მზეწვერის წმინდა გიორგი


galerea



aRwera

მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია, მდებარეობს სოფელ ბუჩაანის სამხრეთით არაგვის მარცხება ნაპირზე, ტყით დაფარული მაღალი მთის წვერზე. მცირე ფართობზე, განლაგებული არქიტექტურული კომპლექსი სხვადასხვა სახის ნაგებობებისაგან შედგება. მჭიდროდ განლაგებული ნაგებობები განსხვავდება ერთმანეთისგან დანიშნულებითა და ქრონოლოგიით.  კომპლექსის მთავარი ნაგებობას წარმოადგენს IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია. მისგან დასავლეთით ორი სწორკუთხა ნაგებობა დგას, ხოლო სამხრეთით დაახლოებით 8 მეტრზე ერთიმეორეზე მიშენებული, ფერდობში შეჭრილი, სამი სხვადასხვა ზომის სადგომია.

ტაძარი დარბაზული ტიპისაა, მას სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ერთიანი ვიწრო გარშემოსავლელი ეკვრის (ზომები 13.3 მ * 12 მ-ზე ). გარშემოსავლელს ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს, მოგვიანებით ამოშენებული, სამხრეთის და დასავლეთის. მათგან სამხრეთისა შესაბამისი კედლის შუა ნაწილშია, ხოლო დასავლეთისა გარშემოსავლელის ჩრდილოეთ კუთხესთან. მოგვიანებით ამ უკანასკნელისათვის გარედან მიუდგამთ გეგმით ტრაპეციისმაგვარი მცირე სადგომი (4.2 მ * 2.2 მ-ზე), რომელსაც ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. როგორც ჩანს იგი კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა.  გარშემოსავლელი ეკლესიას უკავშირდება ორი სწორკუთხა შესასვლელით, რომლებიც ერთმანეთის მოპირდაპირედ ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი ისე, რომ ინტერიერის მხრიდან ისინი შესაბამისი კედლების კიდეებში აღმოჩნდნენ. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით არის დასრულებული. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ფართო სარკმელია გაჭრილი, რომელსაც რაფა საფეხურებად აქვს დამუშავებული. სარკმელი შიგნიდან ბრტყლადაა გადახურული, ხოლო გარედან თაღოვანია. მსგავსი თითო სარკმელია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე. მოგვიანებით დასავლეთ სარკმლის ქვემოთ (იატაკიდან 1.2 მეტრის სიმაღლეზე) ფართო სწორკუთხა ღიობი მოუწყვიათ, რომელიც გარშემოსავლელის დასავლეთ ნაწილის სივრცეში გადის. საკურთხევლის გვერდის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის ნიშის ზემოთ კიდევ ერთი მცირე სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელზე, სარკმლის ქვემოთ, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული, რომელზედაც (საკურთხევლის მხრების ხაზზე) შემორჩენილია (1.1 მ *1.1 მ -ზე) კვადრატული შემაღლება, რომელიც ტრაპეზის ან ჯვრის საყრდენი პოსტამენტის ნაწილი უნდა იყოს. საკურთხეველი გადახურულია ერთიანი კრამიტით, რომელსაც დარბაზის კამარის მსგავსად, განივკვეთში ოდნავ გაშლილი ნახევარწრის ფორმა აქვს. დარბაზის გრძივ კედლებზე შირიმით ნაწყობი თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრების მარტივპროფილიან კაპიტელებს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეს კონსტრუქცია დარბაზის სივრცეს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს, რომელთაგანაც დასავლეთისა თითქმის ორჯერ აღემატება აღმსავლეთისას, ორივე პილასტრში აიტაკიდან ორი მეტრის სიმაღლეზე თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. დარბაზის კედლებს მთელს სიგრძეზე საფეხური გასდევს. ინტერიერი შელესილი და მოხატულია, მოხატულობა XII-XIII საუკუნეებს განეკუთნება.

 

საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრების რთული რედაქცია. აფსიდის ქვემოთა რეგისტრში გამოსახულია რვა წმინდა მამის ფრონტალური ფიგურა, რომელთა შორის განთავსებულია ანთებულ სანთლებიანი ორი შანდალი. დანარჩენ სამ კედელზე მოხატულობა (ფრაგმენტულადაა შემორჩენილი) ორ რეგისტრადაა წარმოდგენილი. კედლებზე გამოირჩევა შემდეგი კომპოზიციები: სამხრეთ კედლის ზედა რეგისტრის დასავლეთის ნაწილში - იერუსალიმში შესვლა; ქვედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში ნათლისღება; დასავლეთ ნაწილში ფერისცვალება; დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრის სამხრეთ ნაწილში ლაზარეს აღდგინება; ჩრდილოეთ ნაწილში მირქმა; ამავე კედლის ქვედა რეგისტრის სამხრეთ ნაწილში - წმინდა გიორგის ციური კურთხევა; ჩრდილოეთ ნაწილში სულიწმინდის მოფენა; ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრის დასავლეთ ნაწილში ღვთისმშობლის მიძინება; აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილია, საერო პირი რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს (ალბათ მანდატურთუხუცესი ჭიაბერი, რომელიც ფლობდა „შიდა მთიულეთს“ 1191-1205/8 წწ); პილასტრებზე განირჩევა ცალკე მდგომ ფიგურათა ფრაგმენტები; საკურთხეველში და კედლებზე მოხატულობის ქვემოთა საზღვარი გამოყოფილია ფართო დეკორატიული ზოლით, რომლის ქვემოთ იატაკის დონეზე, კედლის სიბრტყეთა დარჩენილი ნაწილები დაფარულია ტეხილი ხაზებით შედგენილი პანელით.

მხატვრობის ფერთა გამაში ჭარბობს წითელი, ცისფერი და ფორთოხლისფერის კაშკაშა და ნათელი ტონები. სახეთ დამუშავებაში გამოყენებულია ვარდისფერი ტონი, რომელიც მოდელირებულია მომწვანო ტონებით. ზოგიერთ კომპოზიციაზე შემორჩენილია შავი საღებავით შესრულებული ასომთავრული განმარტებითი წარწერები. ორ კომპოზიციაზე (მირქმა, ღვთისმშობლის მიძინება) წარწერები ნუსხურია რომელშიც ჩართულია ასომთავრული გრაფემები.

გარშემოსავლელის კედლები, ეკლესიის კედლებს წყობით არ უკავშირდება, მაგრამ მისი თანადროულია. გარშემოსავლელის ორივე გვერდითი ნაწილის აღმოსავლეთ კიდეში განივი კედლით გამოყოფილია თითო თანაბარი ფართობის სწორკუთხა სათავსი. ორივე მათგანს აღმოსავლეთით თითო სწორკუთხა სარკმელი აქვს და გარშემოსავლელის დანარჩენ სივრცესთან დაკავშირებულია თითო ვიწრო სწორკუთხა კარით.

ჩრდილოეთ სათავსის ჩრდილოეთ კედელში (ერთ სიმაღლეზე), სამი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სადგომებს სხმული კამარა ხურავს. გარშემოსავლელის დანარჩენი სივრცის განათებისათვის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია რომლებსაც ბრტყელი გადახურვა აქვს. გარშემსავლელის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების შესაბამის კედლებში თითო მცირე სწორკუთხა ნიშია.

ეკლესიის ფასადები სადაა. სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის მეტ-ნაკლებად რეგულარული წყობით ამოყვანილი საფასადო წყობისათვსი, ინტერიერთან შედარებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული. ფასადები ერთსაფეხურიანი ლავგარდნითაა დასრულებული რომელსაც ფრონტონის ძირებთან ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონია. ამჟამად ლავგარდნის ქვები მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოცვენილია. შენობა ფიქლითაა გადახურული.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ანზორ მჭედლიშვილის