწილი, ინტერიერისა და ფასადების გაფორმების ელემენტებით და არქიტექტურული ფორმებით, მომდევნო პერიოდის, სახელდობრ, IX ს-ის ძეგლებს უკავშირდება. ამრიგად შესაძლოა გამოითქვას ვარაუდი, რომ ეკლესიის აგებიდან გარკვეული დროის შემდეგ რაღაც მიზეზით (დაზიანების ან მონასტრის ზრდის გამო), მან საფუძვლიანი გადაკეთება განიცადა.
ჩრდოეთიდან ეკლესიას ეკვრის მთლიანად რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის (3.1 მ * 2.43 მ-ზე) ნახევარწრიულაფსიდიანი სამლოცველო, რომლისგანაც შემორჩენილია აფსიდის ჩრდილოეთ გვერდი კონქთან ერთად, საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლის მცირე ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარი.
სამლოცველოს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია სწორკუთხა ტრაპეზი. გარედან კედლები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდნით, სამლოცველო გადახურული ყოფილა კრამიტის ცალფერდა სახურავით.
სატრაპეზო, დგას ეკლესიის დასავლეთით ოციოდე მ-ზე. განეკუთვნება IX საუკუნეს, ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების დიდი ნაწილი 5-6 მ სიმაღლეზეღა დგას, ნაწილი – 1-1.5 მ სიმაღლეზე, ნაწილი მთლიანად დანგრეულია; კედლებზე ამოსულია ხეები და ბუჩქები, იატაკი მიწითა და ნანგრევებითაა დაფარული, რის გამოც ნაგებობის თავდაპირველი ფორმებისა და გვიანდელი სახეცვლილებების შესახებ დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. კედლების ზედაპირი შიგნით და გარეთ გასწორებული ყოფილა ბათქაშით, რომელიც მხოლოდ აქა-იქღაა შემორჩენილი. ნაგებობა სამხრიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (24 მ * 11.5 მ-ზე), შედგება ორი სათავსისგან. ჩრდილოეთით მდებარე სათავსი „დარბაზი“ უფრო დიდია (ფართობი დაახლოებით - 120 კვ.მ), სამხრეთისა კი ორჯერ უფრო პატარა; სათავსები ერთმანეთთან გამიჯნულია სქელი კედლით, რომელშიც მოწყობილია ორი მაღალი და განიერი, ოდნავ შეისრულთაღოვანი ღიობი. მოგვიანებით აღმოსავლეთით მდებარე ღიობი აგურით ამოუშენებიათ და დაბალი სწორკუთხა გასასვლელი მოუწყვიათ. იმავე ზომისა და მოხაზულობის ორ-ორი ყრუ თაღია დარბაზის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშიც. დასავლეთ თაღებს შორის მაღალი და განიერი ოდნავ შეისრული თაღია, რომელიც დარბაზის მხრიდან ორსაფეხურიანია. იგი დაყრდნობილია შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილ მარტივპროფილიან იმპოსტებზე და გაფორმებულია პატარა, ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნახევარწრიული თაღების უწყვეტი მწკრივით (შემორჩენილია ნაწილი). დეკორატიულადაა აქცენტირებული წირთხლების წინა საფეხურიც, რომელიც სამი შეჯგუფებული ლილვისგან შედგება. ამ თაღით დარბაზი დაკავშირებულია პატარა განცალკევებულ სათავსთან, რომელიც შენობის დასავლეთ კედლის ხაზიდან მთლიანად გარეთაა გასული და დამოუკიდებელი ორფერდა სახურავი ხურავს. სათავსი გეგმით თითქმის კვადრატულია (შიდა ზომები: 3 მ * 2.5 მ-ზე) გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით, რომლის მთელი ზედაპირი დამუშავებულია წყობაში ოდნავ შეღრმავებული და ერთმანეთზე მიყრდნობილი რომბებით. კამარა დასავლეთით დაყრდნობილია კედლის მიმდებარე საბჯენ თაღზე, თაღი მომრგვალებულ პილასტრებზე (ამჟამად ორივე მონგრეულია). თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის მაღალი იმპოსტები, რომელთა პროფილს თარო და ოდნავ შეზნექილი ზედაპირი ქმნის. დასავლეთ კედლის ღერძზე, ქვემოთ, განთავსებულია ორი საფეხურით შეღრმავებული და სამფრთიანი თაღით გადახურული ნიშა, ამ ნიშის ზემოთ ყოფილა თაღოვანი სარკმელი, რომლის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ოთახის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ღერძზე ოდნავ შეისრულთაღიანი თითო ნიშაა განთავსებული. კონსტრუქციის მდგრადობის მიზნით სათავსის კედლები დარბაზის კედლებთან დაკავშირებული ყოფილა წყობაში დატანებული ხის ძელებით, რომლეთა ანაბეჭდი შემორჩენილია როგორც დარბაზის დასავლეთ კედელში, ისე სათავსის გარეგან კედლებშიც. დარბაზის აღმოსავლეთ კედლის ბოლოებთან თითო დაბალი და ოდნავ შეღრმავებული ყრუ თაღია. თაღებს შორის თითქმის მათივე სიმაღლისა და სიღრმის სწორკუთხა არეა, რომელშიც სატრაპეზოს მთავარი შესასვლელია მოწყობილი, თვით თაღებში კი – თითო განიერი და ბრტყლად გადახურული სარკმელი (ორივე ამოშენებულია). თითო მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია ჩრდილოეთ კედლის თაღებშიც. მათგან დასავლეთით მდებარე სარკმლისგან მხოლოდ წირთხლებიღა შემორჩა; ამ სარკმლის ქვემოთ, როგორც ჩანს, ადრე დარბაზზე ჩრდილოეთიდან მიშენებულ ნაგებობაში, სავარაუდოთ მარანში, გასასვლელი კარი ყოფილა, რომელიც მოგვიანებით გაუუქმებიათ და მის ნაცვლად ბუხარი მოუწყვიათ.
დარბაზს ბრტყელი გადახურვა ჰქონია. გადახურვა გამართული ყოფილა ხის უზარმაზარ კოჭებზე (გრძივ კედლებზე შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები). ჩრდილოეთ კედლზე გარედან შემორჩენილი კვალის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ დარბაზი თავდაპირველად ერთ სართულიანი ყოფილა და ორფერდა სახურავით იყო გადახურული. მოგვიანებით დარბაზის თავზე მოუწყვიათ II სართული, რომელზეც აღმოსავლეთ კედელზე გარედან მიშენებული ქვის კიბით (შემორჩენილია ნაწილი) ადიოდნენ. სამხრით მდებარე სათავსი ბეგმით თითქმის კვადრატულია (შიდა ზომები: 9 მ * 6.7 მ-ზე). სათავსის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია გარეთ ნახევარწრიულად გამოშვერილი მოზრდილი ბუხარი (შე-მორჩენილია ნაწილი). სამხრეთ კედელის აღმოსავლეთ კიდესთან ვიწრო კარია (ამოშენებულია), ხოლო დასავლეთ ნაწილში – მაღალი სწორკუთხა ნიშა, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია (ამოშენებულია) მოწყობილი. სათავსის დასავლეთ კედელი ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. სათავსის შუაში შემორჩა რიყის და ნატეხი ქვით ნაგები კვადრათტული ბოძი (სიმ. 2 მ), რომელსაც, როგორც ჩანს გადახურვის ხის კოჭები ეყრდნობოდა. ოთახის შემორჩენილი კედლებიდან ჩანს, რომ იგი დარბაზზე უფრო დაბალი ყოფილა და ცალფერდა სახურავი ეხურა.
გარედან სატრაპეზოს კედლები ნაწყობია რიყის ქვითა და პირგასწორებული ნატეხი ქვით, ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთისაა გაფორმებული; ფასადის შუაში მოწყობილია განიერი და მაღალი, კედლის სიბრტყიდან საგრძნობლად გამოშვერილი პორტალი, რომელსაც, როგორც ჩანს, ორფერდა სახურავი ეხურა. თვით შესასვლელი ოდნავ შეისრული თაღითაა გადახურული, რომლის ზემოთ გამოსახულია წყობაში შეღრმავებული ტოლმკლავა ჯვარი. საგანგებოდაა გაფორმებული პორტალის ნახევარწრიული თაღი, რელიც დამუშავებულია მოზრდილი, ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნალისებრი თაღების რიგით. თაღი დაყრდნობილია შირიმის პროფილირებულ იმპოსტებზე, იმპოსტები კი – სამი შეჯგუფებული ლილვით შექმნილ სვეტზე (შემორჩენილია ნაწილი). პორტალის ორივე მხარეს ოდნავ შეისრული თაღით დასრულებული, განიერი და მაღალი თითო შეღრმავებაა, რომელშიც დარბაზის შესაბამისი სარკმლები გამოდის
სატრაპეზოს ჩრდიოეთიდან ეკვროდა მოზრდილი ნაგებობა (17.8 მ * 10.2 მ-ზე), რომლის აღმოსავლეთ კედელი სატრაპეზოს აღმოსავლეთ კედლის ხაზიდან ოდნავ სიღრმეშია შესული, ხოლო დასავლეთის კედელი სატრაპეზოს დასავლეთ კედლის ხაზზეა. სადგომს შესასვლელი ჰქონია აღმოსავლეთიდან (შემორჩენილია ორივე წირთხლის მცირე ნაწილი, რომლებიც შირიმითაა გამოყვანილი). ინტერიერი დაფარულია ნანგრევებითა და ხშირი მცენარეულობით, რის გამოცმისი გეგმარების დადგენა ამჟამად არ ხერხდება. ეკლესიის ჩრდილოეთით, ეზოს მთელ სიგრძეზე, ჩანს ნაგებობათა კედლების ნაშთები. ეკლესიის სამხრეთით ოციოდ მეტრზე შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები კარიბჯის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ნაწილები, ხოლო აღმოსავლეთით, თითქმის იმავე მანძილზე, სანახევროდ მიწაში ჩაფლული კამაროვანი საძვალეა (შიდა ზომები: 3.2 მ * 2.8 მ-ზე). იგი მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები და კრამიტის ორფერდა სახურავი ხურავდა. მიცვალებულის შესასვენებლად საძვალის დასავლეთ კედელში მოწყობილია კვადრატული ხვრელობი, რომელზეც გარედან ქვის ფილაა მიფარებული, ხვრელობის ქვემოთ მიცვალებულის დასასვენებელი ტახტია. ამჟამად აკლდამაში მოხვედრა კამარის აღმოსავლეთ კიდეში წარმოქმნილი ვიწრო ხვრელობით შეიძლება.
მონასტრის დასავლეთით, 60-70 მ-ზე, ღელესთან ახლოს, შემორჩენილია ქვიტკირის კედლის ნაწილი (მიახლოებითი ზომები: სიგრძე – 8 მ, სიმაღლე – 5 მ, სისქე – 0.9 მ), რომელიც შესაძლოა მონასტრამდე წყლის მისაყვანად იყო განკუთვნილი. 2007 წელს ეკლესიაზე ჩატარდა არქეოლოგიური და გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროს შესაძლებელი გახდა ინტერიერის ინტერიერის ნაწილობრივი გაწმენდა. მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთ ნახევრის გაწმენდის შემდგომ (ფენის სისქე – 1.6-1.8 მ), საკურთხევლის წინ გაითხარა ამოშენებულკედლებიანი სამარხი, რომელიც მდებარეობდა იატაკის დონიდან 0.5 მ სიღრმეზე. სამარხის კედლები შელესილი იყო დუღაბით, სახურავი შედგებოდა ქვი-შაქვის სამი ფილისგან, რომელთაგან შუა და აღმოსავლეთით მდებარე ფილა ჩამტვრეული იყო. სამარხის ფსკერი თიხის სქელი ფენით იყო მოსწორებული. სამარხის სამხრეთ ნახევარში დასვენებული იყო ქალი (ჩონჩხის სიგრზე – 1.5 მ), ასაკი ანთროპოლოგ ვლ. ასლანიშვილის დასკვნით – 45-50 წელი). სამარხში ინვენტარი არ დადასტურებულა, სტრატიგრაფიული მონაცემების საფუძველზე, იგი სავარაუდოდ IX საუკუნეში უნდა ყოფილიყო მოწყობილი. გაწმენდის შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ძირითადად წარმოდგენილია სუფრის, საოჯახო, სამზარეულო და სამშენებლო კერამიკით. ნანგრევების ფენაში არცერთი მოჭიქული ნიმუში არ აღმოჩენილა. აღსანიშნავია წერნაქით შეღებილი, წითელკეციანი ჯამების ფრაგმენტები, რომლებიც გვიანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება. სამშენებლო კერამიკა წარმოდგენილია აგურითა და ორი სახის (ღარიანი და გვერდებაკეცილი) კრამიტით. ღარიანი კრამიტის (40 სმ * 20 სმ-ზე, 40 სმ * 15 სმ-ზე) ზოგიერთნი მუშზე ამოკაწრულია კლაკნილი ხაზები ან გამოყვანილია დიაგონალურად ურთიერთგადამკვეთი რელიეფური ხაზები. ბრტყელი გვერდება კეცილი კრამიტებდან ზოგიერთზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ამავე ჯვრის ორკაპა ბოლოებზე, ქვედა მკლავის ძირში გამოსახულია მთავრული ასო “ა”, ზოგიერთ ბრტყელ კრამიტზე კი ქარაგმიანი ორი მთავრული ასო, “ტ, ბ”.
სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმართულ სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების დროს სავარაუდოდ, კვირიკე დიდის სამარხი გამოვლინდა.
ეკლესიის სამხრეთის მინაშენის საკურთხევლის აბსიდის წინ აღმოჩენილ საფლავზე, რომელიც ნათალი ქვითაა ნაშენი, ვრცელი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი, რომელშიც გარკვევით იხსენიება რანთა და კახთა მეფე კვირიკე.
სააგენტოს სპეციალისტები დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ სამარხი, სწორედ კვირიკე დიდის განსასვენებელი უნდა იყოს.