იჯარეთის სამრეკლო და ეკლესია


galerea



aRwera

დაბა ადიგენის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე კმ-ში მდებარეობს სოფელი იჯარეთი. სოფლის განაპირას, მცირე ხევის მარცხენა მხარეს დგას ეკლესიის ნაშთი და ძალიან საინტერესო სამრეკლო. ეს უკანასკნელი თავისი ტიპის ნაგებობებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში. ეკლესიიდან ფაქტიურად აღარაფერი შემორჩა, გარდა საკურთხევლის კედლისა, ისიც დუღაბის სახით. სამწუხაროდ, არც სამრეკლომ მოაღწია უნაკლოდ - მეორე სართული (ფანჩატური) მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული, რომელის აღმოსავლეთ ფასადის მორთულობა ქართული ქვაზე კვეთის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

ფასდაუდებელი ცნობა აქვს დატოვებული გიორგი ბოჭორიძეს. დაახლოებით საუკუნის წინ, როცა მან მოინახულა იჯარეთი, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ეკლესიის სამხრეთ მინაშენის გარჩევა. ასევე შემორჩენილი იყო სამრეკლოს ფანჩატურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი - ორი სვეტი კამარით, რომლებიც შემკული ყოფილა გრეხილი ჩუქურთმით და ერთი რომბით.

სამრეკლოს პირველი სართული წარმოადგენს კვადრატული ფორმის ნაგებობას (4x4 მ). ამჟამადპერანგი მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზეა, რომელიც კარგად გათლილი ნაცრისფერი კვადრებითაა ამოყვანილი. დანარჩენ მხარეს მხოლოდ დუღაბია დარჩენილი.აღმოსავლეთ სარკმლის საპირე ქვები ნატიფად შესრულებული ჩუქურთმითაა შემკული, მას ზემოდან ორმაგლილვიანი თაღი შემოუყვება, რომელიც ასევე ორმაგი ლილვით შექმნილ სვეტებს ეყრდნობა. თაღსა და სარკმელს შორის კიდევ ერთი დეკორატიული ელემენტია - ე.წ. კოპი, რომელიც ძალიან დაზიანებულია.

სამხრეთი ფასადი, საიდანაც შიგნით შესასვლელია გაჭრილი, ნაწილობრივ მიწით არის დაფარული. შესაბამისად, ინტერიერში ნაგებობის ძირიდან შესასვლელის დონემდე შექმნილია სიმაღლის სხვაობა. ამიტომ ამ სხვაობის დასაძლევად იქვე გაკეთებულია ხის კიბე, რომლის საშუალებითაც ქვემოთ ჩავდივართ. შიგნიდან პერანგი მთლიანად შენარჩუნებულია. ყველა კედელზე თაღებია, რომლებიც მძლავრ იმპოსტებს ეყრდნობა. ზედა კუთხეებში თაღებს შორის სივრცე აფრებს უჭირავთ. ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილში ნუსხური წარწერაა.

ფაქტია, რომ სამრეკლოს პირველ სართულზე სამლოცველო იქნებოდა,რისი მაგალითებიც სამცხეში მრავლადაა - ხეოთში, საფარაში (წმ. მარინეს სამლოცველო), ზარზმაში (წმ. იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო). მართალია ზარზმის სამრეკლოს პირველი სართული თავიდან კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა 1577 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ გასასვლელები ამოაშენეს და ეკლესიად აქციეს. აქვე აღსანიშნავია, რომ ხეოთში და საფარაში აღნიშნული სამლოცვლეოების ქვემოთ კრიპთა-სამარხებია, შესაბამისად სრულიად დასაშვებია მსგავსი სამარხის არსებობა იჯარეთშიც.

საუკუნეების მანძილზე, ისევე როგორც ძეგლთა უმეტესობა, იჯარეთის სამრეკლოც იქნებოდა დანგრეულ - რესტავრირებული. ეს შეიძლება ითქვას მეორე სართულზე (პირველი სართული პირვანდელი სახითაა მოღწეული). სავარაუდოდ, გარკვეული მიზეზით დანგრეული ფანჩატური აღადგინეს XV-XVI საუკუნეებში. ამ ვარაუდს გვაფიქრებინებს შემდეგი ფაქტი: იქვე, დასავლეთ კედელთან დევს რამდენიმე სვეტის ქვა, რომლებიც თავიანთი ფორმითწარმოადგენენ სამრეკლოს ფანჩატურის სვეტებს. მათზე არსებული რელიეფური გამოსახულებები შესრულების მანერით ანალოგიურია ხეოთის სამრეკლოს ფანჩატურის სვეტებზე გამოკვერთილი რელიეფებისა. გარდა ამისა, ხეოთის სვეტებზე ვხვდებით გრეხილ ჩუქურთმებს და რომბებს, ისეთივეს, როგორიც ჯერ კიდევ გიორგი ბოჭორიძეს უნახავს ასი წლის წინ იჯარეთში. ვინაიდან ხეოთის სამრეკლო დათარიღებულია XV-XVI საუკუნეებით, სრულიად დასაშვებია, რომ იჯარეთის სამრეკლოს ფანჩატურიც ამ პერიოდში აღედგინათ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სამცხის ისტორიის ეს პერიოდი საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, ადვილად დასაშვებია, რომ სამრეკლოს აგების დროინდელი ქვები აღდგენისას აღარც არსებობდა და საჭირო გახდა ფანჩატურის თავიდან აშენება XV-XVI საუკუნეების ოსტატის მიერ.

იჯარეთის სამრეკლო ვ. ბერიძის მიერ დათარიღებულია XIII ს-ის შუა წლებით. მეცნიერთა ერთი ნაწილი (შ. საღარაძე) მიიჩნევს, რომ საქართველოში უძველესია გუდარეხის სამრეკლო, რომელიც 1278 წლით თარიღდება. ჩვენ უპირატესობას პირველს მივანიჭებთ, რისთვისაც მოკრძალებულ არგუმენტსაც მოვიყვანთ. როგროც ზემოთ აღვნიშნეთ, სამრეკლოს დანგრეული მეორე სართული XV-XVI საუკუნეებში აღადგინეს. დანგრევის მიზეზი კი დიდი ალბათობით შეიძლება გამხდარიყო საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი 1275 წელს მომხდარი სამცხის დამანგრეველი მიწისძვრა. აქედან გამომდინარე, იჯარეთში სამრეკლო უფრო ადრეა აშენებული, ვიდრე გუდარეხში.

ამრიგად, იჯარეთის სამრეკლო ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ტიპის ნაგებობებს შორის. ის ყველაზე ძველი სამრეკლოა საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ სარკმლის მორთულობა იშვიათი სინატიფით არის შესრულებული. ძეგლი ძალიან ახლოსაა რაიონულ ცენტრთან, საიდანაც ბოლომდე მიდის კეთილმოწყობილი გზა, შესაბამისად იქ მოხვედრა ძალიან ადვილია. 

 

ინფორმაცია მოამზადა არჩილ მაისურაძემ
ფოტოები: არჩილ მაისურაძის