დავათის ღვთისმშობლის ეკლესია


galerea



aRwera

ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი, მდებარეობს სოფელ დავათიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, 300 მეტრზე ტყით დაფარული ტყის წვერზე. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი და ეგვტერი.

ღვთისმშობლის ეკლესია განეკუთნება VIII-IX საუკუნეებს, თუმცა არსებობს მკვლევართა ჯგუფი, რომლებიც ძეგლს VI-საუკუნის შუა ხანებით ათარიღებს. ეკლესია ორნავიანი ნაგებობაა სამხრეთის ეგვტერით (8.3 მ * 7 მ-ზე), რომლის მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ორი ფართო თაღითაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ სივრცეს ქმნის. ეგვტერი მთავარი ნავისაგან ყრუ კედლითაა გამიჯნული და მას უკავშირდება ამ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილი კარით. ჩრდილოეთის ნავის აღმოსავლეთ კედელში მცირე სწორკუთხა სადგომი - სამკვეთლოა მოწყობილი, მას შესასვლელი ჩრდილოეთის ნავიდან აქვს. ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი ეგვტერის დასავლეთ კედელშია გაჭრილი. შემორჩენილია კარის თაღის, შირიმის ერთი იმპოსტი, რომელიც მთავრი ნავის სამხრეთ დასავლეთ კუთხის წყობაშია ჩართული. მოგვიანებით როგორც ჩანს განვითარებულ შუასაუკუნეებში, ეკლესიისათვის დასავლეთიდან მიუშენებიათ მცირე დარბაზული (5.4 მ * 4.5 მ-ზე) ეკლესია, შემდგომ კი სენაკი (3.5 მ * 3 მ-ზე) კამაროვანი აკლდამით, რომელსაც ეკლესიის თავდაპირველი შესასვლელი დაუფარავს.  ამის გამო ახალი კარი სამხრეთ ეგვტერის იმხანად განახლებულ სამხრეთ კედელში გაუჭრიათ. უფრო გვიან (მე-14 – მე-15 სს) კედლის დასავლეთ კიდეზე მიუდგამთ გეგმით კვადრატული (4.2 მ * 4.1 მ-ზე) ორსართულიანი კოშკი, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებდა.

ეკლესია აგებულია მოზრდილი ზომის, რიყის ქვის მეტ-ნაკლებად სწორხაზოვნად დაწყობილი რიგებით. ტაძრის გარეთა კუთხეები, პილასტრები, კარ-სარკმელთა წირტხლები, თაღები, აფსიდის კუთხეები და ლავგარდანი ნაგებია შირიმის სუფთად გათლილი ქვით.  მთავარი ნავი აღმოსავლეთით დასრულებულია სამი საფეხურით, შემაღლებული ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის აფსიდით. აფსიდის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია, მისგან ჩრდილოეთით კი მცირე კვადრატული ნიში. აფსიდი ნავის დანარჩენი ნაწილისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით, რომლებზეც დაყრდნობილია, ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღი. აფსიდის კონქი რიყის ქვითაა ნაწყობი და მას მთელს სიგრძეზე კარგად შელესილი საფეხური (სიმაღლე 35 სმ) გასდევს. საკურთხევლის შუაში შემორჩენილია შირიმის ქვისგან ნაწყობი ტრაპეზის ნაწიული. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია აფსიდიდან საკმაოდ წინ წამოწეული, შირიმის თხელი ფილებით ნაგები, კანკელით. კანკელის თაღოვანი ნაწილი ეყრდნობა შირიმის რვაწახნაგოვან ბოძებს. კანკელს წინიდან მიდგმული აქვს შირიმის ქვაში გაოკვეთილი, კუბისებრი ფორმის ბაზისი, ჯვრის ჩასადგმელი ოთხკუთხა ფოსოთი. მთავარი ნავი ჩრდილოეთის ნავთან დაკავშირებულია კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ორი ფართო და მაღალი ნალისებრი თაღით. ბურჯი დაგვირგვინებულია ქვიშაქვის მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) კაპიტელით. იგივე მასალისა და პროფილისაა თაღების განაპირა, კედლის სისქეში მოქცეული ორივე იმპოსტი. ბურჯის წყობაში ჩართული იყო მხატვრულად გაფორმბული და ასომთავრული წარწერებით შემკული რამდენიმე ქვასვეტის ნაწილი, რომლებიც 1985 წელს ძეგლის არქეოლოგიური შესწავლისას წყობიდან გამოიღეს და ამჟამად დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ბურჯის ზემოთ კედელს ასდევს შირიმის ქვით ნაწყობი ერთსაფეხურიანი პილასტრი რომელსაც ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღი. ერთი პილასტრია გამოყოფილი ნავის სამხრეთ კედელზეც. მის ორივე მხარეს თითო ყრუ თაღია. მათგან დასავლეთისაში მთავარ ნავში, შესასვლელი კარია მოთავსებული. იგი ნავის მხრიდან თაღოვანია ხოლო გარედან არქიტრავითაა გადახურული. ნავის შიდა სივრცე, აფსიდის სარკმლის გარდა, სამხრეთ კედელში მდებარე კიდევ ორი სარკმლით ნათდებოდა. ნავის კირხსნარით მოლესილი იატაკი მოგვიანებით რამდენიმე ადგილას ამოუჭრიათ და სამარხები მოუწყვიათ. ერთი მოზრდილი სამარხია ჩრდილოეთის ნავშიც.

ტაძრის სამკვეთლო, კამარით გადახურული, სწორკუთხა სათავსია. ის განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმლით. ღიობი, რომელიც მას ჩრდილოეთ ნავთან აკავშირებს სამკვეთლოს მხრიდან ქვიშაქვის ზღუდარით ბრტყლადაა გადახურული, ხოლო ნავის მხრიდან თაღოვანია. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო შირიმის მარტივპროფილიანი (თარო და დახრილი სიბრტყე) ლავგარდნით.

მცირე ეკლესია რომელიც თავდაპირველ ნაგებობას დასავლეთიდან ეკვრის, მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები. ერთადერთი შესასვლელი მას სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. სივრცე აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის გვერდებში სიმეტრიულად განლაგებულია თითო მაღალი, გეგმით სწორკუთხა ნიში. ორივე ნიში სამკუთხა თაღითაა გადახურული. ეკლესიის განათების ერთადერთი წყარო იყო დასავლეთ კედელში გაჭრილი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი. ეკლესიის კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის მარტივი პროფილის ლავგარდნით.

კომპლექსში არსებული კოშკის უმეტესად რიყი ქვითაა ნაგები. გარეთა კუთხეების წყობაში აქა-იქ გათლილი შირიმის კვადრებია გამოყენებული. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის დონეზე დასავლეთის მხრიდან აქვს. სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში კი კარი რითაც სართული დაკავშირებულია მთავარი ეკლესიის სამხრეთის ნავთან. შესასვლელს მარჯვენა მხარეს წყობაში აღმოჩნდა ერთ-ერთი ქვასვეტის საფეხუროვანი ბაზა, როლის ქვედა საფეხურზე წინა მხარეს შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული წარწერა. სართულის ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხეში კედლის სისქეში მოწყობილია კიბის ვიწრო უჯრედი რითაც მეორე სართულის შესასვლელის წინ არსებულ ღია ბაქანზე ვხვდებით. კოშკის ეს სართული ქვემოთა სართულთან შედარებით უფო მაღალია და როგორც ჩანს მას საცხოვრებლად იყენებდნენ.

დასავლეთ ეგვტერის იატაკის ქვეშ მოქცეულია კამაროვანი აკლდამა  - ეკლესიის მსახურთა განსასვენებელი.

ეკლესიისა და მისი მიმდებარე ტერიოტორიის გათხრისა და გაწმენდის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა დროის ქრისტიანული ქვის სამარხები, დიდი რაოდენობით ბრტყელი და ღარიანი კრამიტი, ქვასვეტების ფრაგმენტები და სხვა.

განსაკუთრებილ ყურადრებას იმსახურებს მე-6 საუკუნის დასასრულის, ხოლო ზოგიერთი მკვლევარის აზრით მე-4 საუკუნის მეორე ნახევრის, ქვასვეტის ის ნაწილი რომელიც ბურჯის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში იყო ჩართული (სიმაღლე 0.61 მეტრი, გვერდის სიგანე 0.25 მეტრი). ქვასვეტის ოთხივე წახნაგი რელიეფებითაა შემკული. ერთმანეთის მოპირდაპირე ორ წახნაგზე ფიგურული რელიეფია განთავსებული დანარჩენი ორი შემკულია მაღალი ოსტატობით შესრულებული აკანთის ფოთლის გამოსახულებით. ქვასვეტის ოთხივე კუთხეს მთელ სიმაღლეზე ლილვი აუყვება. რელიეფური სცენები თითოეულ წახნაგზე განთავსებულია ამოკვეთილ სწორკუთხა არეში ისე, რომ რელიეფის ზედა სიბრტყე ემთხვევა წახნაგის სიბრტყეს.

ქვასვეტის ერთ-ერთ წახნაგზე, რომელიც გამოღებამდე მთავარი ნავისკენ იყო მიმართული, გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობლის ფიგურა, (უშარავანდოდ), რომელსაც ხელში უჭირავს ყრმა ქრისტე (გამოსახულება წელზევითია); ღვთისმშობლის თავის ორივე მხარეს, თავისუფალ არეზე, ასომთავრულით დაქარაგმებულია „წმინდა მარიამი“, ქრისტეს თავის გასწვრივ  კი „იესო ქრისტე“. კომპოზიცია მოქცეულია ვიწრო სწორკუთხა ჩარჩოში რომლის ორი გვერდი წიწვისებრი ხაზებითაა დამუშავებული, ხოლო დანარჩენი ორი სადაა. ამ წახნაგის მოპირდაპირე წახნაგი ბურჯის წყობაში იყო მოქცეული და მას მოზრდილი ნაწილი მომტვრეული აქვს. წახნაგზე ამოკვეთილ ორ სწორკუთხოვან არეზე ორი კომპოზიციაა. წახნაგის ქვედა კომპოზიციაში გამოსახულია დიდებულთა სამოსში გამოწყობილი თავდახურული მამაკაცის ორი ფიგურა, რომლებსაც ერთმანეთს ჩაკიდებული ხელები მაღლა აქვთ აწეული, ხოლო მეორე ხელით მიგვანიშნებენ ზედა კომპოზიციისაკენ, რომელზეც გამოსახულია ფრთოსან ანგელოზთა ორი ფიგურა. მარცხენა ფიგურის თავთან მოთავსებულია ღრმად ამოკვეთილი ასომთავრულით შესრულებული დაქარაგმებული სახელი „მიქელ“. მარჯვენა ანგელოზს თავისა და ზემოთა სიბრტყის ნაწილი მომტვრეული აქვს.

ანგელოზთაშორის ხელებისა და ტანსაცმლის კონტურით შემოსაზღვრულია მოგრძო რომბისებრი სიბრტყე, რომელზეც შვიდ სტრიქონად ამოკაწრულია 37 ნიშნიანი ქართული ასომთავრული ანბანი. საერთოდ ქვასვეტზე  ამოკაწრულია ათზე მეტი წარწერა, რომელთა დიდი ნაწილი მოგვიანებითაა შესრულებული.

ბურჯის სამხრეთ-დასავლეთ კუთხის წყობაში ჩართული იყო ქვასვეის მოზრდილი (24 სმ * 21 სმ-ზე სიმაღლე: 70 სმ) ნაწილი; მას ოდნავ დავიწროებული თავი და ჯვრის ჩასამაგრებელი ოთხკუთხა ფოსო აქვს. ქვასვეტის სამ წახნაგზე, სწორკუთხოვან ჩარჩოში, რომელიც ზედაპირის ორმხრივი ირიბი ჩაკვეთითაა გამოყვანილი, მოქცეულია მაღალ ბუნზე დადგმული, ბოლოებგაფართოებული ტოლმკლავა ჯვარი. ბუნი დაყდრნობილია შეჭრილი სამკუთხედებით დამუშავებულ ორსაფეხურიან ბაზისზე და ზემოთ სწორხაზოვნად ვიწროვდება. ქვასვეტის მეოთხე წახნაგზე გამოსახულია ერთ ვერტიკალზე განლაგებული სიცოცხლის ხე და წრეში ჩასმული ორი ტოლმკლავა ჯვარი.

1980-იან წლებში დაიწყო ძეგლის რესტავრაცია, სამწუხაროდ სარეაბილიტაციო პროცესი 1990 წლების ცნობილი მოვლენების გამო შეწყდა. ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი განახლდა 2005 წელს. ამჟამად კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ნაგებობების რესტავრაცია დასრულებულია.