ახმეტის ღვთაება
galerea
aRwera
ღვთაების ეკლესია დგას ქალაქი ახმეტის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით სასაფლაოზე. თარიღდება მე-6 საუკუნის მეორე ნახევრით. შენობის გეგმის სწორკუთხედში (სიგრძე 12 მეტრი * სიგანე 12.8 მეტრი) სამი ნავია მოქცეული. აქ ეკლესიის ძირითად სივრცეს მხოლოდ ეკლესიის მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ქმნის. სამხრეთის ნავი მთავარი ნავისგან კედლითაა გამიჯნული და მას ერთი ვიწრო შესასვლელით უკავშირდება. ეკლესიას დასავლეთიდან მთელს სიგრძეზე, მინაშენი (სიგანე სამი მეტრი) ეკვრის, რომელიც მხოლოდ მთავარ და სამხრეთ ნავებთანაა დაკავშირებული. შენობა ნაგებია რიყის ქვით ხოლო გარეთა კუთხეები, თაღები, პილასტრები, შესასვლელთა წირთხლები, სარკმელთა მოჩარჩოება და ლავგარდანი კარგად გათლილი შირიმის ქვითაა ნაწყობი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია, კერძოდ: ჩამოშლილია მთავარი ნავის კამარა, კონქის თაღი და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ ნავის კამარისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია დასავლეთ მინაშენის კამარის სამხრეთ კიდე, ფასადების მნიშვნელოვან ნაწილს საპირე წყობა შემოცლილი აქვს.
მთავარი ნავი გვერდით ნავებზე ორჯერ უფრო ფართო და მაღალია, მას აღმოსავლეთით არასრული ნახევარწრის ფორმის აფსიდი აქვს. მის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდი დასრულებული იყო წესიერი ფორმის კონქით (შემორჩენილია ნაწილი), რომლის თაღს ზემოთ, კამარამდე, შვეული შუბლი ადიოდა. კედლები დანაწევრებულია ყრუ თაღებით. გრძივ კედლებზე სამ-სამი ორსაფეხურიანი თაღია, დასავლეთ კედელზე კი ერთსაფეხურიანი ორი თაღი. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ თაღში ყოფილა სამკვეთლოში გასასვლელი სწორკუთხა კარი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ და გადაუკეთებიათ ნიშად. ორ მომდევნი თაღში ჩრდილოეთ ნავთან დამაკავშირებელი თითო ფართო და დაბალი თაღია. დასავლეთ კედლის თაღებიდან, ჩრდილოეთით მდებარე თაღში გაჭრილია დასავლეთ მინაშენთან დაკავშირებული შიგნიდან თაღოვანი გარედან სწორკუთხა კარი. მსგავსი კარია სამხრეთ კედლის შუა ნავში, რომელიც სამხრეთ ნავში გადის. ნავის კედლებსა და აფსიდის მნიშვნელოვან ნაწილში შემორჩენილია ნალესობა.
ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სამკვეთლოს სახით გამოყოფილია საკმაოდ გრძელი სწორკუთხა სათავსი. მის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო სარკმელია, რომელსაც წირთხლების უმეტესი ნაწილი და გადახურვა მონგრეული აქვს. სარკმლის ქვემოთ შემორჩენილია კედელზე მიშენებული ტრაპეზის ნაშთი. სამკვეთლო ჩრდილოეთ ნავს უკავშირდება დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით, რომელიც სამკვეთლოს მხრიდან თაღოვანია, ხოლო ნავის მხრიდან გადახურულია უსწორო ფორმის ქვის ძელით. ჩრდილოეთ ნავის დანარჩენი ნაწილი ერთიანი კორიდორია - სარკმლების გარეშე, გადახურულია ნახევარწრიული კამარით.
სამხრეთ ნავის ორივე ბოლოში განივი თაღით გამოყოფილია გუმბათოვანი კამარით გადახურული თითო, გეგმით კვადრატული სივრცე. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა განხორციელებულია კუთხეებში ირიბად დაწყობილი და ერთმანეთის მიმართ გადმოშვერილი სამ-სამი თხელი ქვით. აღმოსავლეთ კვადრატის კამარა გლუვია ხოლო დასავლეთ კვადრატის კამარაში შირიმის წყობით ტოლმკლავა, რელიეფური ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთ კვადრატის აღმოსვლეთ კედელში შემორჩენილია შირიმით მოპირკეთებული ვიწრო სარკმლის ძირი. სარკმლის ქვემოთ - კედელზე მიშენებულია ტრაპეზის ნაწილი. დასავლეთ კვადრატიდან დასავლეთით თაღოვანი კარია. კარის თაღი შირიმითაა ნაწყობი და დაყრდნობილია იმპოსტებზე რომელთა პროფილს თარო და დახრული სიბრტყე შეადგენს. ნავის შუა ნაწილი ნახევრწრიული ფორმის კამარით იყო გადახურული (შემორჩენილია ჩრდილოეთ ქუსლის ნაწილი). კამარა ეყრდნობოდა შირიმის კვადრატებით ნაწყობ ერთ საბჯენ თაღს. ნავის სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო რვაწახნაგოვან ბოძზე დაყრდნობილი ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი.
ბაზილიკის დასავლეთ მინაშენი გეგმით სწორკუთხაა, აქვს ორი თაღოვანი შესასვლელი: სამხრეთით და ჩრდილოეთით. მოგვიანებით ორივე შესასვლელი ამოუშენებიათ და მათ ნაცვლად თითო პატარა სარკმელი მოუწყვიათ. მინაშენი ცილინდრული კამარითაა გადახურული - ორ საბჯენ თაღზე. კამარის აღმოსავლეთ ქუსლი დაყრდნობილია ბაზილიკის დასავლეთ კედელზე მიშენებულ ხუთ პილასტრზე და მათზე გადაყვანილ ნახევარწრიულ თაღებზე. თაღების ნაწილი შირიმის ფილებითაა ნაწყობი ნაწილი კი რიყის ქვით. თაღების ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) შირიმის იმპოსტები.
ეკლესიის ფასადები მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა შემორჩენილი. კედლები მოზრდილი ზომის რიყის ქვის სწორი რიგებითაა ნაწყობი. ხოლო კუთხეები კი შირიმის თლილი კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე შუა ნავის სარკმელი მორთულია შემაღლებული რელიეფური თაღით რომლის ბოლოებში ჰორიზონტალური გადანაკეცებია. ეკლესიის გვერდის ნავების კედლებს აქა-იქ შირიმის მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი სამ საფეხურიანი ლავგარდნის ნაწილი შემორჩათ. განსხვავებული ფორმისაა შუა ნავის დასავლეთ ფრონტონზე და დასავლეთ მინაშენის დასავლეთ კედელზე შემორჩენილი ლავგარდნის ნაწილები. აქ ლავგარდანი ერთსაფეხურიანია და კბილანებითაა დამუშავებული.
ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვრის რიყის ქვით ნაშენი ნაგებობა, რომელიც იმდენადაა დანგრეული რომ მისი დანიშნულების გარკვევა, გათხრა გასუფთავების გარეშე არ ხერხდება. შენობა აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სწორი კედლებითაა შემოზღუდული. შემორჩენილია: დასავლეთ კედელი (სიმაღლე - 1.9 მეტრი ), ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნახევარი (სიმაღლე 0.6 მ ) და აღმოსავლეთ კედლის ნაშთი. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში შიგნით სწორკუთხა და გარედან თაღოვანი ვიწრო შესასვლელია. ნაგებობის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებულია პატარა (2.7მ * 4.6 მ-ზე ), რიყის ქვით ნაგები შენობა რომლის ფუნქციის დადგენა ამ მომენტისათვის გართულებულია მაგრამ სავარაუდოთ ის სამლოცველოს უნდა წარმოადგენდეს. მას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია შირიმის გათლილი ქვით ნაწყობი ორივე წირთხლის მცირე ნაწილი). სამლოცველოს აღმოსავლეთ კედლის ღერძზე მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. თაღი შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის ქვემოთ, გვერდებზე, ზემოთკენ შევიწროვებული და ბრტყლად გადახურული თითო ნიშია. მსგავსი ნიშია ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი სარკმლის (შემორჩენილია ქვედა ნაწილი) ქვემოთაც.
ბაზილიკის აღმოსავლეთით ათიოდ მეტრზე, დგას მთლიანად რიყის ქვით ნაგები პატარა (6.7 მ *4.3 მ-ზე) დარბაზული ეკლესია, რომელიც ბაზილიკის წრიული მოხაზულობის გალავანშია ჩართული ისე რომ, მისი აღმოსავლეთ ნახევარი გალავნის გარეთაა მოქცეული. ერთადერთ შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ქონია (შემორჩენილია სამხრეთ წირთხლის მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმლის ქვედა ნახევარია შემორჩენილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო ვიწრო და მაღალი სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო მძლავრი პილასტრია რომლებზეც დაყრდნობილი იყო კამარის საბჯენი თაღი. ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლების ზედა ნაწილები მონგრეულია, რის გამოც მათში სარკმლების კვალი არ ჩანს. ბაზილიკის ირგვლივ აქა-იქ ნაგებობათა კვალი შეიმჩნევა.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ანზორ მჭედლიშვილის