გუმბათოვანი ეკლესია


galerea



aRwera

გუმბათოვანი საყდარი დგას სოფელ მატანის  ჩრდილო აღმოსავლეთით 8-9 კმ-ზე, მდინარე კურტანაძეულის ხეობაში. ეს ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (მინაშენებიანად 13.8 მ * 8.7 მ-ზე)  თარიღდება მე-9 საუკუნის მეორე ნახევრით და ნაგებია რიყის ქვისა და შირიმის კვადრების გამოყენებით.

ტაძარს შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აქვს, ორივე კარი გარედან სწორკუთხაა შიგნიდან კი თაღოვანი. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებროი აფსიდია, რომლის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ოთხკუთხა ნიშია. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებსაც აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს დასავლეთით კი კარი. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში აღმართულია მაღალი გუმბათი, რომელიც აღმოსავლეთით აფსიდის შვერილებს, ხოლო დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა ბურჯები და აფსიდის შვერილები ერთმანეთთან ორსაფეხურიანი ნახევარწრიული თაღებითაა შეერთებული. თაღები მარტივპროფილიან კაპიტელებს ეყრდნობა. თაღებს შორის საფეხურიანი ტრომპებით იქმნება გუმბათქვეშა წრე, რომელზეც დგას გუმბათის ყელი. ყელის ფუძეს რელიეფური ლილვი შეუყვება. გუმბათის ყელში ფუძიდან საკმაოდ მაღლა ოთხი ვიწრო სარკმელია. ნაგებობის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კრამიტით ეკლესიას სამხრეთითა და ჩრდილოეთით მინაშენები აქვს. ორივე მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ორივეს ნალისაბრი აფსიდი აქვს. ჩრდილოეთ მინაშენში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მის აფსიდში ერთი მცირე სარკმელია. სამხრეთ მინაშენი ეკლესიაზე მოკლეა. აქ შესასვლელი სამხრეთიდანაა, კედლებს საფეხური გასდევს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან ღრმა ნიშია.

ფასადებზე კარ სარკმელებს თვალსაჩინოს ხდის ქვის წყობა. გუმბათის ყელის წახნაგები შემკულია ღრმა ნალისებრი თაღებით დასრულებული თაღედით. ეკლესიას დახრილი სიბრტყისა და ლილვისაგან შედგენილი ორსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს.

ძეგლზე 1978-82 წლებში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. კედლები გაიწმინდა მცენარეებისაგან კედლების და გუმბათის გადახურვების ბზარები ამოივსო ცემენტის ხსნარით, აღდგა სამხრეთ მკლავის კამარის ჩამონგრეული ნაწილი, ფასადების კუთხეები, ლავგარდანი და საპირე წყობა.

 

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ანზორ მჭედლიშვილის