ვაჩნაძიანის ყველაწმინდა


galerea



aRwera

ყველაწმინდის მონასტერი, მდებარეობს სოფლების ვაჩნაძიანისა და კალაურის მიდამოებში, ტყეში. მონასტრამდე მისასვლელი ძველი გზა სოფელ კალაურიდანაა. ამ გზით მონასტრამდე ექვსიოდე კილომეტრია. სამეცნიერო ლიტერატურაში ძეგლი ცნობილია „ვაჩნაძიანის ყველაწმინდის” სახელწოდებით. მონასტერი წარმოადგენს კომპლექსს, რომელშიც შედის ორი ეკლესია, დიდი გუმბათოვანი ეკლესია, რომლის სახელსაც მონასტერი ატარებს და მასთან ახლოს მდგარი სამეკლესიიანი ბასილიკა, წმინდა გიორგის სახელობის. გუმბათოვან ეკლესიას გარს ევლებოდა გალავანი, აგურით ნაშენი გვიანდელი კარიბჭით დასავლეთის მხარეს გალავნის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხეში, მიჯრით მდგარი ორი მოზრდილი სამონასტრო ნაგებობაა. ერთი მათგანი, რომლის კედლებში ბევრი ნიშაა, როგორც ჩანს, სატრაპეზო უნდა ყოფილიყო. გალავანთან სამხრეთ - აღმოსავლეთით პატარა შენობაა, ხოლო სამხრეთით გეგმით კვადრტული ნაგებობა.  ბაზლიკური ეკლესიის ჩრდილო - აღმოსავლეთით ასევე რაღაც სათავსია. გარდა ამისა, სხვადასხვა ადგილებზე შეიმჩნევა ნაგებობათა ნაშთები. ბაზილიკური ეკლესიის ჩრდილო - დასავლეთით, ოდნავ ქვემოთ, ღარტაფში, მონასტრის წყაროა, რომელიც გადახურულია წნელის ქარგილზე ჩამოსხმული კამარით. 

VIII-IX სს-ის მიჯნითაა დათარიღებული მონასტრის მთავარი ნაგებობა ყველაწმინდის გუმბათოვანი ეკლესია. რომელიც გარდამავალი ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაღალმხატვრული ძეგლია. ტაძრის არქიტექტურული სახე ბაზილიკისა და ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის ფორმათა ორგანული შერწყმის და მათი შემოქმედებითი გადამუშავების შედეგია. ამ ძირითადი ელემენტების შეერთებით ჩამოყალიბდა ნაგებობის ის ტიპი, რომელსაც „კუპელჰალე“ ეწოდა. ნაგებობის ძირითადი სივრცე წარმოადგენს დიდ, წაგრძელებული ფორმის დარბაზს, რომლის ცენტრალური ნაწილზე აღმართულია კედლების შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათი. დარბაზის ორივე მხარეს განლაგებულია ორ აბზაცად დაყოფილი გვერდითი ნავები, რომელთა აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილია საკურთხეველთან დაკავშირებული პატარა სათავსები – სამკვეთლო და სადიაკვნე. ამ. სათავსების დასავლეთით განლაგებული აფსიდით დასრულებული სადგომები, გვერდითი ეკლესიები. ორივე ერთმანეთთან დაკავშირებულია დასავლეთ გარშემოსავლელით, რომლის შუა ნაწილი გაფართოებულია და ელესიის შესასვლელის წინ წარმოქმნის კვადრატს. გვერდითი ნავების თავზე მოწყობილია პატრონიკე, დაკაეშირებული მთავარი ეკლესიის სივრცესთან. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, გამოყენებულია შირიმიც. რიყის ქვითაა ნაშენი კედლები, კამარების ნაწილი, კონქები. აგრისაა ცალკეული მალების თაღები, ტრომპები, კამარები, ზოგიერთი სარკმლის თაღი, გუმბათი ყელთან ერთად. აგური სხვადასხვა ზომისა. თავდაპირველი მსხვილი კალიბრისაა (34/35 სმ * 22 სმ * 6/7 სმ, 34 სმ * 24 /23 სმ * 7 სმ, 35 სმ * 23 სმ * 6 სმ), შეკეთების დროს, გამოყენებული აგური კი კვადტულია (22 სმ * 22 სმ * 6/7 სმ). კუთხეების, სარკმლების, შესასვლელების, გამოსაყვანად გამოყენებულია მოთეთრო - მორუხო შირიმი. ამავე მასალითაა მოპირკეთებული გუმბათი. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შელესილი ყოფილა. მოგვინებით ეკლესია კვლავ შეულესავთ და მოუხატავთ (მხატვრობის ნაშთები შეიმჩნევა მთავარი ეკლესიის სამრეთ- დასავლეთ  კედლებზე). მთავარი ეკლესიის აფსიდი გეგმით ნახევარწრიულია, კონქის თაღი კი ნალისებრი, კვერცხისებრი მოხაზულობის შემაღლებით. აფსიდი დასრულებულია რიყის ქვით ნაგები კონქით. რიყის ქვისაა კორქის თაღიც. იგი დაყრდნობილია ჩვეულებრივი ფორმის (თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე) შირიმის კაპიტელებზე. საკურთხილის აფსიდში სამი სარკმელია, რომლებიც გადის საკურთხევლის სამწახნაგოვანი შვერილის ღერძებზე. გარედან სამივე შირიმითაა გამოყვანილი, ერთი ქვაში გამოკვეთილი ნალისებრი თავით. აფსიდს ირგვლივ ევლება მაღალი საფეხური, რომლის შუა ცენტრალური სარკმლის ქვემოთ, მოწყობილია მონასტრის წინამძღვრის დასაჯდომი ტახტი, სპეციალური საიდაყვეებით გვერდებზე. აფსიდის წინ ბემაა. მისი კამარა ნალისებრია. კამარის ქუსლის დონეზე გამოყოფილია ქვის იმპოსტები რომლებიც ბემის კედლებს მთელ სიგანეზე გასდევს. ბემის ქვედა ნაწილში, აფსიდის საზღვართან, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში გასასვლელად მოწყობილია თითო ვიწრო ნალისებრთაღიანი ღიობი. ორივეს აღმოსავლეთ წირთხლში თითო ნიშა აქვს. ბემის შუაში დგას შედარებით გვიანდელი ტრაპეზი. შუა ეკლესიის დანარჩენი სივრცე გაყოფილია სამ ნაწილად. მათგან აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში მოწყობილია სწორკუთხა გეგმის მაღალი ნიშები – ექსედრები. ისინი დასრულებულია კონქებით, რომელთა თაღები ნალისებრი ფორმისაა, პატარა კვერცხისებრი შემაღლებით. კონქის ნახევარწრიულ საფუძველზე გადასვლა ხდება კუთხეებში მოწყობილი ორ-ორი ტრომპით, რომლებიც აგურითაა ნაწყობი და წესიერი კონქის ფორმა აქვს. აღმოსავლეთ ექსედრების შუაში, სამხრეთით და ჩრდილოეთით, გადის თითო კარი (მოგვიანებით დავიწროებული); მათ თავზე, მთავარი ეკლესიის მხრიდან, მოჩანს აგურით ნაწყობი ბრტყელი თაღი. გვერდის ნავების მხრიდან კი შესასვლელები გადახურულია მთლიანი ქვის ზღუდარით. ექსედრების აღმოსავლეთ კედელში იატაკიდან 1.4 მ სიმაღლეზე, მოწყობილია თითო პატარა ნიშა. გუმბათქვეშა სივრცის საზხღვარზე შემორჩენილია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით ნაგები კანკელი, აღსავლის კარით შუაში. ტაძრის ცენტრალური ნაწილია გუმბათქვეშა კვადრატი, რომლის თავზე აღმართულია გუმბათით დასრულებული ყელი, გუმბათქვეშა სივრცეს ოთხივე მხრიდან ერთვიან ჯვრის მკლავები – ორი (საკმაოდ მოკლე) სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან და ორი (გაცილებით გრძელი)  აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. გუმბათქვეშა კვადრატი ოთხივე მხრიდან შემოსახღვრულია გუმბათქვეშა თაღებით, რომლებიც დაყრდნობილია აგურის კაპიტელებით დაგვირგვინებულ მძლავრ პილასტრებზე. აღმოსავლეთ და დასავლეთ თაღები ნაწყობია აგურით, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა კი რიყის ქვით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმ-ბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასასვლელად გამოყენებულია კუთხეებში მოწყობილი აფრები (აქ პირველად ქართულ არქიტექტურაში გადასვლა კვადრატიდან გუმბათის წრეზე განხორციელებულია არა ტრომპებით, არამედ აფრებით). გუმბათის ყელში გაჭრილია ოთხი ნალისებრთაღიანი სარკმელი. ჯვრის სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების პირითი კედლების ქვედა ნაწილში გვერდით ნავში გასასვლელი კარია, მის ზემოთ – პატრონიკეს სამი ღიობი. მათ ზემოთ, სამხრეთ კედელში, ორი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელი კი ყრუა – უსარკმლო. ჩრდილოეთ მკლავში კარი შესაბამისი კედლის ღერძზეა, სამხრეთისაში კი კედლის დასავლეთ ნაწილში. თავდაპირველად ორივე კარი ნალისებრი თაღით ყოფილა დასრულებული (მოგვიანებით ისინი დააავიწროეს და დაადაბლეს). პატრონიკის ღიობები იატაკის დონიდან იწყება და დასრულებულია ნალისებრი თაღით, თაღის ქუსლებთან გამოყოფილია აგურის პროფილირებული იმპოსტები, რომლებიც ღიობებსშორის არსებულ ბურჯებს ირგვლივ ევლება. სამივე ღიობი, ისევე როგორც ბურჯები, ნაწყობია აგურით. სამხრეთ შუა ღიობის აღმოსვლეთ წირთხლზე 1979 წელს აზომვითი სამუშაოების დროს, აღმოჩნდა ნალესობაზე ამოკაწრული, მხედრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ეკლესიის მეორედ მაშენებელი მეფე გიორგი VIII-ის მეღვინეთუხუცესი ასათ ვაჩნაძე. ამ წარწერის წყალობით შესაძლებელი გახდა ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების დროის დაზუსტება - სახელდობრ, XV საუკუნის II ნახევარი. დასავლეთ მკლავში, ისევე, როგორც აღმოსავლეთისაში, მოწყობილია მაღალი, კონქით გადახურული ექსედრები. მათი თაღები ნალისებრი ფორმისაა. თაღები ეყრდნობა ქვის კაპიტელებს. კონქის ქვეშ კუთხეებში, აგურით ნაწყობი ტრომპებია, მათ თავზე კი – ირიბად დაწყობილი ქვები, რომლებიც ტრომპებთან ერთად კონქის ნახევარწრიულ საფუძველს ქმნის.

მთავარი ეკლესია დასავლეთიდან შემოსაზღვრულია კედლით, განიერი და მაღალი კარით ქვედა ნაწილში, პატრონიკის სამთაღიანი მალითდა მაღალი სწორკუთხა სარკმლით ზედა ნაწილში. თაღები ნალისებრი ფორმისაა და დაყრდნობილია ჰორიზონტალურ ზოლურაზე. ღიობები და ბურჯები მათ შორის აგურისაა.

 ჩრდილოეთ ეკლესია ისევე როგორც სამხრეთისა, შედგება ორი სხვადასხვაგვარი და ერთმანეთისგან განცალკევებული სივრცისგან. აღმოსავლეთით – ეგვტერია, რომელიც ამავედროს ეკლესიის სამკვეთლოს ფუნქციასაც ასრულებდა. შესასვლელი მას მთავარი ეკლესიიდან აქვს, დასავლეთისას კი – დასავლეთ კარიბჯიდან და ჩრდილოეთიდან. თვით აღმოსავლეთის სათავსი სამნაწილიანია: აღმოსავლეთით ტრიკონქია, შუა როგორც ჩანს, მლოცველთათვის იყო განკუთვნილი, ხოლო დასავლეთისაში პატრონიკეზე ასასვლელი კიბე იყო მოწყობილი. სამივე ნაწილის კედლები, კამარები, შესასვლელები და სარკმლები მთლიანად რიყის ქვისაა. ტრიკონქის ჩრდილოეთ და სამხრეთ კონქების თაღები ნალისებრი ფორმისაა, აღმოსავლეთ კონქის თაღზე კი ეს ფორმა ოდნავ შესამჩნევია. თაღების კაპიტელები აგებულია ლეკალური (მოხრილი) აგურისგან, რომლებსაც პროფილი (თარო და ცერად ჩა-მოკვეთილი სიბრტყე) აქვს მიცემული. სამხრეთ და ჩრდილოეთ აფსიდები მთლიანად ამოშენებულია და დატოვებულია თითო პატარა სწორკუთხა ნიშა. აღმოსავლეთ აფსიდში, კედელთან, მსხვილი კალიბრის აგურით ნაშენი ტრაპეზია. სათავსი განათებულია ვიწრო და მაღალი სარკმლით, რომელიც აფსიდის ღერძზეა გაჭრილი. შიგნიდან გადახურულია ქვის ზღუდარით – თარაზულად, ხოლო გარედან – შირიმის ქვაში გამოკვეთილი ნალისებრი თაღით. გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრიულ საფუძველზე გადაყვანილია ოთხივე კუთხეში განლაგებული ტრომპების სისტემით. ტრომპებით შექმნილი რვაკუთხედის თავზე გამოშვერილია აგურის წრიული სარტყელი, რომლის ზემოთ, გუმბათქვეშა კვადრატის. გადახურვამდე, ჩანს ყელის სუფთად გალესილი, დაახლ 30-იოდე სმ სიმაღლის მონაკვეთი, რომელიც გადახურვის სიღრმეში შედის (გამოვლინდა ზონდაჟის შედეგად) თვით გადახურვა ბრტყელია უსწორმასწორო სხმული ზედპირით.  სავარაუდოა, რომ ტრიკონქის ცენტრალური სივრცე თავდაპირველად გუმბათოვანი კამარით იყო გადახურული. მოგვიანებით, როდესაც ტრიკონქის სამხრეთ და ჩრდილოეთ აფსიდები ამოაშენეს, ცენტრალური სივრცე ბრტყლად გადახურეს, მის ზემოთ კი სამალავი მოაწყვეს. ტრიკონქს დასავლეთიდან ერთვის გეგმით სწორკუთხა, აღმოსავლეთ - დასავლეთ მიმართულებით ოდნავ წაგრძელებული, ჯვრული კამარით გადახურული ნაწილი, რომელიც განათებულია ერთადერთი სარკმლით ჩრდილოეთიდან. იგი შიგნით თარაზულადაა გადახურული, ხოლო გარედან ნალისებრი თაღით. 

ეგვტერის მესამე (დასავლეთის) ნაწილი კარითაა დაკავშირებული შუა ეკლესიასთან. ესაა განცალკევებული, ჯვრული კამარით გადახურული სათავსი, რომელშიც პატრონიკეზე ასასვლელი კიბე იყო მოწყობილი. სათავსის 3/4 ჩაშენებულია, რის გამოც კიბის ფორმებისა და მდებარეობის შესახე დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია. სათავსის დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდესთან, კამარის ძირში, არის ხვრელი – პატრონიკეზე ამავალი კიბის ბოლო საფეხურით. 

ჩრდილო -აღმოსავლეთ ეგვტერის ანალოგიურად, მეორე ეგვტერია მოწყობილი სამხრეთ -აღმოსავლეთითაც, რომელიც, როგორც ჩანს, ეკლესიის სადიაკვნედაც გამოიყენებოდა. ჩრდილო - აღმოსავლეთ ეგვტერისგან განსხვავებით, იგი ორი ნაწილისგან შედგება. ტრიკონქისა და კვადრატული სადგომისგან. ტრიკონქის სამხრეთ და ჩრდილოეთ აფსიდები აქაც ამოშენებულია და თითოეულში თითო ნიშაა დატოვებული, ხოლო ცენტრალური კვადრატი ბრტყელი, სხმული ჭერითაა დასრულებული. 

ეგვტერის დასავლეთ ნაწილი გადახურულია ჯვრული კამარით. შესასვლელი მთავარი ეკლესიიდან აქვს, სარკმელი – სამხრეთით. იგი შიგნიდან თარაზულადაა გადახურული, გარეთა მოპირკეთების ზედა ნაწილი კი აკლია.  დასავლეთ კედელში მოწყობილია მოზრდილი ნიშა-თარო, ხოლო ამავე კედლის ჩრდილოეთ კიდეში, იატაკიდან 1 მეტრ სიმაღლეზე იწყება აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ამოშენებული ღიობი (სიგანე 57 სმ), რომელიც ადის კამარის ქუსლამდე. შესაძლოა ადრე ამ ადგილას მოწყობილი იყო პატრონიკეზე ასასვლელი კიბე, რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნავების დასავლეთ ნაწილები ერთმანეთის მსგავსადაა ორგანიზებული. ორივე დამოუკიდებელ ეგვტერს წარმოადგენს. ჩრდილოეთ ეგვტერი სწორკუთხა სივრცეა, რომელიც აღმოსავლეთით აფსიდითაა დასრულებული და ჯვრული კამარა ხურავს (ნაწილი ჩამონგრეულია). აფსიდი ნალისებრია, მისი თაღი ეყრდნობა შირიმის კაპიტელებს, რომელთა პროფილს შეადგენს თარო და ოდნავ შეზნექილი მრუდი ზედაპირი. ჩრდილოეთიდან განიერი და მაღალი, ნალისებრი თაღით გადახურული შესასვლელია (მოგვიანებით ამოუშენებიათ), რომელიც გარედან აგურით ნაწყობი უზარმაზარი კონტრფორსით იყო დაფარული (კონტრფორსი მოიხსნა1930-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს). შესასვლელის წირთხლები შირიმისაა, თაღი აგურის. ჩრდილოეთის ეგვტერი დასავლეთ კარიბჭეში მთელ სიგანეზეა გახსნილი. მათ საზღვარზე მხოლოდ აგურით ნაწყობი, ოდნავ ნალისებრი ფორმის საბჯენი თაღია, რომელიც შირიმის მარტივი პროფილის (თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე) კონსოლებს ეყრდნობა. სამხრეთ ნავის დასავლეთ ნაწილიც დამოუკიდებელი ეგვტერია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის თაღი ნალისებრია, თაღის იმპოსტები კი შირიმის. აფსიდში შემორჩენილია ტრაპეზის ნაშთი, რომელიც კედელზეა მიდგმული. შესასვლელი ეგვტერს სამხრეთიდან აქვს (მოგვიანებით გადაუკეთებიათ). იგი შირიმის იმპოსტებზე დაყრდნობილი ნალისებრი თაღითაა დასრულებული. 

ნავის გადახურვა გაყოფილია ჯვრული კამარებით შედგენილ ოთხ კვადრატულ მონაკვეთად (ჩამონგრეულია). კამარები რიყის ქვით იყო ნაწყობი. კამარების I და II წყვილს შორის, ასევე II წყვილსა და დასავლეთ კარიბჭეს შორის განთავსებული იყო აგურით ნაწყობი, ნალისებრი ფორმის საბჯენი თაღები (შემორჩენილია ნაწილები). ისინი დაყრდნობილია შირიმის კონსოლებზე, რომლებსაც დანარჩენი კონსოლების ანალოგიური პროფილი აქვს. დასავლეთ კარიბჭე სამ ნაწილადაა გაყოფილი. მისი შუა ნაწილი გვერდის ნაწილებთან შედარებით სიგანეში მნიშვნელოვნად გაფართოებულია და ქმნის კვადრატთან მიახლოებულ სწორკუთხედს, რომლის დასავლეთ კედელი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზიდან 1.2 მ-ით გარეთაა გასული. კარიბჭის გვერდითი ნაწილები ერთიანია და დასავლეთ ეგვტერების მსგავსად არის ფორმირებული. ორივე ნაწილი უსარკმლოა. თითოეულის კამარა კი თა-ნაბრად არის დაყოფილი ორ-ორ თითქმის კვადრატულ  მონაკვეთად ორივე ნაწილი ცენტრალურ ნაწილისგან გამიჯნული იყო შირიმის კონსოლებზე დაყრდნობილი ქვის საბჯენი თაღით. დროთა განმავლობაში ეს თაღები ჩამოინგრა და მათ შემორჩენილ ნაწი-ლებზე დააშენეს ახალი, სრულიად განსხვავებული ფორმის, ძალზე მაღალი თაღები (მოისხნა სარესტავრაციო სამუშაოების დროს). თაღებს ეყრდნობოდა პატრონიკეს იმ ნაწილის კამარა, რომელიც ორფერდა სახურავის ქვეშ იყო მოქცეული. ცენტრალური ნაწილის დასავლეთით ორივე კუთხეში შემორჩენილია ტრომპების ნაშთები. მათი კვალი შეიმჩნევა აღმოსავლეთ კუთხეებშიც. ეს ტრომპები დანარჩენ ტრომპებთან შედარებით უფრო მოზრდილია და წინიდან ორმაგი თაღი ევლება. 

ნალესობით დაფარული, აგურის ნატეხებით ნაწყობი გვიანდელი ფენის (სისქე დაახლ. 9/10 სმ, რითაც კედლის ზედაპირი იყო გასწორებული) მოხსნის შემდეგ  ჩრდილო - აღმოსავლეთ ტრომპის თავზე შენობის თავდაპირველ ფენაში გამოჩნდა კამაროვანი გადახურვის ქუსლის წყობის ნაშთი, რის საფუძველზეც შეიძლება ვიფიქროთ, რომ კარიბჭის ცენტრალური ნაწილი თავდაპირველად გუმბათოვანი კამარით (როგორც ჩანს  - დადაბლებული პროპორციების) იყო გადახურული. კარიბჭის ცენტრალურ ნაწილი დასავლეთ კედელში განიერი და მაღალი შესასვლელია. კარი ნალისებრი თაღითაა დასრულებული. თაღის ქუსლების დონეზე გადებულია მოზრდილი ქვიშაქვის ზღუდარი, რომლის თავზე დარჩენილი არე რიყის ქვის წყობითაა შევსებული. შესასვლელის წირთხლები შირიმისაა, ხოლო თაღი რიყის ქვითაა ნაწყობი.

 სამხრეთ და ჩრდილოეთ პატრონიკეების შუა ნაწილები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მოზღუდულია მაღალი კედლებით, რომლებსაც ეყრდნობა კოლოფა თაღი, გადახურული ორფერდა სახურავით.  სამხრეთ პატრონიკეს სამხრეთიდან ჰქონდა ერთი სარკმელი – თარაზული გადახურვით. ჩრდილოეთ პატრონიკეში სარკმლის ხაზზე კედელი განგრეულია და სარკმლის კვალი არ ჩანს. ორივე პატრონიკის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების შუაში არის თითო თაღოვანი გასასვლელი, რომელიც აგურითაა (32სმ  * 26 სმ * 6 სმ) გამოყვანილი. ასეთივე გასასვლელები ჰქონდა დასავლეთ პატრონიკის შუა ნაწილსაც. მთავარ ნავში გამავალი თაღედის გვერდებზე შემორჩენილია განიერი შვერილები, რაც ადრე ამ ადგილას ღიობების არსებობას ადასტურებს. ეკლესიის გარეგანი ფორმები სავსებით შეესატყვისება შიდა სივრცის სტრუქტურას. ცენტრში აღმართულია თორმეტწახნაგოვანი გუმბათი, რომელშიც ოთხი სარკმელია გაჭრილი. გუმბათის ყელი მთლიანად მოპირკეთებულია (XV ს-ში) სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვის ფილებით, წყობაში რიგების სწორხაზოვნება დაცული არაა. სარკმლებს ირგვლივ ევლება სამმაგი ლილვით შედგენილი საპირე. ყოველი წახნაგის ზედა ნაწილში,თითო დეკორატიული გირჩია. აღმოსავლეთ ფასადის ცენტრი უჭირავს საკურთხევლის აფსიდის მაღალ სამწახნაგა შვერილს, წახნაგოვანი სახურავით. მის ორივე მხარეს, გვერდითი სათავსების ცალფერდა სახურავების ქვემოთ, ტრიკონქების აფსიდების სამწახნაგა შვერილებია – წახნაგოვანი სახურავებით, რომლებიც გამოდის როგორც აღმოსავლეთ ისე სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც.  

შენობის გრძივი ფასადები მასათა აღნაგობით ერთმანეთის მსგავსია. ფასადის ქვედა ნაწილში, გვერდითი ნავის კედლის სიბრტყე შუაში პატრონიკეს ცენტრალური ნაწილის ორფერდა სახურავიანი მოცულობითაა შემაღლებული. საფეხურით ზემოთ – სიღრმეში, ჯვრის განივი მკლავების კედლის სიბრტყეებია, რომლებიც იმდენად არის დამოკლებული, რომ ვერ აღწევს ქვედა ნაწილის გარეთა კედლებამდე. ბოლოს გუმბათქვეშა მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია გუმბათის ყელი – პირამიდული სახურავით. ეკლესიის დასავლეთ ფასადის შუა ნაწილი თავდაპირველად ხაზგასმული იყო სამი საფეხურით; გარშემოსავლელის სიმაღლეზე შვერილია, რომელსაც ნალისებრი თაღით დასრულებული განიერი და მოხდენილი შესასვლელი აქვს.  მის ზემოთ აღმართული იყო პატრონიკეს ცენტრალური ნაწილის სამწახნაგოვანი შვერილი – დამოუიდებელი წახნაგოვანი სახურავით. მეორე საფეხურს ქმნის ჯვრის დასავლეთ მკლავის, ფრონტონით დასრულებული კედლის სიბრტყე სარკმლით ღერძზე. ამ საფეხურებს კი გუმბათის ყელი აგვირგვინებს. 

ეკლესიის თავდაპირველი ლავგარდანი მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი. საკურთხევლის შვერილზე და ჯვრის ჩრდილოეთ მკლავის სახურავის ქვეშ. იგი სამსაფეხურიანია და შედგენილია ქვის თხელი ფილებისგან. ტრიკონქების შვერილებზე და დასავლეთ კუთხეების ნაწილებზე შემორჩენილი ლავგარდანი ერთსაფეხურიანია – თაროსებრი. სამხრეთიდას და ჩრდილო დასავვლეთ კუთხეებში ქვის ლავგარდანზე დაშენებულია აგურის ლავგარდანი, რომელიც შედგება კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად დაწყობილი აგურების ორი რიგისგან. ამ რემონტამდე აღმოსავლეთ კუთხის ნაწილების სახურავებს ქვემოთ გაკეთებული იყო შირიმის ახალი ლავგარდანი, რომლის პროფილს შეადგენს: თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი. ეკლესიის სახურავები თავდაპირველად დაბურული იყო კრამიტით. კრამიტი ყოფილა გამოყენებული შეკეთებების დროსაც. 1979 წელს ყველაწმინდის ეკლესიაზე დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რასაც წინ უძღვოდა მისი სრული აზომვა და სათანადო სამეცნიერო კვლევა. 1980 წელს აღდგა გუმბათის ყელის ზედა ნაწილები და გუმბათი გადაიხურა კრამიტის სახურავით. 80-იანი წლების I ნახევარში შვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა დასავლეთ კარიბჭის დასავლეთ კედელი, რომელიც დასავლეთით იყო გადახრილი. კედლის ქვეშ მოეწყო რკინა-ბეტონის საძირკველი. ამავე დროს მოიხსნა ჩრდილოეთ ნავზე და დასავლეთ კუთხეებზე მიშენებული აგურის კონტრფორსები. 2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე განაახლა სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოები, რომლებიც დასრულდა 2012 წელს. 

ეკლესიის დასავლეთით, ოციოდე მეტრზე შემორჩენილია კომპლექსის ყველაზე ძველი ნაგებობა – მოზრდილი სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელსაც ჩრდლოეთიდან და სამხრეთიდან ეკვროდა, თითო დამოუკიდებელი „ეკლესია“. ბაზილიკა ნაგებია რიყის ქვითა და დიდი ზომის აგურით. კუთხეებსა და სხვა კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია მოყვითალო თლილი შირიმი. ბაზილიკის მთავარი ნავის აფსიდის ორივე მხარეს სწორკუთხა სათავსებია, რომლებიც შესაბამის ნავებს დასავლეთ კედელში მოწყობილი თაღოვანი კარით უკავშირდება. სათავსებს დამოუკიდებელი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაც აქვს, რაც მეტად იშვიათია. გარდა ამისა, ამ სათავსების სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ბაზილიკაზე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მიშენებულ ეკლესიებში გასასვლელებია. ამრიგად, ამ სათავსებით საკურთხევლის აფსიდსა და განაპირა ეკლესიებს შორის შექმნილია დამატებითი დამაკავშირებელი რგოლები. მთავარი ეკლესიის აფსიდი გეგმით ნალისებრია, აფსიდის თაღი კი – ნახევარწრიული. აფსიდი ვიწროა და საკმაოდ მაღალი. აფსიდში გაჭრილია განიერი და მაღალი, ნალისებრი თაღით გადახურული სარკმელი. გვერდითი ეკლესიები, როგორც ჩანს, მთავარი ეკლესიისგან გამიჯნული იყო ყრუ კედლებით (შემორჩენილი ორივეს დასაწყისი) შიგნიდან გვერდითი ნავების აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია კამარის ნაშთები. 

საკურთხევლის სამხრეთით მდებარე სათავსი საკმაოდ მაღალია, გადახურულია ქარგილზე სხმული პირამიდისებრი კამარით, რომელიც შედგენილია ოთხი სწორი სიბრტყისგან. აღმოსავლეთ კარს შიგნიდან აგურით ნაწყობი თაღი ხურავს, მის ზემოთ მდებარე სარკმელი კი თარაზულადაა გადახურული. სათავსის ჩრდილოეთ კედელში, აღმოსავლეთ კუთხესთან მაღალი და ღრმა ნიშაა. ამ სადგომის იატაკის დონე მიწის დონესთან შედარებით 80 სმ-ით დაბლაა. საკურთხევლის ჩრდით მდებარე სათავსი, სამხრეთით მდებარე სათავსის მსგავსადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ კარს შიგნიდან აგურის თაღი ხურავს, მის ზემოთ მდებარე სარკმელი კი სწორკუთხაა. შესასვლელის პირდაპირ ნავში გამავალი კარია. ამ კარის თაღიც აგურისაა – ტეხილით წვერთან. ჩრდილოეთ კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან ტიმპანით დასრულებული. სათავსის სამხრეთ კედელში სხვადასხვა ზომის ორი ნიშაა. აღნიშნული ნიშა დიდია დასავლეთისა კი პატარა. აქ ადრე შესაძლოა იყო საკურთხეველში გამავალი ხვრელი, რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს. პირველი ნიშა იატაკიდან 65 სმ სიმაღლეზეა. ამ სათავსის იატაკის დონე მიწის დონესთან შედარებით 50 სმ-ით დაბლაა. 

სამხრეთიდან მიდგმული ეკლესია მთლიანად რიყის ქვითაა აგებული. მისი იატაკი ეკლესიის იატაკთან შედარებით ოდნავ მაღალია, რაც შენობის ქვეშ არსებულმა კამაროვანმა აკლდამამ განაპირობა. სათავსს ნახევარწრიული აფსიდი აქვს. მასში დაბალი, თარაზულად გადახურული სარმელია. ეკლესიის კამარა ჩრდილოეთით ეყრდნობა დიდი ეკლესიის კედელზე მოწყობილ საფეხურს, იგი კედლის ზედა და ქვედა ნაწილებს. შორის სისქეთა სხვაობითაა გამოყვანილი. ეკლესიას შემორჩა საბჯენი თაღი, რომელიც პილასტრებზეა გადაყვანილი. თაღი ნალისებრი ფორმისაა და აქვს მთლიანი ქვის იმპოსტები, რომელთა პროფილს ქმნის თარო და დახრილი სიბრტყე. ეკლესიას სამხრეთით ჰქონდა განიერი თაღოვანი შესასვლელი, ხოლო აღმოსავლეთ ფასადის მხრიდან კი გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიულიკამარით გადახურული, ექსედრაა, რომელშიც ეკლესიის სარკმელი გამოდის. ჩრდილოეთიდან მიდგმული ეკლესიაც რიყის ქვითაა გამოყვანილი. იგი შედგება ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან – აღმოსავლეთ პატარა სწორკუთხა ოთახისგან (შემორჩენილია ნაწილობრივ) და მის გაგრძელებაზე მდებარე ეკლესიისგან, აფსიდით აღმოსავლეთ ბოლოში. აღმოსავლეთით მდებარე ოთახს აქვს სარკმელი აღმოსავლეთით და კარი სამხრით, რომელიც მთავარი ეკლესიის სამკვეთლოში გადის. ამ ოთახის ჩრდილოეთ კედლიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილიღაა შემორჩენილი, დასასავლეთ კედელი კი ყრუა. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ღერძი უჭირავს შუა, მაღალ ეკლესიას. იგი გადახურულია ორქანობიანი სახურავით, რომელსაც ორივე მხრიდან ერთვის შედარებით დაბალი, გვერდითი ეკლესიების ცალფერდა სახურავიანი ნაწილები. შუა ეკლესიის ცენტრში სარკმელია, რომელიც მორთულია ნალისებრი თაღით, თაღის ზემოთ რელიეფური თავსართია, ჰორიზონტალური გადანაკეცებით ქუსლებთან. გვერდითი ეკლესიების კედლებშიც თითო მსგავსად გაფორმებული სარკმელია, მათ ქვემოთ კი – საკურთხევლის გვერდებზე მდებარე ოთახების შესასვლელები. 

2001 წელს ბაზილიკას ჩაუტარდა სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოები. ძეგლი გაიწმინდა მცენარეულობისაგან, გადაეწყო მორყეული საპირე ქვები, აღდგა ნიშა სამხრეთ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, შეივსო კედლების გამოქარული ადგილები; საკურთხევლის კონქი, გვერდის ნავების შემორჩენილი ნაწილები და სამხრეთ ეკლესია გადაიხურა თუნუქის სახურავით.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის