ალვანის ნათლისმცემელი


galerea



aRwera

ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს სოფელ ზემო ალვანის ჩრდილო აღმოსავლეთით, გორაკზე. არქიტექტურის მონუმენტი თარიღდება VIII-IX  საუკუნეებით, იგი  XVI საუკუნის I ნახევარში საფუძვლიანად შეუკეთებიათ, ამავე პერიოდს განეკუთნება ტაძარში შემორჩენილი ფერწერის ნაშთები.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (12.9მ * 14 მ-ზე), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით, ხოლო კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ნაწილები (ბურჯები, თაღები ) კი მოზრდილი ზომის  (28სმ * 28სმ * 5სმ) აგურით. ტაძარს ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, რომელიც შეკეთების დროს დაუვიწროვებიათ და იგი შეისრული თაღით გადაუხურავთ. ეკლესიის შიდა სივრცე ორი წყვილი ჯვაროვანი გეგმის ბურჯით და მათზე გრძივი მიმართულებით გადაყვანილი ნახევარწრიული თაღებით დაყოფილია სამ ნავად. შუა ნავი, ჩვეულებისამებრ, გვერდით ნავებთან შედარებით უფრო ფართო და მაღალია; იგი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის ღერძზეც ერთი თაღოვანი სარკმელია. შუა ნავის კამარა, რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, როგორც ჩანს ეკლესიის მოხატვის წინაა განახლებული (საკმაოდ დაუდევრად).

საკურთხეველი, დანარჩენი სივრცისგან გამოყოფილია აგურის კანკელით (გვიანდელი). მას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში კვადრატული ფორმის სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში კი ასევე კვადრატული მოყვანილობის სადიაკვნეა. ორივე მათგანი შესაბამის ნავს ვიწრო და მაღალი კარით უკავშირდება, რომელიც სათავსის მხრიდან თაღითაა გადახურული, ხოლო გარედან სწორკუთხაა. სათავსების ჩრდილოეთ კედლებში თითო ოთხკუთხა ნიშია. აღმოსავლეთით კი თითო ვიწრო სარკმელი, რომლებსაც ჰორიზონტალური გადახურვა აქვს. გვერდის ნავები გადახურულია სხმული კამარით, რომლებსაც საბჯენი თაღები არ აქვთ. ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია ხოლო ჩრდილოეთისაში ორი, შუა ნავის გრძივი კედლები უსარკმლოა. იატაკზე მოგებულია კვადრატული აგური.

ეკლესიის საკურთხეველი, შუა ნავის კედლები და კანკელი მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია ლევან მეფის შეკვეთით 1529 – 1531 წლებში. საკურთხევლის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად, კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, მეორე რეგისტრში, ზიარების სცენაა გამოსახული (პურითა და ღვინით) ხოლო მესამეში რეგისტრში კი მსხვერპლის თაყვანისცემა. ამ სცენის ორივე მხარეს გამოსახულია მღვდელმთავრები. ჩრდილოეთ მხარეს: წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა გრიგოლი, წმინდა ნიკოლოზი და წმინდა დიონისე არეოპაგელი. ოთხივე გამოსახულებას ასომთავრული წარწერა ახლავს. სამხრეთ მხარეს განლაგებული ფიგურები და წარწერები ძლიერ დაზიანებულია. მღვდელთმთავრებს ხელში გახსნილი გრაგნილები უჭირავთ ტექსტები ასომთავრულითაა შესრულებული, მიმართული არიან ცენტრისაკენ სადაც საკურთხეველზე მოთავსებულია მსხვერპლი (ჩვილი ქრისტე) და ოქროს ბარძიმია გამოსახული. შუა ნავში მოხატულობის ორი რეგისტრია, აქ გამოსახულია თორმეტი დღესასწაული, თხრობა იწყება სამხრეთ კედლის ზედა რეგისტრში და მარცხნიდან მარჯვნივ მიუყვება ეკლესიის კედლებს. თითო რეგისტრში ექვს ექვსი სცენაა - სამი ჩრდილოეთით და სამი სამხრეთით; ზედა რეგისტრშია: ხარება, შობა, მირქმა (შემორჩენიულია უმნიშვნელო ფრაგმენტები), ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება; ქვედა რეგისტრში კი იერუსალიმს შესვლა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარტყვევნა (სამივე სცემის უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი), თომას ურწმუნოება, ამაღლება, სული წმინდის მოფენა.

შუა ნავის ორივე საბჯენი თაღი შემკულია მსხვილი მცენარეული ორნამენტით, რომელშიც ჩახატული იყო წინასწარმეტყველთა 16 ბიუსტი (თითოში 8-8) ჩრდილოთ მხარეს შემორჩენილია სოლომონის დავითისა და ანანიას გამოსახულებები, ხოლო მათ ქვემოთ მხოლოდ წმინდა გიორგის და წმინდა დემეტრეს ფიგურებია შემორჩენილი.

შუა და ჩრდილო ნავების გამყოფ თაღებზე და ბოძებზე გამოსახული არიან: წმინდა არტემი, წმინდა ბიკენტი, წმინდა სერგი, წმინდა ბაქო, წმინდა დამიანე, წმინდა კოზმანი, წმინდა ანტონი, წმინდა საბა, წმინდა ეფთვიმე (შეცდომა არაა), წმინდა მაკარე. დასავლეთ კედლის პილასტრზე კი წმინდა ონოფრე. სავარაუდოა, რომ ანალოგიური გამოსახულებები იყო შუა და სამხრეთ ნავების გამყოფი თაღების სოფიტებსა და ბოძებზეც. დასავლეთ კედელზე ღვთისმშობლის მიძინების დიდი კომპოზიციაა, მის ქვემოთ კი (მარცხნიდან მარჯვნივ) გამოსახული არიან წმინდა ნინო,  ლევან მეფე და თინათინ დედოფალი (ქტიტორები) წმინდა კონსტანტინე და წმინდა ელენე. კამარაზე სამი მედალიონიდან შემორჩენილია ორი, შუა მედალიონში ყოვლისმპყრობელი ქრისტეა გამოსახული, აღმოსავლეთისაში კი იოანე ნათლისმცმლის წელზედა გამოსახულება.

კანკელზე შემოჩენილია ვედრების სცენა, გავრცობილი რედაქციით 12 მოციქული და სერაფიმები. საკურთხევლის მხარეს კანკელი შემკულია ორნამენტით (დაშვებული ფარდა). მოხატულობის ქვედა რეგისტრსა და იატაკს შორის მონაკვეთი შევსებულია სხვადსხვა ფერის, სწორკუთხედებისგან შედგენილი დეკორატიული ფარდით, თავისუფალი არეები დაფარულია ნაირგვარი ორნამენტით.

მოხატულობის კოლორიტში გაბატონებულია თბილი ფერები - ოქროსფერი ოქრა, ღვინისფერი, ბაცი მწვანე, თეთრი მონაცრისფრო - ცისფერი და სხვა. ზოგიერთი დეტალისთვის (შარავანდი, გვირგვინი, წმინდა მეომრების ატრიბუტები) გამოყენებულია ოქრო. სახის წერის მანერა რბილია, მოცულობები იქმნება ყვრიმალებისაკენ ძირითადი ტონის თანდათანობით გამუქებით. ლოყებზე დატანილია წვრილი, მარაოსებურად გაშლილი მოწითალო ხაზები. გარედან ეკლესიის კედლების ზედა ნაწილები აგურებითაა აღდგენილი. გვერდის ნავების კედლები რამდენადმე ამაღლებულია და გაკეთებულია ახალი, რამდენიმესაფეხურიანი ხერხულა ლავგარდანი.

სამხრეთიდან ბაზილიკას ორსართულიანი თითქმის მთლიანად აგურით ნაგები სამრეკლო (გვიანდელია) ეკვრის. მისი პირველი სართული (5.5მ * 6.5 მ-ზე) კარიბჭეა, რომელიც სამი ფართო შეისრული თაღითაა გახსნილი (სამხრეთი და დასავლეთი თაღები ამოშენებულაი) და გადახურულია შეისრული კამარით. სამრეკლოს მეორე რვაწახნაგა სართულის ყოველ წახნაგში თითო მაღალი შეისრულთაღიანი ღიობია, რომელთა თაღები გარედან კედლის მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული. ამჟამად ღიობებნი ამოშენებულია და შიგ თითო პატარა სწორკუთხა სარკმელია მოწყობილი. სართული გადახურულია წესიერი ფორმის გუმბათოვანი კამარით. სამრეკლო დასრულებულია აგურით ნაწყობი რვაწახნაგოვანი პირამიდული ფორმის სახურავით.

ეკლესიის სამხრეთით 15 – 20 მეტრზე შემორჩენილია გეგმით სწორკუთხა ერთსართულიანი შენობის დასავლეთ კედელი, დასვლეთით კი მარნის კედლის მცირე ნაწილი და რამდენიმე ქვევრი. ნატეხი ქვით ნაგები წრიული მოხაზულობის გალავნისაგან (სიმაღლე 0.8 მ – 1.30 მ ), რომელიც შემოვლებული ქონდა ეზოს, შემორჩენილია მცირე ნაწილები.  

1976 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები კერძოდ: გაიწმინდა და გამაგრდა შემორჩენილი მხატვრობა.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ანზორ მჭედლიშვილის