ხახაბო


galerea



aRwera

(504) თავადი ბეღლისანგელოზის ჯვარი.

საკულტო ძეგლი მდებაროებს სოფელ ხახაბოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მაღალი კლდის თავზე. ხატის კომპლექსში შედის ბეღელი საქვაბე და საზარე.

ბეღელი ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა.  მას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის გვერდით მცირე ზომის თახჩაა დატანებული. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. შენობა გადახურულია ორფერდა, ოთხსაფეხურიანი სახურავით.

საქვაბე გეგმით ოთხკუთხაა და ბეღელზე დასავლეთიდანაა მიშენებული. ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით.  შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. სამხრეთის კედელში ორი სარკმელია. ჩრდილოეთ კედელთან კერაა. სათავსის შუაში გადახურვის გასამაგრებლად ორი ბოძია აღმართული. გადახურვა ბრტყელია, ბანური.

საზარე საქვაბიდან დასავლეთით ათიოდ მეტრზე დგას. ეს ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი კოშკისებრი ყრუ ნაგებობაა. ზედა ნაწილში გამოყვანილია თაღი, რომელშიც კარი კიდია. სახურავი ორფერდაა.

(505) ციხე-სახლი, არქიტექტურული ძეგლი დგას არდოტის ხეობის ზედა წელში, ხეობაში გამავალი გზიდან 400 მეტრზე, ნამოსახლარ ძველ ხახაბოში. განეკუთვნება გვიანდელ შუასაუკუნეებს. ეკუთვნის ვაჟა მინდიკაურს. ციხე-სახლი (5.2 მ *4.5მ-ზე; სიმაღლე: 7.5 მ) სამსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. პირველი სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. აღმოსავლეთ კედელში მეორე კარია გაჭრილი, ხოლო სამხრეთ კედელში სამი ნიში და ერთი სათოფურია. ამ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი კარია, სამხრეთ კედელში სარკმელი, დასავლეთისაში ორი სათოფური, ხოლო ჩრდილოეთისაში კი დიდი ნიში. ეს სართული საცხოვრებელი იყო. მესამე სართულის აღმოსავლეთ კედელში ერთი ნიში და სამი სათოფურია, სამხრეთ კედელში კი ნახევარწრიული თაღით დასრულებული განიერი სარკმელი და ორი სათოფური. დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში ორი სათოფური და ერთი სალოდეა, ჩრდილოეთ კედელში კი კარი და ორი სათოფური.  ციხე-სახლს მიწურბანიანი სახურავი და ხის კოჭებზე გამართული სართულშუა გადახურვა ჰქონია.

(506) ჭალის ჯვარი, საკულტო ძეგლი დგას სოფელ ხახაბოსსამხრეთ დასავლეთით გზის პირას. განეკუთნება გვიანდელ შუა საუკუნეებს შენობას კოშკის ფორმა აქვს (2.2 მ *2.3 მ-ზე; სიმაღლე:4.8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ქვედა ნაწილი მასიურია. ზედა ნაწილში ერთი სართულია. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელშია მიწიდან 2 მეტრის სიმაღლეზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. დანარჩენი კედლები ყრუა. გარედან შესასვლელის ზემოთ, კედლის წყობიდან გამოშვერილია ირმის რქა. შენობას ორ ფერდა, საფეხუროვანი სახურავი ჰქონია (შემორჩენილია ოთხი საფეხური).

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ვასილ ჭიჭაღუასი