ზეგაანის მონასტერი
galerea
aRwera
ყველაწმინდას სამონასტრო კომპლექსი, მდებარეობს სოფელ ზეგაანის მახლობლად მდ. ჭერმისხევის მარჯვენა მხარეს, ხშირ ტყეში. კომპლექსში შედის: ყველაწმინდის სამეკლესიანი ბაზილიკა, მცირე სამლოცველო, მარანისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები. მონასტერს დაახლოებით სწორკუთხა მოხაზულობის გალავანი არტყია. ყველაწმინდის ეკლესიის აღმოსავლეთით, ორმოციოდე მეტრის მანძილზე დგას წმ. მარინეს ეკლესია.
ყველაწმინდის ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკაა (19.5 მ * 14 მ-ზე), განეკუთვნება VI-VII საუკუნეების მიჯნას. ნაგებია მსხვილი რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. შენობის გარეთა კუთხეების მნიშვნელოვანი ნაწილი, პილასტრებისა და ბოძების, იმპოსტები და სარკმელთა გარეთა ღიობები შირიმის ნათალი ქვითაა ნაგები. მთავარ ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი შიგნით და გარედან ნალისებრი თაღითაა დასრულებული, ტიმპანი ამოშენებულია. ჩრდილოეთ კარი პატრონიკეს აგების დროს ამოუქოლავთ. სამხრეთის, კარის წინ საფეხურია. მთავარ ეკლესიას ნახევარ წრიული აფსიდი აქვს. მის წინ მოკლე ბემაა. აფსიდში სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო ბრტყლად გადახურული ნიშაა. საკურთხევლის ცენტრში დგას აგურის ოთხწახნაგა ტრაპესი (გვიანდელია). აფსიდის კონქის თაღი ნალისებრია, წვერში უმნიშვნელო ტეხილით. მსგავსი ფორმისაა ბემის თაღიც და კამარაც. კამარა სხმულია. იგი დაყრდნობილია სამ საბჯენ თაღზე. მათგან ერთი ბემის წინაა, მეორე დასავლეთ კედელთან, ხოლო მესამე კამარის შუაში. თაღები დაყრდნობილია ჩვეულებრივ, ნათალი ქვის ცერად ჩამოკვეთილ კონსოლებზე. ნავის დასასავლეთ ნაწილში პატრონიკეა, რომელიც დგას დასავლეთ კედელზე მიყრდნობილ ნალისებრ თაღზე. თაღი ეყრდნობა ძალზე დაბალ პილასტრებს. თაღის იმპოსტები და ჰორიზონტალური ზოლურა პატრონიკეს ქვემოთ შირიმის ნათალი ქვისაა კონსოლების ანალოგიური პროფილით. პატრონიკეს აქვს მოგვიანაბით აგებული მოაჯირი, აგურით ნაწყობ ოთხ მრგვალ სვეტზე. ნავის დასავლეთის კედელში ორი ფართო, ნალისებრი თაღით დასრულებული ღიობია, რომლითაც პატრონიკე დასავლეთიდან გარშემოსავლელის (კარიბჭის) თავზე არსებულ II სართულს უკავშირდებოდა. პატრონიკეზე ასასვლელად, პატრონიკეს საყრდენი თაღის ჩრდილოეთ გვერდში მოწყობილია მცირე ზომის (65 სმ * 65 სმ-ზე) ვერტიკალური ხვრელი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, ნავს კიდევ ხუთი სარკმელი აშუქებს: ორ-ორი გრძივ კედლებშია გაჭრილი, ერთი კი დასავლეთ კედელის ზედა ნაწილში. საკურთხევლის სარკმლის მსგავსად ეს სარკმლებიც შიგნიდან სწორკუთხაა, ხოლო გარედან (გარდა დასავლეთისა) მათ შირიმის ქვაში გამოკვეთილი ნალისებრი თაღი ხურავთ. საკურთხევლის სივრცე ეკლესიის იატაკზე სამი საფეხურით მაღლაა, აფსიდს მთელ პერიმეტრზე საფეხური შემოსდევს, რომლის შუაში, სარკმლის ქვეშ, მონასტრის წინამძღვრის დასაჯდომი ადგილია მოწყობილი. მსგავსი საფეხური გასდევდა მთავარი ნავის სამივე კედელს. საკურთხეველი, ნავის დანარჩენი სივრცისგან, გამოყოფილი ყოფილა ოთხ სვეტზე დაყრდნობილი სამთაღიანი კანკელით (ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია თაღის ნაწილი). სვეტებისთვის სპეციალური, ნახევარწრიული ფორმის აგურია გამოყენებული (დიამეტრი – 29 სმ, სისქე – 4 სმ), რომლებსაც ცენტრში 9 სმ დიამეტრის ნახევარწრიული შეღრმავება აქვთ, როგორც ჩანს, სვეტის ღერძის ირვლივ მათი მოხერხებული დაწყობისათვის. საკურთხეველი სწორკუთხა კარით უკავშირდებოდა გვერდითი ფრთების აღმოსავლეთ ბოლოებში მოწყობილ უაფსიდო სათავსებს. ჩრდილოეთ სათავსის კარი გვიან ამოუშენებიათ. ორივე სათავსის აღმოსვლეთ კედელში გაჭრილია შიგნით სწორკუთხა ხოლო გარედან თაღოვანი სარკმელი. თითო ღრმა ნიშაა ჩრდილოეთ სათავსის სამხრეთ და სამხრეთ სათავსის ჩრდილოეთ კედლებში. აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, ჩრდილოეთ სათავსის ჩრდილოეთ კედელში მეორე სარკმელიცაა. ხოლო დასავლეთით კი დაბალი, შირიმის მოზრდილი ქვით გადახურული კარი, რომლითაც იგი ჩრდილოეთ ეკლესიას უკავშირდება. ორივე სათავსის კამარა სხმულია, ოდნავ ოვალური. სამხრეთ ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის კედელზე მიდგმულია აგურით ნაშენი ოთხწახნაგა ტრაპეზი. საკურთხევლის ნაწილი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის კონქი ოდნავ ნალისებრია. აფსიდთან ახლოს სამხრეთ მხარეს, ორ მრგვალ ბოძზე დამყარებული სამმაგი განიერი თაღით გახსნილი შესასვლელია მოწყობილი. თაღები აქაც ნალისებრი მოხაზულობისაა, დაყრდნობილია შირიმის ქვის კვარდრატულ იმპოსტებზე, რომელთა პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე შეადგენს. ბოძები ყველა შესასვლელში რიყის ქვითაა ნაწყობი და ადრე შელესილი ყოფილა. კამარა თითქმის კოლოფაა, მცოცავი, ოდნავ კვერცხისებრი. მისი ჩრდილოეთ ქუსლი სამხრეთ ქუსლზე რამდენადმე მაღლაა და კედლის სიბრტყიდან ოდნავ (დაახლოებით - 15 სმ-ით) წინაა წამოწეული. ჩრდილოეთ ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც სამკვეთლოში შესასვლელი კარია. სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე მოწყობილია ორსაფეხურიანი დაბალი, დასაჯდომი მერხი. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ორმალიანი თაღოვანი შესასვლელია. თაღები ნალისებრია, დაყრდნობილია კვადრატულ იმპოსტით დასრულებულ მრგვალ ბოძზე. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში არის ვიწრო და დაბალი კარი, ორი საფეხურით და რიყის ქვის თარახული ზღუდარით. სამხრეთ და ჩრდილოეთ ეკლესიების კამარები მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზამდე გრძელდება, სადაც სამივე ეკლესიას დამოუკიდებელი ორსართულიანი კარიბჭე ეკვრის. კარიბჭის I სართული გრძელ კორიდორს წარმოადგენს, სიმეტრიულად განთავსებული ოთხი ნიშით მის ჩრდილოეთ და სამხრეთ ბოლოებში და მრგვალ ბოძებზე დამყარებული ორმალიანი შესასვლელით დასავლეთით, რომელიც გვერდითი ეკლესიების შესასვლელების ანალოგიურადაა დამუშავებული.
გ. ჩუბინაშვილი, რომელმაც ეკლესია XX ს-ის I ნახევარში შეისწავლა შემორჩენილი ნაშთების საფუძველზე ვარაუდობს, რომ კარიბჯის ქვედა სართულს თავდაპირველად ბრტყელი გადახურვა ჰქონია, რომლის ზედა საზღვარი გადიოდა II სართულის სამხრეთ დასავლეთ და ჩრდილოეთ სარკმლების ძირის დონეზე. ჯვაროვანი კამარის ნაშთებს, რომელიც დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი, იგი გვიანდელი შეკეთების ნაკვალევად მიიჩნევს.
კარიბჯის II სართული კამარითაა გადახურული, რომელიც გვერდითი ეკლესიების კამარებზე მაღლაა. სართული უხვად იყო განათებული სამხრეთ ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო განიერი, მაღალი, სწორკუთხა სარკმლით. არსად ჩანს II სართულზე ასასვლელი. აღმოსავლეთ ფასადზე გვერდის დაბალ ნავებს შორის აზიდულია შუა ნავი ორქანობიანი სახურავით. სიმაღლის შთაბეჭდილებას აძლიერებს ნალისებრი თაღით დასრულებული საკურთხევლის სარკმელი. უფრო ქვემოთ, გვერდის ნავების ღერძზე ვიწრო სარკმლებია გაჭრილი. ქვემოთ, მიწის დონეზე, ნავების საზღვარზე კედლის სიღრმეში შემავალი ორი მილისებრი ხვრელია, რომლებიც დასაკრძალავ კამერებს წარმოადგენა. დანარჩენ ფასადებზე ყურადღებას იპყრობს ორმაგი და სამმაგი ნალისებრი თაღები, რომლებიც დაყრდნობილია მძლავრ მრგვალ ბოძებზე. შენობის გარეგნობისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს შუა და გვერდის ეკლესიების მასების შეფარდებას. დასავლეთ მხარეს გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელი და მათზე გაცილებით მაღალი კარიბჯე დამატებით მოცულობით მახვილს ქმნის. ფასადები დასრულებულია წვრილი თაღების მწკრივით შედგენილი ლავგარდნით, რომელიც გამოყვანილია წყობიდან შვერილი, ერთმანე-თისგან თანაბარი მანძილით დაცილებული რიყის მოგრძო ქვებით და მათ შორის მოქცეული სხმული ნალისებრი თაღებით.
ეკლესიის სამხრეთ - აღმოსავლეთ კუთხესთან, ხუთიოდე მეტრზე, დგას განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული (8.2 მ * 4 მ-ზე) ეკლესია. იგი მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები - კირის დუღაბის თხელ ფენაზე. წყობა მეტ-ნაკლებად წესიერია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარი, ჩამოქცეულია კამარის დასასავლეთ ნაწილი (შემორჩენილი ნაწილი დაბზარულია), მონგრეულია გარე კუთხეები. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს (შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ წირთხლი). აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში შიგნიდან გარეთკენ დავიწროებული, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის მარჯვნივ სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი კვერცხისებრი ფორმისაა. მსგავსი ფორმისაა კამარაც. იგი გრძივ კედლებზე და კონქის თაღზეა დაყრდნობილი. საკურთხევლის ქვეშ საძვალეა, რომელსაც აღმოსავლეთით სწორკუთხა ღიობი აქვს. დარბაზის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში მაღალი და ფართო თარაზულად გადახურული სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.
წმ. მარინეს ეკლესია აგებულია V საუკუნეში. ნაშენია მოზრდილი ზომის რიყის ქვით. გარეთა კუთხეებში წესიერი ფორმის დაკუთხული ქვებია გამოყენებული; ზოგიერთი სარკმლის გარე ნაწილები გამოყვანილია შირიმით. ეკლესია შიგნით მთლიანად შელესილი და მოხატულია.
ეკლესიას გუმბათოვანია, გეგმით მას ჯვრული მოხაზულობა აქვს, სადაც ჯვარი, თანაბარი სიგრძის სწორკუთხა მკლავებით, გარეგან მასებშიცაა გამოვლენილი (გარეთა ზომები ღერძებზე – 4.7 მ * 47 მ-ზე). მკლავთა გადაკვეთის ადგილას აღმართულია დაბალი გუმბათი, რომელიც გარედან არ ჩანს და ჯვრის აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებთან საერთო ორკალთა სახურავის ქვეშაა მოქცეული. ამ გრძივ მოცულობას პერპენდიკულარულად ეკვრის ჩრდილოეთ და სამხრთ მკლავების უფრო დაბალი საფეხურები. ეკლესიის აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის წინ ბემაა. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. ყველა მკლავი თანაბარი სიღრმისაა და ნალისებრი კამარითაა გადახურული. კამარის ქუსლის დონეზე გამოყოფილია შვერილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კამარათა თაღები დანარჩენებზე რამდენადმე მაღალია. გუმბათ ქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა მოკლებულია სიმკვეთრეს. კუთხეები შელესილია და მოხატულობითაა დაფარული. გუმბათის ყელი ძალზე პატარა და დაბალია (სიმაღლე დაახლოებით - 0.6 მეტრი). ნაცვლად გუმბათისა აქ დამრეცი, არასწორი ზედაპირის მქონე კამარაა.
ეკლესიას აშუქებს ყოველ მკლავში გაჭრილი თითო პატარა, ვიწრო სარკმელი და ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ მხარეს. საკურთხევლის და დასავლეთ მკლავის სარკმლები შიგნით სწორკუთხაა, გარედან კი შირიმის ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღითაა დასრულებული. დანარჩენი ორი სარკმელი შიგნით და გარედან სწორკუთხაა და რიყის ბრტყელი ქვითაა გადახურული. საკურთხევლის ბაქანი იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელზე სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. ეკლესიის კედლებზე ფრაგ- მენტულად შემორჩენილა გაუწაფავი ხელით შესრულებული, რამდენადმე უხეში კედლის მხატვრობა. სცენები და წმინდანთა ცალკეული ფიგურები არათანაბარი ზომისაა, ერთმანეთისაგან არ არიან გამიჯნულნი და კედლები ხალიჩისებრადაა ერთიანად დაფა-რული.
საკურთხევლის აფსიდს მთლიანად ვედრების თემა მოიცავს. სცენის მონაწილე მთავარანგელოზები ბემის კედლებზე არიან გამოსახული. სარკმლის ქვემოთ გაირჩევა გარდამოხსნილი მაცხოვრის მცირე ზომის წელსზედა ფიგურა (ე. წ. ხატი მიძინებისა). მის მარჯვნივ და მარცხნივ ეკლესიის მამათა თითო ფიგურა დგას, ხოლო წინ, ტრაპეზთან უჩვეულო ფორმის ბარძიმია გამოსახული, გარდაცვლილი იესოს თავით. ჯვრის მკლავთა კამარებზე საუფლო ციკლია წარმოდგენილი. პირველია შობა უფლისა. ეს სცენა მოიცავს სამხრეთ მკლავის კამარის ორივე მხარეს. მომდევნო სცენა ჩრდილოეთით მკლავის კამარაზეა, რომლის დასავლეთით ნათლისღებაა, ხოლო აღმოსავლეთით – ფერისცვალება. დასავლეთ მკლავზე მარჯვნივ ჯვარცმაა, მრცხნივ – ამაღლება. მოხატულობის ქვედა რეგისტრები არსებითად წმინდანთა და მოწამეთა გამოსახულებებს ეთმობა. მხოლოდ შესასვლელის კედლებზე, ორივე მხარეს ეკლესიის დამცველი მთავარანგელოზების თითო ფიგურა დგას, მათ საპირისპიროდ, ჩრდილოეთ მკლავის დასავლეთ კედელზე გამოსახულია ვედრებად მუხლმოყრილი, მაყურებლისადმი მიპყრობილი ქტიტორი.
ქვედა რეგისტრთა მოხატულობაში ერთადერთი წმინდანია წარმოდგენილი – გველეშაპთან მებრძოლი წმ. გიორგი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა და დასავლეთ კედლის უმეტეს ნაწილს მოიცავს. დასავლეთ კედელზე ჯვარცმის ქვემო თორი წელზედა გამოსახულებაა, ორ-ორი ჩრდილოეთ მკლავში, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელთა შუა რეგისტრზე; აქვე, ამავე მკლავის დასავლეთით 40 მოწამის ამსახველი სცენაა. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელი სწორკუთხა მოხაზულობისაა შიგნით და გარედან იგი ფიქლითაა გადახურული. მოგვიანებით შესასვლელის მალი დაუვიწროებიათ. ეკლესიის ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია რიყის ქვით გამოყვანილი თაროსებრი ლავგარდნით, რომელსაც ფრონტონის კუთხეებში ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს.
XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ყველაწმინდის და წმ. მარინეს ეკლესიებს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიწმინდა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორია, აღდგა ორივე ეკლესიის კედლების დანგრეული ნაწილები და ლავგარდანი. ეკლესიები გადაიხურა კრამიტით.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის