იხინჭას მარიამწმინდა


galerea



aRwera

მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს ნასოფლარ იხინჭას მახლობლად, ტყით დაფარულ ბორცვზე. კომპლექსში შედის წმინდა მარიამის ეკლესია, ორსართულიანი ეკლესია, გალავანი და გალავანზე გარედან მიშენებული ორსართულიანი სამრეკლო. მათგან უადრესია ორსართულიანი ეკლესია, მომდევნო ხანებში აუგიათ დარბაზული ეკლესია და გალავანი, ხოლო სულ ბოლოს კი სამრეკლო.

ორსართულიანი ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (4.5მ * 3.5 მ-ზე; სიმაღლე:7.5 მ), თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ნაგებია მოზრდილი ზომის, ნაწილობრივ დამუშავებული ნატეხი ქვის რეგულარული წყობით. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ნაწილობრივ ლავგარდანი, მონგრეულია აღმოსავლეთის ორივე კუთხის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოგვიანებით, გამაგრების მიზნით, დასავლეთ კედელის მთელ სიმაღლეზე მიუშენებიათ ნატეხი ქვით ნაგები სქელი (სიგრძე 0.6 მ)კედელი, რომელსაც ორივე ბოლო ისე აქვს მომრგვალებული რომ შენობის დასავლეთის ორივე კუთხეს მთელ სიმაღლეზე ფარავს. როგორც ჩანს, ამავე დროს განუახლებიათ ლავგარდანი და სახურავი. პირველი სართული გეგმით სწორკუთხაა,ის წარმოადგენს ნახევარწრიული კამარით გადახურულ ყრუ კედლებიან, სათავსს ფართობით 3.3 კვადრატული მეტრი, მეორე სართული კი სამლოცველოა. მათ შორის კავშირი ხორციელდებოდა პირველი სართულის კამარაში მოწყობილი მართკუთხა (0.7 მ * 0.45 მ-ზე) ხვრელობით, რომლის ნაწილი სამლოცველოს აფსიდის ფარგლებშია მოქცეული. შესასვლელი სამლოცველოს სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში აქვს. მიწის დონიდან 3.2 მეტრ სიმაღლეზე. კარი  ორივე მხრიდან ტიმპანითაა დასრულებული. გარედან შესასვლელის, აღმოსავლეთ წირთხლთან, წყობიდან გამოშვერილია მოზრდილი ქვა რომელსაც როგორც ჩანს ხის კიბის მისაყრდნობად იყენებდნენ. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, რომლის სამხრეთით მცირე ზომის კვადრატული ნიშია მოწყობილი, თითო მსგავსი სარკმელია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში. მათგან დასავლეთ სარკმლის ღიობი მოგვიანებით მიშენებულ კედელში გრძელდება. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. მის თაღს ოდნავ შეისრული ფორმა აქვს. მსგავსი ფორმისაა კამარაც. ინტერიერში ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტები.

გარედან შენობა ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება და დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით რომლის პროფილს შეადგენს თარო შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი. სახურავი ორფერდაა.

წმინდა მარიამის ეკლესია დგას ორსართულიანი ეკლესიის დასავლეთით 4.5 მეტრის დაშორებით. ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით ნაგები ტაძარი დარბაზულია (6.3 მ *4.5 მ-ზე)  და თარიღდება გვიანდელი შუასაუკუნეებით.  ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარისა და საფასადო წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, მას მხოლოდ წირთხლების მცირე ნაწილი შემორჩა. ეკლესია უაფსიდოააღმოსავლეთით დასრულებულია კუთხეებმომრგვალებული საკურთხევლით, რომლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია გარეთკენ შევიწროვებული სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშია. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც არის. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, კედელზე ტრაპეზია მიდგმული. საკურთხეველი ამორფული ფორმის კონქითაა გადახურული, იგი უშუალოდ შეერთვის დარბაზის ასევე არაწესიერ ფორმის კამარის შემორჩენილ ნაწილს. საკურთხევლის მხრები ვიწრო და უსწორმასწოროა. საკურთხეველში და ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია გვიანდელი შუასაუკუნეების ძლიერ დაზიანებული მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხეველში მხატვრობა ორ რეგისტრად ყოფილა დაყოფილი. ამჟამად კონქის კომპოზიცია მთლიანად დაღუპულია (ნალესობა ჩამოცვენილია). მეორე რეგისტრში წარმოდგენილი არიან ეკლესიის მამები. ამავე რიგში, ჩრდილოეთის მხარეს გამოსახულია დიაკვანი. დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე შემონახულია ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები. წარწერის ყოველი სამი სტრიქონი მოქცეულია სწორკუთხედში რომელიც შემოსაზღვრულია მოწითალო აგურისფერი ხაზით. ამჟამად დარჩენილია ხუთი ასეთი სწორკუთხედი. წარწერის შინაარსის დადგენა არ ხერხდება. მხატვრობის კოლორიტი აგებულია მოყვითალო-აგურისფერი, ცისფერი და ყვითელი ფერების შეხამებაზე,  ფონი თეთრია.

სამრეკლო, თავისი გეგმით სწორკუთხა (4 მ *3.7მ-ზე), ორსართულიანნაგებობას წარმოადგენს. ის მიშენებულია გალავნის სამხრეთ კედელზე (სამხრეთ დასავლეთ კუთხესთან) და ნაგებია წვრილი ნატეხი ქვით. სამრეკლოს პირველი სართული ნახევარსფერული გუმბათით გადახურული სწორკუთხა სათავსია, რომლის აღმოსავლეთ კედლის, სამხრეთ კიდეში სწორკუთხა შესასვლელია გაჭრილი. სათავსის ოთხივე კუთხეში თითო მოზრდილი ტრომპია მოწყობილი. ტრომპის ზემოთ თითქმის ტოლგვერდა რვაკუთხედი იქმნება, რომელსაც გუმბათის წრიული საფუძველი ემყარება. თვით გუმბათის საფუძვლის მრუდი რამდენადმე კედელშია შეჭრილი და მთელ პერიმეტრზე პატარა საფეხურს ქმნის. სართულის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო კვადრატული ნიშია. მეორე სართული რვაწახნაგოვანი, გარედან ზემოთკენ შევიწროვებული ფანჩატურია. ყოველ წახნაგში თითო ფართო და მაღალი თაღოვანი ღიობია. თითოეული მათგანი ზემოთ თანდათან შევიწროვებულია და დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. თაღის მალი რამდენადმე აღემატება ღიობის სიგანეს რის გამოც ორივე ქუსლთან პატარა საფეხური იქმნება. გარედან თაღები კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია მოქცეული. ფანჩატურის შიდა სივრცე ნახევარ სფერული გუმბათითაა გადახურული, რომელიც საფუძვლით, პირველი სართულის გუმბათის მსგავსად კედლის სიბრტყეშია შეჭრილი. ფანჩატური დასრულებულია შირიმის ლავგარდნით. მის პროფილს შეადგენს ვიწრო თარო და ცერად ჩაკვეთილი სიბრტყე. სამრეკლოს პირამიდული ფორმის რვაწახნაგოვანი სახურავი ხურავს. სწორკუთხა მოხაზულობის გალავნისა და მის დასავლეთ კედელში არსებული კარიბჭის კედლები 0.5 მ-1.2 მ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის