ჟალეთის ბაზილიკა
galerea
aRwera
ჟალეთის ბაზილიკა დგას ნასოფლარ საყარაულოს ჩრდილო - აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, ხშირი ტყით დაფარულ პატარა მთის ფერდობზე. განეკუთვნება, მე-9 საუკუნის დასასრულსა და მე-10 საუკუნის დასაწყისს. ძეგლი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელსაც სამხრეთით და დასავლეთით, ფასადების მთელ სიგრძეზე, ერთიანი ვიწრო გარშემოსავლელი აქვს მიშენებული. შენობა ნაგებია საგანგებოდ შერჩეული თანაბარი ზომის რიყისა და ნატეხი ქვის სწორხაზოვანი რიგებით. გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლების ღიობები და ცალკეული კონსტრუქციული ელემენტები (ბურჯები, საბჯენი თაღები, იმპოსტები) სუფთად დამუშავებული შირიმითაა ნაწყობი. კედლებში მათი აგების დროს სიმაგრისათვის მთელ სიგრძეზე დაუტანებიათ ხის ძელები.
ეკლესია ძლიერაა დაზიანებული (ამჟამად კონსერვირებულია): მისგან მთელ სიმაღლეზე მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი შემორჩა; ჩამოშლილია მთავარი და გვერდითი ნავების კამაროვანი გადახურვა, საბჯენი და ნავების გამყოფი თაღები გრძივი კედლებისა და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილები; თითქმის მთლიანადაა დანგრეული გარშემოსავლელის ორივე ნაწილი. 1961 – 62 წლებში ძეგლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით გაიწმინდა ტაძრის მთელიტერიტორია და გამოვლინდა მრავალი არქიტექტურული და კონსტრუქციული დეტალი. თვით ტაძარში აღმოსავლეთის ბურჯებს შორის, აღმოჩნდა შირიმითა და რიყის ქვით ნაგები ექვსწახნაგა ფორმის (2 მ *2 მ-ზე სიმაღლე:1.1 მ) ნაგებობა რომელიც საკურთხევლისწინა ჯვრის პოსტამენტს წარმოადგენდა. იგი მთლიანად შელესილია და ექვსივე წიბოს, მთელს სიმაღლეზე, შირიმით ნაწყობინახევარსვეტი ასდევს, აღმოსავლეთ და დასავლეთ წახნაგებზე კი ქვის საფეხურებია მიშენებული.
შენობის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია (17.1 მ *10.5მ-ზე), რომელიც ორი წყვილი სწორკუთხა ბურჯითა და მათზე გრძივი მიმართულებით გადაყვანილი სამ - სამი თაღით გაყოფილია სამ ნავად. თითო, გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნით თაღოვანი შესასვლელი მოწყობილია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ბაზილიკის შუა ნავი, რომლის სიმაღლე სამჯერ მეტია სიგანეზე, გვერდის ნავებთან შედარებით ორჯერ უფრო განიერია და აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის ღერძზე ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის წინ საკმაოდ ღრმა ბემაა. ბემის ორივე კედლის სიბრტყე სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან ზედა ნაწილის სიბრტყე, რომლის სიმაღლე კედლის მთელი სიმაღლისმესამედის ტოლია, ქვედას მიმართ რამდენადმე წინაა წამოწეული და მარტივი პროფილის დაბალ იმპოსტს ეყრდნობა, იმპოსტი ბემის კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს. აფსიდის ირგვლივ დაბალი საფეხური შემოყვება. ბემის ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ტაძრის იატაკზე 0.85 მეტრით მაღალია, იგი ბაზილიკის დანარჩენი სივრცისგან გამოყოფილი ყოფილა, ქვის კანკელით,რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული, ხოლო ბემა - ნახევარცილინდრული კამარით. აფსიდისა და ბემის თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის იმპოსტები, რომელთა პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. საკურთხევლის ორივე მხარეს გვერდითი ნავების აღმოსავლეთ კედელში, გამოყოფილია განცალკევებული სწორკუთხა სადგომები - სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივე სადგომი შესაბამის ნავთან დაკავშირებულია თითო ვიწრო და მაღალი სწორკუთხა კარით. სადგომი ცილინდრული კამარითაა გადახურული და აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმლით ნათდება. ბაზილიკის თაღებშორისი ბურჯები გეგმით თითქმის კვადრატულია, მთავარი ნავის მხრიდან მათ თითო მარტივი პილასტრი ქონიათ, რომლებსაც მთავარი ნავის კამაროვანი გადახურვის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. ნაწილობრივ შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთის ბურჯების წყვილი, ჩრდილოეთის ბურჯებიდან კი შემორჩენილიამხოლოდ ბაზები. ბურჯებზე შირიმით ნაწყობი ნახევრადწრიული თაღები ყოფილა გადაყვანილი, რომელთაც მხოლოდ აღმოსავლეთ წყვილის მცირე ნაწილი და მათი საყრდენი თითო იმპოსტიღა შემორჩათ. ბაზილიკის გვერდის ნავებიც, მთავარი ნავის მსგავსად, ნახევრადცილინდრული ფორმის კამარით ყოფილა გადახურული. ყოველი მათგანი ორ-ორ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ინტერიერი შელესილი ყოფილა და საღებავით დეკორატიულად გაფორმებული: ბემის კამერაზე შემორჩენილია წითელი საღებავით შესრულებული სწორკუთხა ქვების წყობის იმიტაცია, ხოლო აფსიდში (სარკმლის გვერდით) - მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი.
ბაზილიკას, სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებს მთელს სიგრძეზე ეკვრის ვიწრო (სიგანე:2.4 მ) გარშემოსავლელი, რომელსაც დასავლეთით და სამხრეთით, ბაზილიკის შესასვლელების პირდაპირ თითო კარი აქვს. გარშემოსავლელის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთ ბოლოში გამოყოფილია აფსიდიანი პატარა სამლოცველო. გარშემოსავლელის სამხრეთ ნაწილის შუაში, ბაზილიკის შესასვლელის წინ, პილასტრბითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით გამოყოფილი ყოფილა გუმბათოვანი კამერით გადახურული პატარა კვადრატული სივრცე, რომელიც ბაზილიკის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებდა( შემორჩენილია მხოლოდ სამი პილასტრის კვალი). გარშემოსავლელის დასავლეთ ნაწილი ერთ მთლიან სივრცეს წარმოადგენდა და გადახურული იყო სამ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი ნახევარცილინდრული კამერით.
ბაზილიკის ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე სიმეტრიულად განლაგებული სამი თაღოვანი სარკმელია. სამივე სარკმელი მარტივი რელიეფური თავსართითაა მორთული. მათგან საკურთხევლის სარკმლის თავსართი ნახევარწრიული ფორმისაა და ბოლოებში პატარა ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სადიაკვნის სარკმლის თავსართის სამკუთხა თაღის ფორმისაა, ხოლოსამკვეთლოს სარკმლის თავსართი ნახევარწრიული ფორმისაა, თაღის ბოლოებში პატარა ჰორიზონტალური გადანაკეცებია, რომლებსაც ბოლოები (სარკმლის გადამხურავი ქვის კიდეებთან) აშვერილი აქვს. ამ ნაწილის განაპირა გვერდები ვერტიკალურია, შიდა - სარკმლის ღერძისკენაა დახრილი და სარკმლის თავსართის თავზე თითქმის სამკუთხა ფორმის არეს საზღვრავს. სამხრეთის ფასადზე შემოსავლელი გადახურულია მთლიანი ქვით, რომელზეც ამოკვეთილია ოდნავშეღრმავებული ნახევარწრიული თაღი. იგი შესასვლელის თავზე ტიმპანისმაგვარ არეს ქმნის. შესასვლელის აღმოსავლეთით ნიშია, რომელიც გამოყვანილია შირიმის ქვით და დასრულებულია ერთმანეთზე კუთხით მიყრდნობილი ორი ქვის ფილით. დასავლეთის ფასადს, აღმოსავლეთის ფასადის მსგავსად, ბაზილიკური მოხაზულობა აქვს. ამჟამად ფასადიდან მხოლდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. შესასვლელი აქ მორთულია უბრალო საპირით, მის პროფილს ქმნის ორ ლილვს შორის მოქცეული, ოდნავ ამოზნექილი გლუვი ზედაპირი. კარის არქიტრავზე შექმნილი თაღოვანი არის შუაში გამოსახულია თანაბარმკლავებიანირელიეფური ჯვარი. ბაზილიკის კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი ზედაპირი და ლილვი.
ბაზილიკის გაწმენდისას აღმოჩნდა, გამოთლილი, დამტვრეული ჯვრის ორი მკლავი, მათი ორივე მხარე მორთულია რელიეფით. ერთი მხრიდან ჩაჭრით გამოყვანილია მკლავის შუა ნაწილი, მეორე მხარეს წრიულ ჩარჩოში ჩასმულია წმინდანის გამოსახულება (თავზე შარავანდით).სამუშაოების განხორციელებისას ასევე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ნაწილად დატეხილი მე-6 - მე-7 საუკუნის ქვის სანალთავი(ამჟამად ინახება დაბა თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). შემორჩენილი ნაწილებიდან აღსდგა სანათლავის სამი გვერდი და ფსკერი. მეოთხე გვერდის შემადგენელი ნაწილები უკვალოდაა დაკარგული. სანათლავი გამოთლილია ერთი მთლიანი მაგარი ქვიშაქვისგან (85 სმ *60 სმ *45 სმ). სანათლავისორი გვერდი გარედან მორთულია რელიეფებით ხოლო მესამე სრულად გლუვია. როგორც ჩანს ამ გვერდით იგი მიდგმული ყოფილა კედელზე. სანათლავის ერთ კედელზე წარმოდგენილია ნათლისღების სცენა რომელიც ორივე გვერდიდან და ზემოდან შემოფარგლულია ორნამენტული არშიით. კომპოზიციის შუაში მოთავსებულია წელამდე წყლით დაფარული ქრისტეს შიშველი ფიგურა. მარცხნივ გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, მარჯვნივ კი ორი ანგელოზი. ქრისტეს თავს ზემოთ სწორკუთხა ჩარჩოში მტრედის გამოსახულებაა რომელსაც ნისკარტით გვირგვინი უკავია. ქრისტეს ფიგურა ფრონტალურადაა მოცემული, ქვემოთ დაშვებული ხელებით. წყალი გამოსახულია სწორკუთხა, ოდნავ ამოწეული სიბრტყის სახით რომელიც დასერილია ტალღისებრი ხაზებით. იოანე ნათლისმცემელი წარმოდგენილია მთელი ტანით. მას ცალი ფეხი ქვაზე აქვს შედგმული მარჯვენა ხელით კი ქრისტეს თავს ეხება. ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულ ანგელოზთაგან წინა მიწაზე დგას და ორივე ხელით ეხება ქრისტეს ფიგურას. უკანა ანგელოზიც ანალოგიურ მოძრაობაშია წარმოდგენილი და პირველი ანგელოზის მიმართ ოდნავ ზემოთაა. სცენა შესრულებულია დაბალი რელიეფით, ფიგურები კი მხოლოდ ზოგადი ფორმებით, ცალკეული დეტალების დამუშავების გარეში. პლასტიკური გამომსახველობა სიბრტყობრივ - გრაფიკულია. სანათლავის მეორე, შედარებით მოგრძო კედლის მხოლოდ სამი მეოთხედი ნაწილია დაფარული რელიეფით, დანარჩენი არე სრულად დაუმუშავებელია. კედლის მარცხენა და ზედა კიდეს ნათლისღების კომპოზიციის ანალოგიური ორნამენტულიარშია გასდევს. მორთულობა ორი კომპოზიციისგან შედგება. მარცხენა ნაწილში თითქმის კვადრატულ არეზე გამოსახულია ფრონტალურად მდგომი სამი ფიგურა. მარჯვნივ კი ასევე სწორკუთხა ჩარჩოში მოქცეული ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვარი რომელიც ქვედა ბოლოთი პატარა პოსტამენტს ეყრდნობა. კედლის მარცხენა ნაწილში გამოსახული ფიგურები შემოსილია გრძელი ტანსაცმლით, ზემოდან წამოსხმული ჰიმატიონებით. ფიგურების თავებს შორის და მარცხენა ფიგურის თავთან გამოსახულია დეკორატიული ვარდულები. ფიგურები წარმოდგენილია ბრტყელი და დაბალი რელიეფით. მათი ტანსაცმელი დამუშავებულია ხშირი პარალელური, ალაგ-ალაგ გამოყოფილი ხაზებით. სამივე ფიგურა ერთიდაიგივე მოხაზულობისაა წელში ოდნავ შევიწროვებული. ჯვარი შედგენილია წრის სეგმენტების გადაკვეთით. მისი მკლავები შემკულია თითო ბურთულით ხოლო მკლავებს შორის დარჩენილი არეები კი ვარდულებით. ასეთივე, მაგრამ ოდნავ მოზრდილი,ვარდულები გამოსახულია პოსტამენტის ორივე მხარესაც. სანათლავის მეორე გრძივი კედელი თითქმის მთლიანადაა დაკარგულია, გარდა ქვედა მარჯვენა კუთხისა, შემორჩენილია მხოლოდ ორი ფიგურის ქვედა ნაწილი. ბაზილიკის შესასვლელთან ნაპოვნია ქვასვეტი. იგი ოთხივე მხრიდან შემკულია რელიეფით, ქვასვეტის წინა კედელზე სწორკუთხა მოჩარჩოებაში გამოსახულია წმინდა სტეფანეს ფრონტალურად მდგომი ფიგურა. კომპოზიციის ზედა ორივე კუთხეში თითო ვარდულია, ხოლო მათ ქვემოთ ამოკაწრულია ასომთავრული წარწერა - წმინდა სტეფანე. მარცხენა ხელში წმინდანს წიგნი უჭირავს მარჯვენაში კი საცეცხლური. წმინდანის თავი შემკულია შარავანდედით. ფიგურის რელიეფი დაბალია და ბრტყელი. მისი ზედაპირი დამუშავებულია ვერტიკალურად განლაგებული, თითქმის პარალელური ხაზებით. ქვასვეტისგვერდითი სიბრტყეები დამუშავებულია გრაფიკული ხასიათის გეომეტრიული სახეებით. ერთ-ერთი გვერდის ზედა ნაწილში გამოსახულია წაგრძელებულყელიანი ფრინველი, რომელიც ტრადიციული ფორმის პოსტამენტზე დგას. მეორე გვერდზე კი დიდი ზომის ვარდულია. აღმოჩენილი რელიეფები მხატვრულ - სტილისტური გადაწყვეტით „გარდამავალ ხანას“განეკუთვნება.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის