მურჯახეთის ეკლესია
galerea
aRwera
ეკლესია მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში, მდინარე მურჯახეთისწყლის მარცხენა მხარეს. ერთი შეხედვით, ტაძარი გარედან უბრალო სალოცავს წააგავს, თუმცა ის ქართული ხოროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და საყურადღებო ძეგლია. ის, რაც ტაძარს გამოარჩევს - ინტერიერია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ექსტერიერისგან.
ეკლესია გარედან ნაგებია მარტივად, რაც მოგვიანო გადაკეთების შედეგია. ეს ყველაფერში შეინიშნება, მათ შორის სარკმელებში, რომლებიც ყველა ფასადზე თითოა და სხვადასხვა ფორმისაა, ჩრდილოეთის სარკმელი საერთოდ ამოქოლილია. თუმცა ფასადებზე მაინც შემორჩა რამდენიმე ადრეული პერიოდის ფრაგმენტი. კერძოდ, აღმოსავლეთ სარკმელის გვერდებზე ჩაშენებულია ნალისებური (კბილანა) ლავგარდანის ფრაგმენტები. ეს არქიტექტურული დეტალი კარგადაა ცნობილი ადრე შუა საუკუნეების ეკლესიებში. ეჭვგარეშეა, რომ სარკმელთან ჩაშენებული ეს ფრაგმენტები არ არის მოტანილი სხვა ადგილიდან და ჩვენ მიერ განხილულ ეკლესიას ეკუთვნის.
გარდა ამისა, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეების ქვედა ნაწილში ჩატანებულია ადრე შუა საუკუნეების ქვაჯვარის ბაზისები (მათ ზედაპირებზე გამოსახულია ქვაჯვარებისთვის დამახასიათებელი ბოლნური ჯვრის მედალიონები). მართალია, ბაზისებს აქვთ შეცვლილი და არა ტრადიციული კუბური ფორმა, მაგრამ ეს უნდა აიხსნას სამშენებლო წყობაში მათი სწორად მოთავსების აუცილებლობით. კუთხეებში ასევე შეინიშნება რამდენიმე საფლავის ქვაც. ეკლესიის კამარა ჩამონგრეულია, სრულად შემორჩენილია მხოლოდ კამარის დამჭერი თაღები, რომლებიც ფაქტიურად ჰაერშია. ტაძრის შიდა სივრცე გადახურულია ხის კოჭებით და აზბესტის სახურავით.
რაც შეეხება ინტერიერს, აქ მართლაც საინტერესო სურათია - ორი წყვილი პილასტრი ზემოთ ბოლოვდება უჩვეულო ფორმის კაპიტელით. თითოეულ კაპიტელზე შუაში და გვერდებზე გამოსახულია სპირალის რელიეფური გამოსახულება, შესაბამისად სულ ჯამში თორმეტი ასეთი სიმბოლოა. სპირალის სიმბოლური მნიშვნელობა უძველესია და მისი გამოყენება ქრისტიანულ არქიტექტურაშიც არ არის უცხო. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში მშენებელი სპირალს გამოსახავს როგორც ქართულ რეალობაში კარგად ცნობილ ბორჯღალის ერთგვარ ინტერპრეტაციას. კაპიტელებს ზედა მხრიდან შემოსაზღვრავს ცერადკვეთილი სამკუთხედების ზოლი. გარდა ამისა, პილასტრებს შორის გვხვდება ნალისებური კედლის თაღები, რაც ასევე ადრე შუა საუკუნეებს გვახსენებს. ინტერიერი მთლიანად კირით არის შეთეთრებული. საკურთხეველში XVIII საუკუნის მხედრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია მღვდელი საბა ჭანგურისძე.
მურჯახეთზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ქვის სვეტი, რომელიც ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე ათეულ მეტრშია აღმართული ძველ სასაფლაოზე. მას „ძიქვას“ (რძის ქვას) უწოდებენ. სოფელში მეორე მსგავსი ქვაც არის, რომელსაც „ლალიას“ ეძახიან. ეს ქვები დაკავშირებულია ხალხთა უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან და კულტთან. არ არის გამორიცხული მურჯახეთის ეკლესიის ქტიტორი სწორედ ამ ქვების ზეგავლენით იყო შთაგონებული და ეკლესიის მშენებლობისას გამოიყენა უძველესი სიმბოლური გამოსახულებები.
ამრიგად, მურჯახეთის ეკლესია მრავალხრივ საინტერესო ძეგლია. ის ადრე შუა საუკუნეებში (VI-VII სს.) უნდა აეგოთ, რაზეც მეტყველბს ისეთი დეტალები, როგორიცაა კბილანა ლავგარდანის ფრაგმენტი აღმოსავლეთის ფასადზე, სპირალის სიმბოლო, ცერადკვეთილი სამკუთხედების რიგი და ნალისებური კამარა ინტერიერში. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მურჯახეთი იყო ერთ-ერთი პირველი სოფელი ჯავახეთში, სადაც ეკლესია აიგო.
ინფორმაცია მოამზადა არჩილ მაისურაძემ
ფოტოები: არჩილ მაისურაძის