კვირიკეს მონასტერი


galerea



aRwera

კვირიკეს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფელ ანანურის სამხრეთ დასავლეთით 5 კილომეტრში, მაღალი, ტყიანი მთის წვერზე. კომპლექსში შედის სამეკლესიანი ბაზილიკა, მასზე მიშენებული ორსართულიანი ნაგებობა, მცირე სამლოცველო, გალავანი და რამდენიმე ნაგებობის ნანგრევები.
სამეკლესიანი ბაზილიკა დგას კომპლექსის შუაში, იგი მე-9 - მე-10 საუკუნეებით თარიღდება. ნაგებია კირის ხსნარით დაკავშირებული სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. ბაზილიკის ამჟამინდელი სახე ჩამოყალიბებულია მრავალგზის გადაკეთების შედეგად. შენობის გეგმის სწორკუთხედში (10.2 მ* 9.1 მ-ზე), სამი ეკლესია და დასავლეთის გარშემოსავლელია მოქცეული. შუა ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: თითო - თითო გვერდითი ეკლესიებიდან და ერთიც დასავლეთის გარშემოსავლელიდან. სამხრეთის შესასვლელი ტიმპანითაა დასრულებული, დანარჩენი ორი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მოგვიანებით აგებული, კირის ხსნარით შელესილი კანკელით (შემორჩენილია ქვედა ნაწილი). სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ინტერიერის კედლებს მთელს სიგრძეზე საფეხურები გასდევს. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. 
სამხრეთის ეკლესია ვიწრო, აღმოსავლეთით სწორი კედლით დასრულებული, კორიდორია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის გადახურვა და წირთხლების დიდი ნაწილი ჩამოშლილია. აღმოსავლეთით ვიწრო თაღოვანი სარკმელია. შიგნით ეკლესია მცოცავი კამარითაა გადახურული, რომლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. მსგავსი ფორმისაა ჩრდილოეთის ეკლესიისა და დასავლეთის გარშემოსავლელის კამარაც. ჩრდილოეთ ეკლესიაც უაფსიდოა, მას ჩრდილოეთიდან, თაღოვანი შესასვლელი ჰქონია, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. გვერდის ეკლესიებში, დასავლეთის გარშემოსავლელი მთელ სიგანეზეა გახსნილი, ინტერიერი განათებულია დასავლეთ კედელში მოწყობილი სწორკუთხა სარკმლით. ჩრდილოეთის ეკლესიას აღმოსავლეთიდან სწორკუთხა სადგომი - სამკვეთლო ეკვრის რომელიც მთავარ ეკლესიას სწორკუთხა კარით უკავშირდება. 
მოგვიანებით სამკვეთლოს განახლების დროს მის აღმოსავლეთ კედელში კარი გაჭრეს და იგი ეკლესიაზე აღმოსავლეთიდან მიშენებულ ორსართულიან ნაგებობას დაუკავშირეს. მთავარი და გვერდის ეკლესიების კედლები დასრულებულია ორსაფეხუირიანი თაროსებრი ლავგარდნით. ნაგებობის სახურავი ფიქლისგანაა ფორმირებული.
ორსართულიანი ნაგებობა (3.8 მ *3.2 მ-ზე) მიშენებულია ბაზილიკის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილზე, ნაგებია ნატეხი ქვით, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. პირველ სართულზე შემოსასვლელი სამკვეთლოდანაა, მეორეზე კი სამხრეთიდან მისადგმელი კიბით, შესასვლელი კარი სწორკუთხაა. მეორე სართულზე აღმოსავლეთით ერთი სწორკუთხა სარკმელია. შენობას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს. კედლებზე შემორჩენილია ლავგარდნის ფრაგმენტები. 
სამლოცველი (4 მ *4 მ-ზე) კომპლექსის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში დგას, ნაგებია ნატეხი ქვით. ძეგლის აგების თარიღი დაუდგენელია რადგან ის ძლიერაა დაზიანებული. შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილი, ნახევარწრიული აფსიდის ნაწილი სარკმლის დონემდე და დასავლეთ კედლის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშნის კვალი ჩანს. 
კომპლექსის გალავანი ფრაგმენტულად არის შემორჩენილი (მაქსიმალური სიმაღლე 5-6 მეტრი სისქე 1.2 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. მის დასავლეთ კედელში გაჭრილია, ვიწრო შესასვლელი. კომპლექსის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების, რამდენიმე ნაგებობის ნანგრევებია შემორჩენილი.

 

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის