სხალთის მონასტერი
galerea
aRwera
სხალთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს, ხულოს რაიონში, მდინარე სხალთისწყლის ხეობაში, ქ. ბათუმიდან 100 კმ-ის დაშორებით. ტაძარი მდინარის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდის მოვაკებულ ტერასაზეა განლაგებული. მისი ეზოს გალავანი ფრაგმენტულადაა გადარჩენილი. შვერილაფსიდიანი დარბაზული ეკლესია კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. ტაძრის სამხრეთ - დასავლეთით მდებარე სამლოცველო - საძვალე, ე. წ. სხალთის მცირე ეკლესია, ნანგრევების სახითაა მოღწეული. ჩრდილო - აღმოსავლეთით ქვითკირით ნაგები მარანია დაცული. გარემოს ცხოველხატული პეიზაჟისა და ტაძრის ჰარმონიული შეხამება გამომსახველობას ანიჭებს ძეგლს. სხალთის ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ტაძრის თავისებურებას შვერილი შვიდწახნაგოვანი აფსიდი და სამხრეთის თაღოვანი კარიბჭე წარმოადგენს. დასავლეთის მხარეზე არსებული კარიბჭისაგან დღეს მხოლოდ კვალიღაა შემორჩენილი. მცირე მინაშენი ეკლესიას ჩრდილოეთის მხარეზეც ჰქონდა. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთის და დასავლეთის. კამარის საბჯენი თაღები, გრძივი კედლების დამანაწევრებელი ნახევარსვეტები და თაღოვანი ნიშები დარბაზულ ნაწილს სამ მონაკვეთად ყოფს. ტაძარი თანაბრადაა განათებული ცხრა მაღალი თაღოვანი და ორი წრიული სარკმლით. კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვის კვადრებით, რიყის ქვები მხოლოდ კამარის შუაგულშია გამოყენებული. დარბაზული ნაწილი გადახურულია ორქანობა, ხოლო აფსიდი კონუსური ფორმის სახურავით. სამხრეთის კარიბჭე, რომელიც რამდენადმე უფრო გვიანაა მიშენებული, თავდაპირველად სამი ნაწილისაგან შედგებოდა და მთელ სიგრძეზე გასდევდა ფასადს. ტაძარი მთლიანად იყო მოხატული. დღეისათვის ფრესკები ძირითადად საკურთხეველში, კამარაზე და დასავლეთ კედელზე შემორჩა. მხატვრულ - სტილისტური თავისებურებები სხალთის მოხატულობას XIV-XV სს - ის პალეოლოგოსთა სტილის ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშებთან აკავშირებს. სხალთის მხატვრობა ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საინტერესო და თავისი დროის გამორჩეული ნიმუშია. იგი ვრცელი, განვითარებული იკონოგრაფიული პროგრამითა და გააზრებული კომპოზიციური გადაწყვეტით ხასიათდება. მარანი, რომელიც გზის პირას ტაძრიდან მოშორებით მდებარეობს, სწორკუთხა ფორმის, მოზრდილი ნაგებობაა. შესასვლელი მარანს სამხრეთ მხრიდან აქვს. მისი შიდა გადახურვა კამაროვანია. აქ დღესაც ინახება ძველი საწნახელი და მიწაში ჩამარხული უზარმაზარი ქვევრები. სხალთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი მცირე ეკლესიის მახლობლად, შუა საუკუნეებშივე გაჩნდა სასაფლაო, რომელიც რამდენიმე ასეული წელი ფუნქციონირებდა. აქ სამარხთა ოთხი ძირითადი ტიპი გამოვლინდა: ორმოსამარხები, ამოშენებულკედლიანი სამარხები, ქვის სამარხები და აკლდამა. არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების შეპირისპირებით დასტურდება, რომ ადრე აქ (IX-X სს-ში) სხალთის მცირე ეკლესია აუგიათ, ხოლო მოგვიანებით XIII ს-ის შუა ხანებში - დღემდე კარგად მოღწეული სხალთის ტაძარი.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის