ჭერემის მამადავითის ეკლესია
galerea
aRwera
მამა დავითის ეკლესია, დგას სოფელ ჭერემის დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე. ძეგლი განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს. ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა, სამმხრივი გარშემოსავლელით (14 მ * 11 მ-ზე). მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ, ხოლო დასავლეთისა – გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელ დერეფანს. ჩრდილოეთ ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია უაფსიდო, გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელიც მხოლოდ მთავარ ეკლესიას უკავშირდებოდა. შენობა ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული, ოდნავ წაგრძელებული ქვიშაქვის კვადრების თარაზული წყობით – მცირე დუღაბზე. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული, კერძოდ: თითქმის მთლიანადაა დანგრეული გვერდითი ეკლესიები და მათი დამაკავშირებელი დასავლეთ დერეფანი. მთავარი ეკლესიიდან მთელ სიმაღლეზე მხოლოდ აფსიდია შემორჩენილი; სამხრეთ - დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები კი 2.5 - 3 მეტრის სიმაღლეზეღა დგანან. შუა ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი მოხაზულობის აფსიდით, რომელშიც პარალელურ წირთხლებიანი, ნალისებრი თაღით გადახურული მაღალი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის თაღი, ისევე, როგორც წირთხლები შირიმითაა გამოყვანილი. აფსიდის კედელს ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის თაღი და წყობის უმეტესი ნაწილი შირიმის ნათალი ქვისაა. კონქის თაღი ნალისებრი მოხაზულობისაა. იგი დაყრდნობილია შირიმისავე იმპოსტებზე, რომელთა პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. თაღის ზემოთ აყვანილია მაღალი შვეული კედელი, ე. წ. „შუბლი“, რომლის უკან, კონქის თავზე, მოწყობილი ყოფილა სამალავი. მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ კარი შიგნიდან შირიმის ნათალი ქვითნაწყობი ნალისებრი თაღითაა დასრულებული, გარედან კი თარაზულად ყოფილა გადახურული (ზღუდარი და წყობა მის ზემოთ ჩამოშლილია). დასავლეთ კარს გადახურვა ჩამოშლილი აქვს. მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ბრტყლად გადახურული კარია, რომელიც ჩრდილო - აღმოსავლეთ სათავსში გადის. იგი ეკლესიის ძირითად კორპუსს წყობით უკავშირდება. სათავსიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. მათგან აღმოსავლეთ კედელზე განიერი ნიშის ნაშთია, რომელიც, როგორც ჩანს, აფსიდის ფუნქციას ასრულებდა; სათავსის სამხრეთ კედელში მოწყობილია მაღალი ღრმა ნიშა. ჩრდილოეთ ეკლესიიდან საძირკველიღაა შემორჩენილი. სამხრეთ ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით (შემორჩენილია 1.5 -1.8 მ სიმაღლეზე), რომლის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ კედელში, როგორც შემორჩენილი წყვილი კვადრატული ბურჯის მიხედვით ჩანს, მოწყობილი იყო სამმალიანი შესასვლელი. გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელ დერეფანს შესასელელი დასავლეთიდან აქვს, რომელიც შენობის ღერძიდან სამხრეთითაა გადაადგილებული. ეკლესიას დაკბილული ლავგარდანი ჰქონია (შემორჩენილია ფრაგმენტები).
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის