ვაჩნაძიანის სამება
galerea
aRwera
სამების ეკლესია, მდებარეობს სოფლების ვაჩნაძიანისა და კალაურის მიდამოებში, შვიდიოდე კილომეტრის მანძილზე, მაღალი მთის წვერზე (ზღვის დოჩიდან 1000 მ), ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, ორასიოდე მეტრზე. ეკლესია ღრმა ხევის პირასაა აგებული. დროთა განმავლობაში ხევის ნაპირი ჩაშლილა, რის გამოც ეკლესიის აღმოსავლეთ ბოლო ქარაფზეა გადაკიდებული. ეკლესია დარბაზულია (5.6 მ * 3.8 მ-ზე). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და დიდი ზომის მეტნაკლებად დამუშავებული შირიმის ქვით. კუთხეები ძირითადად გამოყვანილია დიდი ზომის შირიმის გათლილი კვადრებით. გარედან კედლის ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი გასწორებულია ბათქაშით, ხოლო შიგნით მთლიანად შელესილია. ტაძრის შესასვლელი დასავლეთიდანაა. იგი კედლის ღერძიდან ოდნავ სამხრეთითაა გადაადგილებული. კარი გარედან გადახურულია აგურით ნაწყობი ნახევარწრიული თაღით, შიგნით კი სწორკუთხაა. შესასვლელის წინ, ფასადის გასწვრივ, ქვით ნაშენი, დაახლ. 1.5 მეტრი სიმაღლის და 1 მეტრი სიგანის ბაქანია, რომელსაც სამხრეთ ბოლოში მოწყობილი აქვს ოთხსაფეხურიანი კიბე.
ეკლესიის დარბაზი გეგმით კვადრატულია (2.5 მ * 2.5 მ-ზე). აღმოსავლეთიდან მას ერთვის ღრმა ნალისებრი აფსიდი, რომელიც დარბაზისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი და ორი პატარა კვადრატული ნიშაა – სამხრეთ და ჩრდილოეთ გვერდებში. ერთი პატარა სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში. საკურთხევლისა და დარბაზის იატაკი ერთ დონეზეა. აფსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. დასავლეთ კედელს საფეხური გასდევს. შიგნით ეკლესია გადა-ხურულია არაწესიერი ნახევარწრიული სხმული კამარით. ეკლესია მოხატულია. მხატვრობა სტილისტურად უკავშირდება პოსტბიზანტიურ ეპოქას, კერძოდ XVI საუკუნის ეგრეთწოდებულ „ხალხური მხატვრობის” მიმდევართა
დიდ ჯგუფს რომლებსაც ვხვდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის კახეთშიც. მხატვრობის ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში, კამარის ორივე გვერდზე, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე. მოხატულობა დაყოფილია ორ რეგისტრად (რეგისტრის მოწითალო - ყავისფერი ხაზის კვალი შეიმჩნევა კამარის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელზე). საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ქრისტეს დიდება, გაირჩევა: მაცხოვრის ტანსაცმლის ნაწილი, მარჯვვენა ფეხი, ტეტრამორფის თუ ექვსფრთედის ფრაგმენტი; ქრისტეს მარცხნივ და მარჯენივ მთელი ტანით გამოსახული, ორი მთავარანგელოზი. ქვემოთ ეკლესიის მამები იყვნენ წარმოდგენილნი. სარკმლის ჩრდილოეთით ერთი ფიგურა გაირჩევა, რომლის სახე ფრონტალურადაა გამოსახული, ხოლო მისი სხეული – სამი მეოთხედით ჩანს. მას ორივე ხელით დახურული წიგნი უჭირავს. მხატვრობას ქვემოთ შემოუყვებოდა ორნამენტის ზოლი (არ არის შემორჩენილი). ასევე მცენარეული ორნანენტი ამკობდა სატრიუმფო თაღს (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კუთხეში). დარბაზის აღმოსავლეთით, კამარის სამხრეთ გვერდზე წარმოდგენილია უფლის შობა, დასავლეთით – ნათლისღება; კამარის ჩრდილოეთ გვერდის დასავლეთით – ჯვარცმა. აღმოსავლეთით, საკურთხევლისკენ შებრუნებული, ვედრების ნიშნად ხელაპყრობილი, ფიგურა, თანმხლები ნუსხური წარწერის მიხედვით – „სერებლი“. როგორც ჩანს, ეს მთავარანგელოზი სალათელია, ავადმყოფობისგან განმკურნებელი და ღმერთისთვის ხალხის მავედრებელი.
ქვემოთ, ჩრდილოეთ კედელზე შემონახულია წმ. მეომრის თავი და წელზედა ნაწილი. პოზის მიხედვითიგი ცხენზეა ამხედრებული და სავარაუდოდ გველეშაპს გმირავს. დასავლეთ კედლის, სამხრეთ მონაკვეთზე, ზემოთ, ისევე როგორც კონქში, წარმოდგენილია უფლის დიდება. ტახტზე მჯდომარე ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ მისკენ შებრუნებული, თაყვანისცემის ნიშნად ხელაპყრობილი ორი ანგელოზი დგას. ერთ-ერთი ანგელოზის უკეთ შემონახული გამოსახულების მიხედვით ჩანს, რომ ორივე ანგელოზს სფერო და დახვეული გრაგნილი უჭირავს. იქვე დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე მთელი ტანით გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომელიც მიბრნებულია მისკენ მიმართული, ხელაპყრობილი მთავარანგელოზისკენ. ყრმა ერთი ხელით აკურთხებს, მეორეში კი გრაგნილი უჭირავს. კომპოზიციის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს: პირველი, რომ ეს არის ნაკლებად გავრცელებული რედაქციის მიხედვით შესრულებული ხარება; მეორე, რომ ეს არის ღვთისმშობლის დიდება, ადგილის სიმცირის გამო წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მთავარანგელოზის თანხლებით. ამავე კედელზე, ქვემოთ, გამოსახულია წმ. მეომრის ფრონტალური ფიგურა (სავადაუდოდ წმ. თევდორე). მოხატულობის იკონოგრაფიაში ხაზგასმულია როგორც ქრისტეს, ისე ღვთისმშობლის დიდების ამსახველი თემები. ღვთისმშობლის შარავანდს დასავლეთ კედელზე და ფონს ამავე სცენაში, აგრეთვე ჯვარცმაში, ამკობს უთუოდ სიმბოლური დატვირთვის მქონე ყვავილის (სავარაუდოდ გვირილა) სქემატურად შესრულებული მოტივი. თავისებურია მხატვრობის საერთო აგებულება: გამოსახულებები ერთ სასურათე სიბრტყეზეარიან განლაგებულნი – გამყოფი ვერტიკალური ხაზების გარეშე. გამოსახულებათა ზედა და ქვედა რიგები რეგისტრის ხაზით მკაფიოდ არ არის განცალკევებული. ასე, მაგალითად დასავლეთ კედელზე, მეომრის შარავანდი ებჯინება და თითქმის კვეთს კიდეც რეგისტრის ხაზს. ლაკონიურია ცალკეულ კომპოზიციათა გადაწყვეტა, შემცირებულია მონაწილეთა და პეიზაჟის ელემენტების რაოდენობა (შობა, ნათლისღება). 1945 წელს გადაღებულ ფოტოზე შობის სცენაში ჩანს დაბალი მთაგრეხილები და ცხენოსანი – წმ. მეომრის ახლოს. სტატიკურ ფიგურათა ჟესტიკულაცია თავშეკავებულია. ხშირად მათ ვედრების თუ თაყვანისცემის გამოსახატავად ხელები აქვთ აპყრობილი. განწყობა გადმოცემულია თვალების, გუგების და წარბების ვარირებით. სახეთა გამომეტყველება უმთავრესად უშუალოა. მოხატულობის შესრულების მანერა გრაფიკულია და მეტად გამარტივებული, ამავე დროს, ძლიერ იგრძნობა ორნამენტულ - დეკორატიული საწყისის უპირატესობა. კოლორიტი აგებულია ძირითადად ოქროსფერი ოქრას, მონაცრისფრო-ცისფრის, აგურისფერი თუ მოვარდისფრო წითლის და მოწითალო - ყავისფრის შეხამებით. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ღიობი შედგება ვერტიკალურად განლაგებული და ერთმანეთზე გადაბმული სამი წრისგან, რომლებიც შირიმის ერთ ქვაში არის გამოკვეთილი. სარკმელს ირგვლივ ევლება ჩაკვეთით გამოყვანილი ნახევარწრიულთავიანი ჩარჩო. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, ფრონტონის ფუძის დონეზე, წყობაში ჩასმულია შირიმის მოზრდილი, კვადრატული ფილა, რომელზეც ფონის ჩაღრმავებით გამოსახულია რელიეფური ჯვარი. კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის პროფილირებული (თარო და დახრილი სიბრტყე) ლავგარდნით (შემორჩენილი იყო აღმოსავლეთ ფასადზე). ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით.
1999-2000 წლებში ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოები. ეკლესიის კონსტრუქციის გამაგრების მიზნით, კედლების ქვეშ მოეწყო რკინა - ბეტონის საძირკველი; საპირე წყობის ჩამოცვენილი ქვები დაუბრუნდა თავის პირვანდელ ადგილს, ხოლო მორყეულები გამაგრდა; ბზარები შეივსო კირის ხსნარით; აღდგა შირიმის ლავგარდანი; ეკლესია გადაიხურა კრამიტით და ფასადის წინ აღდგა კიბე; გრძივი კედლების გასწვრივ მოეწყო რიყის ბრტყელი ქვებისა და კირის დუღაბის სარინელი, ეკლესიის კლდეზე გადაკიდებული ნაწილის ირგვლივ კი გაკეთდა შემოსავლელი.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის