ხიხანის ციხე
galerea
aRwera
ხიხანის ციხე მდებარეობს სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებში, ბათუმიდან 125 კმ-ის მოშორებით, არსიანის მთის ერთ-ერთ განშტოებაზე, აჭარა - შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2235 მეტრზე.
განვითარებულ შუასაუკუნეებში აჭარის კულტურულ - ეკონომიკური აღმავლობა უკავშირდება ერისთავთ - ერისთავების აბუსერისძეების მოღვაწეობას. ისინი ისტორიის ასპარეზზე ჩნდებიან X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დამდეგისათვის. ტაო-კლარჯეთში ბაგრატოვანთა მმართველობის ხანაში აჭარა აბუსერისძეთა საერისთავოს წარმოადგენდა. „ქართლის ცხოვრებაში“ ამ გვარეულობის პირველი წარმომადგენლები მოიხსენებიან როგორც „ერისთავი არტანუჯისა და ხიხათა და ციხისჯუარისა და აწყვერის ციხისა პატრონი“. ეჭვს არ იწვევს, რომ აბუსერისძეთა გვარეულობას უკავშირდება ერთ-ერთი შესანიშნავი საფორტიფიკაციო ნაგებობის ქართული ოლიმპოს ხიხანის ციხის აგება. ყოველ შემთხვევაში „მატიანე ქართლისაის“ მიხედვით აბუსერ I აბუსერისძე XI საუკუნის შუა ხანებში ხიხათა ციხის მფლობელად იხსენიება. იგი XI-XIII საუკუნეებში ერისთავთ - ერისთავების სარეზიდენციო ციხე - ქალაქს წარმოადგენდა. წერილობითი წყაროების მიხედვით ვიცით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ხიხანი მტრის ხელში ჩავარდნილა. მისი გამოხსნით „ღვთის სწორი პატრონები“ საქართველოს მეფეები თამარი და დავითსოსლანი დაინტერესებულან. მათი დახმარებით ხიხანი ტბელ აბუსერისძის პაპებს აბუსერსა და სანონს მტრისაგან გაუნთავისუფლებიათ.
1896 წელს ხიხანის ციხე და მისი მიდამოები მიმოიხილა თ. სახოკიამ. იგი აღნიშნავდა, რომ ხიხანის ციხე „წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივე კუთხივ მახლობელ მთებიდან ხრამებით მოშორებულს და მიუვალს“. მაღალი კლდოვანი მასივის თხემი, რომელზეც ციხეა აშენებული წარგძელებულია სამხრეთ - აღმოსავლეთიდან ჩრდილო - დასავლეთის მიმართულებით. ციხის სიგრძე უკიდურეს სამხრეთ - აღმოსავლეთით მდებარე #1 კოშკიდან ვიდრე #4 კოშკის დასავლეთით არსებულ ბუხრიან ნაგებობამდე 350 მეტრია. ციხის ტერიტორია სიგანეში საკმაოდ ვიწროა და 15-25 მეტრს შორის მერყეობს. ციხე ყველა მხრიდან მიუდგომელია რადგან გარშემო აკრავს მაღალი და ციცაბო კლდეები. ერთადერთი, ისიც საკმაოდ რთული მისადგომი თავის დროზე ჰქონდა სამხრეთ- აღმოსავლეთი მხრიდან. ამჟამად ძეგლზე ასვლა ხდება დასავლეთ ფერდზე ამ ათიოდე წლის წინ გაკვალული ბილიკით. ხიხანი აგებულია სტარატეგიული თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე. მიუვალი ციტადელი ადრევე დარაჯივით იდგა მთის ქარაფებზე და აკონტროლებდა სხვადასხვა მიმართულებით დაქსელილ საქარავნო გზებს. მათ შორის უმთავრესი იყო სამი. ერთ-ერთი მათგანი სოფ. ბაკოს, შემდეგ ციხისძირში გაივლიდა და სამცხე-ჯავახეთისაკენ გრძელდებოდა. მეორე ციხისძირით, ბაკოს, საიჩარის, ჩირუხის გავლით იმიერხევ - შავშეთ - კლარჯეთისაკენ მიდიოდა. მესამე კი - ახალციხე- არტაანიდან გამომავალი სხალთა - აჭარისწყლის ხეობის დაყოლებით ზღვისპირეთისაკენ.
ხიხანის ციხეზე შემორჩენილი ძირითადი ნაგებობებიდან აღსანიშნავია: აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ოვალური მოყვანილობის ზღუდის კედლები; კვადრატული გეგმის რამდენიმე სართულიანი ოთხი კოშკი; დარბაზული ეკლესია; მოზრდილი სასახლე; მარანი. ჩამოთვლილი ძეგლები ციხის თავდაპირველი მშენებლობის პერიოდს განეკუთვნება და ზოგადად XI-XIII საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. გვიანდელი შუასაუკუნეებისაა სასახლის ინტერიერში ჩაშენებული და სასახლის აღმოსავლეთ კედელზე გარედან მიდგმული ბუხრიანი ნაგებობები; გვიანდელია #1 და #2 კოშკს შორის არსებული მშრალი წყობით ნაგები სათავსი; აგრეთვე ციხის სამხრეთ - აღმოსავლეთ ფერდზე და #4 კოშკის აღმოსავლეთით მდებარე ბუხრიანი შენობები. ციხის ფართობი თითქმის ორ ჰექტრამდეა. მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული. დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. ციხეს ჰქონია ქვის გალავანი. ალაგ-ალაგ გადარჩენილი კედლების სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს, სისქე 90-95 სმ-ია. გალავანის კედლები კლდის გარე კიდეებზეა მორგებული, ამიტომაც მისი გეგმა ძირითადად რელიფს მიუყვება. ამჟამად გალავნის კედლები ბევრგან დაზიანებულ - ჩაქცეულია. ციხის 4 კოშკიდან პირველი მდებარეობს ციხის სამხრეთ - აღმოსავლეთ კუთხეში, მისასვლელი გზის მარცხენა მხარეს. კოშკი საგრძნობლადაა დაზიანებული. შედარებით უკეთესად გადარჩენილია მისი აღმოსავლეთ კედელი. კოშკი ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. მეორე კოშკი პირველისაგან 45 მეტრითაა დაშორებული. გადარჩენილია დასავლეთისა და ჩრდილოეთის მაღალი კედლები, კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები. ხის კოჭებისათვის განკუთვნილი ბუდეების მიხედვით ჩანს, რომ ეს კოშკი სამსართულიანი ყოფილა (ზომები: 4.5 მ * 3.8 მ-ზე). მესამე კოშკი მეორესგან 185 მეტრითაა დაშორებული. ესეც ოთხკუთხა შემოწერილობისაა. გადარჩენილია დასავლეთი და სამხრეთის კედლები. ეს კოშკიც რამდენიმე სართულიანი ყოფილა. (ზომები 4.8 მ * 4.2 მ-ზე). უკეთესადაა შემონახული მეოთხე კოშკი. იგი სამსართულიანია. ჩრდილო - აღმოსავლეთიდან გაჭრილი შესასვლელი კარი 3 მ-ის სიმაღლეზეა. როგორც ჩანს, აქ იყენებდნენ ასაწევ კიბეს (ზომები 5 მ * 4.5 მ-ზე). საკუთრივ ციხე - ქალაქის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთების არსებობა, რომელთა ფუნქციისა და კონსტრუქციების შესახებ საუბარი ჭირს. არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლის ტერიტორიაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით 2013 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. გათხრების შედეგად აღმოჩნდა როგორც განვითარებული, ისე გვიან შუასაუკუნეების ნაგებობათა ნაშთები. ციხის თანადროული ნაგებობებიდან გაითხარა სასახლე - (ციხის ქვედა ტერასა) სწორკუთხაა (15.70 მ * 8.70 მ-ზე). 90 - 100 სმ სისქის კედლები ნაშენია კლდის ფლეთილი ქვებით, კირხსნარზე. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 3.80 მ-ია. სასახლე ერთსართულიანია. ჰქონდა ორი კარი ერთი მათგანი მდებარეობს სასახლის დასავლეთი კედლის სამხრეთ კუთხეში. მეორე - აღმოსავლეთი კედლის სამხრეთ კუთხეშია. გათხრების დროს სასახლის ცენტრალურ ნაწილში სახურავის საყრდენი ბაზის სამი ნაშთიც დაფიქსირდა. სასახლის იატაკი მთლიანად კირხსნარის 2 სმ სისქის ფენით ყოფილა დაფარული. კირხსნარითვე უნდა ყოფილიყო შელესილი სასახლის ინტერიერი. ჩრდილო- დასავლეთ კუთხეში აღმოჩნდა კვადრატული გეგმის (3.50 მ * 2.40 მ-ზე) შემაღლება - ტახტი, რაც უნდა წარმოადგენდეს სასახლის მფლობელთა მოსასვენებელ თუ დასაძინებელ ადგილს. გვიანდელ შუასაუკუნეებში ნაგებობის ინტერიერში ახალი შენობაც გაუმართავთ. წერილობითი წყაროების მონაცემების გათვალისწინებით, სასახლე თუ უფრო ადრე არა, XI ს-ში მაინც უკვე აგებული ჩანს.
2013 წელს ციხის ტერიტორიაზე გაითხარა ის საეკლესიო ნაგებობაც, რომლის შესახებაც საკმაოდ ვრცლადაა საუბარი ტბელ აბუსერისძის ცნობილ თხზულებაში. ეკლესიის ასაგებად მშენებლებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მკვეთრად დაქანებული კლდოვანი ქანი მოუსწორებიათ და სამშენებლო მოედნის ნიველირების მიზნით ორი საკმაოდ მყარი კედელიც ამოუყვანიათ. მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიის სიგრძე 7.7 მ-ია, სიგანე - 5.2 მ. კედლების სისქე - 60 სმ, შემორჩენილი სიმაღლე 1.5 მ. ეკლესიის კედლები დაშენებულია ერთსაფეხურიან ცოკოლზე - ნაშენია კლდის ნაწილობრივ დამუშავებული საშუალო ზომის ქვებით კირხსნარზე. რიგებს შორის ჰორიზონტაულურობა არც თუ ისე კარგადაა დაცული. შესასვლელი ჰქონია სამხრეთიდან და დასავლეთიდან. მისი იატაკი მოგებული ყოფილა კლდის ფლეთილი ფილებითა და კირხსნარით. ნახევარწრიული საკურთხეველი ჩაწერილია ეკლესიის სწორკუთხა გეგმაში. პილასტრების არსებობა არ დასტურდება. გადახურვის კამარა, როგორც ჩანს, უშუალოდ ეყრდნობოდა გვერდით კედლებს. შელესილობის ან მოხატულობის რაიმე კვალი არ შეინიშნება. აღმოჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ ეკლესია ქვის ლორფინებით უნდა ყოფილიყო დახურული. როგორც ტბელის თხზულებიდან ჩანს, ადრე აქ ხის ეკლესია ყოფილა. XIII-ს 30-იანი წლებისათვის ქვის ეკლესია აუგიათ. მშენებლობასთან დაკავშირებით შემოგვენახა საინტერესო წერილობითი ცნობები. ტბელ აბუსერისძე ლიტერატურულ - მწიგნობრულ მოღვაწეობასთან ერთად ხირხათის მთის ძნელად მისადგომ ციხესიმაგრეში მშენებლობასაც ეწეოდა. მას ძმების ერისთავთ - ერისთავების აბუსერისა და ვარდანის დავალებით წმ. გიორგის ეკლესია აუგია. თხზულების წერისას 1233 წელს მშენებლობა ჯერ კიდევ არაა დასრულებული. ავტორი იქვე ზის და ამ საქმეს მეთვალყურეობს. თხზულებიდან ჩანს, რომ ეკლესიის მშენებლობა დიდ სიძნელეებთან ყოფილა დაკავშირებული. ტბელ აბუსერისძე წერს: „მამულისა ჩუენისა კაცთა, წესისაებრ, დიდი ჭირი ნახეს, გარნა ბაკოელთა მეტისმეტად დიდი მოიჭირვეს“. ტბელი ასახელებს აქვე რამდენიმე მიზეზს: ციხის მიუვალობა, ქვების მშენებლობის ადგილზე მიტანა და სხვა. ტექსტიდან ჩანს, რომ იგივე ბაკოელნი ყოფილან ეკლესიის აშენების ინიციატორები. ამათი „ვაზირობითა და შემოხუეწითა ხელვყავ ეკლესიისა მრავლითა სახლოვნებითა აღშენება“. ხიხანის ეკლესიის შემკობისათვის დიდად უზრუნია ერისთავთ - ერისთავ აბუსერს, ხოლო ტბელ აბუსერისძის მეუღლეს ბაგულს კი მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანია მშენებლობის გასრულებაში. ეკლესია აგებული უნდა იყოს XIII-ს 30-იანი წლებისათვის. ეკლესიის მშენებლობასთან ერთად ტბელ აბუსერისძეს მლოცველებისათვის განკუთვნილი სახლების აშენებაზეც უზრუნვია. ბაკოელთა „ვაზირობითა და შემოხუეწითა ხელვყავ ეკლესიისა მრავლითა სახლოვნებითა აღშენებაი, მუნ შინა მისრულთა სალოცავად ჭიდროებისა მათისა ნუგეშინის საცემელად
„.
2014 წელს ციხის მარანიც გაითხარა. სულ აღმოჩნდა 28 ქვევრი. სწორკუთხა მარნის სამხრეთ- აღმოსავლეთი ნაწილი ქარაფშია ჩაქცეული. ამავე მხრიდან უნდა ჰქონოდა შესასვლელიც. კედლები შემორჩენილია 1.5-2 მ სიმაღლეზე, სისქე 60-70 სმ-ია. მარანი ნახევრად მიწური ნაგებობა ყოფილა. 2015 წელს მეორე მარანში 43 ქვევრი აღმოჩნდა. აჭარისწყლის ხეობაში მარნების ნაწილი (თხილვანა, ვერნები, ხიხაძირი, კალოთა, ხიხანი) აღმოჩენილია მთის ზონაში, სადაც ვენახი არ ხარობს. უნდა ვიფიქროთ, რომ აჭარის ერისთავთ - ერისთავებს ბარში ჰქონიათ მამულები, სადაც ხდებოდა ვაზის მოშენება და ყურძნის დაწურული წვენის ატანა ამ ადგილებში. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ „ტკბილს მოიტანდნენ ბარიდან ჩაასხამდნენ აქა და დადგების ღვინო კეთილი და გემოიანი“. ასეთივე სურათი ისახება საქართველოს სხვა კუთხეების მიხედვითაც. ციხის ტერიტორიაზე გვიანშუასაუკუნეების სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებიც აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ხიხანის ციხეს მომდევნო ეპოქებშიაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. იგი კვლავაც წარმოადგენდა არაერთი სისხლისმღვრელი ომის ასპარეზს. აქ აღასრულა თავისი სიცოცხლე სელიმ - ბეგ ხიმშიაშვილმა. 1815 წელს არზრუმის სერასკირი ბაბა - ფაშა ფეჰლევანი 15 ათასი ჯარისკაცით ჩავიდა ახალციხის საფაშოში, გამოყო 6 ათასი რჩეული ჯარისკაცი და ალყა შემოარტყა ხიხანის ციხეს, სადაც ახალციხიდან გაძევების შემდეგ თავი შეაფარა ოჯახთან ერთად სელიმ ფაშამ. ოტომანთა წინააღმდეგ ამხედრებულ სელიმ ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს. სიკვდილის წინ მან ამაყად განაცხადა: „მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებო“.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის